არიფი

არიფი "შულერები"

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც კანონის გამკაცრებულ ნორმებს ერთგვარ უკუძალას ანიჭებდა, გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში შეიცვალა. მართალია, ხელისუფლებას ამის შეცვლა არ უნდოდა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ უკუძალის მინიჭების დღეს უმრავლესობის ლიდერები ჟურნალისტებთან ტრაბახობდნენ, ხომ მოუწევთ ივანიშვილის პარტნიორებს მილიონების დაბრუნებაო, მაგრამ კანონის გამოქვეყნებისთანავე აშშ-ის საელჩომ საკმაოდ კრიტიკული განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებაც იძულებული გახდა, ეთქვა, რომ მათ მიერ მიღებული ნორმის არასწორი გაგება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები პარტიების დაფინანსებას მნიშვნელოვნად ართულებს, წესდება მთელი რიგი აკრძალვები, რომლებიც არამხოლოდ პარტიის წევრებზე ვრცელდება, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულ პირებზე.

ამასთან, კანონში ჩაიწერა, რომ ამ აკრძალვებს გარკვეულწილად უკუძალა ექნებოდა, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება, რადგან არ შეიძლება, იმ ნორმას ჰქონდეს უკუძალა, რომელიც ვითარებას ართულებს.

სწორედ ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა 28 დეკემბერს პრეზიდენტს საგანგებო განცხადებით მიმართეს, რომ კანონისთვის ვეტო დაედო. თუმცა, პრეზიდენტმა მათი მიმართვა არ გაითვალისწინა და კანონი ძალაში 28 დეკემბერს შევიდა.

იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში იურიდიული პირებისგან დაფინანსება ივანიშვილის ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ – თავისუფალმა დემოკრატებმა, რესპუბლიკურმა პარტიამ, კონსერვატულმა პარტიამ და ხალხის პარტიამ მიიღო, ეს აკრძალვა, პირველ რიგში მათ შეეხებოდა და მიღებული თანხის უკან დაბრუნება მოუწევდათ.

ამის შემდეგ გავრცელდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც ეს გადაწყვეტილება უარყოფითად იქნა შეფასებული.

ამ განცხადების შემდეგ, უკვე ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განმარტება, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო. 

საპარლამენტო უმრავლესობამ არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები, არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს. მათივე მტკიცებით, ამერიკის საელჩო პოლიტიკურმა პარტიებმა შეიყვანეს შეცდომაში და მათაც, კანონის წყაროებთან არ გადაამოწმეს ინფორმაცია.

არადა, კანონში სწერია, რომ „ამ კანონით“ გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება იმაზე, ვინც უკვე მიიღო დაფინანსება. შესაბამისად გაჩნდა კითხვა, თუ რა ინტერპრეტაციას მისცემდა ხელისუფლება ამ ნორმას, რათა საკუთარი განცხადება გაემართლებინა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული კანონი შეცვლილი აღმოჩნდა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა 28 დეკემბერს შეიტანა. „საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი 29 დეკემბერს, შუადღეს გამოქვეყნდა. დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.

დღის მეორე ნახევარში, უმრავლესობის პრესკონფერენციის პარალელურად, „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონის შესაბამისი დებულებაც შეიცვალა და დღის მეორე ნახევარში, ასე ჩამოყალიბდა: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.

„საკანონმდებლო მაცნეში“ განხორციელებულ ცვლილებას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პარტნიორია, წევრი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ უგუნური ქმედება გამოასწოროს.

„ეს არის ფაქტი ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და ხელისუფლების ექსტრემიზმისა“, – განაცხადა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი შეცვალა, არამედ მისი გამოქვეყნების თარიღიც.

კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები 29 დეკემბერს გამოქვეყნდა, რაც მის ძალაში შესვლასაც ნიშნავს, თუმცა, „საკანონმდებლო მაცნეში“ ცვლილებების გამოქვეყნების თარიღად 28 დეკემბერია მითითებული.

ფაქტია, რომ კანონი სწორედ აშშ-ის საელჩოს განცხადების შემდეგ ჩასწორდა და ამისთვის მათ, ქართული საზოგადოების მხრიდან მადლობა ეკუთვნით. ნაცები კი კატეგორიულად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ, თითქოს, აქ აშშ-ს საელჩო არაფერ შუაში იყოს. მათი ეს მცდელობა გასაგებიც არის, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკა ასე ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას ამ ნორმების დემოკრატიულად მონათვლა სურდა და ისეთი განცხდებები კეთდებოდა, თითქოს ამით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ხდებოდა. არადა, ნორმების გამკაცრება ხელისუფლებას მხოლოდ მესამე მოსმენის წინ გაახსენდა და, ბუნებრივია, ამის შესახებ ვენეციის კომისიას ვერაფერი ეცოდინეობდა. ამასთან, ვენეციის კომისიის ისეთი შენიშვნები, რაც ხელისუფლებას არ აწყობდა, საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული. მაგალითად, გუბერნატორებისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის აკრძალვის აუცილებლობა დ ასევე მოქალაქეობის არმქონე პირისთვის პოლიტიკაში მოინწილეობის უფლების მიცემა.

ამ რეკომენდაციებიდან და კიდევ ბევრი ასეთი რეკომენდაციიდან ხელისუფლებამ არაფერი გაითვალისწინა და ამიტომ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც მსოფლიო პრაქტიკაშიც კი არ არსებობს, ვენეციის კომისიის მოშველიება, სირცხვილია.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი ყურადღებას უკვე იმაზე ამახვილებენ, რომ უპრეცედენტო კანონი რეგლამენტის დარღვევითაც იქნა მიღებული და, წესით, ასე მიღებული კანონის ამოქმედება არ შეიძლება.

ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გუშინ საია-მ, „სამართლიანმა არჩევნებმა”  და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელეს.

„ვინაიდან, ამ თემის ირგვლივ კვლავაც არსებობს კითხვები, გვსურს საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ გავამახვილოთ კანონის მიღების პროცედურაზე. მივიჩნევთ, რომ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონი პარლამენტმა რეგლამენტით დადგენილი პროცედურის დარღვევით მიიღო. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი (რომელიც შეეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის და მათთან დაკავშირებული სუბიექტებისათვის კანონის დარღვევით მიღებული დაუხარჯავი შემოწირულობების თანხის გამცემისათვის დაბრუნებას) კანონპროექტის ტექსტში გაჩნდა მხოლოდ მესამე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენდა. რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონპროექტის მესამე მოსმენისას, მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, კანონპროექტის მე-2 მუხლის მესამე მოსმენით განხილული რედაქცია არ ემთხვევა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რედაქციას, რაც გაურკვევლობას ბადებს, იმის გათვალისწინებით, რომ მუხლის შინაარსობრივ და რედაქციულ მხარესთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

„აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ხელთ არსებობს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე 2011 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათისთვის გამოქვეყნებული ვერსია, რომლის მე-2 მუხლი იკითხება შემდეგი სახით: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.

ამ დროისათვის საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის მე-2 მუხლის ჩანაწერი კვლავაც ამ სახით რჩება, შესაბამისად, 29 დეკემბრის 15:30 საათის შემდეგ კანონის აღნიშნული მუხლის რედაქციას სახეცვლილება არ განუცდია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რა ეტაპზე განიცადა კანონის აღნიშნულმა მუხლმა ცვლილება. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოაქვეყნოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ის ვერსია, რომელსაც მესამე მოსმენით ეყარა კენჭი და ხელმოსაწერად გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს“, - ნათქვამია განცხადებაში.