საქართველოში მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელიც აღარ რჩება. 2011 წლის 17 ნოემბერს დაფუძნდა კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“, რომელშიც 8 არასამთავრობო ორგანიზაცია და ორი ექსპერტია გაერთიანებული. კოალიციაში გაწევრიანებული ორგანიზაციების აზრით, საარჩევნო გარემოს მონიტორინგი უნდა დაიწყოს ახლადა არა არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ.
„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ვერ მოხერხდა სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება. პრობლემები რჩება მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებშიც, რომელთა გადაჭრის გარეშეც არჩევნებზე ამომრჩეველთა თავისუფალი ნების დაფიქსირება შეუძლებელია. არსებული ვითარების შესაცვლელად საკმარისი არ არის ცალკეული ორგანიზაციების აქტივობა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია, გადავიდეთ ერთობლივ კოორდინირებულ ქმედებებზე“, - ნათქვამია კოალიციის დამფუძნებელთა ერთობლივ განცხადებაში.
წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ აქედანვე აღნუსხავს ადამიანის უფლებების ისეთ დარღვევებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ქართულ პოლიტიკაში ახალი სუბიექტის - ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ. მას შემდეგ, რაც ცნობილმა მილიარდერმა და მეცენატმა პარტიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, ხელისუფლებამ, როგორც პირადად ივანიშვილის, ისე მისი მხარდამჭერების დევნა დაიწყო. აქვე, მოყვანილია სხვა პოლიტიკური პარტიების წევრებსა თუ მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებიც. კოალიცია მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში გააგრძელებს ამგვარი ფაქტების მონიტორინგს, რაც საბოლოოდ ერთგვარი ანგარიშის სახეს მიიღებს.
გთავაზობთ, ამ დროისთვის მოპოვებულ დარღვევებს ქრონოლოგიურად:
2011 წლის სექტემბერში ხაშურის რაიონის სოფელ ბრილის სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი ნოდარ კილაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. კილაძე „თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრია. გათავისუფლების შესახებ ბრძანება გაიცა ერთი თვის შემდეგ, რის გამოც პედაგოგს მისი გასაჩივრების საშუალება აღარ მიეცა.
11 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სააგენტომ ჩაატარა წარმოება და დაადგინა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა. „აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა“.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოებამ შეაფასა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დევნად, რადგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოში არც პარტიის შექმნა შეუძლია და არც პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსება. კერძოდ, პარტიას ეკრძალება ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება: სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და მოქალაქეობის არმქონე პირისგან, ამასთან, პრეზიდენტად და დეპუტატად მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება აირჩეს.ასევე, საქართველოს კონსტიტუციით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოსპრეზიდენტობა, პრემიერ-მინისტრობა და პარლამენტის თავმჯდომარეობა არ შეუძლია. კონსტიტუციაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.
სამოქალაქო რეესტრმა საქართველოს მოქალაქეობა, ასევე, შეუწყვიტა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს, რომელიც საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქე უკვე იყო მანამდე, ვიდრე მას საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებდა. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სრულიად გაუგებარი და სამართლებრივი ნონსენსი ამისთვის ამ მოქალაქეობის ჩამორთმევა ახლა. მას, მეუღლისგან განსხვავებით,უფრო მოგვიანებით (თითქმის ორი დღის შემდეგ) ჩამოართვეს მოქალაქეობა, რაც ნიშნავს,რომ ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკოსთა დასჯა-დაშინების ტრადიციას მათი მეუღლეების, დების, დედების დასჯით. ეს სრულიად აღმაშფოთებელი და კატეგორიულად დაუშვებელია.
11 ოქტომბერს საღამოს 10 საათზე წყალტუბოს რაიონის პოლიციამ დააკავა წყალტუბოს რაიონის სოფელ მესხეთის მკვიდრი ირაკლი შალამბერიძე. პოლიციას დაკავების მოტივი არ განუმარტავს. შალამბერიძეს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს. თუმცა, ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების დროს მას პოლიციის შესაბამისი განყოფილების თანამშრომლები ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ისინი დაემუქრნენ, რომ საქმეს გაუფუჭებდნენ მას და მის მამას - მურმან შალამბერიძეს, (რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივისტია), თუ ის არ დაასრულებს მოსახლეობაში „თავისუფალი დემოკრატების“ აგიტაციას და პარტიის გაზეთის გავრცელებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მურმან შალამბერიძემ რამდენიმე თვის წინ მედიის წარმომადგენლებს ჰიბრიდული სიმინდის დაბალმოსავლიანობაზე ინტერვიუ მისცა, რამაც ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. 12 ნოემბერს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები ვითარების გასარკვევად წყალტუბოს პოლიციის უფროსს მალხაზ მჟავიას შეხვდნენ. „თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, პოლიციის უფროსს არ უარუყვია შალამბერიძის დაკავების რეალური მოტივი, მან აღიარა, რომ მათი მიზანი არა ირაკლი შალამბერიძის დაკავება, არამედ ამით გარკვეული სიგნალი გაუგზავნეს მის მამას. საუბრის ბოლოს კი მალხაზ მჟავიამ „თავისუფალ დემოკრატებს“ უთხრა, რომ „ამას ითხოვს მისი სამსახური და რომ ეს მისი მოვალეობაა“.
11 ოქტომბერს თბილისში დააკავეს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ფონდის დირექტორის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი. იმავდროულად დედოფლისწყაროს პოლიციამ გაჩხრიკა დედოფლისწყაროში ძნელაძის ქუჩაზე მდებარე თამაზაშვილის სახლი.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ეკა ბესელიას განცხადებით, თამაზ თამაზაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. მას „იარაღი ჩაუდეს“ და წინასწარი პატიმრობა ამის საფუძველზე შეუფარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში თამაზაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
თამაზ თამაზაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი იყო.
თამაზ თამაზაშვილის დაკავების პარალელურად, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სამსახურიდან გაათავისუფლეს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის, ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა. ტარიელ ღარიბაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ტარიელ ღარიბაშვილმა განცხადება თვითონ დაწერა.
18 ოქტომბერს, 17:00 საათზებანკ „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისიდან გამოსულ ბანკ „ქართუს“ ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სპეცდანიშნულებისა და პოლიციის თანამშრომლები, იარაღისა და ძალის გამოყენებით დააკავეს ბანკ „ქართუს“ ექვსი თანამშრომელი და წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა „ქართუს“ საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით თანხა. დაკავებულთა შორის იყვნენ ბანკი „ქართუს“ თანამშრომლები, მოლარეები - ინგა ჯავახია, ირმა ქეთიშვილი, ლია მაღრაძე, ნატო დავითულიანი, ინკასატორები - არჩილ ჯაფარაშვილი და ზაზა ყაველაშვილი. დაკითვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. შსს-მ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. „ბანკ ქართუს“ ცნობით, სამართალდამცავების მიერ ჩამორთმეულ იქნა ბანკი „ქართუს“ კუთვნილი VOLKSWAGEN-ის ტიპის საინკასაციო შეჯავშნული მანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით BAT 963 და ბანკის სალაროს გამაგრების მიზნით გადასაზიდი ბანკის კუთვნილი ფულადი სახსრები 2 000 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 ევროს ოდენობით, რაც ბანკ „ქართუს“ აქამდე არ დაბრუნებია. ბანკი „ქართუს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტის დროს პოლიციელები იყვნენ სამოქალაქო ფორმაში, ზოგი მათგანი კი - ნიღბით, რითაც დაარღვიეს კანონი „პოლიციის შესახებ“, ასევე - საპროცესო წესები დაკავებისა და სხვა უფლება-მოვალეობების თაობაზე. არსებობდა ცეცხლის გახსნის საშიშროება ბანკის ინკასატორების მხრიდან, რადგან შესაძლოა, უფორმო პოლიციელები კრიმინალებად ჩაეთვალათ.
19 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა ბანკი „ქართუს“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო და მოტივად შსს-ს მიერ აღძრული საქმე დაასახელა.
19 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია მეგობრის - DJ Rembo-ს დაკავების შესახებ. მომღერლის ცნობით, პოპულარული დიჯეის, ლევან მდინარაძის დაკავების მიზეზი „ქართული ოცნების“ მაისურების დარიგება გახდა. PR საკითხებში ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის,ზურაბ ბიგვავას ცნობით, მდინარაძე ღამის 01:00 საათზე, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, ლევან მდინარაძე წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
22 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპოზიციონერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი დააკავეს. მას საქართველოში ჩამოჰქონდა დოკუმენტაცია, რომელიც ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს. ივანიშვილის პრეს-სამდივნოს ცნობით, ქართველმა სამართალდამცველებმა ლევინს გამოძიების დასრულებამდე საქართველოს დატოვება აუკრძალეს. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ იგი გვიან ღამით გაათავისუფლეს. ვალერი ლევინს ჩხრეკისას ჩამოართვეს და ექსპერტიზაზე გადააგზავნეს მინერალური ქვები, რომელიც მან საქართველოში ჩამოიტანა. ადვოკატმა როცა იკითხა, რატომ დააკავეს ლევინი, უპასუხეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს, მას მოსკოვიდან საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერება შემოჰქონდა. სინამდვილეში ლევინს ბიძინა ივანიშვილის 14 წლის შვილისთვის, გვანცასთვის ჟურნალი „ქვისენერგია“ მოჰქონდა. ჟურნალს თან ფერადი ქვები მოჰყვება და ივანიშვილის ქალიშვილი ამ კრისტალებს აგროვებს. ორი დღის შემდეგ შსს-მ გაავრცელა განცხადება ირონიული კონტექსტით: „22 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვალერი ლევინს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა აღმოაჩნდა. ლევინის განცხადებით, მოცემული მინერალები და ლიტერატურა ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისათვის გამოიყენებოდა. აღნიშნული მინერალები ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ მოცემული მინერალები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ოკულტური მინერალები და ლიტერატურა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა“.
24 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადების გავრცელების გამო, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ზაქარია ქინქლაძეს სამეწარმეო საქმიანობისთვის ნაქირავები ფართის დაცლა მოსთხოვეს. განცხადების გავრცელებიდან მეორე დღეს, 25 ოქტომბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს მისი შვილი ლევან ქინქლაძე.
ზაქარია ქინქლაძემ, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება 24 ოქტომბერს გაავრცელა. იმავე საღამოს, მას სახლში იმ ფართის მეპატრონის შვილი ესტუმრა, სადაც ქინქლაძეების ოჯახს საკანცელარიო მაღაზია ჰქონდა განთავსებული. ზაქარია ქინქლაძის გადმოცემით, ფართის მეპატრონის შვილი გია ქისიშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. მისგან კომერციული ფართი იჯარით ჰქონდა აღებული ნოტარულად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლამდე. მიუხედავად ამისა, 24 ოქტომბერს, საღამოს, გია ქისიშვილი მასთან სახლში მივიდა და მაღაზიის დაცლა მოსთხოვა. მეორე დღეს კი, დილით, მაღაზიასთან დახვდა და კვლავ უთხრა, ფართი სასწრაფოდ დაეცალა.
ზაქარია ქინქლაძის შვილი ლევან ქინქლაძე, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრში მუშაობდა და 24 ოქტომბრიდან შვებულებაში იმყოფებოდა, 25 ოქტომბერს დილით სამსახურში დაიბარეს. საკოორდინაციო ცენტრის უფროსის, ლევან ახალაურის მოადგილემ, თეონა ქალდანმა მას სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა. მიზეზი, რის გამოც განცხადება უნდა დაეწერა, არ უთხრეს.
ზაქარია ქინქლაძე არ გამორიცხავს, რომ მასსა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა სხვა ფორმითაც გაგრძელდეს. ამიტომ, იგი აპირებს, რეაგირებისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართოს.
აღსანიშნავია, რომ ზაქარია ქინქლაძე არჩევნების წინ ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული. კერძოდ, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი ციხეში 4 თვით გამოკეტეს ბრალდებით, თითქოს მის მიერ დაფუძნებული სამსახური 2 წელიწადში 130 ლარით აზარალა. რეალურად, ხელისუფლების მიზანი იყო, მას არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.
28 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად,ზედამხედველობის საქალაქო სამსახური „ქართუ ჯგუფს“ ერეკლე მეფის მოედანზე როსტომ მეფის სასახლეში სარემონტო სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არაძლევს. „ქართუ ჯგუფის“ იურისტის განმარტებით, ობიექტი „ქართუ ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალმა კომპანიამ „ახალმა კაპიტალმა” 2009 წელს შეიძინა და მრავალფუნქციური ბიზნესცენტრის სარემონტო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დაასრულა. 1 სექტემბერს კი დედაქალაქის მერიას ობიექტის შემოწმება სთხოვა, რათა შემდგომ შენობის ექსპლუატაციაში შესვლა ყოფილიყო შესაძლებელი. კანონის მიხედვით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები როსტომ მეფის სასახლეში 13 ოქტომბრამდე უნდა მისულიყვნენ, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ერეკლე მეფის მოედანზე მხოლოდ 26 ოქტომბერს გამოცხადნენ და მუშებს მშენებლობის შეწყვეტა მოსთხოვეს. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა როსტომ მეფის სასახლედ წოდებულ მრავალფუნქციურ ბიზნესცენტრში სარემონტო სამუშაოების შეჩერების მიზეზად არასწორად წარმოებული სამუშაოები დაასახელა.
პრობლემა შეექმნა „ქართუ ჯგუფის“ კიდევ ერთ ობიექტს - ერეკლეს მოედანზე მდებარე 3000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს. აღნიშნული ფართობი „ქართუ ჯგუფში“ შემავალმა კომპანიამ „ახალმა კაპიტალმა“ სახელმწიფოსგან 2010 წელს 59 წლის ვადით შეისყიდა და იქ მიწისქვეშა ავტოფარეხის გაკეთებას გეგმავდა. ავტოფარეხის მშენებლობაზე არსებობდა დედაქალაქის მერიისგან წინასწარი ნებართვაც. გვირაბის მშენებლობა 2010 წლის 26 მაისისთვის დასრულდა და იქ მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები იყო დარჩენილი. როგორც ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში განმარტა, „ახალმა კაპიტალმა“ 26 ოქტომბერს თბილისის მერიისგან მიიღო ელექტრონული შეტყობინება, რომ ძალადაკარგულია დადგენილება, რომლითაც თბილისის მერიასა და „ახალ კაპიტალს“ შორის აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმება განისაზღვრა. შესაბამისად, თბილისისმთავრობაკომპანიასობიექტისგათავისუფლებასსთხოვდა.
2 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტში დააკავეს „ქართუ ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი საქველმოქმედო-სამშენებლო ორგანიზაცია „ატუს“ კუთვნილი ტვირთი. ტვირთში შედიოდა ორი ტრანსფორმატორი, მაღალი ძაბვის ორი გამანაწილებელი და სავენტილაციო მოწყობილებები. სავენტილაციო მოწყობილობები რუსთავში, მარტყოფსა და დიდ დიღომში მშენებარე რაგბის სტადიონებისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო ტრანსფორმატორები და მაღალი ძაბვის გამანაწილებლები- საჩხერის სამედიცინო ცენტრისთვის, რომლის მშენებლობასაც „ატუ“ რამდენიმე თვეში დაასრულებს. ივანიშვილის პრეს-სამდივნოს განცხადების საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურმა განმარტა: „ეს მხოლოდ ჩვეულებრივი საბაჟო პროცედურები იყო. ტვირთი დაკავებულიც კი არ ყოფილა, მხოლოდ პროცედურები გაიარა და ახლა თავისუფალია“.
6 ნოემბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს ბიძინა ივანიშვილის დისშვილის მეგობარი ზაზა კობახიძე. იგი ამ დროს სამების საკათედრო ტაძარში კობახიძეების გვარის კურთხევაზე მიდიოდა. ივანიშვილის პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, ზაზა კობახიძე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი დაკითხვაზეც იმყოფებოდა. სამართალდამცველებს მისგან აინტერესებდათ, თუ რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ივანიშვილის დისშვილთან. კობახიძემ მათ აუხსნა, რომ ივანიშვილის დისშვილთან ბავშვობიდან მეგობრობდა და ისინი წარმოშობით ერთი სოფლიდან იყვნენ.
ზაზა კობახიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ოფიციალურ ბრალად მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარება წაუყენეს.
7 ნოემბერს „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი გიზო სართანია იმყოფებოდა სოფელ ჯიხაშკარში. 4-5 დღით ადრე იმავე სოფელში იგი მოსახლეობაში ავრცელებდა სააგიტაციო მასალას. საღამოს 17.00 საათისთვის იგი გააჩერა პიკაპის ტიპის მანქანამ, საიდანაც გადმოვიდა სამი პიროვნება, ერთი სამხედრო ფორმით, ორი სამოქალაქო ტანსაცმელში, ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა ავტომატური იარაღი. მანქანა იყო უნომრო. მანქანიდან გადმოსულმა იარაღიანმა აგალგაზრდა მამაკაცმა გიზო სართანიას გამომწვევი ტონით საუბარი დაუწყო. ის, სავარაუდოდ, ნასვამი იყო, აგინებდა ირაკლი ალასანიას, მოიხსენეიბდა „ცრუ“-ს და „გრუ“-ს აგენტად. მან სართანიას უთხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო რამდენიმე დღის წინ გიზო სართანიას ჯიხაშკარში ყოფნისა და მის მიერ გაზეთების გავრცელების შესახებ; დაემუქრა, თუ კიდევ ნახავდა სოფელში, მანქანას დაუცხრილავდა. ინციდენტი გრძელდებოდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. გიზო სართანიას შეუძლია აღნიშნული პირის ამოცნობა.
8 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამმართველოში გიზო სართანიამ შეიტანა განცხადება მომხდართან დაკავშირებით და მისცა დაწვრილებითი ჩვენება. „თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, დღეისათვის პოლიციელების მხრიდან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათი შედეგების თაობაზე მათთვის ცნობილი არ არის.
8 ნოემბერს „თავისუფალი დემოკრატების“ გორის რაიონის აქტივისტს, დიანა მარიამიძეს სახლში მიაკითხა ოთხმა ადამიანმა - თენგიზ ჟიჟნიაშვილმა (ბერბუკის დასახლების მამასახლისი), ზაქრო ყოჩიშვილმა (ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი), კოტე რომელაშვილმა (ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი) და ათო ოქროპირიძემ (ქურთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი), რომლებიც ემუქრებოდნენ ქალბატონს და აფრთხილებდნენ, რომ, თუ ის „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობას არ შეწყვეტდა, „მისი ცხოვრება გახდებოდა აუტანელი“. ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე, 7 ნოებერს, სწორედ დიანა მარიამიძემ გაუკეთა ორგანიზება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას მოსახლეობასთან შეხვედრას გორის რაიონის ბერბუკის დასახლებაში, რასაც მოჰყვა კიდეც მასზე ზეწოლის ფაქტი.
21 ნოემბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახმეტის პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ქისიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს,ზაქარია ქინქლაძეს სასამართლოში უჩივლა. ქისიშვილი ქინქლაძეს იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევაში იქით ადანაშაულებს და მისგან 1500 აშშ დოლარის გადახდას ითხოვს. ამასთან, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით, პოლიცია ზაქარია ქინქლაძის დაკავებას აპირებს. თუმცა, ამ საკითხზე ახმეტის პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.
2011 წლის ნოემბერში ხაშურის რაიონის სოფელ ალის საჯარო სკოლის დირექტორმა თემურ ყულიჯანაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა „თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრის, ნოდარ კილაძის მეუღლე, რომელიც ამ სკოლის გერმანულ ენის პედაგოგი იყო. ორი თვით ადრე თავად ნოდარ კილაძეც სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამავე პერიოდში ხაშურის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ლომიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა უცხო ენის პედაგოგი ქეთევან ხარაზიშვილი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, ზაალ ფცქიალაძის მეუღლეა.
ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ლანაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ცხადაშვილი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ცხადაშვილის დაა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, პედაგოგების გათავისუფლების შესახებ დირექტივა სკოლის დირექტორებს განათლების სამინისტროს ხაშურის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან გუგბერიძემ მისცა. „თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციითვე, პედაგოგების გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
დეკემბრის დასაწყისში საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბიძინა ივანიშვილის მშობლიური მუნიციპალიტეტის - საჩხერის პოლიციის უფროსი - გოჩა ბახტურიძე და პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. როგორც „პირველს“ ადგილობრივებმა აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისადმი ბახტურიძის დამოკიდებულება და მათი კავშირები გახდა: „ბახტურიძე ივანიშვილის კადრად მოიაზრებოდა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ბახტურიძეს პოლიციის რამდენიმე თანამშრომელიც მიჰყვა. გაჟონა ინფორმაციამ, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ისეთი დავალებების შესრულება დაავალეს, რომელიც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა“.
იმავე დღეს საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლის - ჭორვილას საჯარო სკოლის დირექტორი ნუკრი გოგატიშვილი. „პირველის“ წყაროს ინფორმაციით, გოგატიშვილმა ერთ-ერთ სუფრაზე ივანიშვილის სადღეგრძელო დალია, რასაც მისი გათავისუფლება მოჰყვა.
გარდა ამისა, როგორც „პირველის“ წყარო აცხადებს, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს მოუწოდებს, ივანიშვილის მიერ გამოყოფილ ყოველთვიურ დახმარებაზე ნებაყოფლობით უარი თქვან. ასეთ დახმარებას სოფელ ჭორვილაში დღემდე იღებენ, მათ შორის - სახელმწიფო მოხელეთა ოჯახების ახლობლებიც.
5 დეკემბერს თელავის რაიონულ სასამართლოში დასრულდა რესპუბლიკური პარტიიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ზაქარია ქინქლაძის წინააღმდეგ ახმეტის პოლიციის თანამშრომლის, გიორგი ქისიშვილის სარჩელის განხილვა. პროცესზე მხარეებს შორის მორიგება არ შედგა. ზაქარია ქინქლაძე თანახმა იყო, ქისიშვილისთვის 1500 აშშ დოლარი გადაეხადა 6 თვის ვადაში, ოღონდ იმ პირობით, რომ ქისიშვილი მას კომერციულ ფართში დაბრუნების და სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების უფლებას მისცემდა, რაზედაც მოსარჩელემ უარი თქვა. ქინქლაძის ამ განცხადების შემდეგ, ქისიშვილმა აღნიშნა, რომ მას ბანკში ცხრა ათასლარიანი ვალი აქვს და სარჩელს უკან გაითხოვს, თუ ზაქარია ქინქლაძე ამ ვალს დაფარავს. ქისიშვილმა განაცხადა, რომ საბანკო დავალიანება ზაქარია ქინქლაძეს უკავშირდება, ოღონდ არ დააკონკრეტა, როგორ. სასამართლო გადაწყვეტილებას 13 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
13 დეკემბერს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ქეთინო ლუაშვილმა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნების ნაცვლად, მიიღო გადაწყვეტილება, საქმის განხილვა გაგრძელდეს. მისი თქმით, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა მისი და მოპასუხის საუბრის აუდიო ჩანაწერი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის გამოკვლევის სტადიიდან განახლება აუცილებელი გახდა.
„5 დეკემბრის სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოსარჩელე გიორგი ქისიშვილმა სასამართლოს წარუდგინა მისი და ზაქარია ქინქლაძის საუბრის აუდიო ჩანაწერი, რომელსაც სასამართლომ შინაგანი რწმენის შექმნის მიზნით მოუსმინა. აუდიო ჩანაწერმა ბევრი კითხვა დაბადა. საქართველოს საპროცესო კოდექსის 216–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქმის განხილვა გაგრძელდეს მტკიცებულებების გამოკვლევის სტადიიდან. აღვნიშნავ, რომ ეს აუდიოჩანაწერი მტკიცებულებად არ იქნება მიღებული, რის გამოც მისი სხდომაზე მოსმენა არ მოხდება. აუდიოჩანაწერის ასლი მოპასუხე მხარესაც გადაეცემა, რომ მოისმინონ და კითხვები თავადაც მოამზადონ,“ - განაცხადა ქეთი ნოლუაშვილმა. მოსამართლემ სასამართლო სხდომა 20 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა.
12 დეკემბერს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა, წილკნის სათესლე მეურნეობის ხელმძღვანელის, იოსებ კავსაძის განცხადებაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ წილკნის სათესლე მეურნეობის თანამშრომლებზე პოლიცია ზეწოლას ახდენს. მეურნეობა ბიძინა ივანიშვილის კომპანია „აგრო ქართუს“ ეკუთვნის. იოსებ კავსაძის განცხადებით, მეურნეობის თანამშრომლებზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა.
„მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა, ჩვენს თანამშრომლებს მუდმივად ავიწროვებენ. არ ვიცი, კონკრეტულად რომელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან ეს ადამიანები - შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თუ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ისინი შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოდან არიან. მეურნეობასთან მუდმივად პატრულირებს რამდენიმე მანქანა. ხან ერთი თანამშრომელი გაჰყავთ დაკითხვაზე, ხან მეორე. რამდენიმე თანამშრომელს სახლში ღამით მიაკითხეს. დაკითხვა, ძირითადად, ჩვენს საქმიანობას ეხება. რაც მთავარია, ყველას აფრთხილებენ, რომ ამ საუბრის შესახებ არავინ უნდა გაიგოს“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი იოსებ კავსაძე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურმა კომენტარზე უარი უთხრა.
14 დეკემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის ვაჟი, 19 წლის ზურაბ ცაგარეიშვილი უცნობმა პირებმა კავსაძის ქუჩაზე საკუთარ სადარბაზოში სცემეს. გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, 4-5 უცნობი ადამიანი მის ვაჟს თავს იმ დროს დაესხა, როცა ის სახლში ბრუნდებოდა. დეპუტატის ცნობით, ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ. ზურაბ ცაგარეიშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ტვინის შერყევა და სახის არეში დაზიანებები დაუდგინდა. გიორგი ცაგარეიშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. დეპუტატის განცხადებით, ეს არის ანგარიშსწორება, რომელიც თანდათან უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს და მძიმე და ტრაგიკულ მოვლენებში გადაიზრდება, რადგან „მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და დანარჩენები ყველაფერზე წამსვლელები არიან“.
„თავდასხმა ძარცვის მიზნით არ განხორციელებულა, რადგან არ წაუღიათ საფულე და მობილური ტელეფონი. „თავისუფალი დემოკრატები“ მოვითხოვთ, უმოკლეს დროში მოხდეს დამნაშავეების დადგენა და დაკავება. პირველ რიგში, უნდა მოხდეს კავსაძის ქუჩაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ფირების ამოღება. იმედს ვიტოვებთ, რომ განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსის ოჯახის წევრზე თავდასხმის ფაქტს ხელისუფლება მთელი სერიოზულობით მოეკიდება, რათა გამოირიცხოს ყველა ეჭვი, რომ ეს თავდასხმა გიორგი ცაგარეიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას და ბოლო დროინდელ აქტიურობას უკავშირდება,“ - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ ოფიციალურ განცხადებაში.
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას მოსახლეობასთან შეხვედრებისას პარტიის რაიონული ორგანიზაციების წევრებსა და მხარდამჭერებზე ხორციელდებოდა ზეწოლა და თვალთვალი. „თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, თვალთვალი მიმდინარეობდა მანქანებიდან, რომლებსაც ჰქონდა შემდეგი სანომრე ნიშნები: თბილისში - ვერცხლისფერი ტოიოტა რავ 4 (IBJ 513), Nissan (MCM 985), ვერცხლისფერი მერსედესი (KJK 889); გორში - თეთრი მიცუბიში (HWH 579); ჩოხატაურში - Hyndai (ZFZ 979), Mitsubishi Pajero (VJV 880); წალენჯიხაში - ბორდოსფერი ოპელი (WLW 875), ცისფერი ოპელი (WLW 380), ლურჯი მერსედესი (AVA 818); მარტვილში - ლურჯი ოპელი და მერსედესი; დაბა ჯვარში - ღია ცისფერი ჯიპი Cherokee (ABW 995). წყალტუბოში ირაკლი ალასანიას მოსახლეობასთან შეხვედრას წყალტუბოს პოლიციის უფროსი საკუთარი ავტომანქანიდან ადევნებდა თვალს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციითვე, მარტვილისა და ლენტეხის რაიონებში დაუდგენელი პირები (სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოებიდან) დაემუქრნენ პარტიის აქტივისტებს და მოსთხოვეს, არ მიიღონ მონაწილეობა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერების შეხვედრებსა და მის ორგანიზებაში. ამ ფაქტებთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატები“ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თავიანთი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოლო პერიოდში სამსახურიდან დაითხოვეს შემდეგი საჯარო სკოლის პედაგოგები:
კარინე თადევოსიანი- ახალქალაქის საჯაროსკოლა N 4 (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
ვაჰაგან რსტაკიანი- ახალაქალის საჯარო სკოლა N1 (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
აგჰუნიკ გაბრიელიანი- ვაჩანის საჯარო სკოლა (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
რუზანა ერემიანი - ახალქალაქის საჯარო სკოლა N4 (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
ვარდუჰ მურადიანი- სოფ. გადოს საჯარო სკოლა (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
ემა ანტონიანი - სოფ.სატიკას საჯარო სკოლა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
პედაგოგების ინფორმაციით, გათავისუფლების რეალური მიზეზი იყო მათი განსხვავებული აზრის ქონა და დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, ასევე, მათი ურთიერთობა სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან თუ წარმომადგენლებთან. რაც შეეხება ოფიციალურ მოტივს, სკოლების დირექტორების განცხადებით, ეს პედაგოგები იყვნენ არაპროფესიონალები და არ ჰქონდათ განათლების სათანადო დონე.
მასალა მოამზადეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა, საქართველოს მედია კლუბმა და სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრმა.
კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მიერ მოპოვებული მასალები რეაგირებისთვის გადაეგზავნება საქართველოს სახალხო დამცველს, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.