ახლა ხდება იმ საზოგადოებრივი ენერგიის ხელახალი კონცენტრაცია, გასული წლების გაუაზრებელი პოლიტიკური აქტივობის შედეგად რომ გაიბნა

ახლა ხდება იმ საზოგადოებრივი ენერგიის ხელახალი კონცენტრაცია, გასული წლების გაუაზრებელი პოლიტიკური აქტივობის შედეგად რომ გაიბნა


2011 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებზე, ტენდენციებსა და ამავე სფეროში 2012 წლის პერსპექტივებზე, "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა

- ბატონო ზაზა, როგორ შეაფასებდით 2011 წელს საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს და რას მიიჩნევდით 2011 წელს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად? 

- 2011 წელს სამი ძალზე მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა: პოლიტიკური ბრძოლის რევოლუციური მეთოდის დისკრედიტაცია უახლოესი რამდენიმე წლისთვის, მოსახლეობის აპათიის ფონზე ავტორიტარული ხელისუფლების ჩამოყალიბება, რომელიც, მოქმედებს პრინციპით: მხოლოდ მე ვიცი, თუ რა სჭირდება ამ ქვეყანასა და ხალხს, რაც ბუნებრივია, ყველა დასავლეთის შესახებ აბსტრაქტული წარმოდგენების ჩიხში შევყავართ. მესამეა ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, კარდინალურად რომ შეცვალა ქართული პოლიტიკური რელიეფი. 

ყველაფერი ეს იმდენჯერ ითქვა, განმეორება უხერხულიც კი არის. რთული წელი იყო. ამ წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ ვნახეთ: ხელისუფლების ალტერნატივად გააზრებული "რვიანის" შევიწროვება და "ექვსიანად" ქცევა, შემდეგ ამ "ექვსიანის" დაშლა, მაისის აქციები, რომელთა ლიდერებსაც, პირდაპირ ვიტყვი, პასუხისმგებლობის გრძნობის დეფიციტი აღმოაჩნდათ, სრული სტაგნაცია და უიმედობა და ბოლოს ნახსენები განცხადებები. როგორც ჩანს, რაღაც ამგვარი მოვლენის მოლოდინი იმდენად დიდი იყო, მომენტალურად ისეთი ტალღა აგორდა, რომელსაც თუ თავიდანვე რაღაც ყალიბში არ მოაქცევდი, ისევ ძველი ისტორიები განმეორდებოდა. იმას ვგულისხმობ, რაც 2007 წლის ნოემბრის შემდეგ ვნახეთ. 

აუცილებელი იყო ახალი პოლიტიკური ქცევის წესის, ფორმების შემუშავება და ახლა სწორედ ეს პროცესია. ახალ ლიდერს ეყო მოთმინება, რომ მასობრივი გამოსვლებისა და რევოლუციური მოწოდებების ცდუნებას არ აჰყოლოდა და ამით ხელისუფლებისთვის კარგად ნაცნობ და ათვისებულ სივრცეზე არ აღმოჩენილიყო. ხელისუფლებამაც იგრძნო ეს და ყველა ხერხით ცდილობს მის გამოწვევას: მოქალაქეობის ჩამორთმევით, ბანკი "ქართუსა" და როსტომის სასახლის ისტორიით დაწყებული და ფოტოშოპში დამუშავებული სურათების გამოქვეყნებით დამთავრებული. აგრესიისა და შავი პიარის ისეთი ტალღაა აგორებული, რომ თუ არა ცოდნა იმისა, რა უნდათ შენგან, შეიძლებოდა მართლაც აჰყოლოდი და ადრინდელი ლიდერების ბედი გაგეზიარებინა. 

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ივანიშვილი ელოდება, თუ როდის დააგროვებს ხელისუფლება შეცდომების კრიტიკულ მასას, როდის გაამყარებს საბოლოოდ აზრს, რომ შესაცვლელია. მანამ კი, ხელისუფლება უსასრულოდ იმეორებს და ამითვე ცვეთს მის საყვარელ პიარ-ხერხებს: რუსული ფული, დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესის დასასრულის საფრთხე, შევარდნაძის ეპოქის რეანიმაციის საფრთხე, გარდუვალი ქაოსი და ასე შემდეგ. 

მოგეხსენებათ, დასავლეთი როგორი ფრთხილია ასეთ დროს, მაგრამ იქედანაც რომ გაისმა ხმები სააკაშვილის ასპარეზიდან წასვლის აუცილებლობის შესახებ, ესეც ფაქტია. 

საბოლოოდ, ივანიშვილმა უკვე მიაღწია ძალზე მნიშვნელოვან შედეგს. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ვგულისხმობ იმის შესახებ, რომ სააკაშვილი არ არის დაინტერესებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობით. ვერ გეტყვით, რამდენად გულწრფელია ხელისუფლება ამგვარი აზრის გავრცელებისას, მაგრამ რაღაც მომენტში რომ მისი გამოხატვის აუცილებლობა იგრძნო, ფაქტია. 

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში 2012 წელს? მოგეხსენებათ, 2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია . . . 

- ვაშაძის განცხადებას ორი ურთიერთსაპირისპირო შედეგი შეიძლება მოჰყვეს და ვფიქრობ, ორივე გათამაშდება. ერთი მხრივ, ეს იქნება სახელისუფლო პარტიის ეროზია და ერთი ბანაკიდან მეორეში გადარბენა, ხოლო მეორე მხრივ, დაუფარავი ავტორიტარიზმი სახელისუფლო ძალოვანების მხრიდან. ხელისუფლებაში დღეს არიან ადამიანები, ვისაც ესმის, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან სააკაშვილის წასვლის შემდეგ მათი ბედი საეჭვოა და ყველაფერს გააკეთებენ, როგორც მმართველი ისტებლიშმენტის ერთიანობის, ისე სიტუაციაზე კონტროლის შესანარჩუნებლად. ისინი ალბათ ახალ ლიდერს წამოსწევენ წინა პლანზე. ვფიქრობ, რომ იოლი თვეები არ გველის. ამიტომაც მგონია, რომ ივანიშვილის მოჩვენებითი პასიურობა სტრატეგიულად გამართლებულია. ჯერ ყველა ვექტორები არ გაშიშვლებულა და დასავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც ჯერაც ილუზიების ტყვეობაშია. თანაც სწორედ ახლა ხდება იმ საზოგადოებრივი ენერგიის ხელახალი კონცენტრაცია, გასული წლების გაუაზრებელი პოლიტიკური აქტივობის შედეგად რომ იქნა გაბნეული.

და კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს: ივანიშვილმა საზოგადოების თვითორგანიზების უნარის გაღვიძებაზე გადაიტანა აქცენტი. ეს კი, დამეთანხმებით, ჩვენს პოლიტიკაში სრულიად ახალი მოვლენაა. ჩვენ მრავლად გვყოლია ლიდერები, რომლებმაც ყველაზე კარგად "იცოდნენ", რა სჭირდება ხალხსა და ქვეყანას, მთავარი იყო, ჩვენ ოსტატური პიარით დავერწმუნებინეთ. დღეს განსხვავებული ტიპის ლიდერის ჩამოყალიბებას ვუცქერთ.

- თქვენი აზრით, რამდენად მართებულია მტკიცება, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას ასეთი არჩევანი ექნება – სააკაშვილი ან ივანიშვილი? და კიდევ, რამდენად სავარაუდოა პოლიტიკურ ასპარეზზე სერიოზული მესამე ძალის გამოჩენა?

- რაც შეეხება მესამე ძალას, ეს ძველი ხერხია. ვიღაც ოპოზიციის ლიდერობაში უნდა შეეცილოს იმას, ვინც ხელისუფლებას საფრთხეს უქმნის. მან ერთგვარი მეხამრიდის როლი უნდა ითამაშოს. რეალურად, ამგვარი ძალის შექმნის რესურსები ქვეყანაში არ არსებობს, თუ აკრძალული მეთოდებით ხმებით უზრუნველყოფას არ მივიღებთ მხედველობაში. ასეთი მეხამრიდები უკვე არსებობს და კიდევ შეიქმნება. ცხადია, ხელისუფლება იზრუნებს იმაზეც, რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვოს კრიტიკულად დიდი გავლენა. 

წეღან ავტორიტარიზმი ვახსენე. გახსოვთ პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა? ახლა ბევრს აღარ ახსოვს, რომ გარდა მმართველი პროსაბჭოთა პარტიისა, დემოკრატიული ფასადისთვის არსებობდა ე.წ. დემოკრატიული და გლეხთა პარტიები. ამგვარი ფასადი უმალ ადასტურებს ავტორიტარიზმის არსებობას, ვიდრე - უარყოფს. რაღაც მსგავსი სიტუაციის შექმნას ცდილობს დღეს ხელისუფლება და ნაწილობრივ შექმნა კიდეც სატელიტური პარტიების სახით. ცუდია, რომ ირანისა და ავღანეთის პრობლემებით შეწუხებული ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი თვალს ხუჭავს ამაზე და "ახლა ასეა საჭიროს" მანკიერი პრინციპით ხელმძღვანელობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებად. 

შეერთებული შტატების კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის გამოყოფის თაობაზე. პრეზიდენტ ობამას ჯერაც არ მოუწერია ხელი ამ გადაწყვეტილებაზე. ვინმემ ეს შეიძლება ხელისუფლების გამარჯვებად გაიგოს. ამასთან, თუ იმას გავიხსენებთ, როგორი ანგარიშვალდებულება ეკისრება იმავე კონგრესის მხრიდან ჩვენს ხელისუფლებას ამ იარაღის გამო, აშკარაა, რომ ნდობის ხარისხი მკვეთრად არის შემცირებული. სხვაგვარად ვიტყვი: დახმარებას უწევენ ჩვენს სახელმწიფოს და არა ხელისუფლებას. ამ უკანასკნელის თავისუფლება იარაღთან დაკავშირებით აღარ არის იმ ხარისხისა, როგორიც იყო. თუ რას ნიშნავს ეს დიპლომატიურ ენაზე, თავად განსაჯეთ. ჯერაც ცნობილი არ არის, როგორი სახე ექნება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს. ერთი რამ ცხადია, სრულფასოვანი დახმარების მიღებაში 2008 წელს ხელისუფლების მიერ რუსულ პროვოკაციაზე აყოლა და ამ რამდენიმე წლის განმავლობაში დაშვებული სხვა საგარეო თუ საშინაო შეცდომები გვიშლის ხელს.

- სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ რუსეთში განვითარებული პროცესები იმაზე მიანიშნებს, რომ 2012 წლის მარტისთვის, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვითარება რუსეთში კიდევ უფრო დაიძაბება? თქვენი შეფასებით, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები რუსეთში?

- ამ აქციებმა დაგვანახეს მთავარი: რუსეთში დღეს სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესმის, რომ "დერჟავის" მუხლებიდან წამოდგომის იდეა, რომელსაც პუტინი განასახიერებდა, აღმოჩნდა ის ნიღაბი, რომლის მიღმაც ბანალური ელიტური კორუფცია და სახელმწიფოს ძარცვა იმალებოდა. რაც დრო გავა, პუტინის ხიბლი სულ უფრო და უფრო შემცირდება. ახლაც, როგორც სოციოლოგები აცხადებენ, მისი რეიტინგი ყოველკვირეულად ეცემა. მოგეხსენებათ, საპროტესტო განწყობები გადამდებია, მითუმეტეს, ისეთ ქვეყანაში, სადაც დიდი ხანია მასობრივი პროტესტი არ გამოუთქვამთ და საქართველოზე "ისტორიული" გამარჯვების, ნატოს გაფართოების შეჩერებისა და სხვა მსგავსი იდეებით იკვებებოდნენ. 

დღეს პუტინის ყოფილი მოკავშირეები, რუსული "განათლებული კონსერვატიზმის" იდეის მომხრეებიც კი იმას წერენ, რომ სწორედ დემოკრატია და თავისუფლება უნდა იქცეს იმ იდეებად, რომლებითაც ყოფილ საბჭოთა ბანაკს კვლავ რუსულ ორბიტაში დააბრუნებენ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, გარკვეულწილად რუსული იდეაც კი ამ მოვლენების შედეგად თავისუფლებისა და დემოკრატიის ტერმინებში იწყებს საკუთარი თავის გამოხატვას. თუ ეს მსოფლმხედველობრივი პროცესი გაგრძელდა, შეიძლება იმპერიული აზროვნების ძველი მოდელის დასასრულსაც შევესწროთ. ასეთ რუსეთთან დიალოგი უკვე, ასე თუ ისე, შესაძლებელი იქნება, რაც ძალზე ძნელია პუტინისტური ნეოიმპერიალისტური რევანშიზმის ბატონობის პირობებში.

ამასთან, რუსი ანალიტიკოსები უკვე წინასწარმეტყველებენ, რომ საპროტესტო განწყობილებების ზრდას პასუხად რეჟიმის გაძლიერება შეიძლება მოჰყვეს. ეს არ არის უსაფუძვლო. ძნელი სათქმელია, რა დაედება საფუძვლად ამ გაძლიერებას და ღმერთმა არ ქნას, პუტინი კვლავ ომის ტალღაზე შეეცადოს თავისი მდგომარეობის გამყარებას. რუსული კორუფციის მასშტაბებს თუ წარმოვიდგენთ და აქედან გამომდინარე შიშს პასუხისგებისა, ასეთი რამ აღარ მოგვეჩვენება ნაკლებალბათურად. 

- თქვენი აზრით, თუ რუსეთში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის რეაქცია? 

- ოფიციალური თბილისი არ შეიძლება გამოთქვამდეს იმავეს, რასაც თავისუფლად ვამბობთ ჩვენ. პოლიტიკოსის მეტყველება განსხვავებულია ანალიტიკოსის, ოპოზიციონერის ან, უბრალოდ დაინტერესებული პირის მეტყველებისგან. ცხადია, პროცესების მხარდაჭერა შეიძლება გამოითქვას, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს მიმდინარე მომენტის პოლიტიკურ კონიუნქტურას შეესატყვისება. ეს კი თავად პოლიტიკოსებმა უნდა განსაზღვრონ, რამდენადაც მეტი ინფორმაციის მატარებლები არიან. სამწუხაროდ, ამ დროს ოფიციალური თბილისი ზედმეტად ხშირად ადგას "გულის მოფხანვის" ტაქტიკას და რბილად რომ ვთქვათ, საქმესაც ვნებს. ამის მაგალითები იმდენია, რომ ჩამოთვლაც არ ღირს. როდესაც შენ უშიშროების კონცეფციაში რუსეთს 44-ჯერ ახსენებ, ამით საკუთარ თავს თავადვე აქცევ სამიზნედ.