"ვერსიის" მასალების მიხედვით
"2011 წელი მედიისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ფოტორეპორტიორების დაკავება მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. მართალია, სამივე მათგანი გაათავისუფლეს, მაგრამ თვითონ ფაქტმა სახელმწიფოს რეპუტაციაზე ლაქა დატოვა, რამაც უარყოფითად იმოქმედა თვითონ ჟურნალისტებზეც. ბოლო აკორდი კი ხელისუფლებამ მაშინ შეასრულა, როცა თბილისი პრესის ჯიხურებისგან გაწმინდა. ფაქტობრივად, სამუშაო პროცესი გაყინეს, გილიოტინა აღმართეს და თან გაგვაფრთხილეს, თუ ჭკუით არ მოიქცევით, "თავს წაგაცლითო", - აცხადებს საქართველოს პრესის ასოციაციის თავმჯდომარე, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა სერიოზული პოლიტიკური შეცდომაა, რაც დანაშაულზე ბევრად უარესია!" / პრესის ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში მედიასთან გამძაფრებულ ბრძოლას წინასაარჩევნო სამზადისს უკავშირებს.
"რა თქმა უნდა, ველოდები, რომ ეს ყველაფერი მომავალ წელსაც გაგრძელდება. სწორედ ამ ვითარებაში, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, რათა ერთობლივად ვიზრუნოთ მედიაგარემოს გაჯანსაღებაზე. აუცილებელია, მედიის შესახებ კანონმდებლობის დახვეწაში ყველანი ჩართულები ვიყოთ. შექმნილი მედიაორგანიზაციების ნაწილი მართლაც ეფექტურად მუშაობს. მაგალითად, მედიაკოალიცია, რომელიც კრიტიკულ ვითარებაში კონსტრუქციულ როლს თამაშობს. საბოლოო შედეგი მედიასაზოგადოებაზეა დამოკიდებული, რომელიც, სამწუხაროდ, შიდაპრობლემების გამო ყოველთვის ერთიანი არ არის. პოზიტიური მაგალითებიც გვაქვს, როცა საზოგადოებას კონსოლიდაცია მოვახერხეთ და შედეგიც მივიღეთ. როცა მედიის გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პრესის ასოციაციაც. ჩვენი სურვილია, წინა არჩევნებისგან აბსოლუტურად განსხვავებული მედიაგარემო შევქმნათ, რადგან ადრე, ძირითადად მაუწყებლების მუშაობა კრიტიკას ვერ უძლებდა - იყო საინფორმაციო საშუალებების ღია მიკერძოებულობა, ასევე საკმაოდ საეჭვოდ ტრიალებდა ტელევიზიებში ფული...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ტუღუში.
"მნიშვნელოვანია, ისიც, რომ პრესის გავრცელებოს ალტერნატიული გზა გამოინახა. საშუალოდ, გაზეთის ტირაჟის ნახევარი ადრე ჯიხურებში იყიდებოდა, ეს სისტემა კი ერთი ხელის მოსმით დაინგრა. ამბობენ, მალე სტელაჟებაც აიღებენო - ეს იმას ნიშნავს, რომ პრესა, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, პრესის გავრცელების ალტერნატიული სამსახურის ხელისუფლების მიერ დანგრეული სტრუქტურის ბოლომდე რაბილიტაციას ვერ მოახერხებს, რადგან ჯიხური შეუცვლელია, თუმცა ეს პროექტი პრესის პრობლემებს შეეხიდება. აუცილებელია, მედიას გავრცელების გარანტიები ჰქონდეს, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ქვეყანაში აბსოლუტურად საინფორმაციო ვაკუუმია შექმნილი. რეგიონებშიც ძალიან მძიმე ვითარებაა. რაც ჩვენი სამუშაოების ძირითადი ნაწილი იქნება", - განაგრძობს პრესის ასოციაციის თავმჯდომარე.
"სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, სერიოზული პოლიტიკური შეცდომაა, რომელიც დანაშაულზე ბევრად უარესია - ხელისუფლებამ საზოგადოების წინაშე უმსგავსობა ჩაიდინა, რადგან სწორედ მოსახლეობას დააკლდება გაზეთი. მართლაც სამწუხაროა, რომ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად გვიწევს ქუჩაში ყოფნა, რაც მიმაჩნია, რომ მედიის საქმე სულაც არ არის. როცა ჩვენი კოლეგები დაიჭირეს და ჯიხურები აიღეს, ქუჩაში გამოვედით, რითაც გარკვეულწილად იმ პოლიტიკოსებს დავემსგავსეთ, რომლებიც ხელისუფლების უსამართლობას ქუჩის აქციებით აპროტესტებენ. ვფიქრობ, მომავალში მედიაინტერესების დასაცავად პროტესტის ერთ-ერთი ფორმა აქციებიც იქნება, თუმცა ეს ჩვენი არჩევანი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა სივრცეს გვიზღუდავენ, იძულებული ვხდებით პროტესტის ამ ფორმასაც მივმართოთ", - აცხადებს ლაშა ტუღუში და შეკითხვას - "როგორც პრესის ასოციაციის თავმჯდომარეს, 2012 წლისთვის რა მოლოდინი გაქვთ?" - პასუხობს:
"ვგრძნობ, საკმაოდ რთული წელი გველოდება. მიუხედავად არჩევნებისა, ვიმედოვნებ რომ 2011 წლის პრეცედენტები - დაპატიმრება და მედიასისტემების ნგრევა ძველ წელს ჩაბარდება. მედიის თითოეული წარმოამდგენელი ვალდებულია, თამაშის წესები პატიოსანი და ლიბერალური გახადოს და ბევრი რამ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მედიის წარმომადგენლებს მჭიდრო კონსოლიდაცია და ძალების მობილიზება გაზაფხულისთვის დაგვჭირდება, რათა საზოგადოებას სიმართლის დეფექტი არ შეექმნას".
1218
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85