პირველად საქართველოში, ანუ სააკაშვილის ასჯერ ნათქვამი ტყუილი ერთხელ როგორ გამართლდა

პირველად საქართველოში, ანუ სააკაშვილის ასჯერ ნათქვამი ტყუილი ერთხელ როგორ გამართლდა

ხელისუფლებამ საწადელი აისრულა და ივანიშვილის პარტნიორებს არამხოლოდ ამის შემდეგ დაფინანსების შანსი წაართვა, არამედ აქამდე მიცემულ ფულსაც ართმევს. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და დაამტკიცა კიდეც.

მერე რაა, თუ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია და ანალოგი არც ერთ ქვეყანაში და არც საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში არ მოეპოვება. მთავარი ის არის, რომ ნაციონალები თავს დამშვიდებულად იგრძნობენ,  რადგან იციან, რომ მათზე მეტის დახარჯვის უფლება და საშუალება არავის ექნება. თანაც, სააკაშვილს თავის საყვარელი ფრაზის - „პირველად საქართველოში“ სათქმელად ტყუილის თქმა აღარ დასჭირდება, რადგან იმ კანონისთვის უკუქმედების ძალის მინიჭება, რომელიც არსებულ მდგომარეობას ამძიმებს, აქამდე არსად არ მომხდარა. საქართველოში კი ამის გაკეთება შესაძლებელი აღმოჩნდა და პრეზიდენტს შეუძლია, ამაზე ძალიან ბევრი ილაპარაკოს და მთელმა საპარლამენტო უმრავლესობამ, მათ შორის დიპლომიანმა და ხარისხიანმა იურისტებმა, მოწონების ნიშნად, მორჩილად უქნიონ თავი.   

ის, რომ პარტიების დაფინანსება მკაცრდებოდა, საზოგადოებისთვის ცნობილი დაახლოებით თვენახევრის წინ გახდა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა. ამასთან, ხელისუფლება ბოლო პერიოდში აღარც მალავდა, რომ ეს აკრძალვები სწორედ ივანიშვილის გამო წესდებოდა. პრინციპში, ეს აღარც არის გასაკვირი, რადგან აქამდე ხელისუფლება არჩევნებში მუდმივად პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო, ერთის მხრივ ადმინისტრაციული რესურსების და სოციალური პროგრამების განხორციელების ხარჯზე და, მეორეს მხრივ, ბიზნესიდან შესული დამატებითი დაფინანსებიდან. არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშები ადასტურებს, რომ რეალურად ყველა პარტია ერთად ვერ ახერხებდა იმდენის დახარჯვას, რასაც ხარჯავდა სახელისუფლებო პარტია.

ამიტომაც გასაგებია, რომ ხელისუფლებამ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ მიზანში მისი ფინანსური შესაძლებლობა ამოიღო და ახლა რაც არ უნდა იძახონ, რომ ქვეყანაში თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის იქნა მიღებული მთელი რიგი აკრძალვები და სანქციები, ძალზე ცხადია, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის გამო გაკეთდა დაწყებული მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვით გაგრძელებული და ბოლო გადაწყვეტილებებით დამთავრებული.

ადვილი მისახვედრია, ივანიშვილს მოქალაქეობა იმიტომ ჩამოართვეს, რომ მას არც პოლიტიკაში ჩარევის და არც პოლიტიკის დაფინანსების საშუალება ჰქონოდა, რადგან ამით, გარკვეულწილად, ხელისუფლებას იმ უპირატესობას ართმევდა, რაც აქამდე მუდმივ კოზირს წარმოადგენდა.

თუმცა, მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ პარტიების იურიდიული პირების მეშვეობით დაფინანსების საშუალება რჩებოდა. ამიტომაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს შესაძლებლობაც აკრძალოს და 2012 წლის 1 იანვრიდან პარტიების დაფინანსება იურიდიულ პირებსაც აეკრძალებათ. ანუ, ივანიშვილის პარტნიორები დაფინანსებას ამ გზითაც ვეღარ მიიღებენ.

გარდა ამისა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ისეთი აკრძალვები წესდება პოლიტიკური პარტიებისთვის და ამ აკრძალვების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები წესდება, საარჩევნო რეგისტრაციაში არგატარებიდან დაწყებული და 3 წლამდე პატიმრობის ჩათვლით დამთავრებული, რომ რეალურად პარტიები დაფინანსების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ამასთან, ეს აკრძალვები გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებზე, რომლებიც პირდაპირ, ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან. ასევე იმ პირების ოჯახის წევრებზე და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, ვისაც გაცხადებული აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე პარტიის რიგითი წევრის ოჯახის წარმომადგენელს რაიმე ფორმით (ეს იქნება პირდაპირი თუ ირიბი), ურთიერთობა აქვს რომელიმე იურიდიული პირის წევრთან, ამ იურიდიულ პირზეც ისეთივე შეზღუდვები გავრცელდება, რაც წესდება პარტიისთვის.

მაგრამ ივანიშვილმა ხელისუფლებას გარკვეულწილად დაასწრო და მის პარტნიორ ოთხ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში არსებული იურიდიული კომპანიების მეშვეობით თითოს 1 მილიონ 100 ათასი ლარი ჩაურიცხა, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით სრულიად კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ პარტიებისთვის უკვე უკანონოდ ითვლება და, შესაბამისად, სანქციებიც გავრცელდება.

კანონპროექტის საბოლოო და უკვე დამტკიცებულ რედაქციაში ჩაიწერა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები“ და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრონონ თანხის მიმცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში“.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის აკრძალვები, რაც, წესით, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ უნდა გავრცელდეს, გარკვეული პარტიებისთვის გავრცელდება უკვე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებითაც.

საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა ასეთ პრეცენდენტს, რომ დამამძიმებელ კანონს უკუძალა მიენიჭოს, არ იცნობს. საქართველოს კონსტიტუციაში კი პირდაპირ არის ნათქვამი, რომ  „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.

მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონში და თანაც მესამე მოსმენისთვის მაინც ჩაწერა, რომ დამამძიმებელ ნორმას უკუძალა ექნება. მართალია, კანონში სიტყვა „უკუძალა“ ნახსენები არ არის, მაგრამ ცალსახად წერია, რომ ის აკრძალვები, რაც მომავალი წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, გავრცელდება იმაზე, რაც უკვე მოხდა.

მართალია, საპარლამენტო უმრავლესოაბ აცხადებს, რომ ეს ნორმა უკუქმედების ძალის მინიჭებას არ ითვალისწინბებს, მაგარმ ფაქტია, რომ მომავლისთვის დაწესებული უკვე მომხდარ მოქმედებებზეც უნდა გავრცელდეს და რა მნიშვნელობა აქვს, სიტყვა „უკუქმედება“ იქნება თუ არა ჩაწერილი.  

აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას ოპოზიციური სპქტრი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები სრულად იზიარებენ, რადგან მათი შეფასებით, პარტიებისთვის დაწესებულ სანქციებზე უკუძალის მინიჭებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და საქართველოს პრეზიდენტს ორ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო-ს უფლების გამოყენების თხოვნით მიმართავენ.

მიმართვას ხელს აწერს „ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „კოალიცია არჩევანის თავისუფლება“ და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, რომელთა წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე 28 დეკემბერს, აღნიშნული კანონპროექტების მიღებისთანავე, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენცია განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მიღებული კანონი კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით ადგენს პაუსხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროისთვის სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, ასევე უკუძალას ანიჭებს ნორმას, რომელიც განსაზღვრავს პასუხიმგებლობას წარსულში განხორციელებული ქმედებისთვის“.

არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 261-ე მუხლი, რომელიც თავისი არსით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას, რადგან „ცვლილებები, რომელიც არაგონივრულად და არაპროპორციულად მკაცრ სანქციებს აწესებს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც პოლიტიკური მიზნებით მოქმედ პირებს მომსახურების ან მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის თხოვნით მიმართავენ, ამ მათთვის მსგავს მომსახურებას მიიღებენ“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი და ხელმოსაწერად გადაცემული კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტო-ს უფლებას არ გამოიყენებს, არასამთავრობოები პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. თუმცა, მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილის 9-თვიანი ვადა აქვს, რაც პროცესების გაჭიანურებას გამოიწვევს.