„დაიცავი შენი სახლი“- ასე გააცნეს პროექტის სახელწოდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ზუგდიდის საჯარო სკოლებში შეკრებილ იმ მამაკაცებს, რომელთა დიდი ნაწილი უახლოეს მომავალში ნებით თუ იძულებით „ნებაყოფლობით ხუთდღიან რეზერვში“ გაერთიანდება. როგორ გეგმავენ ამავე უწყებაში „ტერიტორიულ-ნებაყოფლობითი რეზერვის“ საშუალებით „ქვეყნის უსაფრთხოების ეფექტურობის გაზრდას“, რა რაოდენობით რეზერვი მომზადდება ყოველწლიურად, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება პროექტის განსახორციელებლად და სად იქნება იგი მოძიებული, არსებობს თუ არა რეზერვის მომზადების კონცეფცია და რატომ მოდის წინააღმდეგობაში თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოხალისე რეზერვისტების აღრიცხვიანობის შესახებ აქამდე არსებულ „სამხედრო სარეზერვი სამსახურის შესახებ“ კანონთან, რატომ აწარმოებს რეზერვისტთა აღრიცხვას თავდაცვის სამინისტრო და არა ადგილობრივი თვითთმართველობის შესაბამისი სამსახურები?-ამ და სხვა მრავალ კითხვაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს არ პასუხობენ. ინფორმაციის გაცემა, რომელიც სამართლებრივად სამხედრო საიდუმლოებას არ წარმოადგენს, პრესისთვის მკაცრად აკრძალულია, მიმდინარე შეკრებები კი ყველგან დახურული. ერთადერთი, ვინც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ სამეგრელოს რეგიონში გამართულ შეკრებებზე ინფორმაცია მოიპოვა, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები არიან. სამხედრო უწყების ახალ ინიციატივაზე „პრესაგე.ტვ“-სთან კახა მიქაია საუბრობს.
როგორც ვიცი, დეტალურ ინფორმაციას ფლობთ საჯარო სკოლებში მიმდინარე შეკრებების თაობაზე. როგორ ფიქრობთ, რატომ შეირჩა „ნებაყოფლობითი რეზერვის“ მობილიზების ადგილად სასწავლო დაწესებულებები?
ის, რაც 23-24 დეკემბერს ზუგდიდის N1 და N2 საჯარო სკოლებში მოხდა, დანაშაულია. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა არასრულწლოვნებზე, რბილად რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა მოახდინეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამხედრო უწყების მაღალჩინოსნებმა სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების გამოყენებით მოსწავლეებს შეკრებაზე მამების გამოცხადება დაავალეს. ფაქტობრივად, სასწავლო დაწესებულება „სამხედრო პროექტის“ მთავარ პროპაგანდისტად აქციეს. ყველა შეკრებას ეროვნული გვარდიის უფროსი, მამუკა იოსავა, დასავლეთის მიმართულების სარდალი, ზაზა ჯანჯალია, სენაკის მე-2 ბრიგადის მეთაური ზვიად გაგუა და ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური დავით ფოფხაძე ესწრება. მთავარი მომხსენებელი კი ყველა შემთხვევაში სპეციალური რაზმების მეთაური კობა ახვლედიანია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით თურმე 300-მდე ასეთი შეკრება გაუმართავს.
რა იყო ამ „მოხსენების“ ძირითადი აქცენტები და რას სთავაზობდნენ მომავალ რეზერვისტებს?
ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში გამართულ შეკრებას ჩვენი მოძრაობის წევრი გიორგი ჯღარკავა ესწრებოდა. ამიტომაც შემიძლია ციტირება გავუკეთო ახვლედიანის მიმართვას: „მერე რა, რომ ჩვენ ვქმნით გასამხედროებულ სახელმწიფოს. პირიქით, უკეთესია, რადგან სამხედრო ძალებზეა დამოკიდებული ქვეყნის უსაფრთხოება...ნებაყოფლობითი რეზერვი იქმნება იმისათვის, რომ რეზერვგავლილი ადამიანი უკეთესად დაიცავს საკუთარ ქუჩას, უბანს, ქალაქს და რაც მთავარია ოჯახს. ამ ადამიანების ნაწილს შესაძლოა იარაღი თან გავატანო, რათა მათ შეეძლოთ თავიანთი კუთხის დაცვა, რადგან მახსენდება ის დრო, როცა ხალხი თოფით თუ თოფის გარეშე, შიშველი ხელებით იცავდა ქუჩასა და უბანს...სამწუხაროდ, ამის მაგალითი აგვისტოს ომმა მოგვცა, როცა ადამიანებმა არ იცოდნენ სად წასულიყვნენ და როგორ მოქცეულიყვნენ... ყველა უბანს დავუნიშნეთ მეთაურები, რომლებიც ხალხის და არა ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ავირჩიეთ. ეს კოორდინირებულად მუშაობის საშუალებას მოგვცემს...მათ, ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურის კონტრაქტები დაარღვიეს, შეწყვიტეს მსახურება, დაეკისრათ ჯარიმები და სხვადასხვა სანქციები, ნებაყოფლობით რეზერვში გაწევრიანების შემდეგ ყველაფრისგან თავისუფლდებიან. ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ნასამართლეობა ან პირობითი სასჯელი, უნდა მიეცეს საშუალება, რომ ქვეყანას ემსახურონ. გახსნილია სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ამ ადამიანებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის სამედიცინო მომსახურება და წამლები იქნება უფასო...ეს არის მინისტრისა და სხვა ჩინოვნიკების მიერ მიღებული გადაწყვეტილება...“
რაც შეეხება ქალაქის N2 საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას, რომელსაც ასევე ჩვენი მოძრაობის წევრი დათო სორდია, როგორც მოსწავლის მამა ესწრებოდა. დათოს გამოჩენისთანავე, მის გაკონტროლებას კუდის მაღალჩინოსნები შეუდგნენ და მთელი შეკრების მიმდინარეობის განმავლობაში გვერდში ეჯდნენ. ამჯერად, კობა ახვლედიანმა სრულიად საპირისპირო აზრები გამოთქვა თავის „მოხსენებაში.“ მან თქვა, რომ იარაღს ისინი არავის გაატანენ, რომ ჩვენ ეს არ გვინდა პოლიტიკური მიზნებისთვის და „პროექტი“ არ უკავშირდება არჩევნებს, არ ვაპირებთ ომს რუსეთთან, რომ ეს ყველაფერი ერის ერთიანობისთვის კეთდება და ეს, მას მხოლოდ ღალიძგასთან უნახავს. შეკრების ბოლოს ნაცმოძრაობის ერთ-ერთ წევრს დათო სორდიასთვის საჯაროდ უკითხავს, მოეწონა თუ არა შეხვედრა. მისი პასუხი ასეთი იყო „ეს სრული დემაგოგიაა, წაიყვანეთ სააკაშვილი რეზერვში.“
სხვადასხვა გამოცემებთან ინტერვიუში თქვენ კობა ახვლედიანი კრიმინალური ბანდ-ფორმირებების მობილიზებაში დაადანაშაულეთ. გამოხმაურება ხომ არ მოჰყოლია ამ ბრალდებებს?
კობა ახვლედიანმა აბსოლუტურად ყველა შეკრებაზე მახსენა. უთქვამს, „ერთმა საპატიო ადამიანმა დამაბრალა, რომ მე თითქოს ვაგროვებდი ყოფილ მხედრიონელებს, ყაჩაღებს და კრიმინალებს რაღაც მიმართულებისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის. მე შემიძლია შევხვდე ამ კაცს და ყველაფერი ავუხსნა.“ ასეთი ირონიის მიუხედავად, თანახმა ვარ, შევხვდები ახვლედიანს, ოღონდ ერთი პირობით, თუ ისინი როლანდ, დათა და ბაჩო ახალაიებთან ერთად დაჯდებიან სახელისუფლებო ტელეარხების სტუდიაში და საჯაროდ ისაუბრებენ იმაზე, თუ რა იმალება ამ „პროექტის“ მიღმა. კობა ახვლედიანმა ფაქტობრივად აღიარა ურთიერთობები მოღალატე ზვიადისტებთან, კრიმინალ „მხედრიონელებთან“ და „ტყის ძმებთან.“ ის მზად არის გააერთიანოს ეს ფორმირებები თავის დაჯგუფებებში და სრულად აკონტროლოს ისინი.
რისთვის სჭირდებათ, ან რას უნდა გეგმავდეს ხელისუფლება ამ „რეზერვისტების“ გაერთიანებით?
კობა ახვლედიანმა კატეგორიულად გამორიცხა, რომ „პროექტი“ არ უკავშირდება არც არჩევნებს და არც საომარი მოქმედებების გაჩაღებას, მაგრამ მე ამის არ მჯერა. ფაქტია, რომ გასამხედროებული სახელმწიფოს შექმნა და გასამხედროებული ფორმირებების გაძლიერება მიზანმიმართულად კეთდება პროვოკაციებისათვის, თუმცა რა ტიპის პროვოკაციაზე წავა მიხეილ სააკაშვილი, ვერ გეტყვთ. ახვლედიანი იმასაც ამბობს, აქამდე არსებულმა სავალდებულო რეზერვის ამერიკულმა და ისრაელის მოდელმა არ გაამართლა და შვედურ-ფინური მოდელი უნდა დავნერგოთო. ამ ქვეყნებს ჩვენ უპირველესად დემოკრატიის ხარისხით მივბაძოთ. იქ შეიძლება ნებაყოფლობითი რეზერვის არსებობა, საქართველოში კი წარმოუდგენელია. მაქვს ინფორმაცია, რომ ხალხის რეზერვში იძულებით გაერთიანებას სამეგრელოს ძალოვანი სრუქტურების ხელმძღვანელები, თენგიზ გუნავა, ლევან ქირია, რუსლან შამახია და კუდ-ის ყოფილი უფროსი და ამჟამად გუბერნატორის მოადგილე, დავით დარსმელიძე უზრუნველყოფენ.
არ ვიცი რას გეგმავს ხელისუფლება, მაგრამ მე არ ვიბრძოლებ სააკაშვილის მთავარსარდლობით წარმოებულ ომში. ბრძოლის ველიდან გაქცეული და შიშით მიწაზე მფორთხავი მთავარსარდალი ჩვენ უკვე ვიხილეთ. იქნებ დადგეს კიდეც ის ჟამი, როცა დაკარგული ტერიტორიები მშვიდობიანად დავიბრუნოთ, მაგრამ იქნებ ბრძოლა დაგვჭირდეს. მე მზად ვარ შვილებთან და მეგობრებთან ერთად ქვეყნის ერთიანობისთვის ვიბრძოლო, ოღონდ არა კურდღელივით მშიშარა პრეზიდენტის მთავარსარდლობით.