რუსეთი ირანში ომისთვის ემზადება. სამხედრო წყაროების ცნობით, კრემლში შედის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელმა აშშ-ის დახმარებით სულ მალე, შესაძლოა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანოს. თუკი ომი ირანის წინააღმდეგ მართლაც დაიწყება, იგი რუსეთისთვის კატასტროფის მომტანი იქნება იმ გაგებით, რომ იგი დაკარგავს თავის საკვანძო ფორპოსტს ამიერკავკასიაში -102-ე სამხედრო ბაზას სომხეთში.
„ნეზავისიმაია გაზეტას“ ინფორმაციით, უკვე წელიწადზე მეტია, რაც რუსეთმა დაიწყო ზომების მიღება თეირანის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემთხვევაში საკუთარი დანაკარგების მინიმიზაციისთვის და ახლა ეს მოსამზადებელი სამუშაო პრაქტიკულად დასრულებულია.
სომხეთში არსებული სამხედრო ბაზა მთლიანად ოპტიმიზებულია. სამხედროთა ოჯახის წევრები იქიდან გაიყვანეს, რუსული გარნიზონი, რომელიც ერევნის სიახლოვეს იყო დისლოცირებული, შემცირებულია, სამხედრო ნაწილები კი იქიდან გიუმრის რაიონშია გადაყვანილი - თურქეთის საზღვრის სიახლოვეს.
სწორედ თურქეთის ტერიტორიიდანაა მოსალოდნელი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმა ირანში მდებარე ობიექტებზე.
1-ლი დეკემბრიდან სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მდებარე რუსული სამხედრო ბაზები. შავი ზღვის ფლოტის გემები კი საქართველოს საზღვართან ახლოს დაცურავენ, რომელიც ამ კონფლიქტში შესაძლოა ანტიირანული ძალების მხარეს აღმოჩნდეს.
დაღესტნის იზბერბაშში, აზერბაიჯანის საზღვართან ძალიან ახლოს, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება სანაპირო სარაკეტო დივიზიონი, რომელიც კომპლექს „ბალ-ე“-ს გემთსაწინააღმდეგო რაკეტებითაა აღჭურვილი. მათი მოქმედების არეალი 130 კილომეტრს შეადგენს.
მახაჩკალისა და კასპიისკის რაიონებში ასტრახანიდან დისლოცირებულია კასპიისკის ფლოტილიის ყველა სარაკეტო კატერი გემების ერთიანი დაჯგუფების შესაქმნელად.
ამასთან ერთად, ფლოტილიის ფლაგმანს სადარაჯო სარაკეტო გემს „ტატარსტანს“ მალე შეუერთება მცირე საარტილერიო გემი „ვოლგოდონსკი“ და სარაკეტო გემი „დაღესტანი“. ფლოტილიის ფლაგმანები აღჭურვილია სარაკეტო სისტემებით, რომელთა მოქმედების არეალი 200 კილომეტრია, იუწყება გამოცემა.
ასევე, შორეული ზღვაოსნობისათვის ხმელთაშუა ზღვაში ახლახან გავიდა რუსეთის სამხრეთის ფლოტის დაჯგუფება. მის შემადგენლობაშია მძიმე ავიამზიდი კრეისერი „ადმირალ კუზნეცოვი“ და დიდი გემი „ადმირალ ჩაბანენკო“. ისინი სირიის პორტ ტარტუსში უნდა შევიდნენ, სადაც რუსული ფლოტის დასაყრდენი პუნქტია.
ამას გარდა, ირანის წინააღმდეგ ომის გათვალისწინებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სიფრთხილით უდგება აზერბაიჯანს, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ გაზარდა თავისი სამხედრო ბიუჯეტი და ახლაც აგრძელებს ისრაელის წარმოების უპილოტო მზვერავი თვითმფრინავებისა და დაზვერვის მოწინავე საშუალებების შესყიდვას.
ამას გარდა, ბაქომ გააძლიერა ზეწოლა მოსკოვზე და გაბალის რადიოლოლაციური სადგურის გამოყენებისთვის მისგან მნიშვნელოვნად გაზრდილ საიჯარო გადასახადს მოითხოვს.
ექსპერტების აზრი იმის შესახებ, თუ ვის მხარეს დაიკავებს აზერბაიჯანი ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების საკითხში, ორად იყოფა: სამხედრო პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელი ანატოლი ციგანოკი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ ბაქო ანტიირანულ კოალიციას დაუჭერს მხარს და ასევე ნაკლებსავარაუდოა, რომ იგი სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებს.
სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ვლადიმერ პოპოვი კი რომელიც ყოველთვის ახდენდა ანალიზს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდნარე საბრძოლო მოქმედებებისა 1991-1993 წლებში, ახლა კი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გატარებულ რეფორმებს ადევნებს თვალს მიიჩნევს, რომ სრულიად შესაძლებელია, ამ ქვეყანამ შექმნილი მდგომარეობა გამოიყენოს და ბოლოს და ბოლოს ტერიტორიული დავა სომხეთთან თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის შეშფოთების საფუძველს იძლევა, საქართველოა. მან აპრილში შეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება სომხეთში სამხედრო ტვირთების ტრანზიტის შესახებ, ასევ რომ რუსულ-სომხური დაჯგუფება სამხრეთ კავკასიაში უკვე იზოლირებულია - ნათქვამია სტატიაში.
რუსული არმიის მომარაგება საწვავით, სურსათითა და სხვა პროგდუქტებით ხორციელდება მხოლოდ საჰაერო და სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, რომელიც, თავის მხრივ, მსგავს პროდუქციას ირანში ყიდულობს. ასე რომ, ომი ირანში იმის მაუწყებელი იქნება, რომ ამ არხით ბაზის მომარაგება შეწყვეტილია.
გენერალ-ლეიტენანტი იური ნეტკაჩოვი მიიჩნევს, რომ ირანში ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი იძულებული იქნება, სამხედრო ობიექტის მომარაგების საიმედო გზა საქართველოს გავლით ეძებოს.
„შესაძლოა ქართული სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევამაც მოგვიწიოს, რათა სამხედრო საშუალებებით სომხეთში მიმავალი სატრანსპორტო დერეფნები უზრუნველვყოთ“, – აცხადებს გენერალ-ლეიტენანტი.
რაც შეეხება თავად ირანს, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვი ომის დაწყების შემთხვევაში თეირანს დახმარებას ტექნიკურ დონეზე მაინც აღმოუჩენს.
აღსანიშნავია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით, ისრაელის დარტყმა ირანზე, შესაძლოა, კათოლიკური შობისთვის, ანუ 25 დეკემბრისთვის განხორციელდეს. შესაძლო დარტყმაზე უკვე არაერთგზის ისაუბრა პენტაგონის ხელმძღვანელმა ლეონ პანეტამ.
თეირანის გარშემო ვითარების შესაძლო დაძაბვაზე და ამ პროცესში საქართველოს როლსა და ადგილზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით.
სოსო ცისკარიშვილი: „დედამიწაზე არცერთი ომი საქართველოსთვის სიკეთის მომასწავებელი არ გახლავთ. მითუმეტეს, ასე ახლოს შესაძლო კონფლიქტზე, რომელზეც რუსული მხარე საუბრობს. თუმცა, ვიდრე მოსკოვი ამ ომთან დაკავშირებით საქართველოს მიმართულებით რაიმე გეგმებს დააწყობს, ჯერ იქნებ მკაფიოდ განაცხადოს თავისი პოზიცია – ვის მხარეს იბრძვის და საერთოდ, რას აპირებს.
ამის შემდეგ შეიძლება განვსაზღვროთ და ვეცადოთ წინმსწრებად გამოვიცნოთ ის მზაკვრული ჩანაფიქრები, რომლებიც მას ნამდვილად გააჩნია.
კონფლიქტის შესაძლო დაწყების შემთხვევაში, საქართველოს ხელისფლებამ რა პოზიცია უნდა დაიკავოს?
– სიდინჯეა საჭირო; ყველა ფრაზაზე, რომელიც ჩრდილოეთში გაჟღერდა, არ არის საჭირო რეაგირება და მისი კომენტირება. რუსეთს ერთი სული აქვს, როგორმე ყურადღება საგარეო საკითხებზე გადაიტანოს. იმ რეალური პრობლემებიდან, რომლებიც ქვეყნის შიგნით გააჩნია.
კარგია, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსახლეობას სადარდებლად ირანი გაუხადეს და არა კიდევ უფრო ახლო სამეზობლო რუსეთისა.
საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა რუსულმა მხარემ გიუმრის ბაზისკენ კორიდორის ძალადობრივი გახსნა მოინდომოს; ეს სცენარი რამდენად ახლოსაა რეალობასთან?
– ჯერ უნდა გავაცნობიეროთ, ვისთვის ხსნის ამ კორიდორს; რა ტვირთები უნდა მოძრაობდეს ამ დერეფანში; ვინ თხოვს რუსეთს დახმარებას ამ ვითარებაში; რას ფიქრობს ის ძალა, რომელსაც რუსეთი უპირისპირდება.
ჯერ საკუთარი პოზიცია თვალნათლივ გააჟღეროს და სამხედრო დერეფნებზე მერე ვილაპარაკოთ, რადგან სხვა მხრივ, ნაკლებად სერიოზული შეფასებები შეიძლება გამოგვივიდეს, არ ვიცით რა, რუსეთის ცალსახად გაჟღერებული პოზიცია.
ისრაელს ებრძვის? ირანის მხარეს იკავებს და ამერიკულ–ებრაულ სამხედრო ძალას უპირისპირდება? თუ, ვინმემ არ თხოვა გიუმრის დერეფნის გახსნა, ვის უპირებს საერთოდ მომსახურებას? ამიტომ, ვაცალოთ რუსეთი ჯერ თავად ჩამოყალიბდეს. ნუ ვეცდებით, ასეთი მოსაზრებების ავტორებზე ადრე გავაკეთოთ რაიმე შორსმიმავალი დასკვნები.