"ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებული საარჩევნო რეფორმა საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტებისთვის მათ მიერ არჩევნებში მიღებულ ხმათა რაოდენობასთან მიახლოებული პროპორციით პარლამენტის მანდატების მიიღებას ვერ უზრუნველყოფს.
მისი მტკიცებით, საარჩევნო სისტემის შესახებ წარმოდგენილი პროექტი თვისობრივად არ განსხვავდება დღეს არსებული სისტემისგან, რომელიც თავის მხრივ არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, მათ შორის, ვენეციის კომისიის კრიტიკის საგანი.
"ეს სისტემა ვერ უზრუნველყოფს საპარლამენტო არჩევნების შედეგად პოლიტიკური სუბიექტებისათვის მანდატების მიღებას მათ მიერ არჩევნებში მიღებულ ხმათა რაოდენობასთან მიახლოებული პროპორციით და საარჩევნო მანდატებს არ აქვთ თანაბარი წონა. ამ სისტემის პირობებში, ერთადერთი გამოსავალი არის მაჟორიტარულ არჩევნებში 50%-იანი ბარიერის დაწესება, რაც ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, სანაცვლოდ, ხელისუფლება ცდილობს ცრუ პოლიტიკური კონსენსუსის იმიტაცია შექმნას იმ პარტიებთან, რომლებიც რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" განშტოებას წარმოადგენენ.
"თავისუფელი დემოკრატების" გენერალური მდივნის განცხადებით, აღნიშნულ კანონზე ვენეციის დასკვნაში ნათლად წერია, რომ თუ პოლიტიკური პარტიებისათვის იზღუდება გარკვეული დაფინანსების წყარო, აუცილებელია ეს კომპენსირდეს სხვა წყაროთი.
"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე 2010 წლის ნოემბერში დაწყებული მოლაპარაკებები, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავდა თვისობრივად ახალი საარჩევნო კოდექსისის შემუშავებას. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, გაგვეზიარებინა პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებასა და არჩევნების ჩატარებაზე. ხელისუფლებამ არ მოისურვა ურთიერთკომპრომისის საუძველზე გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსის შემუშავება, მან უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე, რასაც ულტიმატუმის, პოლიტიკური ვაჭრობის და შანტაჟის ენა არჩია", - განაცხადა ჩიქოვანმა.