"როდესაც სააკაშვილი არჩევანს გააკეთებს, ეს რთულად გადასატანი გახდება ნაციონალური მოძრაობისთვის

ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ (IRI და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი) საკმაოდ გააქტიურდა ორპოლუსიანი პოლიტიკური ფრონტის თემა. საქართველოში დაახლოებით 200 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, საიდანაც დაახლოებით ოცამდე პარტიას სიცოცხლის ნიშან-წყალი ასე თუ ისე ეტყობა, დაახლოებით 10-12 პარტია პოლიტიკური ცხოვრების აქტიურ პერიოდებში სცენაზე საკმაოდ ხშირად ჩანს-ხოლმე. მოკლედ, თუ მხოლოდ ორ პოლუსზეა ლაპარაკი, რამდენი ოპოზიციუირი პარტიაც უნდა გაერთიანდეს მათ გარშემო, მაინც დარჩებიან პარტიები, რომლებსაც ვერც ერთი მხარე ვერ შეისრუტავს. უკვე დაიწყო ლაპარაკი მესამე პოლუსის გამოჩენაზეც, მაგრამ დღევანდელი სიტუაციით, თითქმის, ყველა ოპოზიციური ძალა ცალ-ცალკე მესამე ცენტრად მიიჩნევს თავს. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. Presage.tv არსებულ სიტუაციის ანალიზისთვის ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

 

გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი დაიწყო. მანამდე პოლიტიკური პროცესები არ არსებობდა, ის მინიმალური რეიტინგები რაც პარტიებს, მაგალითად ქრისტიან-დემოკრატებს ან სხვებს ჰქონდათ, თითიდან გამოწოვილი იყო. თანაც ეს იყო არა მხარდამჭერთა, არამედ უიმედობით და პოლიტიკურ ბაზარზე მოთამაშეების არარსებობით ინიცირებული რეიტინგები.

 

ივანიშვილის გამოჩენამ ორპოლუსიანი გახადა ქართული პოლიტიკა, რაც, სიმართლე გითხრათ, დემოკრატიის განვითარებისათვის კარგი შეიძლება არც იყოს, მაგრამ ხელისუფლება საზოგადოებას სხვა არჩევანს არ უტოვებს. მისი ავტორიტარული მიდრეკილებების გამო, საბოლოო ჯამში, შეუძლებელი ხდება რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის არსებობა.

 

ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ პირველადქრისტიან-დემოკრატებიმოვიდნენ გონს და განაცხადეს, რომ ახალი მოთამაშის გამოჩენა ხელისუფლებისთვის იმდენად არ იყო საზიანო, რამდენადაც ოპოზიციისთვის. მოგვიანებით სხვა პარტიებიც გამოფხიზლდნენ და უკვე კარგად სავაჭროსოციალური თემებით გამოჩნდნენ საზოგადოების წინაშე. მაგალითად, ახალი მემარჯვენეები, ვიხილეთ გია მაისაშვილიც, რომელიც საზოგადოებაში მხოლოდ არჩევნების წინ ჩნდება ხოლმე. აღარაფერს ვიტყვი ჰიპერაქტიურ ლეიბორისტებზე. როგორ ფიქრობთ, მათში პოლიტიკური გარდაცვალების შიში საფუძვლიანი?

- აბსოლუტურად გასაგებია, ქრისტიან-დემოკრატებს გარკვეულწილად გაბერილი რეიტინგი ჰქონდათ და ივანიშვილის გამოჩენით, პირველ რიგში, მათ შეექმნათ პრობლემა. გნებავთ, მემარჯვენეები აიღეთ, ან სხვა პარტიები. თუ სურთ, რომ პოლიტიკურ ბაზარზე დარჩნენ, უნდა იაქტიურონ. იგივე ლეიბორისტები, რომლებიც საკმაოდ აქტიურები არიან, დღეს ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობენ, რაც ცხოვრებაში არ უთქვამთ. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ივანიშვილის გამოჩენამ მათ პოლიტიკურ მომავალს ძალზე სერიოზული საფრთხე შეუქმნა. გარდა ამისა, ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც. მეჩვენება, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეუწყობს ხელს ასეთი ტიპის პარტიებს, თუნდაც მედიის გახსნით. შესაძლოა ფინანსურადაც კი. ეს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმები წაართვან მეორე პოლუსს.

 

ხელისუფლების რერსურსი ელექტორატის მოზიდვის თვალსაზრისით დაბალია, მისი ერთადერთი შანსი არსებულ ვითარებაში ის არის, რომ გააჩინოს მესამე, მეოთხე მეხუთე პოლიტიკური ცენტრები, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმები ააფცქვნას ივანიშვილს.

ვფიქრობ, ამ პარტიების აქტიურობა არა მხოლოდ პოლიტიკურად თავის გადარჩენის მოტივით არის გამოწვეული, არამედ პირდაპირ ხელისუფლების ხელდასმით ხდება. მათი გააქტიურება მომავალშიც მაქსიმალურად სტიმულირებული იქნება. თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ ურთიერთობაში არიან შემჩნეული, ნაციონალურ ტელეარხებზე უზარმაზარი დრო ეთმობათ. რატომ არ ხსნიან ეთერს სხვა პარტიებისთვის არ არის საინტერესო?

 

მედიის ამ ფორმით გახსნიდან ხელისუფლების გეგმა საკმაოდ კარგად ჩანს. ახლა შეიძლება, მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატიული ან სხვა ერთკაციანი პარტიებიც წამოწიონ წინ და ისინი ააღორძინონ. ტექნოლოგიურად ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ხელისუფლებამ მოახერხა ოპოზიციური ხმების გაბნევა, ეს მისთვის შანსია. რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მათი ელექტორატის ბაზა 30-35%-ს ვერ აცდება და ეს მშვენივრად ესმით. ამიტომ, მათი ამოცანა საკუთარი ელექრორატის გაზრდა კი არა, მეორე მხარისთვის, რაც შეიძლება მეტი ელექტორატის წართმევაა, რომელიც მათ მიერ კონტროლირებად თუ არაკონტროლირებად პოლიტიკურ პარტიებზე გადანაწილდება.

 

ეს იმისათვის, რომ მეორე პოლიტიკური ცენტრი არჩევნებში იმ 35%-ზე ქვევით გაიყვანონ, რაც, შესაძლოა, მათ მიიღონ. ამ ტექნოლოიას ხშირად იყენებდნენ და ჩანს კიდეც ხელისუფლების მცდელობა - შექმნას მესამე და მეოთხე ცენტრები. ილაპარაკებენ იმაზეც, რომ ქართული დემოკრატიისთვის ასე სჯობს, რაც ამ პოლიტიკურ ვითარებაში ძალზე სასაცილოა. მე მგონი, საკმაოდ მარტივად გასათვლელი მოზაიკა იკვრება. ეჭვი მეპარება, რომ მესამე ცენტრის გაკეთება ობიექტურად იყოს შესაძლებელი, თუმცა პოლიტექნოლოგიების ჩართვით და იმ, შემთხვევაში, თუ ივანიშვილის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალები დაუშვებენ ფრონტალურ შეცდომებს, რა თქმა უნდა, ასეთი შედეგი ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ამისი შანსი საკმაოდ დაბალია. საკმაოდ საინტერესო წელიწადი გველის და ამ მანევრებსაც ვნახავთ.

 

ამ ლოგიკით ოპოზიციუირმა პარტიებმა ფუნქცია კი არ დაკარგეს, ახალი და იმაზე ბევრად წონადი ფუნქცია შეიძინეს, ვიდრე დღემდე ჰქონდათ...

- მათ დაკარგეს რეალური და ნატურალური ფუნქცია, თუმცა შეიძინეს ხელოვნური. იმდენად, რამდენადაც ამ პარტიებს ესმით, რომ მათი შანსი არის რომელიმე პოლიტიკურ ცენტრთან მიტმასნა. ივანიშვილმა საკმაოდ მკაცრად გაატარა საზღვარი, მასთან ურთიერთობის რესურსი ამ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ. სხვათაშორის, ძალზე პატივსაცემია ივანიშვილი იმითაც, რომ პოლიტიკური გათვლებით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ სახელმწიფოებრივი და მსოფლმხედელობრივი გაგებით აზროვნებს. თუნდაც პოლიტიკურ დანაკარგებთან იყოს დაკავშირებული, ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ამით ივანიშვილმა ამ პოლიტიკურ ძალებს უბიძგა, მეორე ცენტრისკენ, ანუ ხელისუფლებისკენ, რომ მათთან დაიწყონ ღია ან ფარული თანამშრომლობა. ვფიქრობ, ახლა ხელისუფლება ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად ჩაიხუტებს. ბევრი ისედაც ჰყავდა ჩახუტებული და შეიძლება მათგან შექმნას მესამე ცენტრი. არ არის გამორიცხული, რომ მეოთხე ცენტრზეც დაიწყოს ლაპარაკი.

 

აქამდე რასაც ღებულობდნენ ვიცით, ახლა რაღას მიიღებენ ეს პარტიები?

- არ მგონია, მათ დიდი ამბიციები ჰქონდეთ, ეს არის რამდენიმე ადგილი პარლამენტში დამოუკიდებლობის დაკარგვის ხარჯზე.

 

ეს მეთოდი ისედაც აპრობირებული იყო და ყველამ იცის, არსებული პარლამენტი როგორც დაკომპლექტდა. გამოდის, ახალ რეალობაში თამაშის ძველი წესები უცვლელი რჩება?

- ხელისუფლებას ეს ყველაფერი დიდი ხანია დალაგებული აქვს და ივანიშვილის გამოჩენამდეც ჰყავდა დანიშნული ოპოზიცია. პრინციპში, მომავალი პარლამენტის მოზაიკაც ხელისუფლებას უკვე დაწყობილი ჰქონდა. ერთი მხრივ, გარეთ გასული, ანუ არასაპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პოლიტიკიდან გაყვანის ოპერაცია მიმდინარეობდა, მეორე მხრივ, ზედმეტი კონსტრუქცივიზმით გამორჩეული პარტიებისგან ქმნიდა და ნიშნავდა ოპოზიციას. ივანიშვილის გამოჩენამ ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენა და შექმნა ახალი რეალობა, რომლის შედეგადაც გადაჯგუფების ახალი პროცესი დაიწყო. თუ ადრე ხელისუფლებას წარმოედინა, რომ ეყოლებოდა ვირტუალური, ფასადური ოპოზიცია, დღეს თავისდა სამწუხაროდ, ნამდვილი ოპოზიცია მიიღო, მაგრამ ფსევდოოპოზიცია მაინც სჭირდება. იმისათვის, რომ ძალაუფლება და ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობა არ დაკარგოს.

 

მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის თემა ახლახანს გააქტიურდა და ფაქტობრივად გადაჯგუფების პროცესი ჯერ ახლა იწყება, ქრისტიან-დემოკრატები უკვე აცხადებენ, რომ მესამე პოლიტიკურ ცენტრად სწორედ ისინი მოიაზრებიან.

- თუ დააკვირდით, იგივე თქვა ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტამაც. ეს ის მესიჯებია, რომელიც ხელისუფლებიდან მოდის და მათაც სხვა გზა არ აქვთ, ამ თამაშზე მიდიან. შეეცდებიან, ახლა 6-7 პარტია მაინც შემოიკრიბონ. ერთკაციან პარტიებზეა ლაპარაკი, იმიტომ, რომ ქრისტიან-დემოკრატების გარდა ამ პარტიებში ვერ ვხედავ მეტ-ნაკლებად ორგანიზებულ, რეალურ პოლიტიკურ ძალას. ასეთი პარტიები პარლამენტშიც და მის გარეთაც ჰყავთ. შექმნიან რაღაც მრავალპარტიული ალიანსის მსგავსს და შეეცდებიან, მედიის ხელშეწყობით, ფინანსური არხების გახსნით და ა.შ. შექმნან რაღაც სურათი.

 

საკმაოდ პასიურობს ეროვნული ფორუმი, რომელიც საკმაოდ რეიტინგული პოლიტიკური ძალა იყო კარვების აქციების დროს და ხალხის მხარდაჭერაც საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნა. რას უნდა ველოდეთ მათგან, ისინიც წავლენ ამ თამაშზე?

- გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება. ვფიქრობ, ეროვნული ფორუმი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმყოფება. ვფიქრობ, რომ ამ კონფიგურაციაში საკუთარი ადგილი ჯერ არ უპოვიათ, ისინი პრინციპში საკმაოდ საინტერესონი არიან ყველასთვის. ვფიქრობ ფორუმის საკითხი დღეს ჯერ კიდევ ღიად რჩება. ამ ეტაპზე პოლიტიკური წონა გარკვეულწილად დაკარგული აქვს, მაგრამ მაინც არის პოლიტიკური კონფიგურაციის საკმაოდ საინტერესო ელემენტი.

 

კარვების პროტესტის დროს კულუარებში ძალზე აქტიურად ლაპარაკობდნენ ფორუმისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირზე, ამბობდნენ იმასაც, რომ მათ სწორედ ივანიშვილი აფინანსებდა. ეს ისტორიაც ხომ არ შეიძლება მოიაზრებოდეს დღეს მათი პასიურობის მიზეზად?

- ასეთ საკითხებზე ძალიან მიჭირს-ხოლმე საუბარი, რა კავშირზეა აქ საუბარი წარმოდგენა არ მაქვს. ბოლო დროს ძალზე ბევრი საუბარი მესმის, მათ შორის ჩემზე, რომ თითქოს ივანიშვილის ემისარი ვარ და ძალზე აქტიურად ვმონაწილეობ რაღაც პროცესებში. მე არ მინდა, ამ ჭორებზე ავაგოთ საუბარი. რაღაც შეხვედრა ფორუმსა და ივანიშვილს შორის მართლაც იყო და ეს დადასტურდა, მაგრამ რა თემები განიხილებოდა ამ შეხვედრისას და რაზე იყო საუბარი, წარმოდენა არ მაქვს. მეტსაც გეტყვით, რაიმე შედეგი რომ ყოფილიყო, ამის შესახებ საჯარო განცხადება გაკეთდებოდა.

 

რამდენადაც მოვასწარი ივანიშვილის გაცნობა, მეჩვენება ადამიანად, რომელიც ასეთ კულუარულ გარიგებებში არავისთან შედის. მისი ცხოვრების სტილი ღია და გამჭვირვალეა და აქედან ამომდინარე, არ მგონია, ფორუმთან რამე დაფარული ჰქონდეს. ის ამბობს, რომ ყველგან და ყველაფერში სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. მტკივნეული იქნება ეს თუ წამგებიანი, ვალდებული ვართ, ასე მოვიქცეთ, რადგან ამ ქვეყანას ტყუილში თავის დამარხვის რესურსი აღარ აქვს. ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილის გარშემო რაიმე ფარული ალიანსები შეიქმნას.

 

სხვათა შორის, სახელისუფლებო მედიამ აიტაცა თემა, სადაც საუბარია, ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან თქვენი დათხოვნის შესახებ. ითქვა, რომ მიზეზი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა იყო, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა სააკაშვილზე მაღალი რეიტინგი ვერ მიიღო..

- კი, წერენ, თითქოს ივანიშვილმა ფული გადამიხადა და სანაცვლოდ რაღაც მთხოვა. რამდენიც არ უნდა გადაეხადა ივანიშვილს ჩემთვის, ვინც ეს სტატია დაწერა, იმის მკურნალობას ნამდვილად ვერ ეყოფა. ეს არის აბსულუტურად თითიდან გამოწოვილი თემა. ეს ინტერნეტ-პორტალები ცნობილები არიან თავიანთი ოდიოზური ფანტაზიებით და მათი ხელმძღვანელები, ჩემი აზრით, სერიოზულ მკურნალობას საჭიროებენ.

 

ხართ ახლა ივანიშვილის გუნდში თუ არა?

- ივანიშვილის გუნდში არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. მე მასთან ვთანამშრომლობ და მომავალშიც ვაპირებ თანამშრომლობას, მაგრამ ეს თანამშრომლობა უფრო ქართულ სახელმწიფოზეა ორიენტირებული და არ არის რაღაც ერთ პოლიტიკურ სისტემაში მჯდომი. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს, რომელიც საკუთარი საქმიანობის ყველა პროდუქტს საჯაროდ აქვეყნებს. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი. ივანიშვილმა თავის დროზე დახმარება გაუწია ჩვენს ინსტიტუტს და პრინციპში, ჩვენ ვმუშაობთ ქართულ სახელმწიფოზე. ვფიქრობ, ივანიშვილის ამოცანაც ქართული სახელმწიფოს სწორ გზაზე გაყვანაა. ჩვენ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს და ეს განსაზღვრავს თანამშრომლობას. არანაირი სხვა ურთიერთობა არ გვაქვს. ეს არის პარტნიორობა და არა ერთიან სისტემაში ყოფნა.  

 

მოდით, დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს თემას. როდესაც მესამე ცენტრზეა ლაპარაკი ძალზე საინტერესოები არიან ლეიბორისტები, რომლებიც გახსნილად არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ მოიაზრებიან.…მათ ხომ არ გულისხმობდით, როდესაც თქვით, რომ ხელისუფლება შეეცდება რამდენიმე ასეთი ცენტრის შექმნას?

- დღეს ლეიბორისტები ძალზე ცუდ დღეში არიან და პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურობენ, იმიტომ, რომ არსებულ ვითარებაში მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. ისინი ჰიპერაქტიურები უნდა გახდნენ, რადან ის ნიშა, რომელიც სერიოზული ოფლის ფასად აქვთ მოპოვებული ქართულ პოლიტიკაში, საერთოდ არ დაკარგონ. აქედან გამომდინარე, მათი აქტიურობა ძალზე ლოგიკურია. მეტსაც გეტყვით, თუმცა, არა იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებასთან ალიანსში არიან ან არ არიან - რაკი ლეიბორისტების ივანიშვილთან ალიანსი არ შედგება, ხელისუფლება სერიოზულად დაინტერესდება მათი გაძლიერებით. არ ვამბობ, რომ ლეიბორისტები ხელისუფლებასთან შეთანხმდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების ხმები ლეიბორისტებს ვერ მიაქვს, თუ ლეიბორისტები ივანიშვილის ხმებს წაიღებენ, ეს უკვე შედეგი იქნება ხელისუფლებისთვის. ხელისუფლება ლეიბორისტების ბუნებრივი მოკავშირე ხდება. არა შეთანხმებით, არამედ თავისთავად, რადგან ხელისუფლება დაინტერესებულია ნებისმიერი პოლიტიკური ძალით, რომელიც ივანიშვილს რაღაც ხმებს წაართმევს.

 

გასაგებია, რომ საქართველოში მემარცხენე პარტიები ფაქტობრივად არ არიან და ლეიბორისტებს საკუთარი, ასე თუ ისე მყარი ნიშა აქვთ. როდესაც ვუშვებთ, რომ მათ შეუძლიათ ივანიშვილის ხმების წაღება, საინტერესოა, რა ნიშას იკავებს თავად ივანიშვილი, რადგან მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ ჯერ საკმაოდ ცოტა ვიცით...

- მე მგონი, რომ ძალიან ბევრი მოვისმინეთ ივანიშვილის გეგმებზე. საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის განვითარების ვექტორი არ უნდა შეიცვალოს და როგორიც არის, ისე უნდა განვითარდეს. მეზობლებთანაც რეგიონიული პოლიტიკა უნდა იყოს გააზრებული და ეკონომიკა უნდა გაჯანსაღდეს. სინამდვილეში, რთული არ არის ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება და ძირითადი ორიენტირები დიდი ხანია განსაზღვრულია. პრობლემა ის კი არ არის, რომ ქვეყანას გაცხადებული ორიენტირები არ უვარგა, პრობლემა ის არის, რომ აღსრულებაში ეს ყველაფერი მაღალ პოლიტიკურ რისკებთან არის დაკავშირებული. იმიტომ, რომ ერთია გამოცხადება და მეორე - რეალურად რას აკეთებ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ნათქვამია, როგორც სიტყვიერად, ასევე პოლიტიკური პარტნიორების შერჩევის თვალსაზრისითაც. ამიტომ იმისი თქმა, რომ ივანიშვილს თავისი პოლიტიკური ორიენტაცია განსაზრვრული არ აქვს, არასწორია. ის არის პროდასავლური ორიენტაციის.

 

თუმცა თუ მასთან დაკავშირებულ პარტიებთან არის კითხვები ან იგივე, ქართულ იდენტობასთან დაკავშირებით, ივანიშვილის შემთხვევაში ეს მომენტიც გარკვეულია. ის არის სიმბიოზი ტრადიციული ღირებულებებისა და თანამედროვე ევროპული ფასეულობებისა. ამ შემთხვევაში ივანიშვილი ორივე სეგმენტს იჭერს. ვერავინ დააბრალებს, რომ მემარჯვენეა, იმიტომ, რომ მთელი თავისი მოღვაწეობა საქართველოში ქველმოქმედებაზე ჰქონდა აწყობილი და ესმის სოციალური პრობლემატიკის პრიორიტეტი ამ ქვეყანაში. ასე რომ, ის იჭერს ელექრორატს, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ. და საერთოდ, მემარჯვენე-მემარცხენეობაზე ლაპარაკი 21-ე საუკუნეში ასე გამოკვეთილად არასერიოზულია და უაზრობაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკა მორგებული უნდა იყოს თავისუფალ ბაზარზე, მაგრამ ძალიან მძლავრი სოციალური დაცვის ინსტრუმენტებით და ზუსტად ამ უზარმაზარ ნიშაზეა მორგებული ივანიშვილის ცხოვრებისეული ფილოსოფია.

 

საინტერესოა თავად ნაციონალური მოძრაობის ადგილი მომავალ პარლამენტში, ბუნებრივია ამ შემადგენლობას ვეღარ ვიხილავთ, როგორ ფიქრობთ, ვის შეელევა სააკაშვილი და ნაციონალების რომელი ფრთა შეიძლება ვიხილოთ პოლიტიკურ არენაზე?

- სააკაშვილს მოუწევს არჩევანის გაკეთება. სხვათა შორის, როდესაც სააკაშვილი არჩევანს გააკეთებს, ეს ძალზე კრიტიკული მომენტი იქნება და ძალზე რთულად გადასატანი ნაციონალური მოძრაობისთვის. ამ დაბალანსების პროცესს უსასრულოდ ვერ გაჭიმავს და ეს იქნება ის კრიტიკული წერტილი, საიდანაც შეიძლება დაიწყოს ძალზე საინტერესო პროცესები თუ არა უმაღლეს, სახელისუფლებო ვერტიკალის საშუალო და დაბალ დონეზე მაინც.

 

ერთ მხარეს გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, კახა ბენდუქიძე თავისუფლების ინსტიტუტი დგას თავისი ანტურაჟით, მეორე მხარეს - დავით ბაქრაძე, ნიკა გილაური, ვანო მერაბიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და .. როგორ ფიქრობთ რომელი ფრთა აღმოჩნდება რჩეულთა შორის და ამ ვინ გადარჩება..

- კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ფიგურის ადეკვატური ნაციონალურ მოძრაობას არ ჰყავს.