საკითხი, რომელიც ალასანიათვის მიუღებელია, კოალიციაში ვერ იმარჯვებს!

საკითხი, რომელიც ალასანიათვის მიუღებელია, კოალიციაში ვერ იმარჯვებს!

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი და ბიძინა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური პარტნიორი ირაკლი ალასანია მხოლოდ, როგორც იტყვიან, მსოფლიო სტანდარტებით მოაზროვნე პოლიტიკოსი კი არა, დახვეწილი დიპლომატიცაა - ჩემი არცთუ “თბილი” შეკითხვების მიუხედავად, წონასწორობა არ დაუკარგავს... მაშ ასე, როგორ მოხვდნენ “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე ვალერი კვარაცხელია და სხვა “ძველი სახეები”? რა არის “სამთა კავშირის” “სუსტი რგოლი” და როგორია სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების სტრატეგია? ამ და საზოგადოებაში გაჩენილ სხვა თემებზე ირაკლი ალასანია “ქართული სიტყვას” ღიად ესაუბრა. სხვათა შორის, ამ საუბრის შემდეგ, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ყველაზე მეტად ალასანიას ენდობა!

ბატონო ირაკლი, არ ჩათვალოთ, რომ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან გელაპარაკებით. უბრალოდ, კრიტიკული ვიქნები...
- ვანო, კრიტიკული როდის არ ხართ?.. მზად ვარ, ყველაფერზე გიპასუხოთ...

რაკიღა ასეა, გულახდილად მითხარით: 11 დეკემბერს გამართულიქართული ოცნებისპრეზენტაციიდან, ბიძინა ივანიშვილის გარდა, ვისი გამოსვლა დაგამახსოვრდათ?
- კახი კალაძეს ლაღი და საღი გამოსვლა ჰქონდა. ის ტონიც აღსანიშნავია, რაც ამ შეხვედრას რატი ამაღლობელმა დასაწყისშვე მისცა. მთავარი, რაც “ქართული ოცნების” პრეზენტაციიდან წამოვიღე, ის ამაღლებული განწყობაა, რომ ქართულ საზოგადოებაში სიახლე დაიწყო. საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას ბატონ ბიძინას “ქართული სიტყვიდანაც” ვულოცავ, თუმცა მთავარი საქმე წინაა, ანუ შემდეგი ნაბიჯებია გადასადგმელი. ამიტომ, თითქმის ყველა მიმართულებით სამუშაო ჯგუფები შეიქმნა და ახლა არსებული სტრატეგიული ხედვების შეხამება მიდის. ყველაზე მთავარი კი, რაც არჩევნებში გამარჯვებას მოგვიტანს, ისაა, თუ როგორ გავმართავთ საარჩევნო ინფრასტქუქტურას - როგორ მოვამზადებთ დამკვირვებლებს, საარჩევნო კომისიის წევრებს, ჩვენს მხარდამჭერებსა და კოორდინატორებს. ყველა ოჯახში უნდა შევიდეთ და ხალხი დავარწმუნოთ, რომ ალტერნატივა ჩვენ ვართ!

ყველაფერი, რაზეც ლაპარაკობთ, დეტალებია და ობივატელს, ჩემი აზრით, ნაკლებად აინტერსებს... ისე, “ქართული ოცნებისპრეზენტაციიდან ხალხსაც, თქვენს მსგავსად, კახი კალაძისა და რატი ამაღლობელის ემოციური გამოსვლა დაამახსოვრდა. ბატონო ირაკლი, რატომ არ დაგამახსოვრდათ, მაგალითად, ნაირა გელაშვილის მოხსენება?
- იცით, რა, ვანო?! ეს გემოვნების საკითხია. ქალბატონ ნაირას გამოსვლაში ის მომეწონა, რომ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ილაპარაკა...

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებეზე წლებია, ლაპარაკობთ და ამ კუთხით ქალბატონმა მწერალმა რამე სიახლე თქვა?
- არა უშავს... სიახლეს ყველასგან არ ველოდი... მთავარია, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” დიდი პოტენციალის მატარებელია.

კი ბატონო, მაგრამ ბატონო ირაკლი, ვერ დამაჯერებთ, რომქართული ოცნებისპრეზენტაციაზე მოსაწვევით დაპატიჟებული ვალერი კვარაცხელიას ნახვა გაგიხარდათ...
- მეც ისე გამიკვირდა, როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს, მაგრამ ვანო, ეს ქვეყანა ხომ ყველასია და თუ ამ ადამიანს საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზე მოსვლა მოუნდა, როგორ შეიძლება, მისთვის ვინმეს ეთქვა, ღირსი არ ხარ, აქ მოხვიდეო. მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებების კუთხითა თუ თაობით ბატონ ვალერისთან საერთო არაფერი გვაქვს, ქვეყანას “ჩემიანებად” და “მისიანებად” არ ვყოფ.

.. გარიყვის მომხრე არც მე ვარ, მაგრამ აქ ერთი დეტალია საინტერესო - ვალერი კვარაცხელია, როგორც ვიცი, “ქართული ოცნებისპრეზენტაციაზე საკუთარი სურვილით კი არ მივიდა, არამედ, დაპატიჟეს, ანუ ორგანიზატორებმა მოსაწვევი გაუგზავნეს...
- ამის შესახებ არაფერი ვიცი...

ბატონო ირაკლი, არ იკითხეთ, როგორ მოხვდა ვალერი კვარაცხელია პრეზენტაციაზე?
- ეს შეკითხვა დავსვი, მაგრამ დამაკმაყოფლებელი პასუხი ვერ მივიღე...

ხაზგასმით აღვნიშნავ: ვალერი კვარაცხელიასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები განსხვავდება...
- ვანო, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იმ პოზიციას, რასაც ვალერი კვარაცხელია ახმოვანებს, “ქართულ ოცნებისა” და, მით უმეტეს, “თავისუფალი დემოკრატების” ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს და არც ექნება, მაგრამ ვიმეორებ: არ შეიძლება, ვინმე, ვისაც ჩემთვის მიუღებელი პოზიცია აქვს, დემონიზებული იყოს!

გეთანხმებით, მაგრამ მე სხვა რამეს გეკითხებით...
- ვანო, თქვენს აქცენტებს ზუსტად მივხვდი, მაგრამ ამ თემაზე უფრო ღრმად ლაპარაკს არ ვაპირებ...

კეთილი, მაგრამ შეკითხვებს, რომელიც ხალხში არსებობს, მაინც დავსვამ... “ქართული ოცნებისპრეზენტაციისა და, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიციასრესპუბლიკელებსადათავისუფალ დემოკრატებთანქმნის, მკაფიო გახდა საზოგადოების დაკვეთა - ხალხს ივანიშვილ-ალასანიას დუეტი უნდა. სხვათა შორის, იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევით, რომელიც ივანიშვილმა დააფინანსა, დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი .. უარყოფით რეიტინგში მოხვდნენ... მოკლედ, ბატონო ირაკლი, არ გეჩვენებათ, რომ ვიღაცები თქვენი და ივანიშვილის დუეტის დაშლას ცდილობენ?
- ეს სახელისუფლებო პროპაგანდა...

ესე იგი, თვლით, რომ მე სახელისუფლებო პროპაგანდის მსხვერპლი ვარ?
- არა!.. უბრალოდ, სახელისუფლებო პროპაგანდა ცდილობს, რომ ყველაზე პროდასავლური ქართული ძალები კრემლის პროპაგანდის ქვეშ მომუშავეებად წარმოადგინოს, მაგრამ ჩვენს მოკავშირეებში ამ პროპაგანდას არანაირი რეზონანსი არ მოჰყვა. დიახ, ვადასტურებ: დაპირისპირების გაჩენა უნდათ!

და ამ დაპირისპირებას მხოლოდ ხელისუფლება კი არა, მგონი, ოპოზიციის ნაწილიც ცდილობს...
- ალბათ, მაგრამ მე, ბიძინა და დათოც ყველაფერ ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ! ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალი პარლამენტი ერთი კი არა, მრავალპარტიული იყოს! ჩვენ იმაზეც ვართ შეთანხმებულნი, რომ მომავალი პრეზიდენტი ყოვლისშემძლე არ უნდა იყოს. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ქვეყნის გაჯანსაღება ჩვენი კოალიციის რომელიმე წევრის ვიწროპარტიულ ინტერსებსეზე მაღლა დგას და ის პოლიტიკური ძალა, ანუ კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ შეიქმნება, შიდა დაპირისპირებებისგან თავისუფალი უნდა იყოს!

ბატონო ირაკლი, .. კოალიციური გზა ერთხელ უკვე გაიარეთ და შედეგი არცთუ წარმატებული იყო... ისე, რაღა დაგიმალოთ და, როცა გავიგე, რომ ივანიშვილმა საშინაო და საგარეო პიარის ხელმძღვანელობა თინა ხიდაშელს ჩააბარა, გამკვირდა...
- შეთანხმებები ერთობლივად მიიღება, თუმცა გადაწყვეტილებები საზოგადოებამდე გაუკუღმართებულად მიდის... მთავარი მენეჯმენტი კი არა, შედეგია. ამასთან, მთავარია, საზოგადოებას სწორად ავხსნათ, თუ როგორ ვაპირებთ უმუშევრობის პრობლემის დამარცხებასა და სოფლის მეურნეობის საკითხების გადაწყვეტას. სხვათა შორის, ჩემი და ბიძინას პირველი შეთანხმება, ე.წ. ელიტარული კორუფციის დამარცხებისა და ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის პარალელურად, სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოხდა. მოკლედ, მთავარი შედეგია. შეიძლება, შიგნით სიმპათიები და ანტიპათიები არსებობს, მაგრამ ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შემდეგი არჩევნები კონკურენტული, ახალი პარლამენტი კი, მრავალპარტიული იყოს და ამ ამოცანას აუცილებლად შევასრულებთ! ქვეყნის ჯანსაღი დემოკრატიისთვის კარგი იქნება, რომ ახალ პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა, მათ შორის, რა თქმა უნდა, “რესპუბლიკური პარტიაც”.

რა ამის პასუხია და, როცა ბიძინა ივანიშვილის .. ორბიტაზე ნინო ბურჯანაძის პერსონამ გაიელვა, მყისიერად განაცხადეთ, რომ იქ, სადაც ბურჯანაძე იქნება, არაფერი გესაქმებათ და ამით, ვფიქრობ, თქვენს პროდასავლურობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვით... ბატონო ირაკლი, თქვენც და ბიძინა ივანიშვილიც მუდამ აცხადებთ, რომ კოალიციის კარი ყველასთვის ღიაა. კეთილი, მაგრამ ამღია კარში” “ნაცმოძრაობარომ შემოვიდეს, მიიღებთ?
- მთავარი, რაც ბიძინამ პოლიტიკაში მოსვლით გააჩინა, იმედია. ბიძინა ხალხს სწორედ სიახლით და ამ იმედით იზიდავს! ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე, რის გამო თავის დროზე მე და ახლა ბიძინამ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტლება მივიღეთ, ისაა, რომ ერთპარტიული მონოპოლია დავამსხვრიოთ. ამ მონოპოლიის მიზეზი “ნაცმოძრაობაა”. შესაბამისად, “ნაცმოძრაობა”, ან მისი ნამსხვრევები და სატელიტები, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ერთობის ნაწილები ვერ გახდებიან. მოკლედ, ეს წყალგამყოფი უკვე გავლებულია.

ამ კოალიციაში ერთი ხმა გაქვთ. შესაბამისად, თუკი პარტნიორები დაჟინებით მოითხოვენ, რომღია კარშინინო ბურჯანაძე, ირინა სარიშვილი და სხვა თქვენთვის პოლიტიკურად მიუღებელი პერსონები თუ პარტიები უნდა შემოვიდნენ, რას იზამთ?
- ჩემი პოზიცია ნათელია, რომელსაც ბიძინაც იზიარებს და დათოც.

მოდით, ეს პოზიცია კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბეთ...
- საქართველო ბურჯანაძისთვისაც ისეთივე სამშობლოა, როგორც ჩემთვის და საარჩევნოდ ყველას თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობა ვერ შედგება, რადგან მე და ბურჯანაძეს საგარეო პოლიტიკასა და ხელისუფლების ფორმირებაზე ფუნდამენტალურად განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ისე, ვანო, პირდაპირ გეტყვით: საკითხი, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, კოალიციაში ვერ გაიმარჯვებს!

ქართულ პოლიტიკაში ირაკლი ალასანიაზე პროდასავლური ფიგურა, ჩემი აზრით, ძნელად მოიძებნება...
- (იღიმება) აბა, “იმედს” ჰკითხეთ?!.

იმედსთავისი საქმე აქვს... მოკლედ, თუკი ბიძინა ივანიშვილმა თქვენსა დარესპუბლიკელებზეაქცენტი სწორედ პროდასავლურობის გამო გააკეთა, დასავლურობისთვის მხოლოდთავისუფალი დემოკრატებიარ ეყოფოდა?
- ჩემთვის მთავარი ის კი არაა, რომ “ნაცმოძრაობის” სახელისუფლებო მონოპოლია რომელიმე სხვა პარტიით, თუნდაც “თავისუფალი დემოკრატებით” შეიცვალოს. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალი პარლამენტი მართლა მრავალპარტიული იყოს. არ მინდა, ჩემი პარტია ძალაუფლების ისეთივე ხიბლში ჩავარდეს, როგორშიც “ნაცმოძრაობაა”!

ირაკლიბატონო, ხიბლი ახსენეთ და, ზოგიერთი მრჩეველი უკვე ხიბლშია - ბეჭდური მედიის ჟურნალისტებისთვის შესახვედრად დროს ვერ ნახულობს...
- ვანო, თქვენი შენიშვნები სამართლიანია, რადგან თავად ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ მედიასთან უფრო მეტი კონტაქტი უნდა არსებობდეს...

სხვათა შორის, მედიაში ბევრს საუბრობენ, რომ მსოფლიოში ცნობილმა მეცენატმა ყურადღება გარემოცვას უნდა მიაქციოს... ხომ არ თვლით, რომ ვიღაცები მის იზოლირებას ცდილობენ?
- ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ მოქცევა მარტივი არაა, თუმცა იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკოსი გახდეს, ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი. ამასთან, ძალიან ბევრი აქვს ასახსნელი მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ყველაფერი ეს თვითონაც ძალიან კარგად ესმის და, მე თუ მკითხავთ, ძალიან რთულ ტრანფორმაციას სწრაფად გადის. საჯარო სამსახურიდან საჯარო პოლიტიკაში რომ გადმოვედი, მახსოვს, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა როგორი რთული იყო. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, რომ საზოგადოებისთვის და, პირველ რიგში, მედიისთვის გახსნილი პოლიტიკოსი იყოს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტკური პარტიის არსებობა ქართული პოლიტიკისთვის აუცილებელია?
- კი...

ანუ, პარტიის შექმნა თქვენ ურჩიეთ?
- დიახ... პოლიტიკაში ისეთი პარტნიორის ყოლა, რომელსაც თავისი გამოკვეთილი პოლიტიკური სტრუქტურა აქვს, ბევრად ადვილია.

ითვლება, რომ საქართველოში პოლიტიკური კადრების დეფიციტია. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის პარტიაში ახალი სახეები უნდა იყვნენ თუ ძველი?
- ახლებიც და ძველებიც, ანუ ისინი, ვისაც გამოცდილება აქვთ. ისე, “ძველი კადრი” რას ნიშნავს?

არ ჩათვალოთ, რომ გეპირფერებით, მაგრამ სამი წლის წინ, როცა პოლიტიკაში მოხვედით, არავის უთქვამს, რომ კორუმპირებული ხართ და ბიუჯეტი შეჭამეთ... ისე, ბატონო ირაკლი, ხომ არ ჯობია, რომ ვაჟა ლორთქიფანიძე, დავით თევზაძე თუ სხვა ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, ცოტა ხანს გვერდზე გადგნენ, ანუ აქტიურ პოლიტიკას ჩამოსცილდნენ?
- მართალს ბრძანებთ!.. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა პროგრესისკენ წავიყვანოთ.

პროგრესისკენ წაყვანარას ნიშნავს?
- “პროგრესისკენ წაყვანა” იმას ნიშნავს, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ. ქართული საზოგადოება ევროპული საზოგადოების ნაწილი ნამდვილად გახდება, რადგან საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია და გვინდა, რომ ყველაფერი ეს ინსტიტუციონალურად გავაფორმოთ! საქართველოს მთელ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ ჩვენ წინ ურყევად მივდივართ და რეტროგრადული მოძრაობები აღარ იქნება!

 

ხალხი, რომელიც რეტროგრადულ მოძრაობებთანაა ასოცირებული, ორი აზრი არ არსებობს, - ჩვენი ნაწილი ვერ გახდება, მაგრამ აქვე ვაცხადებ: არ ვეთანხმები სააკაშვილის პოზიციას, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ჩარეცხილად გამოვაცხადოთ, რადგან ამ ადამიანებმა იმ ისტორიულ გარემოში, სადაც ცხოვრობდნენ, თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის ბევრი გააკეთეს, მაგრამ თვითონ უნდა მიხვდნენ, რომ დღეს მათი პოლიტიკური აქტიურობის დრო აღარაა და იმედი მაქვს, ამ ინტერვიუს მერე ამას ბევრი მიხვდება! მათ შეუძლიათ, ახალი საქართველოს შექმნას სოლიდარობა გამოუცხადონ, მაგრამ პოლიტიკურ აქტიურობაზე აღარ იფიქრონ!

ბატონო ირაკლი, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: “ვარდების რევოლუციისშემდეგ ორი ძლიერი მუხტი გვახსოვს - პირველად მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა და მეორედ მაშინ, როცა თქვენ გახდით ოპოზიციონერი ლიდერი, მაგრამ ორივე შემთხვევაში, მუხტი ნელ-ნელა მინავლდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასაც უდიდესი მუხტი მოჰყვა, მაგრამ ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ ეს ენერგიაც გაქრეს?
- ძალიან სწორად დასმული შეკითხვაა... კი ბატონო, ორივე შემთხვევაში დიდი მუხტი გაჩნდა, მაგრამ მაშინ სახელმწიფოში კალენდარულად ისეთი პოლიტკური სიტუაცია არ იყო, როგორიც დღესაა, ანუ ახლა არჩევნებისთვის ვემზადებით, რომელიც ხელისუფლებას ნაციონალურ დონეზე შეცვლის. დღეს საერთაშორისო საზოგადოებაც მომზადებულია, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს მხარი არ დაუჭროს. მეტიც – ყველა შეთანხმებულია, რომ სააკაშვილმა ჯორჯ ვაშინგტონს უნდა მიბაძოს - თავის დროზე აშშ-ის კონგრესი და ხალხიც ეუბნებოდა, რომ პრეზიდენტად მეორე ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩენილიყო, მაგრამ ვაშინგტონმა თქვა, მეფობას არ ვაპირებო.

ანუ, დასავლეთი სააკაშვილს პირდაპირ ეუბნება, რომ უნდა წავიდეს?
- დიახ... ყველა კონგრესმენმა, რომელიც შემხვდა, მითხრა, ჩვენ მხარს არც სააკაშვილს ვუჭერთ, არც - ალასანიას და არც - ივანიშვილს, ჩვენ მხარს ქართველი ხალხის არჩევანს ვუჭერთ. სააკაშვილმა ჯორჯ ვაშინგტონს უნდა მიბაძოს და არა - პუტინსო.

სხვათა შორის, ამასწინათ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი პუტინიზაციას და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, გაპრემიერებას არ აპირებსო...
- ძალიან კარგი, და დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ვაშაძეს კი არა, ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს უნდა, რომ სააკაშვილმა პუტინს არ მიჰბაძოს. ხელისუფლებაში ბევრია პროგრესული ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მათმა ლიდერმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა...

პუტინი ვახსენეთ და, ზოგი თვლის, რომ შელახული რეპუტაციის აღსადგენად პუტინმა შესაძლოა, ძველ ხრიკს მიმართოს და კავკასიაში, სავარაუდოდ, საქართველოში ახალი საომარი პროვოკაცია წამოიწყოს. თუ ასე მოხდა, ეს მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნას ხომ არ გაახანგრძლივებს?
- რუსეთი ოლიმპიადისთვის ემზადება და არ მგონია, რომ ასეთი პროვოკაცია აწყობდეს... ვანო, ამ პროვოკაციებში ძალიან შორს წავედით...

პოლიტიკაც ხომ ერთგვარი პროვოკაციაა, ბატონო ირაკლი!
- იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოსკოვისა და რუსეთის სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდნენ, სოლიდარული ვარ. სიმართლე რომ ვთქვა, ამას არ ველოდი და ძალიან გამიხარდა, თუმცა რეალური დემოკრატია საქართველოში უფრო ადრე დამყარება, ვიდრე - რუსეთში, მაგრამ პუტინს, ვფიქრობ, იმის რესურსი აღარ აქვს, რაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, წინასაარჩევნოდ ჰქონდა, მაგრამ თუკი ასეთი პროვოკაცია მოხდა, ეს წყალს, ბუნებრივია, სააკაშვილის წისქვილზე დაასხამს, თუმცა ჩემი აზრით, ამის ნაკლები ალბათობა არსებობს.

ესე იგი, დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნები 2012 წლის შემოდგომაზე ჩატარდება?
- დიახ... ვანო, ეს შეკითხვა ერთი წლის წინაც დამისვით და მაშინაც გიპასუხეთ, რომ არჩევნები კალენდარულად ჩატარდება...

რა ამის პასუხია და, რას თვლით ხელისუფლებისა და ივანიშვილის კოალიციისსუსტ რგოლად”?
- ხელისუფლების “სუსტი რგოლი” ისაა, რომ დემორალიზებულია - ყველანაირი რესურსი ამოწურა და ჩვენს წიინააღმდეგ ყალბ პროპაგანდაზეა გადასული!

სხვათა შორის, მაინცდამაინც აქტიურად არცრეპრესიული მანქანამუშაობს...
- ამაში ვერ დაგეთანხმებით. რეპრესიებისთვის ემზადებიან!.. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგორბობისა და ჩემი მოთხოვნით, რეპრესიების წინააღმდეგ უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლებს შეისწავლის...

ამ ჯგუფში ვინ შევ?

- საერთაშორისო დამკვირვებლები, ჩვენი და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები...

და ამაზე ხელისუფლება თანახმაა?
- ხელისუფლება, პრაქტიკულად, დათანხმდა, თუმცა ითხოვს, რომ ეს ჯგუფი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ამუშავდეს, ჩვენ აზრით კი, ჯგუფმა მუშაობა არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე უნდა დაიწყოს. მოკლედ, რეპრესიები არ შენელებულა და სიტუაციის გართულებას ველოდები.

თუკი მიხეილ სააკაშვილი ხვდება, რომ მიდის, რეპრესიები რისთვისღა სჭირდება?
- არ ვიცი, ამას სააკაშვილი ხვდება თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს. საერთოდ, სააკაშვილი გადაწყვეტილებებს იმპულსურად იღებს, თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი რას დააპირებს. მთავარია, ჩვენ, მოქალაქეები რას ვაპირებთ... რაც შეეხება ჩვენს “სუსტ რგოლს”, კოორდინაციის სათანადო ხარისხი არ გვაქვს, თუმცა ამის დარეგულირება შეიძლება. ამასთან, საარჩევნოდ გვჭირდება კომპეტენტური და გაწვრთვნილი ადამიანების ჯარი. ამიტომ, ტრეინინგებს დავიწყებთ და მივმართავ მოქალაქეებს, ვინც ჩვენდამი სიმპათიითაა განწყობილი, ცაგარელის 34-ში მოგვმართონ.

ისე, მოდით, ახლა პირობა მომეცით, რომ როცა პრეზიდენტი გახდებით, მედიასთან ასეთივე უშუალო იქნებით!
- გპირდებით, სადაც უნდა ვიყო, ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება!

ბოლოს, ბატონო ირაკლი, 21 დეკემბერს თქვენი და მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა. სააკაშვილს, ან საკუთარ თავს როგორ მიულოცავთ?
- არც ჩემს თავს მივულოცავ და არც - მიშას.

 რატომ? დაბადების დღის აღნიშნვნა არ გიყვართ?
- მიყვარს...

რამდენი წლის ხდებით?
- 38-ის...

მოკლედ, ბატონო ირაკლი, წარმატებებს გისურვებთ!