ირაკლი მამალაძე, "საქართველო და მსოფლიო"
გასულ კვირას ქალაქის მერმა და, სავარაუდოდ, «ნაციონალური მოძრაობის» მომავალმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტებსა და საზოგადოებას ახალი პოლიტიკური თავსატეხი შესთავაზა: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენა გიგი უგულავამ ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან ერთად დაიკავა, თეატრის ბენუარის ლოჟა კი დროებით ჟურნალისტებს დაუთმო. ქალაქის მერმა გამოსვლა ბიძინა ივანიშვილისადმი სამადლობელი სიტყვით დაიწყო – მილიარდერს ოპერის თეატრის რეაბილიტაციისთვის გაწეული ქველმოქმედება შეუქო. ამის შემდეგ კი ოპერისა და ბალეტის თეატრის მეგობართა მხარდამჭერი საბჭო დააფუძნა. ამ საბჭოს დამფუძნებლად ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დასახელდა, ხოლო საპატიო თავმჯდომარედ – თავად გიგი უგულავა. მოგვიანებით ოპერის თეატრის დირექტორმა დავით საყვარელიძემ განმარტა, რომ მსგავსი ტიპის მეგობართა საბჭო მსოფლიოს ყველა დიდ თეატრს ჰყავს და აღნიშნული ორგანოს შექმნა დადებითად შეაფასა, რის შემდეგაც ექსპერტები და ჟურნალისტები საბჭოს მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ღიად ალაპარაკდნენ.
ახლადშექმნილ ოპერის მეგობართა საბჭოს, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ახლა უკვე ბიზნესმენი კეზერაშვილი უხელმძღვანელებს, გიგი უგულავასა და «ნაციონალური მოძრაობის» შტაბად გადაქცევას უწინასწარმეტყველებენ. არის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც «მაესტროს» ეთერით გაჟღერდა: იქ, სადაც «კეზერაა», უეჭველად ფულია, ამიტომაც ეს ახალი ორგანიზაცია, რომელიც ასე საინტერესოდ წარმოაჩინა გიგი უგულავამ, შესაძლოა, დიდი ფულის სამრეცხაოდ იქცეს და თანხები ოპერიდან პირდაპირ «ნაციონალების» საარჩევნო ყულაბაში მოხვდეს. ერთი სიტყვით, ასეთია ის ვარაუდები და მოსაზრებები, რაც უკვე გაცხადდა. ახლა კი იმაზე, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი: ერთ-ერთი ინფორმაციით, უგულავას მიერ დაარსებულ მეგობართა საბჭოში უახლოეს მომავალში ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სახეები გაწევრიანდებიან. საუბარია ხელოვან ადამიანებზე, რომლებიც საზოგადოების პატივისცემას იმსახურებენ.
ცოტახნის წინ ცნობილი გახდა ერთი ასეთი ადამიანის «ნაციონალურ მოძრაობასთან» დაახლოების თაობაზე. საუბარია ცნობილ ექიმზე და ტელეიმედის სახეზე – ოთარ ტატიშვილზე. როგორც ჩანს, მისი გადაბირება ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ მოახერხა. ჩვენთვის კიდევ ერთი ასეთი მოლაპარაკების შესახებ გახდა ცნობილი: სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი არაოფიციალურ საუბარში გვიყვება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიოს პირველ ბანთან და ქველმოქმედთან _ პაატა ბურჭულაძესთან და რომ მოლაპარაკებას გიგა ბოკერია და გრიგოლ ვაშაძე აწარმოებენ. ისიც ითქვა, რომ მსოფლიოს პირველი ბანი უკვე დათანხმდა შემოთავაზებულ წინადადებას და, შესაძლოა, ის მალე «ნაციონალური მოძრაობის» პირველ ვიოლინოდ ვიხილოთ. სწორედ პაატა ბურჭულაძე, როგორც წარმატებული მომღერალი, ქველმოქმედი და უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანი უნდა დაუპირისპირდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის «ქართულ ოცნებას». გახდება თუ არა პაატა ბურჭულაძე «ნაციონალური მოძრობის» სიის პირველი ნომერი, ეს ინფორმაცია ჩვენ ფონდ «იავნანას» ერთ-ერთ ხელმძღვანელ გურამ ახალაიასთან გადავამოწმეთ.
– ბატონო გურამ, ვრცელდება ინფორმაცია პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლის თაობაზე, კერძოდ კი «ნაციონალური მოძრაობის» სიის პირველ ნომრად მის ხილვაზე...
– მე არ მაქვს ეს ინფორმაცია და ვერ გიპასუხებთ.
– და ბატონ პაატასთან ვერ დაგვაკავშირებთ?
– ბატონი პაატა ამ დროისთვის ისრაელში იმყოფება. ის საქართველოში 4 იანვარს დაბრუნდება და პატრიარქის დაბადების დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მაშინ შეგიძლიათ გაესაუბროთ.
იმედია, მასთან შეხვედრას მოვახერხებთ. მანამდე კი, თუ როგორი იქნება «ნაციონალური მოძრაობის» საპარლამენტო სია და მოხვდებიან თუ არა მასში ისეთი ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები, როგორიც პაატა ბურჭულაძეა, მამუკა გიორგაძემ გვითხრა:
– ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული პოლიტიკური ორგანიზაციები არ არსებობს. ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებსაც (ცირკთან მდგომ ქალბატონებს თუ შევადარებთ) ნებისმიერი, ოღონდ პოლიტიკური, მომსახურების გაწევა შეუძლიათ შესაბამის ფასად. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის რესურსი ძალიან დიდია, ბევრი იკვებება მისი სუფრიდან და ბევრს სურს მის პროექტში ჩართვა დღესაც, მაგრამ სახელისუფლო საპარლამენტო სიებში პირველ ადგილებს მაინც ცნობილი ადამიანები დაიკავებენ. აქცენტი გაკეთდება ისეთ პიროვნებებზე, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს სხვადასხვა სფეროში – ზოგმა ობიექტურად, ზოგმაც ხელისუფლების დახმარებით. ერთი სიტყვით, ჩვენ ვნახავთ საპარლამენტო სიებში ადამიანებს, ვისაც საზოგადოება პატივს სცემს.
– ბატონო მამუკა, ამბობენ, რომ «ნაციონალური მოძრაობის» პირველ ნომრად პაატა ბურჭულაძეს ვიხილავთო...
– არაოფიციალურად ამის შესახებ ნამდვილად საუბრობენ და, ბუნებრივია, ამის საფუძველი გახდა ხელისუფლებასთან მისი დამოკიდებულება. და კიდევ: არც ისაა გამორიცხული, რომ ბატონი პაატა საერთოდ არ იყოს ამ საქმის კურსში. პაატა ბურჭულაძეს დღეს ყველა პატივს სცემს. მას ნამდვილად არ დაუმსახურებია ქართველი ხალხის მხრიდან რაიმე საყვედური. ის ქართულ საქმეს ყოველთვის ღირსეულად აკეთებდა. ამდენად, რომელ ორგანიზაციაშიც არ უნდა იყოს, მე გამიჭირდება მისი ურყოფით კონტექსტში მოხსენიება. თუ ის მართლაც გადადგამს ამ ნაბიჯს, საზოგადოებას ორად გაყოფს, ხელისუფლებისთვის კი ეს იქნება ერთ-ერთი არგუმენტ: აი, ოპოზიციაში თუ არის ქველმოქმედი, ჩვენც გვყავს ასეთი ადამიანიო.
– კეზერაშვილის ოპერაში გამოჩენა არ მოგეჩვენათ საეჭვოდ?
– ამით მოხდა ამ ადამიანის რეანიმირება. კაცი, რომელიც ასოცირდებოდა ყველა უარყოფით ემოციასთან, დღეს მოგვევლინა ისეთ სფეროში, რომელიც მაღალ გემოვნებას, საკითხში ღრმა წვდომასა და ცოდნას საჭიროებს. ამაზე კურიოზული რაღა უნდა იყოს! ეს იმიტომ გააკეთეს, რომ სწორედ მან უნდა მოახდინოს არა მარტო ფინანსების მობილიზება, არამედ იმ შემოქმედი ადამიანების თავმოყრაც, რომლებიც ხელისუფლებას დაუჭერენ მხარს. ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ხელისუფლების მიერ ტელეეთერით გაპიარებული ადამიანების უმეტესობას საპარლამენტო სიებში და სააკაშვილის მხარდამჭერ ორგანიზაციებში. ამას პრაქტიკა ამტკიცებს: გადავხედოთ წინა არჩევნების სიებს, როგორ ხდებოდა ოდიოზური ფიგურების უკანა პლანზე გადაწევა და პირველ ათეულში საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანების წარმოდგენა.
809
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85