პარლამენტის რაოდენობა აღარ გაიზრდება და 150 დეპუტატი 73-77-ზე გადანაწილდება, საიდანაც 73 იქნება მაჟორიტარული წესით არჩეული, თითო საარჩევნო ოლქში თითო მაჟორიტარი და 77 პარტიული სიით არჩეული. 2/3-დან 3/4-მდე გაიზრდება საკონსტიტუციო უმრავლესობის ბარიერი და ყველა საარჩევნო ბარიერგადალახულ პარტიას ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა მიეცემა, მაგრამ როგორ, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.
ეს გადაწყვეტილება გუშინ ხელისუფლებამ და ოპოზიციის იმ ნაწილმა მიიღო, ვინც ზაფხულში საარჩევნო შეთანხმებას მოაწერა ხელი. მაგრამ ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას ალასანიას გუნდთან გარიგებაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ განცხადებები უკვე დღეს, რიგგარეშე სესიაზე ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა. მისი თქმით, ეს ვარიანტი ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესებში შედის და მისთვის საეჭვოა ის ფაქტი, რომ ასე ძალიან დაემთხვა ალასანიას გუნდის და ხელისუფლების ინტერესები.
როგორც მან აღნიშნა, მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევის გერმანული მოდელი, რომელსაც მხარს თავის დროზე ე.წ. „რვიანის“ ფორმატში თავისუფალი დემოკრატებიც უჭერდნენ, 150-ზე მეტ წევრიან პარლამენტსა და შესაბამისად, რეფერენდუმის შედეგების გადახედვას ითვალისწინებდა.
ვაფხვაძის განმარტებით, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა გერმანული მოდელის არსი და მასთან დაკავშირებით თავისუფალი დემოკრატების პოზიცია არ იცოდა და რომ სცოდნოდა, „დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე პარლამენტში ჟივილ-ხივილს არ ატეხავდა“.
საინტერესოა ისიც, რომ დღევანდელ სესიაზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის პროექტი პირველი მოსმენით უნდა განიხილონ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, ოფიციალურად, არც ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნებულა და არც განსახილველი პროექტი წერილობითი სახით უნახავს ვინმეს, ხელისუფლება ამ პროექტის მიღებას მაინც ახალ წლამდე გეგმავს. ეს კი, ცხადია, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.
კითხვები იმ სამივე საკითხთან დაკავშირებით არსებობს, რაც გუშინდელი შეთანხმების თანახმად, კანონმდებლობაში უნდა შევიდეს. პირველი საკითხი ეხება პარლამენტართა რაოდენობის უცვლელად დატოვებას.
დღეს 150 კაციან პარლამენტში 75 მაჟორიტარია და 75 პარტიული სიით არჩეული. მაჟორიტარებს 2 ადგილი ლიახვის ხეობის და ახალგორის გამო აკლდება, რომელიც რუსეთის მიერ დამატებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არის ოკუპირებული.
დეპუტატების რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში ერთი თვის წინ იყო ინიცირებული, საიდანაც 107 პარტიული სიით იქნებოდა არჩეული, 83 - კი მაჟორიტარი. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად კი ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები დასახელდა, რომლის თანახმად, დაცული უნდა ყოფილიყო ხმათა წონადობის პრინციპი. თუმცა, ამის შესახებ შეთანხმება ხელისუფლებასა და საარჩევნო შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციას შორის ზაფხულში მოხდა.
მაგრამ, იმის გამო, რომ თავის დროზე პარლამენტის წევრთა რაოდენობა რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემცირდა და საქართველოს კანონმდებლობით რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ რეფერენდუმით არის შესაძლებელი, ამ იდეას თავიდანვე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მათ შორის, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის სახით. საბოლოოდ კი თავად ხელისუფლებამ თქვა უარი პარლამენტართა რაოდენობის გაზრდაზე.
პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის თქმით, მომავალი მოწვევის პარლამენტის წევრთა 150-ით განსაზღვრის შემთხვევაში, მანდატების გადანაწილება ამ პრინციპით, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო.
მანდატების ასე გადანაწილება სურდათ მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს თავისუფალ-დემოკრატებს, რომელთაც კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ისინი ამის მთავარ არგუმენტად იმას ასახელებენ, რომ „ხალხის ნების არაფრად ჩაგდება არ შეიძლება“.
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ირაკლი ჩიქოვანი პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას მაჟორიტარული მანდატებისთვის 50%-იანი ბარიერის უზრუნველყოფაც მოეხდინა.
„კარგია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა მოთხოვნა დეპუტატთა რიცხოვნებასთან დაკავშირებით და მიხვდა, რომ არ შეიძლება ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ ცუდია, რომ ჩვენი შეთავაზების მხოლოდ ნაწილი მიიღეს, რადგან რეალურად საარჩევნო სისტემის გაუმჯობებისთვის არა მხოლოდ რიცხოვნების შენარჩუნება იყო საჭირო, არამედ 50-იანი ბარიერის უზრუნველყოფა“, - აცხადებს ჩიქოვანი.
მაგრამ, როგორც ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, ეს სისტემა სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალებას მაინც არ იძლევა.
„კარგია, რომ პარლამენტარების რაოდენობა 190-მდე არ იზრდება, თუმცა სამართლიანი საარჩევნო სისტემის არსებობისთვის მნიშვნელოვანია პარტიის მიერ ამომრჩეველთა ხმების პროპორციული ოდენობის მანდატის მიღება. მაგრამ ეს აბსოლუტურად ვერ ცვლის პარლამენტში მანდატების რაოდენობის შესაბამისობას არჩევნების დროს მიღებულ ხმებთან. დღეს არსებული სისტემა მმართველ პარტიას შესაძლებლობას აძლევს, რომ მანდატების 60%-ზე მეტი მიიღოს და ეს უცვლელი რჩება.
„მეორე, ყველა რაიონში თითო დეპუტატის დატოვებით კვლავ დარღვეული რჩება ამომრჩეველთა თანასწორობის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ამომრჩევლის ხმას თანაბარი წონა უნდა ჰქონდეს. საერთაშორისო სტანდარტი ამბობს იმას, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთმანეთისგან 10%-ზე მეტით არ უნდა განსხვავდებოდეს. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს უკავშირდება კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის უზრუნველყოფას შეიძლება ეს სხვაობა 15%-მდე გაიზარდოს. ჩვენთან კი დღეს საარჩევნო ოლქებს შორის სხვაობა 3000%-ს აჭარბებს. ამით კი ადამიანთა თანასწორობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი ირღვევა“, - აცხადებს ხმალაძე.
პავლე კუბაშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ეს საკითხი ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულია.
„ვენეციის კომისიაში შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ამ პრინციპის გადახედვა შეუძლებელია. მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის არგუმენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა და რომელიმეს გამორჩევა იმის მიხედვით, რომ იქ ცოტა ამომრჩეველია, არ შეიძლება. აქედან გამომდინარე ჩვენ შევთანხმდით, რომ პრინციპის გადახედვა შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ, მომდევნო პარლამენტისთვის“, - აცხადებს კუბლაშვილი.
ვახტანგ ხმალაძე კი კუბლაშვილის ამ არგუმენტს გაუგებარს უწოდებს.
„მომავალში რა შეიცვლება? ოლქები შემცირდება თუ რა მოხდება? სრულიად გაუგებარია, ამის გაკეთებას მომავალში როგორ აპირებენ? თუ ახლავეა გასაკეთებული, მომავალში რატომ უნდა გააკეთონ და, თუკი მომავალში შეიძლება ამის გაკეთება, ახლა რატომ არ აკეთებენ? ამიტომ ასეთი მიდგომა სრულიად გაუგებარია. ეს ყველაფერი ჩემი აზრით დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ აქვთ რეალური შიში იმისა, რომ, თუკი ეს ყველაფერი გაკეთდებოდა ახლავე, მაშინ უმრავლესობის მოგროვებას ვეღარ შეძლებდნენ. ასეთი გათვლები მიდის და ამით საზღვრავენ, თუ საბოლოოდ როგორი სისტემა მოიგონონ, რათა რამენაირად უმრავლესობის მიღება შეძლონ და საერთოდ არ ფიქრობენ არც ხმათა თანასწორობაზე, არც ამომრჩეველთა ნებაზე და ა.შ.“ - აცხადებს ხმალაძე.
რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის ბარიერის აწევას, რომლის თანახმად მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო იქნება 3/4 ნაცვლად დღეს არსებული 2/3-ისა.
ექსპერტებით და ოპოზიციაც ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილის ფაქტორს უკვშირებს.
ჩიქოვანის მტკიცებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას უკვე უმრავლესობის დაკარგვის შიში აქვს. მისი თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმით, რომ ის ოპოზიციური კოალიცია, რომელსაც შექმნიან თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები და ბიძინა ივანიშვილი, შესაძლებელია დიდი უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში და ამიტომ ცვლის კონსტიტუციის შესაძლო ქვორუმს.
„საერთო ჯამში ხელისუფლება მიხვდა და აფსებს იმ საფრთხეებს, რაც მათ გააჩნიათ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ რეფორმირებული და ახალი საარჩევნო კოდექსი. ეს არის ძველი რედაქცია, რომელიც გადალაგებულია და აწყობილია ახლებურად“, -აღნიშნა თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა.
ყველაზე მეტი გაურკვევლობა კი მესამე საკითხთან დაკავშირებით რჩება, რომელიც ფრაქციის ფორმირების წესს შეეხება.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით ფრაქციის შექმნა შეუძლია დეპუტატთა არანაკლებ 6 წევრს. გუშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით კი ფრაქციის შექმნა ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს შეეძლება, ვინც ბარიერის გადალახვას მოახერხებს.
ეს კი როგორ მოხერხდება და ამისთვის კანონმდებლობაში რა ცვლილების შეტანა იქნება საჭირო, ისევ არავინ იცის, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
ხელისუფლების განმარტებით, არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატები განაწილდება იმ პარტიებზე, ვინც ბარიერს გადალახავენ, მაგრამ ფრაქციის შექმნისთვის საჭირო 6 დეპუტატის გაყვანას ვერ შეძლებენ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი გაუნაწილებელ მანდატს იღებს ჯერ პირველ ადგილზე გასული პარტია და შემდეგ თუ კიდევ დარჩა ასეთი მანდატი, მეორე ადგილას გასული და ა.შ.
გაუნაწილებელი მანდატები კი, როგორც წესი, ერთზე ან ორზე მეტი არ რჩება. 150 წევრიან პარლამენტში კი მხოლოდ ბარიერის გადალახვა დაახლოებით 3-4 მანდატის აღების საშუალებას იძლევა. ამიტომაც გაურკვეველია, როგორ მოხდება პოლიტიკურ სუბიექტის 6 დეპუტატამდე შევსება. მით უმეტეს, თუ მხოლოდ ბარიერის გადალახვას რამდენიმე პარტია მოახერხებს.
კანონ-პროექტში კი ამის შესახებ ისევ არაფერი წერია და განმარტება არც ხელისუფლების მიერ არ გაკეთებულა.