მოახლოებულ არჩევნებზე გამკაცრებულ რეპრესიებს ელოდებიან

მოახლოებულ არჩევნებზე გამკაცრებულ რეპრესიებს ელოდებიან


პოლიტიკურ ბრძოლაში ახალშემოსულ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, როგორც წყარო ამბობს, ყველაზე მეტი მხარდამჭერი გურიაში ჰყავს. ეს, რაღა თქმა უნდა, ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და წინასაარჩევნო პერიოდში გურულები პოლიტიკურ რეპრესიებსა და უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტების გამოვლინებას ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ანალოგიურად ხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ხელმოწერებს ჩვენს რეგიონში აგროვებდა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონულ სამმართველოში დაიბარეს და ახნა-განმარტება ჩამოართვეს.

როგორც გურული ოპოზიციონერები ვარაუდობენ, შესაძლოა, გურიის ე.წ. ზედამხედველის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებაც რეპრესიების ტალღის მოახლოებას უკავშირდებოდეს. როგორც ერთ-ერთ გაზეთთან საუბარში ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, 2012 წლის განმავლობაში, კვირაში, მინიმუმ, სამ დღეს გურიაში გაატარებს. მიზეზების დაკონკრეტება საჭირო არ არის _ ყველას კარგად ახსოვს ბოლო ორი არჩევნები, ნიკოლაიშვილის "ხელგაშლილობა", დახარჯული მილიონები და სხვადასხვა ფორმით გახორციელებული რეპრესიები.

ნიკოლაიშვილის ეს განცხადება ოპოზიციონერ მარინე სუნგულიას აფიქრებინებს, რომ ხელისუფლება გურიის რეგიონში ახალი "ინკვიზიციის" ჩამოყენებას აპირებს: - ანალოგიურად მოიქცნენ წინა ორ არჩევნებზეც. ეს ბრძოლა იქნება უპრეცედენტო, რადგან ეს არამარტო ხელისუფლების ცვლასთან, თანამდებობების დაკარგვასთანაც არის დაკავშირებული. ამ ხელისუფლების ჩინოსნების დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, რომ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი და პასუხისმგებლობის ეშინიათ. გურიაში დიდი რაოდენობის ამომრჩეველი არ არის, თუმცა, ამ ხელისუფლებისთვის ცნობილია გურულების დემოკრატიული განწყობა, რაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო. ვფიქრობ, რომ სწორედ ამის შემდეგ მოავლინეს ჩვენი რეგიონის მეურვედ ნიკოლაიშვილი და მისი ზონდერბრიგადები, - თქვა "გურია ნიუსთან" საუბარში მარინე სუნგულიამ.

"გურიის თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი თემურ სალუქვაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ხელისუფლებიდან ისინი გონიერ ნაბიჯებს არ ელოდებიან და ამტკიცებს, რომ თავის პარტნიორებთან ერთად მყარად დგანან ქვეყნის ტოტალიტარული რეჟიმისგან განთავისუფლების გზაზე: - ამ გზაზე ბრძოლის რა მეთოდს შემოგვთავაზებს არსებული ხელისუფლება, წინასწარ არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენი ამოცანაა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მაღალი რანგის ჩინოვნიკების, და მათ შორის, ნიკოლაიშვილის გურიაში ყოფნას თუ არყოფნას - ისინი ყველანაირად მოწყვეტილნი არიან რეალობას და ცხოვრობენ ვირტუალურ სამყაროში. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ხალხთან ერთად. ბატონ ნიკოლაიშვილს, შესაძლებელია, თავისი ხელქვეითების შემწეობით, არ ჰქონდეს სწორი წარმოდგენა გურიასა და გურულებზე, მაგრამ მე მინდა ის დავარწმუნო, რომ გურულები გამჭრიახი და გონებამახვილი ხალხი ვართ. სწორ და სამართლიან გზიდან ჩვენ ვერავინ ვერ გადაგვიყვანს, - აცხადებს თემურ სალუქვაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლელა ნაცვალაძე ნიკოლაიშვილის ამგვარ განცხადებებს მოახლოებულ არჩევნებთან პირდაპირ კავშირში აღიქვამს: - დღეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ნათლად უნდა ხედავდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სრულიად ცვლის არსებულ რეალობას. დღეს საქართველოში იკვეთება ორი პოლუსი -  ერთის მხრივ, ქვეყნის გამყიდველი ხელისუფლება და მეორეს მხრივ, საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლამდე, საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მხოლოდ ერთს დავასახელებ - ააგო უძვირფასესი და უდიდესი საგანძური ქართველი ერისთვის  სამების ტაძარი. მართალია, გურიის ე.წ. როგორც ხელისუფლება მიიჩნევს, "საარჩევნო ხმები" იმდენად მცირეა, რომ მათთვის დიდად საინტერესო და მომგებიანი ამ კუთხით ჩვენი რეგიონი არაა, თუმცა, ეს შეხედულება 2008 წლის წაგებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რამაზ ნიკოლაიშვილის და მისი გარემოცვის დესანტის ჩვენს რეგიონში "გადმოსხმამ" გააქარწყლა. მაშინ ნიკოლაიშვილი რეგიონში 10 მილიონი ლარით ჩამოვიდა და ყოველდღე, ხელგაშლილად ეწეოდა "ქველმოქმედებას", განსაკუთრებით ეკომიგრანტებით და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა თუ დაბებში, - გვითხრა ლელა ნაცვალაძემ.

მისი თქმით, ის ადასტურებს, რომ ივანიშვილს მართლაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს გურიის რეგიონში, ამის თქმის საბაბს პროცესებში ჩართულობა აძლევს: - იმდენად კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ხელისუფლება ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, რომ მისთვის თითოეული ხმა უკვე მნიშვნელოვანია. აქვე მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ, თურმე, ის მომავალ წელს, ფაქტობრივად, გურიაში გაატარებს, ანუ მას ამ არჩევნებზე უფრო მეტი დატვირთვა ექნება, ვიდრე სხვა არჩევნების დროს. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მომდევნო წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დროს, რეპრესიები იმაზე მეტად გამძაფრდება, ვიდრე ეს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების პერიოდში ხდებოდა. დღეს ხელისუფლება უპირისპირდება არა ჯიბეგამოცარიელებულ ოპოზიციონერებს, არამედ ადამიანს, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი ქველმოქმედება აქვს გაწეული მთელ საქართველოში. მინდა ვურჩიო ბატონ რამაზს, რომ გურიაში ჩამოსვლის და საარჩევნო კამპანიის გაჩაღების ნაცვლად, თავის გადარჩენაზე იზრუნოს, რადგან ყველა ბინძური საქმე, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, სწორედ მისი ხელდასმით არის შესრულებული, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა.