რუსეთი მარიონეტების „აღიარების“ ტაქტიკას ცვლის

რუსეთი მარიონეტების „აღიარების“ ტაქტიკას ცვლის

მოსკოვს ოკუპირებული ქართული მიწების „აღიარება“ ჩაუვარდა. საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, გაყინული პროცესის გალღობა მას გაუჭირდება. რეალობის გათვალისწინებით, კრემლში მოქმედების ტაქტიკას ცვლიან და „საქმეში“ პირადი კავშირების გამოყენებას ცდილობენ.

 

ამ ძალისხმევის შედეგად, ჯუჯა სახელმწიფო სან-მარინო ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობების დამყარებას აპირებს. ამავე ინფორმაციით, საუბარია ქალაქ პეზაროს (მარკეს რეგიონი იტალიაში) მერის სურვილზე, დაუმეგობრდეს სოხუმს; ასევე წინადადებაზე პეზაროს ახლოს მდებარე ეროვნულ პარკსა და აფხაზეთის რომელიმე პარკთან, ან ნაკრძალთან თანამშრომლობაზე (სოხუმმა უკვე შესთავაზა რიწის ნაკრძალი).

 

ასევე განიხილება სან-მარინოსა და აფხაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხი, რასთან დაკავშირებით უკვე ხელი მოეწერა თანამშრომლობის პროტოკოლს ასუ-სა და ქ. ურბინოს (რეგიონი მარკე) უნივერსიტეტს შორის.

 

„იტარ-ტასის“ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში სან-მარინოს წარმომადგენელი მაორუ მურჯია იმყოფებოდა, რომელმაც ლეონიდ ლაკერბაიას მის თანმდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით სან-მარიონოს კაპიტან-რეგენტის გაბრიელე გატტისას მილოცვა გადასცა.

 

მხარეებმა თანამშრომლობის რიგი საკითხები განიხილეს. მათ შორის „ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში სან-მარინოსა და აფხაზეთს შორის მომავალი ურთიერთობებისა და გაცვლითი პროგრამების“ საკითხები.

 

მაორუ მურჯიამ აფხაზური საფეხბურთო გუნდი იტალიაში წოველწლიურ ტურნირზე მიიწვია. მისი თქმით, „იტალიის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში აფხაზეთს სიმპათიებით უყურებენ. თუმცა ცნობილი მიზეზების გამო დღეისათვის ძნელია იტალიის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარი“.

 

ლეონიდ ლაკერბაიამ უპასუხა, რომ აფხაზეთში ახლო მომავალში აღიარებას არც ელოდებიან:

 

„ჩვენ რამდენიმე ქვეყანამ გვაღიარა - პირველ რიგში ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - რუსეთის ფედერაციამ. ეს კი ჩვენთვის მშვიდად ყოფნის საფუძველს წარმოადგენს, რაც წლების მანძილზე გვაკლდა“.

 

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის „პრემიერ-მინისტრმა“ სან-მარინოსთან „ყველა დონეზე“ თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

 

„ექსპერტთა კლუბში“ აცხადებენ, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარების“ ტაქტიკას ცვლის. თუ იგი ამისათვის ადრე ათობით მილიონ დოლარს ხარჯავდა, რითაც სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია, ამჯერად პირადი კავშირების გამოყენება დაიწყო და თავისი მიზნის მისაღწევად იტალია აირჩია.

 

„თუ პუტინისა და იტალიის ექს-პრემიერის სილვიო ბერლუსკონის პირადი მეგობრული კავშირების ფაქტორს გავითვალისწინებთ, ასევე იმას, რომ ამ უკანასკნელს სწორედ სან-მარინოში გააჩნია არაერთხელ სკანდალურ ისტორიებში გახვეული უძვირფასესი ვილა, სადაც ბერლუსკონი „ცნობილ საღამოებს“ მართავდა, ხოლო სკანდალების „ლეგალიზაციაში“ ქალაქის ხელმძღვანელობა უწყობდა ხელს, მაშინ ნათელი ხდება ოკუპირებული აფხაზეთისა და სან-მარინოს „მეგობრობის“ იდეის წყაროს სათავე სად იმყოფება.

 

როგორც იტყვიან - „ყველა გზა რომისკენ მიდის“. თუმცა ამ ფრაზაში იმპერიაზე იყო საუბარი, ხოლო დღეს რომ რუსეთი „მესამე რომად“ არის მონათლული, ესეც კარგად არის ცნობილი.

 

ამასთან, რუსეთი რა რუსეთია, თუ ყოველ ქმედებაში, მან ორმაგი მიზანი არ ჩადო. კრემლის ძირითად მიზანს კი საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესის ჩაშლა წარმოადგენს, რაც არაერთხელ გაუჟღერებია.

 

ხოლო ბოლო პერიოდში საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის მხრიდან დადებითი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების უფრო ფართო მასშტაბებით განმეორებით დაუფარავად, ღიად დაიმუქრა.

 

იტალიის ერთ-ერთი ქალაქის ასეთი ქმედებები აუცილებლად აღიქმება როგორც იტალიის არამეგობრული ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ქართული მხარის შესაბამისი რეაქცია უნდა მოყვეს.

 

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ იტალია ევროკავშირის და ნატოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომლის სიტყვა ამ ორგანიზაციებში საკმაოდ წონიანია.

 

ამიტომ, საქართველოს მხრიდან საპროტესტო ნოტას, კრემლის გეგმებით, იტალიის განაწყენება უნდა მოჰყვეს, რამაც შესაძლოა ჩვენი ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების საკითხი თუ არ ჩაშალოს, დიდი ხნით გადაავადოს მაინც. რასაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს მიმართ საკუთარი გეგმების განხორცილებაში.

 

იტალია ხომ ნაურუ და მისნაირი ჩასაძირად განწირული კუნძულები არ არის. მეორეს მხრივ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველო ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესის სულ მცირე გაჭიანურების საშიშროების წინაშე დადგება. რასაც რუსეთის გარდა, სხვა დაინტერესებული ძალები მორიგი ბრალდებებისათვის აუცილებლად გამოიყენებენ“, – აცხადებენ „ექსპერტთა კლუბში“.

 

ცნობისთვის, სან-მარინოს რესპუბლიკა. ეროვნული - Repubblica di San Marino. სახელწოდება მომდინარეობს დალმაციელი ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ იტალიაში. აქ მან დააარსა სამლოცველო, შემდგომში კი ააგო ციხე-სიმაგრე. მოგვანებით კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.

 

ქვეყანა მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. ფართობი - 60 კვ.კმ.

 

მოსახლეობა - 28 ათასი (2003), მათ შორის 91% სანმარინოელები, 9% იტალიელები. სახელმწიფო ენა - იტალიური. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - სან-მარინო (4,3 ათასი), სერავალე (8,7), ბორგო-მაჯიორე (6,2).

 

სან–მარინო 1862 წელს გახდა დამოუკიდებელი იტალიის პროტექტორატის ქვეშ. 1947-1986 ქვეყანას მემარცხენე ცენტრისტული კოალიცია მართავდა, ხოლო შემდეგ კომუნისტური და ქრისტიან-დემოკრატიული.