ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ხელს შეუწყობდა საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა.
ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"არც ერთი ინფრასტრუქტურა საქართველოში რომელიც იქმნება თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, არ უქმნის საფრთხეს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს რუსეთს და არ არის მიმართული მის წინააღმდეგ. პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მონაწილეობა, წვრთნები და ვარჯიში არის სწორედ მიმართული იქეთკენ, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა. რეგიონის უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებას ნამდვილად შეუწყობდა ხელს საქართველოს ტერიტორიებიდან რუსული ბაზების გაყვანა, მოლდოვადან რუსული ბაზების გაყვანა და უკრაინიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ უმჯობესია რუსეთის ხელისუფლებამ ამაზე იზრუნოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.
"რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ქართული მედიის მიერ გამოთქმულ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას შეეხება. ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება ამიერკავკასიის ტერიტორიაზე", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.