„პარტიების, რომელთაც ივანიშვილის კოალიციაში მოიპოვეს ადგილი, ჰგონიათ რომ თავი ქუდში აქვთ და ირონიულად უყურებენ სხვა პარტიების შანსებს. ჯერჯერობით, ზოგი პარტია ჩუმად იმიტომ არის, რომ ივანიშვილისაგან ზარს ელოდება. თუკი ეს ზარი არ იქნება, ისინი აღარ გაჩუმდებიან და უამრავ კითხვას დაუსვამენ ივანიშვილს და მის თანაგუნდელებს სხვადასხვა წარსული შეცდომის გამო, რაც ამომჩეველს ჩააგდებს ნიჰილიზმში”, _ გვითხრა არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კველვის ცენტრის დირექტორმა კახა კახიშვილმა:
– პოლიტიკურ სივრცეში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ნაციონელები დააბნია, მაგრამ მალე მოახერხეს მობილიზაცია და საკუთარი ძალების ტრასფორმაცია. მათ კარგად გაანაალიზეს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის შესაძლებლობები და განსაზღვრეს რა საკანონმდებლო ცვლილებები იყო საჭირო, რომ ივანიშვილის გუნდს წარმატებისთვის ვერ მიეღწია. შესაძლოა ივანიშვილს არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ აქვს დიდი ფინანსური რესურსი. ეს რესურსი თავიდან ბოლომდე რომ ნეიტრალიზებული ყოფილიყო, ამისთვის საარჩევნო კანონსა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შეიტანეს ისეთი ცვილებები, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს პარტიის თანხების მოძრაობა აკონტროლოს, არა მხოლოდ წინასაარჩევნო, არამედ არასაარჩევნო პერიოდშიც. ამავე დროს შეიზღუდა საქველმოქმედო ფონდის მუშაობა, რომლითაც ივანიშვილი მეცენატურ საქმიანობას ეწეოდა. ახალი ცვლილებით პოლიტიკოსს და მასთან ასოცირებულ პირს არ ექნება მეცენატობის საშუალება, რადგან ეს ამომრჩეველთა მოსყიდვად ჩაითვლება.
ხელისუფლება კარგად ფლობს საარჩენო ტექნოლოგიას და რადგან ხელისუფლებას 30%-იანი მხარდაჭერა აქვს, ამიტომაც არ გაზარდა მაჟორიტარული არჩევნებისთვის 30%-იანი ბარიერი. ხელისუფლება ეცდება ოპოზიური ამომრჩეველი არ მივიდეს საარჩევნო უბანზე და თუ მივა, ის რამდენიმე ნაწილად გახლიჩოს, ეს არის სწორედ ხელისუფლების გამარჯვების ფორმულა.
რა სქემით წარმოგიდგენიათ ოპოზიური ამომრჩევლის გახლეჩა?
– პარტიები, რომლებიც არ არიან ივანიშვილის კოალიციაში, ჯერ მოლოდინის რეჟიმში არიან და ამიტომ არ აკრიტიკებენ მის კოალიციას, მაგრამ როდესაც ისინი დარწმუნდებიან, რომ უწერიათ მის კოალიციაში გაწევრიანება, შექმნიან მესამე და მეოთხე ცენტრს და არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ ისინი დააფინანსოს. ასევე არ გამოვრიცხავ ხელისუფლებამ პოლიტიკაში შემოუშვას რუსეთზე ორიენტირებული ისეთი პირები, როგორიცაა ვლადიმერ ხომერიკი, მინდია გულუა. მისცენ საშუალება საქართველოში ჩამოვიდნენ, გახსნან პარტიული ოფისები და ძალიან დააბნიონ ამომრჩეველი. მათ შეიძლება აწარმოონ ასეთი პიარტექნოლოგია, – ივანიშვილს თავის კოალიციაში დასავლური ორიენტაციის ხალხი ჰყავს, ჩვენ კი რუსეთთან ვიქნებით ახლოსო და ამ განწყობის ამომრჩეველი თავის მხარეს გადაიბირონ.
ივანიშვილს ჰქონდა შესანიშნავი რესურსი, რომ ყველა პარტია გაეერთიანებინა ერთის წინააღმდეგ. შედცომაა მიჯნის გავლება და კოალიციის შექმნა მხოლოდ „რესპულიკელებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“. ძალიან რთულია ორი პარტიით გამკლავება (თან ასეთი საარჩევნო სისტემის პირობებში) ისეთ ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშესთან, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა.
თუ დაეთანხმებოდნენ, ბიძინა ივანიშვილს გვერდით უნდა დაეყენებინა ქრისტიან-დემოკრატებიც, ახალი მემარჯვენეებიც, ბურჯანაძეც, ყველა ოპოზიციური პარტია და გაეკეთებინათ შეთანხმება, – საპარლამენტო არჩევნების დროს ყველა ვიყოთ ერთად, საარჩევნო ხმები ერთ ყულაბაში შევაგროვოთ და 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვალთ, შევცვალოთ საარჩევნო კანონი, ბევრად დემოკრატიულ გავხადოთ, როგორც საარჩევნო სისტემა, ისე ბარიერი, საჩივრების განხილვის წესი, მედია და ბიზნეს გარემო და სამი თვის შემდეგ ჩავატაროთ ხელახალი საპარლამენტო არჩევნებიო.
ივანიშილის ამოცანა უნდა ყოფილიყო ხელისუფლების შეცვლა არა და ის, რომ მისი კოალიციის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნან ან თანამდებობები მიიღონ.
ივანიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლების შეცვლა უნდა.
– ამ კოალიციით შეუძლებელია ხელისუფლების შეცვლა, მით უმეტეს ისეთი კანონის პირობებში, როდესაც დახარჯულ ფულს აღარც ძალა ექნება და არც საშუალება, რომ სერიზულად გააძლიეროს ოპოზიცია. მთელი ოპოზიციური სპექტრი რომ გაერთიანებულიყო, ამომრჩეველს მეტი მოტივაცია ექნებოდა, რომ საარჩევნო ყუთთან მისულიყო, ვიდრე მაშინ, როდესაც დაინახავს ოპოზიციური პარტიების უთანხმოებას. ხელისუფლება საერთოდ არ ჩაერევა შავ პიარში. მესამე და მეოთხე ცენტრი დაიწყებს ივანიშვილის კოალიციის კრიტიკას, ივანიშვილის კოალიცია მათ კრიტიკას უპასუხებს და ხელისუფლება ისე გავა „დამკაში“, როგორც აქამდე გადიოდა. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო გამწვავდება ოპოზიციური პარტიების ჭიდილი და უფრო სუფთა ხელებით წარმოჩნდება ხელისუფლება.
ივანიშვილს ეგონა, მისი გამოჩენისთანავე სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოიშლებოდა და მინისტრები რიგში დადგებოდნენ მის პარტიაში გასაწევრიანებლად, მაგრამ ვინაიდან ეს არ მოხდა, ივანიშვილს სტატეგია უნდა შეეცვალა. უნდა ემოქმედა ფორმულით – ყველა მინუს ერთი. რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჩამოიშალა ამის საპასუხოდ უნდა გაეკეთებინა ერთი დიდი კოალიცია. ჩვენთან ხომ იცით ძალის და ფულის კულტია. მიშასთან დარჩენილი ხალხი რომ ნახავდა ივანიშვილის გარშემო შეკრებილ ოპოზიციას, შესაძლებელია ვიღაცეებს გზა ეძებნათ მის კოალიციაში ადგილის დასაკავებლად. რაც დრო გადის და ეს არ კეთდება, ხელისუფლება თანდათან ძლიერდება.
ბიძინა ივანიშვილს, ჩანს ადრე კარგი ურთიერთობა ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან და ეგონა, როგორც კი გაიგებს სააკაშვილის ოპონენტი გავხდი, ჩემთან წამოსვლას იფიქრებსო, მაგრამ რამდენიმე კაცი ისედაც ფლობს საქართველოში ნებისნიერ სიტუაციას და რა უნდა შესთავაზოს მათ ივანიშვილმა?! ივანიშვილს რომ სწორი სტრატეგია აერჩია და მერაბიშვილს დაენახა, რომ მისკენ არის მთელი ოპოზიციური სპექტრი, თავის 70%-იანი მხარდაჭერით, შესაძლოა, ვანო მართლაც დამგარიყო მის გვერდით, მაგრამ როდესაც „ქართული ოცნება“ მხოლოდ ორ პარტიაში ჩაიკეტა, ვანო მიხვდა, რომ ამ სიტუაციაში ივანიშვილის გუნდის პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა სრული აბსურდია.
არჩევნებამდე საკმაო დროა და ვიმედოვნებ ივანიშვილი შეცვლის სტრატეგიას. დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს, ხელისუფლება ეცდება მას სერიოზული შეცდომები ჩაადენინოს.
ივანიშვილი ხალხს უყვარს როგორც მეცენატი, მაგრამ მეცენატური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ხალხი ვისაც ეხმარებოდა, ივანიშვილს საყვედურით მოუტრიალდება. ხელისუფლება ამ ხალხს ეტყვის, – ივანიშვილი თუ აღარ გაძლევთ ფულს, მე მოგცემთო. ხელისუფლება ფულს მისცემს ყველას, ვინც არჩევნებზე სჭირდება – ინტელიგენციას, მასწავლებლებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. მოიფიქრებს სქემებს რისი წყალობითაც ამ ხალხს სახელმწიფო დაფინანსებაზე დასვამს იმ დრომდე მაინც, სანამ კიდევ ერთხელ დაიმკვიდრებს ხელისუფლებას და ვაი, ჩვენი ბრალი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგვევლინება. იმ ფულს, რომელსაც ივანიშვილთან ბრძოლაში დახარჯავს, თითოეული მოქალაქისაგან ამოიღებს. მეცენატი ივანიშვილი თუ ბევრს უყვარს, პოლიტიკოსი ივანიშვილი დანარჩენი ოპოზიონერებისათვიის კონკურენტია და აუცილებლად გაუწევენ ოპონირებას.
ივანიშვილს საარჩევნო კამპანიის დროს ფულის გამოყენების შანსი წაართვეს, ამ დროს ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსის სახით ძლიერი ბერკეტი დაიტოვა. ივანიშვილი თუ პარტიას ვერ დააფინასებდა, შექმნიდა არასამთავრობოს, იქ ჩადებდა ფულს და ამ ფულს გამოიყენებდა პოლიტიკური მიზნებისათვის, მაგრამ ხელისუფლებამ ეს სქემაც გაშიფრა და ამის საწინააღმდეგო მუხლებიც ჩაიდო კანონმდებლობაში. ხელისუფლება ოპოზიციონერ კონკურენტებს აიძულებს გადავიდნენ შავი ფულის გამოყენებაზე, რაც მძაფრსიუჟეტიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმებით დამთავრდება. აპირებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანონ მუხლი, რომელიც ითვალისწიებს პოლიტიკური მექრთამეობის გამო პასუხიმგებლობას. ამ მუხლის მოქმედების არეალი იმდენად დიდია, რომ ადამიანმა გამარჯობაც რომ უთხრას პოლიტიკოსს, მასზეც შეიძლება გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება.
მაგრამ შეზღუდვები ხელისუფლებაზეც ხომ ვრცელდება?
– შეიძლება შავი ფული ხელისუფლებამაც გამოიყენოს, მაგრამ ვინ გააკონტროლებს ამას? ჩვენ გვახსოვს 2010 წლის არჩევნების დროს შექმნილი უწყებათაშორისი კომისია, რომლიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრალვაზე მუშაობადა, მაგრამ იქ შესული განცხადებების შედეგად დაისაჯა ვინმე ჩინოვნიკი? ხელისუფლების წარმომადგენლები არც ახლა დაისჯებიან, მაგრამ აუცილებლად დადგება ოპოზიციის იმ წარმომადგენელთა პასუხიმგებლობის საკითხი, ვინც შავ ფულს გამოიყენებს.
პოლიცია „ნაციონალური მოძრაობისაა“, სასამართლო ხელისფლების ზეგავლენის ქვეშაა, საარჩევნო ადმინისტრაცია თავიდან ბოლომდე ხელისუფლებისგან კონტროლდება, ივანიშვილის კოალიციაში მყოფი ძალებიდან კი მხოლოდ ზვიად ძიძიგურს აქვს უფლება დანიშნოს საარჩევნო კომისიის წევრი. ივანიშვილის ამოცანა უნდა ყოფილიყო ცენტრალურ, საოლქო და საუბნო კომისებში რაც შეიძლება ბევრი წარმომადგენელი ჰყოლოდა. ამისათვის უნდა გაერთიანებინა ოპოზიციური პარტიები. თუ ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი დიქტატატორია, მასთან საბრძოლველად უფრო შეკრულები უნდა იყვნენ.
სააკაშვილმა უკვე ინტერსიური საარჩევნო კამპანია დაიწყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“.
სააკაშვილი მოქალაქეებს კბილებს უსვამს! ამით სააკაშვილი ეფერება იმ სეგმენტს (პენსიონერებს), რომლის დიდი ნაწილი მისი ამომრჩეველია. ნელ-ნელა გადავა სხვა ფენების მოფერებაზეც.
სააკაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მისი ჩამნაცვლებელი არ ჩანს. ეს ფაქტორი არ იმუშავებს ოპოზიციის სასარგებლოდ?
– სააკაშვილი ხელისუფლებიდან არ მიდის. ის ძლიერი პიარტექნოლოგია და არ მოინდომებს პრემიერობას, რომ მერე მასსა და პუტინს შორის გაავლონ პარალელი, მისთვის ყველაზე მისაღები არჩევითი თანამდებობა – პარლამენტის თავმჯდომარეობა იქნება. ამ შემთხევაში ორი სქემას განვიხილავ: შესაძლოა სააკაშვილი გადადგეს პრეზიდენტობიდან, სათავეში ჩაუდგეს პროპორციულ სიას ან რომელიმე მაჟორიტულ ოლქში იყაროს კენჭი, პარლამეტში მოხვდეს და როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, აირჩიონ პარლამენტის თავმჯდომარედ. მეორე სქემის თანახმად კი, შესაძლოა, საპარლამენტო არჩვენების შემდეგ 2013 წელს მოხდეს კრიზისი, დაითხოვონ 2012 წელს არჩეული პარლამენტი და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სააკაშვილი გადადგეს პრეზიდენტობიდან, პარლამენტში იყაროს კენჭი და გახდეს პარლამენტის თავმდჯომარე. კანონმდებლობით უკვე შექმნილია გარანტია, რომ სააკაშვილის შემდეგ საქართველოში იქნება ფორმალური პრეზიდენტი და ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე.
ჩემი ეს რჩევები ხალხის ნიჰილზმში ჩაგდებას კი არა, იმას ემსახურება, რომ ოპოზიციამ ნაკლები შეცდომა დაუშვას. მსურს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნორმალური ბალანსი იყოს. იმის განცდა გვქონდეს, რომ ჩვენს ქვეყანში თავისუფალი სასამართლოა, რომ კანონის დარღვევის გარეშე არავინ არ დაგაპატიმრებს, არავინ არაფერს დაგაბრალებს და შენი ბიზნესი, მუხედავად იმისა როგორი პოლიტიკური გემოვნება გაქვს, არ იქნება შელახული, იმის გამო, რომ რომელიღაც ჩინოვნიკს ცუდ ხასიათზე გაეღვიძა.