"რეზონანსისა" და "ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"პოლიტიკურ პარტიებს და პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს ამ დრომდე მიღებული თანხების, რომელიც ჯერ დახარჯული არ აქვთ, გამცემისთვის დაბრუნება მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ ცვლილება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შევიდა., რომელიც პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით დაამტკიცა. მათ თანხის დაბრუნება 3 კალენდარული დღის ვადაში მოუწევთ - წინააღმდეგ შემთხვევაში კი თანხები სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა. საკანონმდებლო ორგანოში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ესაუბრა, რომელთა უმეტესობა აღნიშნულ ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უწოდებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ხელისუფლება ოპონენტებს ფინანსურად ატერორებს" / კახა კუკავა: "ეს იმათი ბრალიცაა, ვინც ამტკიცებდა, ჰილარი კლინტონი გადმორეკავს და საქმეს მოაგვარებსო".
"ეჭვი მიჩნდება, რომ ხელისუფლება აბსოლუტურ მარამზმში გადავიდა. მან საერთაშორისო თანამეგობრობის მოუცლელება გამოიყენა - ევროპაში და ამერიკაში საშობაო არდადეგებია და ამას ვგულისხმობ და ახლა იმაზეა გადასული, რათა თავის ოპონენტებზე ფინანსური ტერორი განახორციელოს, იმ ოპონენტებზე, რომლებსაც მტრებად აღიქვამს. ჩვენ ლეგიტიმური საფუძველი გვაქვს, რომ საქმე სწორედ ამასთან გვაქვს. 20 დეკემბრიდან მოყოლებული, ეს პროცესები კასკადის ფორმით ხორციელდება. თუმცა "თავისუფალი დემოკრატები" კვლავაც კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. როგორიც არ უნდა იყოს კანონი და როგორც არ უნდა მოირგოს ის სააკაშვილმა, მაინც ამ ფარგლებში ვიმოქმედებთ. ხელისუფლებამ შეიძლება დაფინანსების წყარო გადაკეტოს, შეიძლება ხალხზე ტერორი განახორციელოს და დაარბიოს, ყველა ფორმის ზეწოლა გამოიყენოს, მაგრამ ისინი ყველაზე მთავარ საარჩევნო იარაღს - საარჩევნო ბიულეტენს საზოგადოებას ვეღარ წაართმევენ და სწორედ ამით განხორციელდება ის ცვლილება, რაც საჭიროა, რომ ქვეყანაში განხორციელდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე.
"სრულიად ნათელია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ და მის კოალიციაში ფულის გაჩენამ ისე შეაშინა, როიმ დღეს მათ გაუგონარი ამბავი ჩაიდინეს. არადა საქმე 4 მილიონთან გვაქვს, რაც იმაზე გაცილებით ნაკლებია, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დახარჯა - 25 მილიონი ლარი, ასევე 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე - 13 მილიონი ლარი. კანონის მიღებამდე არსებული მდგომარეობა, კანონის მიღების შემდეგ უნდა გავავრცელოთო და დღეს მოითხოვენ თანხების უკან დაბრუნებას, - ეს შიშის ფაქტორია. ხელისუფლების შიშნარევ ქმედებებზე პასუხი ადეკვატური იქნება. რა პასუხი იქნება, მაგას მოვიფიქრებთ. კონკრეტული ნაბიჯები ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება, მათ შორის ფულის დაბრუნების საკითხიც. მაგრამ ხელისუფლება იმ ადამიანების დიდ ნაწილსაც დაკარგავს, ვისაც აქამდე "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ პოლიტიკურ ორიენტირად მიაჩნდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი.
"ეს არის ხელისუფლების მორიგი შანტაჟი და იგი ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პარტიებისკენაა მიმართული. კამპანიაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებამ რაც უნდა მოიმოქმედოს, მაინც ვერაფერს გააკეთებს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. კი, ჩვენც მივიღეთ შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილისგან. რას მოვიმოქმედებთ, დავაბრუნებთ თუ არა ფულს, ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა გამიჭირდება, ჩავხედავთ კანონს და კოალიციაში ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამ ფულის განმკარგავი "კონსერვატიული პარტია" არც ყოფილა და შესაბამისად, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებასაც ვერ მივიღებთ", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური.
"ეს ის არის, რასაც "თავისუფალი საქართველო" პროგნოზირებდა. ამიტომ კომენტარი მე კი არ უნდა გავაკეთო, არამედ იმ პარტიებმა, რომლებიც ხან "რვიანის" და ხან "ექვსიანის" ფორმატში ამტკიცებდნენ, რომ ჰილარი კლინტონი გადმორეკავს და ყველაფერს მოაგვარებსო. ეს არის მაგათი მოგვარებული საარჩევნო გარემო და ახლა ხელისუფლებას რაღაც-რაღაცებზე ანგარიშის ჩაბარებას რომ ვთხოვთ, მასთან ერთად ამ პარტიებმაც უნდა კეთილი ინებონ და ანგარიში საზოგადოებას ჩააბარონ. როცა 26 მაისს თავიანთი კაბინეტების ფაჯრებიდან უყურებდნენ ხალხის ხოცვა-ჟლეტას და ამბობდნენ, რომ ეს გზა არ არის სწორი და ხელისუფლბასთან მოლაპარაკებების გზით უნდა ვიაროთო. როდესაც ადამიანი ერთსა და იმავე ადგილას მესამედ წამოკრავს ფეხს, მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს ასევ იყო დაგეგმილი და ყველა ეს სუბიექტი ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლის მონაწილე იყო", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.
"სახელისუფლებო შემომწირველების 90% იურიდიული პირია. შესაბამისად, ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის კონკრეტული საერთაშორისო სტრუქტურების წინაშე იმიტომ, რომ "ნაციონალებს" შემომწირველები იურიდიული პირები ჰყავთ, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს - ფიზიკური პირები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაღაც ისეთი ხდება, რომ იურიდიულ პირებს შესაძლებლობა არ აქვთ ოპოზიციურ პარტიებსაც ჩაურიცხონ ფული. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე განხილვა და დისკუსია დაასრულოს... იმაზე საუბარი, რომ ამას ივანიშვილის წინააღმდეგ აკეთებენ, ცოტა არასერიოზულია. იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყოს - ივანიშვილი ან სხვა ვინმე, მას შეუძლია, რომ პრემიები გასცეს ბანკში და ამის მიხედვით მოხდეს პარტიების დაფინანსება - ანუ ბანკიდან 500 ათას ლარამდე შევიდეს პარტიის ანგარიშზე, იმიტომ, რომ მას შეუძლია 60 ათასიანი კრედიტი გასცეს 8-9 კაცზე და მერე ეს პარტიის ანგარიშზე შემოწირულობის სახით შემოიტანოს... იმ პარტიებს, რომლებმაც შემოწირულობები ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს, თანხის დაბრუნება მოუწევთ. ეს პუნქტი კანონში დევს - ვისაც უკანონდ გაქვთ მიღებული ფული, უკან დააბრუნეთო. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ კანონს უკუქმედების ძალა მისცა", - ამბობს "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე.
"ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, ისეთი კანონი გამოაცხო, რომლითაც მთლად ბიძინა ივანიშვილს ვერ გაუბედა ფულის წართმევა, თუმცა მისგან დაფინანსებული პარტიები კი დაიბრიყვა და მილიარდერისგან მიღებული თანხის უკან მიტანა დაავალა - ყოველ შემთხვევაში ამას გულისხმობს ახალ კანონში შეტანილი ის ნიუანსი, რომელიც ორიოდე დღის წინ კობა ხაბაზს ათქმევინეს და რაც მომავალი კანონის უკუქცევის ძალას გულისხმობს, ანუ კანონი იმ ფულზეც იმოქმედებს, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღეს პარტიებმა და ჯერ მიზნობრივად არ დაუხარჯავთ. არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ სააკაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებას ვეტო დაადოს - ინტერნეტში უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე სათაურით: "ბატონო პრეზიდენტო, ვეტო დაადეთ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს!", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ოპოზიციონერებს ივანიშვილის მიცემულ ფულს ართმევენ / "ბატონო პრეზიდენტო, ვეტო დაადეთ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს!"
"ჩვენ,საქართველოს მოქალაქეები ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას და მოვითხოვთ ვეტო დაადოთ კანონპროექტში შეტანილ ანტიკონსტიტუციურ ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს დაუბრუნოთ... გარდა იმისა, რომ ეს ცვლილება ქვეყნის უზენაეს კანონს ეწინააღმდეგება, მისი ასეთ რეჟიმში მიღების ფაქტი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ 2012 წლის არჩევნები არასამართლიან და არათავისუფალ გარემოში ჩატარდება... ჩვენ მოვითხოვთ, გამოიყენოთ თქვენი უფლება და ასევე ვალდებულება ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების და ამომრჩევლების წინაში, ვეტო დაადოთ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს", - ვკითხულობთ პეტიციაში. პარლამენტის მიერ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები არაკონსტიტუციურად "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, "კოალიციამ არჩევანის თავისუფლებისთვის" და "ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველომ" შეაფასეს", - აღნიშნავს გამოცემა.
860
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85