ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს დაშლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სახელისუფლო მედიამ სიხარულით აიტაცა. მათივე ცნობით, ბიზნესმენმა ეს გადაწყვეტილება, ამ დღეებში, საკუთარ რეზიდენციაში მიიღო.
თუმცა Presage.tv-სთან საუბარში თავად მრჩეველთა საბჭოს წევრები საბჭოს დაშლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში გაერთიანებულნი იყვნენ რატი ამაღლობელი, ზურაბ ბიგვავა, ირაკლი სესიაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ეკა ბესელია, ვაჟა ბერიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ზაზა ფირალიშვილი და გიორგი ვოლსკი.
მრჩეველთა საბჭოს ზოგიერთმა წევრმა იმთავითვე საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ბევრი თვლიდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბევრად უფრო საღად აზროვნებს, ვიდრე მისი ცალკეული მრჩეველი. ზოგიერთები ბიზნესმენს უკეთესი კადრის შერჩევისკენ მოუწოდებდნენ და შეახსენებდნენ, რომ პოლიტიკოსისთვის სწორად შერჩეული გუნდი ბევრ რამეს განსაზღვრავს. თუმცა ისიც ცხადია, რომ მრჩევლები საჯარო პოლიტიკაში შემოსული ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია და ბიძინა ივანიშვილმაც უმოკლეს დროში სწორედ ამ ადამიანებზე შეაჩერა არჩევანი.
„მრჩეველთა საბჭო სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია მოემზადებინა“, – აცხადებს მრჩეველთა საბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი და განმარტავს, რომ საბჭოს წევრები ამიერიდან თემატურ ჯგუფებში განაგრძობენ მოღვაწეობას, თანაც, შესაბამისი პროფილით.
ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს ერთ ერთი წევრის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, მრჩეველთა საბჭოს დაშლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი შავი პიარია. მისი თქმით, ამით ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის დიქტატორად წარმოჩენა სურს, რომელიც თითქოს უყვირს ადამიანებს.
სესიაშვილის თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი ერთი პირი იყო, ის ვერ შეძლებდა რაიმე სტრუქტურის შექმნას, ამიტომ მრჩეველთა საბჭოს სახით სწორი ფორმა შეარჩია. ამ საბჭომ კი „ქართული ოცნების“ პრეზენტაციამდე იფუნქციონერა.
ამიერიდან გია ვოლსკი კონფლიქტების მოგვარების თემატურ ჯგუფს გაუძღვება, ზაზა ფირალიშვილი –განათლებისა და მეცნიერების თემატურ ჯგუფს და ა. შ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და ვერც იმას ადასტურებს, შეასრულა თუ არა ამ საბჭომ თავისი ფუნქცია.
„ვერ გეტყვით, მრჩეველთა საბჭოს შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი პარტია და მრჩეველთა საქმის ამბებში გარკვეული არ ვართ. ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს ვყოფივარ მაგ საქმეებში ჩახედული“, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა Presage.tv-სთან საუბრისას.
ხოლო შეკითხვაზე, ზოგადად, სჭირდება თუ არა პოლიტიკოსს (ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს) მრჩევლები, გვიპასუხა, რომ პირადად მას, როგორც პოლიტიკოსს, მრჩევლები ჰყავს.
„რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსს სჭირდება მრჩევლები. ამაზე ლაპარაკიც არ არის. მიხეილ სააკაშვილსაც კი, „ამოდენა“ კაცს, სჭირდება მრჩევლები და ვიცი, ვინც აძლევს რჩევებს ლიტერატურის დარგში, იმიტომაცაა „აყვავებული“ ამ სფეროში“, – გვითხრა ლევან ბერძენიშვილმა.
ჩვენ დავუკავშირდით ბიძინა ივანიშვილის მრჩეველს, ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას, რომელმაც მრჩეველთა საბჭოს დაშლა არ დაადასტურა.
„უბრალოდ, მრჩეველთა საბჭოში ფუნქციები გადანაწილდა, თორემ ისინი ისევ მრჩევლებად რჩებიან. თანაც, საბჭო ფორმალურად ერქვა, მათ თავად მოძრაობაში დაიკავეს ადგილები, სხვადასხვა თანამდებობები დაიჭირეს და ანალიტიკურ ჯგუფშიც გადანაწილდნენ. მრჩეველთა ჯგუფის ფუნქცია ამიერიდან ანალიტიკურ ჯგუფში იქნება და, ამას გარდა, გადანაწილდნენ კიდევ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“, – აღნიშნა ზურაბ ბიგვავამ.
ჩვენს შეკითხვაზე, ამიერიდან ვინ მისცემს უშუალო რჩევებს ბატონ ბიძინას, ზურაბ ბიგვავამ აღნიშნა: „საბჭო აღარ ჰქვია, თორემ მრჩევლები მრჩევლებად დარჩნენ და იმავე ფუნქციას ასრულებენ“.
მრჩეველთა საბჭოს ამჟამინდელი ფუნქციის გასაგებად Presage.tv ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა.
ბატონო გია, მრჩეველთა საბჭომ ფუნქცია ამოწურა?
– რა არის, იცით, მრჩეველთა საბჭო არსებობდა მანამდე, სანამ ჩამოყალიბდებოდა რაღაც სტრუქტურა, საზოგადოებრივი სტრუქტურა მაინც. ამჟამად მრჩეველთა საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრი, რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ, ამ მოძრაობის გამგეობის წევრებად ითვლება. ანუ, ისინი თემატური ჯგუფების ხელმძღვანელები არიან. ბუნებრივია, ეს ადამიანები კი არ დაშალეს, პირიქით, დააწინაურეს, გაცილებით სტრუქტურირებული და ორგანიზებული სახე მიეცა ამ ყველაფერს. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მრჩეველთა საბჭომ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ განიცადა ტრანსფორმაცია, სადაც მრჩეველთა საბჭოს ყველა წევრი არის მთელი დარგის კურატორი, ანუ თავისი მიმართულების კურატორები. სად არის აქ სკანდალი, არ მესმის. ახლა ორ სკამზე ხომ არ ისხდებოდა ეს ხალხი? უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის გუნდის რეორგანიზება, სტრუქტურირება მოხდა და უფრო სერიოზული სახე მიეცა ამ ყველაფერს და არა პირიქით, როგორც ვიღაცას სურს, წარმოაჩინოს.
ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის შემდეგ და არა – მანამდე?
– ფაქტია, რომ ეს ადამიანები, ვინც იყვნენ მრჩეველთა საბჭოში, სადღაც კი არ წასულან, არამედ მათი რანგი და სტატუსი გაიზარდა ბიძინა ივანიშვილის ამ საზოგადოებრივ აქტივობაში. მე არ ვარ მრჩეველთ საბჭოს წევრი და ეს დეტალები არ ვიცი. მე, როგორც თქენ, ამას გვერდიდან ვუყურებ. თუკი ადამიანი კი არ დააქვეითეს, არამედ დააწინაურეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და ვულოცავ მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ მათმა მუშაობამ ბევრად უფრო დიდი წონა შეიძინა.
ხომ შეიძლება, ამ მრჩევლებს მიღმა, ვინც ახლა სააშკარაოზე ჩანან, კიდევ სხვა მრჩევლებიც ჰყავდეს ბიძინა ივანიშვილს?
– ყველაფერი შეიძლება. შესაძლოა, ჰყავდეს კიდეც სხვა მრჩევლები. ამაში კრიმინალს ვერაფერს ვხედავ. შესაძლოა, ჰყავდეს, შესაძლოა – არა. ყველა ადამიანი სხვა ადამიანს ეკითხება რჩევას და, არაა გამორიცხული, ამ დროს ამ ადამიანს მრჩეველი საერთოდაც არ ერქვას. შესაძლოა, მეც ვკითხო რჩევა ბიძინა ივანიშვილს ან მან მკითხოს რჩევა.
როგორ გგონიათ, მრჩეველთა გუნდმა საკუთარ ფუნქციას თავი გაართვა?
– მე ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭოს საქმიანობამ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი აქტიობა ახალ ფაზაში გადაიყვანა. ამ საბჭოს დამსახურებაა, რომ დაფუძნდა მოძრაობა, სადაც რამდენადაც ტელევიზიით ვუყურებ და თქვენი გამოცემის წაკითხვისას ვგებულობ, ათი თემატური ჯგუფი შეიქმნა. ათ წევრზე მეტი არც ყოფილა იმ მრჩეველთა საბჭოში. ეს მიმართულებები გადაინაწილეს და ახლა სერიოზული საზოგადოებრივი აქტივობით არიან დაკავებულნი. ალბათ, არაფორმალურად მრჩევლობასაც გააგრძელებენ. მაგრამ, ოფიციალურად, მათ მრჩევლები ვეღარ ეწოდებათ, რადგან ორ სკამზე ვერ დასხდებიან.
თავდაპირველად მრჩეველთა გუნდის ზოგიერთმა წევრმა ხომ არ გაურთულა ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობა მედიასთან? (გვახსოვს მისი პირველი წერილები „მაესტროსთან“, „კავკასიასთან“ მიმართებით)
– თუ ადამიანი დააწინაურეს და არა დააქვეითეს, შეიძლება, რომ აქედან დასკვნა გაკეთდეს, რომ ის გააგდეს?! ვივარაუდოთ, რომ თეორიულად ივანიშვილს, შესაძლოა, ვიღაცასთან ჰქონდა პრეტენზია და იმ ვიღაცამ რაღაც ცუდად გააკეთა, ამის შემდეგ ის შესაძლოა, აღარ არის მრჩეველი, არამედ „ქართული ოცნების“ მიმართულების კურატორი გახდა, რაც ლოგიკურად, აშკარად დაწინაურებაა და არა დაქვეითება.