ლავროვი ცდილობს, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ  საქართველოს მხარდაჭერა საშიშია

ლავროვი ცდილობს, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ საქართველოს მხარდაჭერა საშიშია

ნატოს მიერ „aspirant partners“ ანუ „ასპირანტ პარტნიორ“ ქვეყნებს შორის საქართველოს მოხსენიებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გაღიზიანება გამოიწვია და მისმა მკაცრმა ტონმაც არ დაყოვნა: „მე ღიად გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები იმაზე, რომ მათ ნებით თუ უნებლიედ, კვლავ არ უბიძგონ საქართველოს ამჟამინდელ რეჟიმს 2008 წლის აგვისტოს მსგავსი ავანტიურისკენ. მცირედითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკის გათვალისწინებით, ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისეთი უგუნური და გიჟური გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მან მაშინ მიიღო. ამიტომ გამოვთქვი იმედი, რომ ნატოელები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ისეთი მოვლენების წახალისებას, როგორიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებია”,—განაცხადა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს გარდა, „aspirant partners“-თა სიაში შედის მაკედონია, ჩერნოგორია და ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხოლო 7 დეკემბერს მიღებული, ნატოს ოფიციალური დოკუმენტის მე-12 მუხლში სწორედ ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს შორის გვხვდება საქართველო, როგორც ნატოს წევრობის კანდიდატი პარტნიორი ქვეყანა.

თუ გავითვალისწინებთ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ამასწინანდელ განცხადებას, სადაც მან დაუფარავად განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება იმიტომ გახდა საჭირო, რათა რუსეთს ნატოს გაფართოების მცდელობა აღეკვეთა, ალბათ, ლავროვის მუქარაც ლიტონი სიტყვები არაა. მით უფრო, რომ ცხინვალის რეგიონში დაძაბული ვითარების განმუხტვას კრემლი ვერ ახერხებს, რაც  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განახლების რისკებს ზრდის.

 

საინტერესოა, რომ ლავროვის ამ განცხადების შემდეგ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში ჰილარი კლინტონს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

 

რას ნიშნავს ლავროვის გაფრთხილება კოლეგებისადმი? ამერიკა-რუსეთს შორის  გადატვირთვის პოლიტიკა აღმოჩნდა თუ არა ფარსი? როგორ მოწამლა პუტინის პოლიტიკამ რუსეთის საზოგადოება ნაციონალიზმით?! ყველაფერ ამის შესახებ Presage.tv-ს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი ესაუბრა.

 

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას როგორ შეაფასებთ, რომლითაც ლავროვმა კოლეგები გააფრთხილ, რომ ნებით თუ უნებლიედ, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს მსგავსი ავანტიურისკენ კვლავ არ უბიძგონ. თუ „ნაციონალებს“ დავესეხებით, რომ ლავროვს უბრალოდ წამოსროლილი განცხადებები არ სჩვევია, ალბათ ეს განცხადებაც გარკვეული გზავნილია როგორც ნატოს, ისე საქართველოს მიმართ.

- ვფიქრობ, აქ ყველაფერი ზედაპირზე დევს. ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პოზიცია, რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია, რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის, ამ შემთხვევაში - საქართველოს, ნატოში გაწევრიანება. მთელი ეს დემაგოგია იმის თაობაზე, რომ ნატოს „ასპირანტ ქვეყნად“ (ანუ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნად) საქართველოს მოხსენიებამ ან რაიმე შეპირების მიცემამ და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერის გამოხატვამ, შესაძლოა, კონფლიქტები გაამწვავოს, მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკაა. ეს რიტორიკა მიმართულია იმისკენ, რომ დაარწმუნოს დასავლეთი, თუ რამდენად საშიში ნაბიჯია საქართველოსადმი მხარდაჭერა.

 

გამოდის, რუსეთი რეალურად ამის გამკეთებელი არაა?

- 2008 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი ბევრ რამეზეა წამსვლელი იმისთვის, რომ შეაჩეროს ნატოს მოძრაობა. რუსეთი ბევრ რამეზეა წამსვლელი და ეს 2008 წლის აგრესიამ დაადასტურა, მაგრამ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ჯერჯერობით რუსეთი ცდილობს, ამ პოლიტიკური ზეწოლითა და შანტაჟით აიძულოს ალიანსი, შეწყვიტოს საქართველოს მხარდაჭერა. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში ეს იქნება ალბათ მათი ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური ხაზი.

 

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მაინც აგრესიული ნაბიჯისკენ გადაიხრება, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისას ეს პუტინის კანდიდატურაზე წყალს დაასხამს? მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში დერჟავული ლიდერები ხალხს უყვარს.

- ძნელი სათქმელია... ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ომი ძალიან არაპოპულარულია მსოფლიოში და ნებისმიერი აგრესია დააზიანებს მის ავტორიტეტს, მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ რუსეთის საზოგადოება საკმარისად მოწამლა ისევ პუტინის პოლიტიკამ ნაციონალიზმით და, ვინ იცის, შეიძლება, შიდა კონიუქტურის გათვალისწინებით, გარკვეული აგრესიული ნაბიჯები მას გამოადგეს კიდევაც. ვნახოთ, როგორი იქნება მისი გათვლა.   

 

რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის შესახებ გამოაცხადა ამერიკის ლიდერმა...

- დიახ, კარგა ხანს აცხადებდა, რომ ეს წარმატებული პოლიტიკა იყო.

 

ამერიკა-რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკის თავიდანვე ბევრს არ სჯეროდა, რადგან იცოდნენ, რომ პუტინის რუსეთი გაუთვალისწინებელ ნაბიჯებს როდსმე მაინც გადადგამდა და თავის თავზე კონტროლს დაკარგავდა. დღესდღეობით გადატვირთვის პოლიტიკის არსებობა დამაჯერებელია თუ ეს ყველაფერი სიყალბეა?

- ყველაფერი, რაც რუსეთში უკანასკნელ პერიოდში ხდება (როგორც რუსეთის შიდაპოლიტიკური განვითარება, ისე – რუსეთის დამოკიდებულება მეზობლებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, დასავლეთთან), - ეს ყველაფერი ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ გადატვირთვის პოლიტიკამ შედეგი ვერ მოიტანა. ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, სატრაბახო ამ პოლიტიკის ავტორებს ბევრი არაფერი აქვთ.

 

ცხინვალის ამბებიც ხომ არ იყო იმის კატალიზატორი, რომ ლავროვს ასეთი განცხადება გაეკეთებინა, რადგან რუსეთი ამ რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას პროცესების თავად განკარგვის საშუალებას არ აძლევს.

- ალბათ გადაჭარბება იქნება, რომ ამ მოვლენებში კატალიზატორი დავინახოთ, თუმცა, რაც ცხინვალში მოხდა, ეს რუსული პოლიტიკის სერიოზული მარცხი გახლდათ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს მმართველ ელიტაში, ეს უდაო ფაქტია. უკვე მერამდენედ რუსეთის მიერ დასახელებული კანდიდატი, ანუ ის ადამიანი, ვისზეც მოსკოვი, კრემლი ფსონს დებს არჩევნებში, მათ მიერვე ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ სტრუქტურებში-აფხაზეთსა და ე.წ. ოსეთში უბრალოდ მარცხდება. ანუ დე ფაქტო ცხინვალის რეგიონშიც კი, რომელიც მთლიანად, თავისი არსებობით დამოკიდებულია რუსეთის მხარდაჭერაზე, საზოგადოება უნდობლობას უცხადებს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატურას. რა თქმა უნდა, ეს ბევრზე მეტყველებს.

 

რუსეთში გამართულ არჩევნებს როგორ შეაფასებთ?

- ვფიქრობ, ამას ყველაზე უკეთესად თავად რუსეთის მოსახლეობა აფასებს. ისინი განუწყვეტელი პროტესტის რეჟიმში არიან. საუკეთესო ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად დემოკრატიული და სანდო იყო ეს არჩევნები, სწორედ რუსეთის მოსახლეობის მოქმედება გახლავთ.

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ, შესაძლოა, სააკაშვილსაც კი აწყობდეს დაძაბულობა ცხინვალის რეგიონში და კონფრონტაციაში შესვლა რუსეთთან, და რომ, ამასაც ემსახურებოდა ხელისუფლებისგან ივანიშვილის პრორუსულ ძალად მოხსენიება.

- გულახდილად გითხრათ, ყველაფერი ეს საფუძველს მოკლებული მითქმა-მოთქმაა.

 

ანუ ამ პირობებში სააკაშვილს ესკალაცია არ აწყობს?

- ვერ გეტყვით, მე არ ვიცი, ვის რა აწყობს, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე სერიოზული დასკვნის გაკეთების საფუძველი, ამ თვალსაზრისით, არ გვაქვს. ამიტომ ამ თემაზე მხოლოდ სპეკულაციები შეიძლება.