ერისა და ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე

ერისა და ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 34 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით,  გთავაზობთ ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძის სტატიას - „ერისა და ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე“ 

„მკაცრი იშვიათად ვარ, მაგრამ, თუ ეს შეეხება სამშობლოსა და ეკლესიის ბედს, შეუვალი ვხდები. ღვთისა და ერის მოღალატეს მკაცრი სასჯელი შემიძლია დავადო. ამავე დროს, სულ ველოდები მისგან სინანულსა და, თუ მოინანიებს, მზად ვარ ყველაფერი ვაპატიო“, – ბრძანებს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია II. 

მძიმე და საპასუხისმგებლოა ერის სულიერი წინამძღოლობა. ადამიანების უმრავლესობა გარედან უყურებს პატრიარქის საქმიანობას. პატრიარქი ლოცვაზეა, პატრიარქი წირავს, ტაძარში საზეიმოდ იმოსება, ზოგიერთს აინტერესებს, ოქროსია თუ არა პატრიარქის მიტრა, კვერთხი.. უწმიდესი გრძნობს ამას და გვაფრთხილებს: „როდესაც თანამედროვე ისტორიკოსები და ზოგჯერ ღვთისმეტყველნიც ეკლესიაზე წერენ, უფრო ხშირად მის გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას ან წარსულის მიხედვით აფასებენ მის როლს. ეკლესია გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია“.

მისი უწმიდესობის პატრიარქობის ოცდაათწლიანი ხანა – ეს არის ხილული და უხილავი წინააღმდეგობების დაძლევის პერიოდი. 1977 წლის 25 დეკემბრიდან, როდესაც მისმა უწმიდესობამ სცეტიცხოველში განაცხადა, რომ შეგნებული ჰქონდა ის საპატიო მოვალეობა, რომელიც დააკისრა წმიდა ტაძრის თაღებქვეშ მაღალმა ღმერთმა. პატრიარქს ერთი დღეც არ ჰქონია მშვიდი ცხოვრება. საბჭოთა იმპერიის მესვეურნი ცდილობდნენ, ეკლესია ხალხისგან მოწყვეტილი ყოფილიყო. სათქმელად ადვილია, სიონის საპატრიარქო ტაძარს მრევლი მოაწყდაო, მაგრამ ამ ძიების პროცესში მყოფ ადამიანებს მოფერება, გაფრთხილება და ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ღირებულებებთან ზიარება სჭირდებოდათ. ხელისუფლებას აღიზიანებდა ხალხის ეკლესიისკენ შემობრუნება, როგორც მისმა უწმიდესობამ გაიხსენა, მას პირდაპირ უთხრეს, რომ იქნებ ჯობდა, მხოლოდ დიდი საეკლესიო დღესასწაულების დროს ეწირა სიონში. პატრიარქი არ დასთანხმდა ამ წინადადებას. მისთვის ყველაზე რთლი იყო პერიოდი 1977 წლის 9 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე. როგორი სისასტიკით იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ იგი ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდა. უწმიდესსა და უნეტარესს საყვედურიც კი არ უთქვამს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უსამართლო ცილისწამებით გული ატკინეს მას, მაგრამ პატრიარქობის პირველივე დღეებიდან იგი მტკიცე და შეუვალი იყო ეროვნული და საეკლესიო ინტერესების დაცვის საქმეში.

XX საუკუნის 90–იანი წლების ახალგაზრდობა და ვერც მომდევნო თაობა სიღრმისეულად ვერ გაიზიარებს 60–80–იანი წლების საბჭოთა პოლიტიკური სისტემის რეალობას. ამ დროს ბეწვის ხიდზე უნდა გევლო, რათა შეგენარჩუნებინა შენი მრწამსი, გებრძოლა მრევლთან მისასვლელ გზებზე ხელისუფლების მიერ შექმნილ დაბრკოლებათა გადასალახავად. 

უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II–ის, მზარდმა ავტორიტეტმა ოფიციალური ხელისუფლება შეაშფოთა. მან დაიწყო ეკლესიის შიგნით დასაყრდენი ძალის ძიება, რათა შიდასაეკლესიო არეულობით ეკლესიის მიმართ საზოგადოების უნდობლობა გამოეწვია. ამას ემსახურებოდა 1982–1983 წლების საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მოვლენები, როდესაც არნახული შეტევა დაიწყო საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობის მიერ მიღებული დადგენილება – „მავნე ტრადიციებისა და წეს–ჩვეულებათა წინააღმდეგ ბრძოლა“ – ფაქტობრივად, ეროვნული და სარწმუნოებრივი ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ ბრძოლას შეეწირა რამდენიმე მაღალი იერარქიაც. 

პატრიარქი ჩვეული სიბრძნითა და შეუპოვრობით ნაბიჯ–ნაბიჯ ზრდიდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტს. ოფიციალური ხელისუფლების სურვილი – საქართველოს ეკლესია თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა – უშედეგოდ დამთავრდა.

1983 წელს, მოსკოვის მითითების შესაბამისად, საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. ადგილობროვმა ხელისუფლებამ პარტიარქს მოსთხოვა, საქართველის სამოციქულო ეკლესიაც გამოხმაურებოდა ამ მნიშვნელოვან თარიღს. მაშინ უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II–მ, მიიღო გადაწყვეტილება, აღენიშნა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 1500, ავტოკეფალიის აღდგენიდან 65 და თავისი პატრიარქად აღსაყდრებიდან 5 წლისთავი. საქმეში ჩაუხედავი ზოგიერთი პიროვნება კი ამტკიცებდა, თითქოს მისი უწმიდესობა გასული საუკუნის 70–80–იან წლებში ერიდებოდა ოფიციალურ საერო ხელისუფლებასთან დაპირისპირებას. კონფრონტაცია–დაპირისპირება არ არის მისი უწმიდესობის ცხოვრების წესი, მაგრამ 1980 წლის დასაწყისში უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II–ის, წერილი, გაგზავნილი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარის, ზურაბ პატარიძისადმი, ბევრ კითხვას სცემს პასუხს. საქმე ეხება საერო ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს ეკლესია–მონასტრებში საკონცერტო ღონისძიებების ჩატარების შესახებ. 


„ჩვენთვის გაუგებარია, – წერდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II, – რატომ ანგარიში არ გაუწიეს იმას, რომ შიომღვიმის მონასტერი მოქმედი მონასტერია, ამ მონასტერს ჰყავს წინამძღვარი და აქ ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა; ხომ საკითხავია, რა უნდა ქართულ მონასტერში ორღანს?.. გადავავლოთ თვალი სხვა ტძრების მდგომარეობასაც. მეტეხის ტაძარში, სადაც დაკრძალულია წმიდა დიდმოწამე შუშანიკი, ახალგაზრდული თეატრია, სპექტაკლები და ცეკვები იმართება; ბიჭვინთის დიდებულ ტაძარში, სადაც იყო კათედრა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, ამჟამად ორღანია და კონცერტები იმართება; თბილისში წმიდა ნიკოლოზის ეკლესია საკონცერტო დარბაზადაა ქცეული; ანჩისხატის საპატრიარქო ტაძარში სახელოსნოა, ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში აბანოა; წყნეთის ეკლესიაში – პურის საცხობი. საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში მრავალი მონასტერი, ეკლესია გადაქცეულია საწყობად, სახალხო გართობისა და დასასვენებელ ადგილებად. მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სადაც ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან უძველეს სიწმიდეებს. ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ეკლესია–მონასტრები ჩვენმა წინაპრებმა სალოცადად ააშენეს და არა გასართბ ადგილებად ... ჩვენ სინანულით მივსტირით ათონის ივერთა მონასტერს, იერუსალიმის ჯვრის მონასტერს იმ დროს, როდესაც საქართველოში არსებულ ტაძრებსა და მონასტრებს უდიერად ვექცევით... მე, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ვალდებული ვარ ღვთისა და ერის წინაშე, ვთქვა გულწრფელი, გულმართალი სიტყვა ამ უაღრესად დიდი და სულიერი ფაქიზი საქმის შესახებ.“ 


1983 წლის 18 ნოემბერს ქართველ ახალგაზრდებს (სოსო წერეთელს, ძმებ ივერიელებს, გეგა კობახიძეს, დავით მიქაბერიძეს), რომელთაც, საბჭოთა სინამდვილისათვის პროტესტის ნიშნად, თბილისის აეროპორტიდან სცადეს თვითმფრინავის გატაცება და უცხოეთში გაქცევა, საბჭოთა სასამართლომ ულმობელი განაჩენი გამოუტანა – ისინი უნდა დაეხვრიტათ, მათ შორის – ბეთანიის მონასტრის მღვდელი თეიმურაზ ჩიხლაძე, რომელიც იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა. ოფიციალურმა ხელისუფლებამ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით სცადა საზოგადოებრივი აზრის შექმნა დახვრეტის მუხლის მხარდასაჭერად, მაგრამ მეცნიერებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ახალგაზრდების დასაცავად. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ 1984 წლის 14 აგვისტოს საგანგებო წერილით მიმართა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, პავლე გილაშვილს: “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდისა და ჩემი სახელით, მოგმართავთ თხოვნით თქვენ და პრეზიდიუმის წევრებს, შეიწყალოთ და სიცოცხლე შეუნარჩუნოთ მათ, ვინც დაკავშირებულნი არიან თვითმფრინავის გატაცების მცდელობასთან“. მაგრამ ხელისუფლებას საზოგადოების დაშინების მიზნით მათი დახვრეტა გადაწყვეტილი ჰქონდა და სასწრაფო წესით აღასრულა განაჩენი.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II შეუვალი და მტკიცე იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების აღორძინების, ახალი მღვდელმთავრების კურთხევის საქმეში და არ ითვალისწინებდა ოფიციალური ხელისუფლების „რეკომენდაციებს“.

დღეს სიამაყით ვამბობ, რომ 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია, მაგრამ ეს იოლად არ მომხდარა. 1977–1990 წლებში სტამბულსა და თბილისში არაერთი დაძაბული მოლაპარაკება გაიმართა. მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთ–ერთი შეხვედრის დროს ბერძენმა მღვდელმთავარებმა განაცხადეს, რომ წმიდა მირონს თავიანთი ხარჯებით გამოგზავნიდნენ ხოლმე. პატრიარქი წამოდგა, მისი სახე შეუვალი გახდა. „ქართველი ხალხი ასეთ აღიარებას არ მიიღებს, ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას, რომ ავტოკეფალიური ეკლესია მირონს კონსტანტინეპოლიდან მიიღებს, ვერავინ იკისრებს“, – განაცხადა მან. 


პატრიარქი დაემშვიდობა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს... შეთანხმება ვერ შედგა. ბერძნები წერდნენ, აეროპორტიდან დარეკეს მსოფლიო საპატრიარქოში და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის პოზიციის შესახებ მოახსენეს. მსოფლიო საპატრიარქო იძულებული გახდა, დაეთმო და მიეღო საქართველოს ეკლესიის მიერ წამოყენებული პირობები.

XX საუკუნის 80–90–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკურმა ცხოვრებამ დიდი გამოცდა მოუწყო როგორც მთელ ერს, ასევე საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. 1989 წლის 9 აპრილს საქართველო იყო ერთიანი და დიადი. მართალია, მთავრობის სასახლესთან სისხლი დაიღვარა, მაგრამ ზნეობრივად ამაღლებულმა ქართველმა ერმა დაამარცხა საბჭოთა იმპერია. ვერც კომენდანტის საათი და ვერც თბილისის ქუჩებში მოგრიალე ტანკები ვეღარ შეაჩერებდნენ ქართველი ხალხის სწრაფვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. 


სამწუხაროდ, ქართველთა ეს ერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. თავი იჩინა პირადმა ამბიციებმა, შექმნილი ვითარების რეალურად შეუფასებლობის ტენდენციებმა, გაჩნდა უამრავი პოლიტიკური პარტია თავისი ლიდერებით, დროშებითა და ჰიმნებით. თითოეული მათგანი ქართველ ხალხს ჰპირდებოდა სანუკვარ თავისუფლებას, ეკონომიკურ სასწაულებს, ქვეყნის დემოკრატიული მოწყობის მრავალფეროვან მოდელებს. პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას. პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები ხვდებოდნენ უწმიდესსა და უნეტარეს ილია II–ს, საკუთარ ჟურნალ–გაზეთებში ბეჭდავდნენ უწმიდესთან გადაღებულ ფოტოებს და ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ უწმიდესი და უნეტარესი იწონებდა მათ პროგრამას. უწმიდესი და უნეტარესი, ილია II, მამაშვილურად განუმარტავდა მათ, რომ საქართველოში არ უნდა მომხდარიყო დაპირისპირება, რომ პარტიებად ქვეყნის დაყოფას კარგად გამოიყენებდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ხალხის მტრები, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა უნდა ეყრდნობოდეს მაღალ ზნეობას და არა ურთიერთშეურაცხყოფას და ცილისწამებას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია არის არა ცალკეული პარტიებისა და პიროვნებების ინტერესების გამომხატველი, არამედ იგი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ, რომ ეკლესია არასდროს უნდა ჩაერიოს წვრილმან პარტიულ დაპირისპირებაში.

მიუხედავად იმისა, რომ უწმიდესისა და უნეტარესის ამ მკაფიო, მართალმა პოზიციამ ბევრი პოლიტიკური პარტიის ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია, დრომ დაამტკიცა მისი მართებულობა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ არაერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებს ურთიერთპატივისცემისა და შერიგებისკენ, გამოთქვა მათ შორის მოლაპარაკებების საპატრიარქოში ჩატარების მზადყოფნა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო 1991–1992 წლებში შიდა დაპირისპირებათა და გარე ძალების მეშვეობით სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გაეხვია. „ძმათა სისხლისღვრით გამოწვეული ტკივილი ბოლომდე გაცნობიერებული არ არის, – აღნიშნავდა მისი უწმიდესობა, – ტრაგედია მოხდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ სწორ გზას ვერ ვიპოვით, თუ მოვლენებს მიუკერძოებლად არ გავაანალიზებთ და ყველასთვის სამწუხარო შედეგის მიზეზებს არ აღმოვფხვრით... ერი დაიყო ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში, ოჯახებში... მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს. განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?“

უწმიდესი და უნეტარესი ილია II მტკიცე, შეუვალი და პრინციპული იყო რუსეთის რეაქციული ძალების მიერ აფხაზეთსა და შიდა ქართლში ინსპირირებული კონფლიქტების შეფასებისას. იმ დროს, როდესაც საერო ხელისუფლება იარაღის ძალით დაამხეს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იყო ერთადერთი ძალა, რომელიც გამოხატავდა ქართველი ერის სულიერ და პოლიტიკურ ინტერესებს. პატრიარქმა საგანგებო წერილით მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს, მსოფლიო პატრიარქს, რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის პატრიარქს. მან დაუფარავად მიანიშნა რუსეთის აგრესიაზე ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ქვეყნის მიმართ და, როგორც 1992 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, დახმარებოდნენ საქართველოს, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ საქართველოში XX საუკუნის 90–იან წლებში დატრიალებული მოვლენებით შეძრწუნებულ თანამემამულეებს ამ სიტყვებით მიმართა: “ჩვენს სწრაფად ცვალებად ურთიერთდაპირისპირებულ დროში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ ეკლესია არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ხომალდი, რომელსაც შესწევს ძალა გადალახოს ცხოვრების გზის აბობოქრებული ტალღები და ნაპირზე მშვიდობით მიგვიყვანოს“.

უწმიდესმა და უნეტარესმა 1993–2007 წლებში კვლავ იმოგზაურა საქართველის ყველა კუთხეში, შეხვდა მოსახლეობას, ადგილობრივ ინტელიგენციას, სასულიერო პირებს და მოუწოდა მათ, რომ არც ერთი პოლიტიკური გაერთანება, რაგინდ მიმზიდველი პროგრამაც უნდა ჰქონოდა, არ დაეყენებინათ ქართველი ერის ერთიანობის ინტერესებზე მაღლა, რომ ის გამოცდა, რომლის წინაშეც უფალმა ქართველი დააყენა, დაფიქრებისა და სულიერი ამაღლების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

XX საუკუნის მიწურულს საქართველოში მრავლად არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა აშკარად, დაუფარავად გაილაშქრა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ. ამ ორგანიზაციათა მრავალრიცხოვან ჟურნალ–გაზეთებში იბეჭებოდა პუბლიკაციები, რომელთა ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტელიგენციას აფერხებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, რომელიც, მათი აზრით, შუასაუკუნოებრივი ტრადიციების დამცველი იყო. ამ ორგანიზაციებმა შეადგინეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გათანამედროვეობის მრავალი პროექტი, სცადეს ეკლესიის შიგნით დასაყრდენის პოვნა, დაიწყეს ეროვნული ღირებულებების გამოცხადება ჩამორჩენილ აზროვნებად. ისინი ცხოვრების ყველა სფეროს ლიბერალიზაციას მოითხოვდნენ. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პასუხი ამ გამოწვევებზე კარგად ჩანს უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II–ის, საახალწლო, სააღდგომო და საშობაო ეპისტოლეებში, საკვირაო ქადაგებებში. ვინც გულდასმით გაეცნობა მათ, დაინახავს, 1990–2007 წლების საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და სულიერი ცხოვრების ობიექტურ სურათს. „ზოგიერთს იქნებ ჰგონია, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ დადგენილი ქრისტიანული ღირებულებანი დროის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს. ასეთი ადამიანები სულიერებაში საერთოდ ვერ ერკვევიან და სარწმუნოებას მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესის მსგავსად განიხილავენ. მათ არ ესმით, რომ მართლმადიდებლობა – ეს არის ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე, ქრისტეს ეკლესია კი არის სულიწმიდის მადლით განახლებული სიცოცხლე ქრისტესთან და ქრისტეში,“ – წერდა მისი უწმიდესობა.

გასაოცარი იყო ეკლესიის არაკეთილმოსურნეთა აქტიურობა 2002–2004 წლებში, განსაკუთრებით – სამების საკათედრო ტაძრის გახსნის წინ. მავანნი ამტკიცებდნენ, რომ ეკონომიკურად შეჭირვებულ საქართველოში მიზანშეუწონელი იყო ასეთი გრანდიოზული მასშტაბის ტაძრის მშენებლობა. ცნობისმოყვარე ჟურნალისტები პატრიარქს სთხოვდნენ, გამოეთქვა თავისი აზრი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირთა შესახებ. პატრიარქმა მშვიდად, ღიმილით უპასუხა მათ – სამების საკათედრო ტაძრის გახსნა ყველა კითხვას პასუხს გასცემსო. იგი არც შემცდარა: 2004 წლის 23 ნოემბერს, წმიდა გიორგობის დღესასწაულზე, საოცარი სანახავი იყო საქართველოს დედაქალაქი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველა მოქმედი ეპარქიიდან ათასობით მორწმუნე, ეპარქიის მღვდელმთავრებისა და სამღვდელოების თანხლებით, წმიდა ხატებითა და საეკლესიო დროშებით, ელიას მთაზე წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნაზე მიიჩქაროდა. მრავალრიცხოვანი მორწმუნენი იყვნენ მცხეთა–თბილისის ეპარქიის ეკლესიებიდანაც. სამების საკათედრო ტაძრის ეზოსა და შემოგარენში ასი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ეს იყო საუკეთესო პასუხი ეკლესიის არაკეთილმოსურნეთა მიმართ. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაუფარავად თქვა, რომ მან თვითონ ნახა იმ გეგმათა მონახაზი, რომელიც საქართველოს ეკლესიის დაშლას ითვალისწინებდა და, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია II–ს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

უწმიდესი და უნეტარესი თავისუფალი აზროვნებითა და ქცევით გატაცებულებს შეახსენებს: „სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსებითა და პასუხისმგებლობით ხასიათდება. შეუძლებელია, საზოგადოებას შიგნიდან არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდეულებას ამჯობინებდეს, შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე და მან შექმნას რაიმე ღირებული; შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და ააშენოს სრულფასოვანი სახელმწიფო“. უღირსებო ერის დამონება ყველაზე ადვილია. საუკუნეთა განმავლობაში მტრები ყოველთვის ცდილობდნენ, ქართველ ხალხში ჩაეკლათ ეროვნული ღირსების გრძნობა, მაგრამ ამას ვერ ახერხებდნენ. უკიდურესი განსაცდელის ჟამს ერის წიაღიდან ამოიზარდნენ ზნეობრივად და სულიერად გაუტეხელი გმირები – წმიდა შუშანიკი, წმიდა მეფე არჩილი, წმიდა აშოტ კურაპალატი, წმიდა დემეტრე თავდადებული, წმიდა ცოტნე დადიანი, წმიდა ბერი თევდორე, წმიდა ლუარსაბ II, წმიდა ქეთევან დედოფალი, წმიდა ილია მართალი, წმიდა კირიონი, წმიდა ამბროსი აღმსარებელი და სხვანი, რომელთა მოწამებრივი ცხოვრება იყო ქართველი ხალხის ეროვნული ღირსების დაცვისა და სულიერი სიმტკიცის დიადი მაგალითი. 


XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოსთვის აქტუალურია საკითხი, როგორ იპოვოს თავისი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში, უწმიდესი და უნეტარესი აფრთხილებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც უყვარს საკუთარების უარყოფის ხარჯზე სხვისი მიბაძვა: „პოსტიმპერიულ საზოგადოებაში ხშირ შემთხვევაში უჩნდებათ არასრულფასოვნების განცდა, რაც მათ დამოუკიდებლობის მოპოვების ნაცვლად ხშირად ახალი „კეთილი ბატონის“ ძიებისკენ უბიძგებს. ამას შეიძლება პირობითად პროვინციალიზმი ვუწოდოთ, როცა არასრულფასოვნების განცდის გამო ხდება უპირობო აღიარება სხვისი პრიმატისა, მაქსიმალური დამსგავსება და მონური ლტოლვა მისდამი – საკუთარი ფასეულობების უგულებელყოფის ხარჯზე.“ სამწუხაროა, მაგრამ ამ საშიშროების წინაშე რეალურად აღმოჩნდა ქართველი საზოგადოება. პატრიარქი ღიად აცხადებს: „თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არა აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თავისუფლებისაკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს საზოგადოებრივი ცხოვრებისა.“ 


ჩვენი საზოგადოება იმდენად გაიტაცა ევროამერიკულ პროცესებში ინტეგრაციის პროპაგანდამ, რომ, ჩვენდა სამარცხვინოდ, დაგვავიწყდა, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა–ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღები. არც მარაბდობა, დოდგორობა თუ კრწანისობა გვახსოვს. სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებიდან და სახელმძღვანელოებიდან თანდათან ქრება სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მქონე მასალა, რომელიც ეროვნულ სიამაყესა და ქართველობის შეგნებას უღვივებდა ახალგაზრდობას. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენი მეზობლებისთვის ეროვნულ–სახელმწიფოებრივი იდეოლოგია იმას ეფუძნება, რის დავიწყებასაც ჩვენ ვცდილობთ. უწმიდესი და უნეტარესი, ილია II, გვაფრთხილებს: „როგორც ადამიანისთვის მიწიერი სურვილებით გატაცება არის ცოდვა და უაზრობა, ასევე უაზრობაა სახელმწიფო ინტერესების შემოფარგვლა მარტო ყოფითი პრობლემებითა და მიწიერი საკითხებით. თუ ხელისუფლებას სურს, არ ჩაეფლოს ამაოების ჭაობში და არ უნდა, საზოგადოების წევრები გაწიროს უმიზნო ყოფისთვის, მას ყოველთვის და ყოველ საქმეში ცათა სასუფეველი უნდა ჰქონდეს და ყველგან და ყველაფერში ქრისტიანული ცხოვრების წესის დამკვიდრებას უნდა ცდილობდეს. ასეთი სახელმწიფოა სიცოცხლისუნარიანი, სულით ძლიერი და გაუტეხელი. აუცილებელია, რომ საქართველომ, როგორც ძველმა ქრისტიანულმა სახელმწიფომ, იხელმძღვანელოს ქრისტიანული ეთიკით და ააშენოს ეროვნული სახელმწიფო ჩვენს ტრადიციებსა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაყრდნობით“.

ეროვნული სახელმწიფოს აშენება, ეროვნულობის, ქრისტიანული ცხოვრების წესის დამკვიდრება გარეგნულ ეფექტების გამოდევნებით შეუძლებელია. ყოველივე ამას დიდი ნებისყოფა და სულიერი სიმშვიდე სჭირდება. საზოგადოების არც ერთი წევრი თავს დამცირებულად, უსასოოდ არ უნდა გრძნობდეს. უწმიდესი და უნეტარესი ბრძანებს: „იმის საშიშროებაც აშკარაა, რომ ჩვენი მთავარი ყურადღება მიპყრობილია ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტების მიღწევაზე, ურთიერთობის ზნეობრივი მხარე კი სრულიად დავიწყებულია, უფრო მეტიც, ლამის იძულებით ხდება ზნეობრიობის გადაგვარება. ეს კი სულიერი და ფიზიკური განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. ღმერთი ნამდვილად არ გვაპატიებს თავაშვებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეს ყველამ უნდა გაითავისოს“. იმ ადამიანთა საყურადღებოდ, რომელთაც საქართველოს ეკლესიის დაშლა–დანაწევრება სურთ, პატრიარქი აცხადებს, რომ ეკლესია შეუვალია და ამაოა მათი იმედები, ვინც ამაზე ოცნებობს.

ეროვნულ–სახელმწიფოებრივი და საეკლესიო ინტერესები ერის სულიერი წინამძღოლის დიდ სიფხიზლესა და ყურადღებას მოითხოვს. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ბრძენი წინამძღოლია. ყველა ქართველმა უნდა დაიმახსოვროს მისი სიტყვები: „მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს. ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი, ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს. მიწიერ საცდურზე ნუ გავცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება“.