ხათუნა ლაგაზიძე: „ძალიან საინტერესო პროცესების დასაწყისთან ვდგავართ“

ხათუნა ლაგაზიძე: „ძალიან საინტერესო პროცესების დასაწყისთან ვდგავართ“

საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს ორი ტიპის ამომრჩეველი ჰყავს საქართველოს მოქალაქეების და  ქვეყნის გარეთ აშშ-ის, რუსეთისა და ევროპის სახით. ვერ ვიტყვი, გადამწვეტი მნიშვნელობა არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობას აქვს თუ გარე „ამომრჩეველს“ აშშ-ის, რუსეთისა და ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების სახით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსის შანსებზე საუბრისას უნდა დავითვალოთ არა მხოლოდ საქართველოს ამომრჩევლის, არამედ  გარე ამომრჩეველის კეთილგანწყობაც“ – გვითხრა პოლიტიკურმა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ, რომელთან საუბარიც ქართული პოლიტიკის ძირითადი მოთამაშეების შანსების გაანალიზებით დავიწყეთ:   

– საზოგადოებაში უზარმაზარი მზაობაა, რომ მიიღონ ახალი პოლიტიკური ალტერნატიული ლიდერი, მაგრამ არსებობს ამომრჩევლის პასიური სიმპათია და აქტიური ამომრჩეველი. შეიძლება ამომრჩეველს ივანიშვილი ესიმპათიურებოდეს, მაგრამ არ მისცეს ხმა იმიტომ, რომ მისი გამარჯვების არ სჯეროდეს. ამომრჩევლის პასიური სიმპათია ივანიშვილმა გამარჯვების რწმენად უნდა აქციოს. ამომრჩეველში გამარჯვების რწმენის არარსებობის გამო მარცხდება ოპოზიცია 2003 წლიდან მოყოლებული. მარცხის მიზეზი ოპოზიციის ინტელექტუალური, მორალური, გონებრივი და ნებელობითი უსუსურობა გახდა. ოპოზიციას არ აღმოაჩნდა ის რესურსი, რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო.

ივანიშვილისთვის რესურსი დღეს საკუთარი თავია. გადამწყვეტია რამდენად შეძლებს ის იმ პოლიტიკურ ინსინუაციებში გარკვევას რაც საქართველოში დახვდა და  რამდენად დაარწმუნებს ცვლილებისთვის მომზადებულ ამომრჩეველს, რომ ის არის ადამიანი, ვინც შეძლებს „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას.     

ამომრჩევლის დარწმუნებისთვის რისი გაკეთება მოუწევს ივანიშვილს, საზოგადოებისთვის მისაღები პროგრამა დაწეროს თუ ისეთი პოლიტიკური გუნდი შეკრას, რომელიც  გამარჯვებამდე მიიყვას?

– დღემდე არსებული არცერთი პოლიტიკური ძალა არ არის ივანიშვილის გამარჯვების გარანტი. რომ შესძლებოდათ, ეს ძალები თავის თავს გაამარჯვებინებდნენ. ივანიშვილმა უნდა შეძლოს პოლიტიკური პარტნიორების პოლიტიკური რესურსის გაცოცხლება და გამოყენება. უნდა გააცოცხლოს პარტნიორების ინტელექტუალური, კომუნიკაციური რესურსი. თუკი იმ თეზას დავეყრდნობით, რომ საქართელოში არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ უცხოეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტები, მისი პარტნიორების კავშირები აშშ-სა და ევროპის პოლიტიკურ წრეებთან შეიძლება ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

რამდენადაც ვიცი, ივანიშვილის მრჩეველები გააკრიტიკეთ.

– ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში, მისი პირველი განცხადებები დღემდე არ ჯდება ქართველი ამომრჩევლისა და ქართველი პოლიტ–ტექნოლოგიის სტანდარტებში. ის, რაც ხდება მის გარშემო, სტანდარტებიდან არის ამოვარდნილი და ბევრ კითხვას ბადებს. მაგალითად, ავიღოთ მისი გამოსვლა „მაესტროზე“. ეს იყო ქართველი პოლიტიკოსისთვის აბსოლუტურად არასტანდარტული გამოსვლა. არადა რიგითი ამომრჩეველი და პოლიტიკასთან ახლოს მდგომი ადამიანები ელოდნენ პოლიტიკოსის სტანდარტულ გამსვლას, სტანდარტული მესიჯებით, რომელიც მიმართული იქნებოდა სოციალურ თემებზე. ეს უნდა ყოფილიყო იმ ადამიანის გამოსვლა, რომელსაც ამომრჩეველი ომში გაჰყვებოდა. როგორც პოლიტიკური ექსპერტი და გნებავთ როგორც რიგითი ამომრჩეველი ვფიქრობდი, რომ ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ დასკვნა უნდა გამეკათებინა გავყვებოდი თუ არა მას ომში. 

და რა დასკვნა გააკეთეთ?

– ამ გამოსვლამ საფიქრალი უფრო დამიტოვა, ვიდრე დასკვნა გამაკეთებინა. ეს იყო პოლიტიკოსისთვის აბსოლუტურად არასტანდარტული გამოსვლა. თუ ივანიშვილის ტაქტიკაა, რომ დარჩეს გამოუცნობი და იყოს განსხვავებული დღემდე საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურისგან, მაშინ ჩემთვის გასაგებია მისი გამოსვლა. თუ მისი მრჩეველები, (რომლებიც არ ჩანან) ამუშავებენ ისეთ გენერალურ ხაზს, რომ ივანიშვილი იყოს განსხვავებული, მითიური პიროვნება, შესაძლოა ამით აიხსნას მისი ამოვარდნა ყოველგვარი სტანდარტებიდან. ეს ინტერვიუ შეიძლება იყოს გაგრძელება ივანიშვილის არასტანდარტული, ამოუცნობი და ქართული პოლიტიკური კულტურისთვის უცხო განცხადებებისა. მითოსის შექმნა პოლიტიკოსზე ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. მითოლოგიური სქემებით მანიპულირებას ხშირად ცდილობენ იმიჯმეიკერები და პოლიტ–ტექნოლოგები. 

ასეთ მეთოდს სააკაშვილის მრჩევლებიც იყენებენ. როდესაც სააკაშვილმა ახალი ქალაქის აშენებაზე ილაპარაკა, ვაკვირდებოდი მისი მომხრეებისა და იდეოლოგების მესიჯებს სოციალურ ქსელებში. ერთ-ერთმა ლევან რამიშვილმა, რომელიც დღევანელი საქართველოს პოლიტიკას და იდეოლოგიას დიდწილად განსაზღვრავს, facebook-ზე დადო ლექსის სტროფი „დავით სთქვი იყავნ ქალაქნი და აღმოცენდნენ ქალაქნი“... აქაც მითოსთან გვაქვს საქმე. სააკაშვილს ქართული მითოსის ყველაზე დიდ სიმაღლეს, დავით აღმაშენებელს უკავშირებენ. 

„ნაციონალებისთვის“ ბიძინა ივანიშვილისნაირი პოლიტიკოსი სრულიად უცხო და უჩვეულოა. შეიძლება მისი მიზანი ეს არის, რომ თავისი უჩვეულობით შოკში ჩააგდოს ოპონენტები. ძალიან საინტერესო სანახავი იქნება მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დებატები. სააკაშვილი ძალიან კონკრეტული და ზედმიწევნით სოციალურად გათვლილი ლოზუნგებითა და ნაბიჯებით და მის პირისპირ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფსიქოანალიზზე მსჯელობს. ივანიშვილს სხვა სივრცეში გადაჰყავს ოპონენტი. ამ ორი პოლიტიკური ფიგურის ბრძოლა ორ სხვადასხვა პალარელურ სივრცეში მიდის, რაც ძალიან საინტერესოა. თუმც მიჭირს იმის თქმა, რამდენად მისაღები იქნება ბიძინა ივანიშვილი ქართველი ამომრჩევლისთვის, რომელიც ბოლო 20 წელია სხვაგვარ პოლიტიკური კულტურას და ლექსიკას  მიეჩვია.  

დღევანდელი ამომრჩევლისთვის საკითხი ისე არ დგას, – ვისაც მინდა, ხმას იმას მივცემო. ივანიშვილისთვის ხმის მიცემა რეალურად ომში წასვლაა. ერთ მხარეს არის სააკაშვილი, რომელსაც ფილიგრანულ დონემდე აქვს აყვანილი პოლიტიკური ბრძოლის და არჩევნების მოგების ტექნიკა და მეორე მხარეს არის ამომრჩევლის დიდი რაოდენობა, რომელიც ბრძოლისთვის მხედართმთავარს ელოდება. არ ვიცი, ამ დროს მხადართმთავრობისთვის ფსიქოანალიზის პოზა რამდენად სისხლხორცეულია.   

მსმენია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და ივანიშვილის გარემოცვას სხვადასხვა მოტივაცია ამოძრავებთო... 

– პოლიტიკაში ახალფეხშედგმულისთვის პოლიტიკაში მოსვლა არ არის იმდენად ღირებული,  რომ ამაში ყველაფერი ჩადოს. პოლიტიკას უდიდესი ხიბლი და აზარტი აქვს, მაგრამ ეს აზარტი მაშინვე არ მოდის. ეს მოდის არაერთი გამარჯვების, და მარცხის კვალდაკვალ. როდესაც ამის გემო გაგებული გაქვს, სხვა შემართებით იბრძვი იმისათვის, რომ კვლავ დარჩე პოლიტიკაში. პოლიტიკაში ახალფეხშედგმულმა შესაძლოა ასეთივე მოტივაციით არ იბრძოლოს.  ის ხალხი, ვინც დღეს სააკაშვილის გარემოცვას წარმოადგენს, პოლიტიკის ხიბლში არიან გახვეულნი. შესაბამისად, მათი შემართება პოლიტიკაში დასარჩენად  წარმოუდგებლად მაღალი იქნება. არ ვლაპარაკობ იმ გამოცდილებაზე, რაც პოლიტიკაში დიდი ხნით ყოფნას მოაქვს.

ივანიშვილის მთელი საარჩევნო კამპანია იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ სახლში არცერთი ამომრჩეველი არ დატოვოს. სახლში დარჩენილი ყველა ამომრჩეველი დაკარგული ხმაა ივანიშვილისთვის, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ჰიპერაქტიურია და თუ ვინმე არ წავიდა არჩევნებზე, მას მაინც წაიყვანენ. 

ქართული ოპოზიციური სპექტრი არ შედგება მხოლოდ ივანიშვილის ან სააკაშვილის პარტიისაგან, სხვა პარტიები როგორ გადაჯგუფდებიან, რა ელით მათ?

– ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელზეც მრავალშრიანი პასუხი უნდა გაეცეს. როდესაც სადემარკაციო ხაზი გაავლო, ივანიშვილს არ უნდა დასჭირვებოდა ამდენი პოლიტიკური სუბიექტის გადამტერება. ამ პოლიტიკური სუბიექტების ღირებულება, როგორც რესურსისა, ნულის ტოლიც რომ იყოს, მათ, როგორც საქმის გამფუჭებლებს დიდი  წონა ექნებათ. ბოლო დროს საუბარია (ამაზე ხელისუფლების მართული რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი ლაპარაკობს) მესამე ცენტრზე. სინამდვილეში არანაირი მესამე ცენტრი არ არსებობს. რეალურად ეს არის ხელისუფლების პროექტი, სადაც ნულოვანი რესურსის მქონე პოლიტიკურ სუბიექტებს შეყრის. ვერ ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც  მესამე ცენტრის შექმნის მოთხოვნილება აქვთ, ეს ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შემოგდებული თემაა. 

არის კიდევ ერთი საკითხი – ივანიშვილს პოლიტიკურ ცენტრად რომ გამოეცხადებინა თავი და მთელი ოპოზიური სპექტრი შემოეკრიბა, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა თუ დიდი ოპოზიციური ბალასტი ორ-ორ კაციანი წარმომადგენლობით? საქართველოს ისეთი პარლამენტი ეყოლებოდა, რომ აქამდე არსებული ყველა პარლამენტი სანატრელი გაგვიხდებოდა. აქედან გამომდინარე გასაგებია დემარკაცია, რომელიც ივანიშვილმა გააკეთა. 

მესამე ცენტრის თემის გააქტიურებას რა ახსნა აქვს?

– ალბათ ის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთივე შედეგი დაიდოს, რაც რუსეთის დუმის არჩევნებზე. ბოლო დროს რუს და დასავლელ ანალიტიკოსებში მსჯელობაა, რომ ეს იყო პუტინის წინასწარ გაწერილი სცენარი. მეორე ვერსიით ეს იყო პუტინ-დასაველთის სცენარი. რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოში ამ არჩევნების შედეგად 50% აიღო პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის პარტიამ. რუსეთის რეგიონების ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოების არჩევნების შედეგად კი მხოლოდ 4 რეგიონში შეძლო გამარჯვება „ედინაია როსიამ“. მმართველი პარტია უმცირესობაში რომ არ აღმოჩნდეს რეგიონებში, იძულებულია, რომ ბლოკი შექმნას სხვა პარტიებთან.  

რუსეთის დუმაში მოხვედრილი ოთხი პარტიიდან, სამი სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკური განშტოებებია სხვადასხვა სახელით, მაგრამ როდესაც ხელისუფლება მხოლოდ 50% იღებს, დანარჩენი 50% დიდ საცდურს აჩენს ამ სამი პარტიისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური თამაში წამოიწყონ და ძალიან ძვირი ფასი დაადონ საკუთარ პოლიტიკურ ხმას. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს შეიძლება დიდი საფრთხე იყოს პუტინისთვის. არ მგონია, ეს სცენარი პუტინის ინიციატივა ყოფილიყო, მაგრამ ჩანს, მას დასავლეთმა მოსთხოვა არჩევნებზე მოსახლეობის განწყობის შესაბამისი შედეგები დაედო.  

როდესაც საქართველოში მესამე პოლიტიკურ ცენტრზე საუბარი გაააქტიურა, რატომ არ შეიძლება ვიარაუდოთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსული სცენარი გადმოეტანა საქართველოში და დაეგეგმა – 50% თვითონ აეღო, დანაჩენი მის  ოპოზიციურ ჰიპოსტასებს და ბიძინა ივანიშვილის ძალასაც. თან, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლებაზე უკეთესი პოზიცია აქვს იმით, რომ შეუძლია მაჟორიტარების დახმარებით მიიღოს პარლამენტში ადგილების 2/3. თუ ასეთი სცენარი განვითარდა, დასავლეთის დასანახად ფერ-ულმარულიანი პარლამენტი გვეყოლება, მაგრამ ამ სცენარში დისონანსი ივანიშვილის გამოჩენამ გამოიწვია. მასზეა დამოკიდებული ამ სცენარით განვითარდება თუ არა მოვლენები.  

ის, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ხდება, საქართველოში დაგეგემილი არჩევნების ბედს სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებულს ხდის საქართველოს ამომრჩეველზე.

თუ პუტინმა რეალური საფრხე იგრძნო, ის უკვე მრავალგზის ნაცადი ხერხის გამოყენებას შეეცდება. საომარ მოქმედებებს წამოიწყებს. ამ კოტექსტში ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ცხინვალში მიმდინარე პროცესები. ცხინვალში 25 ათას კაცში ვერ დაურეგულირებია სიტუაცია რუსეთის ხელისუფლებას, როდესაც ასულობით მილიონი მოსახლე ჰყავს? 

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი. მარტამდე ცხინვალი შესაძლოა ცხელ რეგიონად დარჩეს და პუტინისთვის საქართველოში შემოჭრის მორიგ საბაბად იქცეს. საბაბის მოფიქრებას არაფერი უნდა. შეიძლება ცხინვალში რაღაც პოროვოკაცია გათამაშდეს და ითქვას, – ალა ჯიოევა ქართული სპეცსამსახურების პროექტი იყოო და პუტინი პირდაპირ წამოვიდეს ქართულ სპეცსამსახურებზე შურის საძიებლად.

ფიქრობთ, რომ ამის გამო შეიძლება რუსული სამხედრო ძალები თბილისისკენ დაიძრას?!

– თუ პუტინმა ეს მოინდობა, ეს ბლიც-კრიგი იქნება და არა დაძვრა. თუ პუტინი კედელთან მიაყენეს, ის ცხინვალში ხელოვნურად შექმნილ სიტუაციას გამოიყენებს. 

არსებულ ვითარებაში შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებითაც განვითარდეს. თუ რუსეთში დაძაბულობა გაღრმავდა, შეიძლება ამერიკა ისევ სააკაშვილს ჩაებღაუჭოს. არასტაბილური რუსეთი ძალიან საშიშია აშშ-სთვის. მას არანაირად არ აწყობს არასტაბილური რუსეთის გვერდით მდებარე მის მოკავშირე საქართველოში   არასტაბილური ვითარება იყოს. ამერიკის ინტერესშია საქართველოს სტაბილურობა, რათა აქედან მოახდინოს დაკვირვება და გავლენა რუსეთში მიმდინარე პროცესებზე. საქმე ისაა, საქართველოს სტაბილურობის გარანტად ვის ისურვებს აშშ. მისთვის კარგად ნაცნობ სააკაშვილს, თუ წავა იმაზე, რომ ხელისუფლების შეცვლას ხელი არ შეუშალოს?