ცაგარეიშვილის ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ უერთდება

ცაგარეიშვილის ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ უერთდება

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი მის ფრაქციასთან ითანამშრომლებს. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა presage.tv-სთან საუბრისას ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა და მომავალი ურთიერთობების გეგმებზე იმსჯელეს.

კონკრეტულად ვინ შეხვდა ივანიშვილს და მათი თანამშრომლობა რა ფორმას მიიღებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა.

გია ცაგარეიშვილი: ბატონ ბიძინას დიმიტრი ლორთქიფანიძე, კარლო კოპალიანი, თამაზ დიასამიძე და მე შევხვდით. შეხვედრის აუცილებლობა ორივე მხრიდან დაახლოებით ერთი კვირის წინ გამომჟღავნდა. “ქართული ოცნების” დაფუძნებამ ეს, უბრალოდ, დროში გადადო.

რაც შეეხება ჩვენი შეხვედრის თემას, საუბარი იყო მიმდინარე საკითხებზე, როგორიც არის კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. საუბარი იყო იმ საკანონმდებლო ცვლილებების იმ კასკადზე, რომელიც პარლამენტში უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში განხორციელდა და თქვენ იცით ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით, რომ უფლებების დამძიმებისა თუ ლიბერალიზაციის კუთხით, ეს მხოლოდ იმიტომ არის გაკეთებული, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. მე ხაზს ვუსვამ - ორივე მიმართულებით.

პირველი მიმართულება, რა თქმა უნდა, შეეხება ბანკ „ქართუს“ ხელყოფის თვალში საცემ ფაქტებს და მთელ იმ მაფიოზურ სქემას, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდი.

მეორე მიმართულება კი უკვე ეხება ცვლილებების კასკადს, დაწყებული საგადასახო ცვლილებებიდან, რომელიც ეხება მცირე ბიზნესისთვის ფიქსირებული გადასახადის შემოღებას და დამთავრებული ამინისტიებითა და სხვადასხვა განსახორციელებელი პროექტებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, რატომღაც, მხოლოდ ახლა გაახსენდა.

მე მინდა, ერთი სიახლის შესახებაც გამცნოთ, - დღედღეზე ანტინარკოტიკული კანონმდებლობის მიღებასაც აპირებენ საქართველოს პარლამენტში ან ახლა, ან საგაზაფხულო სესიაზე. „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებისთვის ამ ძალიან მტკივნეულ თემას მხოლოდ ახლა, არჩევნების წინ მიუბრუნდა. იქამდე ნარკომანები კრიმინალები იყვნენ და ახლა ის პატიმრები, რომლებც ამის გამო ჰყავთ დაჭერილი, ავადმყოფები ხდებიან.

ეს, უბრალოდ, ერთი ნიუანსია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველაფერი ხდება საარჩევნოდ, რათა ხელისუფლებამ არჩევნებისთვის აბსოლუტურად შეიცვალოს იმიჯი და გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, უფრო ადამიანური ანუ საბოლოო ჯამში ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო მისაღები გახდეს. ეს კი, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ხდება იმიტომ, რომ შეიქმნა „ქართული ოცნება“, ბატონი ივანიშვილი უკვე დაფიქსირდა, როგორც უალტერნატივო ლიდერი ოპოზიციურ სპექტრში.

ეს შეხვედრა ფრაქციასთან შეხვედრის ფორმატით გაიმართა თუ ცალკეულ დეპუტატებთან?

- ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა, რომ უპარტიო დეპუტატებს შეხვედროდა. როგორც იცით, ჩემს მიერ დასახელებული სამივე დეპუტატი უპარტიოა.

თქვენ?

- ჯერჯერობით, მე გახლავართ ამ ფრაქციის წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა სწორედ ჩემი მეშვეობით შედგა. ოღონოდ, სწორედ ამ ჭრილში უნდა განიხილოთ ეს შეხვედრა, რომ ივანიშვილის სურვილი იყო, შეხვედრა ამ ფორმატით გამართულიყო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ფრაქციის დანარჩენ წევრებთან მსგავსი შეხვედრა მომავალში გაიმართოს. ეს ბატონი ივანიშვილის გადასაწყვეტია. მან უნდა გადაწყვიტოს, ვისთან და რა ფორმატით სურს შეხვედრა.

ამ შეხვედრაზე რამე გადაწყვეტილება თუ მიიღეთ? ეს ადამიანები მასთან ხომ არ აპირებენ პოლიტიკურ ურთიერთობას?

- ჩვენ ძალიან ღრმად გავაცანით ის რეალობა, რასთანაც ყოველდღიურად გვიწევს შეხება პარლამენტში. გავაცანით ის პრობლემები, რაც შეგვექმნა ფრაქციის შექმნის დღიდან დაწყებული დღემდე. რა თქმა უნდა, ეს არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. მას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა მიართულებებით უნდა ითანამშრომლოს ფრაქციასთან. ჩვენ მართალია შეზღუდული, მაგრამ მაინც გარკვეული ბერკეტები გაგვაჩნია, რომ ჩვენი აზრი მივიტანოთ საზოგადოებამდე.

ამ ბერკეტებს ფრაქცია ძალიან კარგად იყენებს და ამიტომ ეს მისთვის საინტერესოა. მან ბრძანა, რომ სწორედ ჩვენთან წარმოუდგენია მომავალში ურთიერთობა. თქვენ იცით, რომ, როდესაც ჩვენ ფრქაციას ვაყალიბებდით, ვამბობდით, რომ ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ჭეშამარიტად ოპოზიციაში მყოფ ძალასთან ვითანამშრომლებდით. ცხადია, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ჩემი პოლიტიკური ძალა ფაქტობრივად უკვე გაერთიანებულია წინასაარჩევნო ბლოკში ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ეს კი, ცხადია, ჩვენი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე მოქმედებს და მე ამას არც ვმალავ.

მე ვფიქრობ, ეს შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ორ საათზე მეტ ხანს გასტანა და ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ. მათ შორის რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და ა.შ. რაც მთავარია მომავალ პერსპექტივებზე, თუ რა შეგვიძლია, ჩვენ გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხმა უფრო კარგად გაიგოს, რა მდგომარეობაა საქართველოს პარლამენტში შექმნილი და ამისთვის გამოვიყენოთ „ქართული ოცნების“ რესურსი და პირადად ბატონი ივანიშვილის რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით ამოუწურავია.

ფინანსურ რესურსს გულისხმობთ?

- არა. მე ახლა მატერიალურ რესურსზე ნამდვილად არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ ადამიანურ რესურსზე და იმ რესურსზე, რომელიც ამ უზარმაზარ გაერთიანებას „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბების შემდეგ გაუჩნდა.

როგორც იცით, ათი თემატური ჯგუფია შექმნილი და შევთავაზეთ, რომ ჩვენი ფრაქციის წევრები გადანაწილდნენ ამ ჯგუფებში და ეს შეთავაზება მიღებულია. ფრაქციის იმ წევრებს, რომლებსაც უნდათ, რომ ჯგუფებში გაერთიანდნენ, პარტიულ კუთვნილებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ანუ ეს არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და მინდა, გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა.

კონკრეტულ გეგმებზე თუ ისაუბრეთ?

- მას აქვს მწყობრად ჩამოყალიბებული გეგმები ძალიან ბევრი მიმართულებით, დაწყებული საარჩევნო კანონმდებლობით და დამთავრებული სხვადასხვა საპროგრამო ნაწილების გაშუქებით დამთავრებული. მას ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი მოძრაობის განვითარება. ასევე სხვა პარტიებთან ურთიერთობა.