ქართული ოცნების პრეზენტაცია (VIDEO)

ქართული ოცნების პრეზენტაცია (VIDEO)

დღეს ფილარმონიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებაზე დამსწრე სხვადასხვა თაობის ადამიანებს ერთადერთი რამ აერთიანებდათ - ქართული ოცნება საკუთარი ერის მომავალზე.

ღონისძიებაზე პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს გარდა, შეხვდებოდით სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ ქართველებს. აქ იყვნენ რობერტ სტურუა, გივი ბერიკაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ნონა გაფრინდაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, რეზო ესაძე, რეზო ჭეიშვილი, ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე და სხვანი. კახი კალაძე კი უკრაინელ მეგობარ, ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოსთან ერთად გახლდათ მიწვეული.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, სრული შემადგენლობით იყვნენ      წარმოდგენილნი „თავისუფალი დემოკრატების“ და „რესპუბლიკელების“ ლიდერები, ასევე, პრეზენტაციაზე იმყოფებოდა „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე.

აქვე იყო წარმოდგენილი ბიძინა ივანიშვილის ვაჟის - ბერას თაობა, ე.წ. „თინეიჯერები“, რომლებიც ყველაზე მეტად ბერას დანახვისას ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას და „ქართული ოცნების“ მაისურში გამოწყობილნი სკანდირებდნენ „ბერა, ბერა“.

იმის გამო, რომ ფილარმონია მსურველებს ვერ იტევდა, საკონცერტო დარბაზის „ივენთ ჰოლში“ დამონტაჟებული დიდი ეკრანიდან ხალხი უცქერდა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას. მათ გარდა კი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია საზოგადოების წევრებით გადავსებული იყო და ისინიც გარეთ დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უცქერდნენ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსებას.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით დაიმედებული ადამიანები მონდომებით ავსებდნენ „ქართულ ოცნებაში“ გასაწევრიანებელ ბარათებს, სადაც საკუთარ ვინაობასა და დაბადების თარიღს აფიქსირებდნენ და სპეციალურ ყუთებში უშვებდნენ.    

პრეზენტაცია ბერას კლიპით გაიხსნა და დასრულდა. ახალი კლიპის მიხედვით, ბერა ქვეყანაში არსებულ მძიმე ყოფას ასახავს, თუმცა ქართული ოცნების ასრულების პირობასაც იძლევა. ღონისძიების დასასრულს კი ბერამ და ანსამლმა „ქართულმა ხმებმა“ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე სცენაზე პირველად პოეტი რატი ამაღლობელი გამოჩნდა, რომელმაც შექსპირის ჰამლეტისეული პასაჟი გაიხსენა და აღნიშნა ის, რაც სამშობლოში დაბრუნებულ ჰამლეტს აღმოხდა: „რაღაც დალპა დანიაში“. თუმცა საქართველოში შექმნილ მსგავს ვითარებას ერთობითა და განსხვავებული აზრის კონსოლიდაციით „უმკურნალებენ“. რატი ამაღლობელის შეფასებით, დადგა დრო, ქართულმა საზოგადოებამ  „ილია ჭავჭავაძე იგულისხმოს“.

„ილია ჭავჭავაძე თავის საქმეებით, თავისი აზრებით და სიცოცხლით, რომელიც მან გაიღო, დღესაც გვგულისხმობს ჩვენ. ყოველი მისი საქმე, ყოველი მისი აზრი გვგულისხმობს ჩვენ და ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნა ამაღლობელმა.

სიტყვით გამომსვლელები ერთმანეთს  ცვლიდნენ: იურისტი მანანა კობახიძე,  მწერალი ნაირა გელაშვილი... ისინი ქვეყანაში გამეფებულ განუკითხაობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. კერძოდ, რომ სტრასბურგამდე შორია, რადგან ჩვენს ქვეყანაში რთულია სიმართლეს მიაღწიო. მწერალმა გურამ ოდიშარიამ კი პოეტურად შენიშნა, რომ არცერთ ფრინველს მარტოდმარტოს არ გადაუფრენია არც ზღვაზე და არც ტბაზე და ეს მხოლოდ ფრინველთა მთლიან გუნდს ხელეწიფება. ასევე უნდა მოხდეს ჩვენს საზოგადოებაშიც.

სწორედ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახი კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა. მანვე 15 წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 83 მატჩი ახსენა და ყველაზე დასანანი მატჩიც გამოყო, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა.  

„მართალია, წლების წინ ეს ავტოგოლები შემთხვევით მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს. კარგი იქნება, თუ ის ადამიანებიც მოიხდიან ბოდიშს, რომლებმაც არა ერთი თამაშით, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ავტოგოლები მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კალაძემ და დამსწრეთა განსაკუთრებული ოვაციაც დაიმსახურა.

პრეზენტაციის დასასრულს სიტყვით გამოვიდა ამავე მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციამ მოლოდინი ვერ გაამართლა. ამასთან, ბიზნესმენი ქვეყანაში სხვადასხვა სფეროს განვითარებას შეეხო და წარმატებულად განათლებისა და პოლიციის რეფორმა დაასახელა, რომლითაც ქვეყანამ არაკორუმპირებული, კრიმინალთან ეფექტიანად მებრძოლი პოლიცია მიიღო. თუმცა აქვე დასძინა, რომ აღნიშნულ რეფორმებსაც მოჰყვა განუკითხავი სადამსჯელო ოპერაციები, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლი და სამართალდამცავი სისტემების დაუფარავი პოლიტიზაცია, რადგან მათ ხელისუფლება საზოგადოების დაშინების იარაღად იყენებს.

„ხელისუფლების მიერ განხორცილებულმა რეფორმებმა ხალხზე ჩატარებული ცინიკური ექსპერიმენტის სახე მიიღო, რომლითაც მართლდება უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე, ჩამორჩენა განათლების და ჯანდაცვის სფეროებში, ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში, სავალალო მდგომარეობაა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში... მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადეობა ბნელია და ეწინააღმდეგება მისთვისვე სასიკეთო ცვლილებებს. სინამდვილეში საქმე პირიქითაა. მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის უნიკალობა იმითაც გამოიხატება, რომ ქართველი ხალხი შეუცდომლად გრძნობს დ მხარს უჭერს იმ ცვლილებებს, რაც ქვეყანასა და საზოგადეობის ინტერესებშია. ხალხი მზადაა, მიიღოს და მხარი დაუჭიროს ისეთ რეფორმებს, რომლებიც რეალურად პასუხობს მათ ინტერესებს“.

„ქართული ოცნების“ მიზანია გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება“ - ასეთია ბიძინა ივანიშვილის გზავნილი. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს ახალი ისტორიის დაწერას 2012 წლიდან, არამედ მისი ვალია, აღდგეს კავშირი წარსულსა და მომავალს შორის. მანვე „ქართული ოცნების“ მიზნად აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება, მოქალაქეების დასაქმება და ღირსეული შემოსავლის უზრუნველყოფა, დასავლური დემოკრატიის ღირებულებათა დანერგვა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია დაასახელა.

ივანიშვილმა სხვადასხვა კონფესიებსაც გაუწოდა ხელი და განმარტა, რომ არა პატრიარქის სიბრძნე, კონფესიებსა და ეროვნებებს შორის კონფრონტაცია გარდაუვალი იქნებოდა.

„ხელისუფლებას კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური რესურსები არ გააჩნია“  „ხელისუფლების „სტრატეგიის" ერთადერთ მიმართულებად რჩება აპრობირებული „რუსული საფრთხის პრევენციის“ პრინციპი, „მასმედიის დიდი ნაწილი ხელისუფლების მორჩილებასა და საზოგადოების დეზინფორმირებაზეა ორიენტირებული“. „გამეფებულია ელიტარული კორუფცია“. „ციხეებში პოლიტიკური, უკანონო თუ მცირე დანაშაულის მქონე ათასობით პატიმარია გამომწყვდეული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის პირობებში“; „სოფელი ღატაკდება და იცლება. დემოგრაფიული მაჩვენებლების ვარდნა ჩვენი შვილების თაობას ნაციონალურ კატასტროფას უქადის. ასიათასობით ჩვენი მოქალაქე, ქართველი თუ არაქართველი, გადახვეწილია ქვეყნიდან“, - ძირითადად ასე შეაფასა ვარდების რევოლუციის მონაპოვარი ბიძინა ივანიშვილმა.

Presage.tv ესაუბრა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს.

საქართველოს „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე ვაჟა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე საუბარი იყო სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე, ყველა ადამიანის პოტენციალის გამოყენებასა და თავად ადამიანზე.

„არ იყო ნათქვამი არცერთი დაპირისპირებული, ნგრევისკენ მიმართული და ნერვულად აღგზნებული სიტყვა. „ქართული ოცნების“ ძირითადი გზავნილი იმ უაღრესად მძიმე და რთული ყოფის, იმ ღრმა კრიზისის ჯანსაღი და პირუთვნელი ანალიზი გახლდათ, რომელშიც ვიმყოფებით. ის მიმართულებები, გზები, რომელიც მიგვიყვანს იმ საქართველომდე და იმ ოცნებამდე, რომელზედაც ყოველთვის ოცნებობდა ქართველი და მთელი საქართველო“, - აცხადებს ვაჟა ლორთქიფანიძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრ გია ცარაგარეიშვილისთვის ახალი მოძრაობის დაფუძნებისას ყველა გამომსვლელის სიტყვას წითელ ზოლად გასდევდა მომავლისა და ქვეყნის აღორძინების რწმენა. ის, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთ არის, ჩვენს გასაკეთებელს არავინ გაკეთებს.

„გზა მშვიდობიანი იქნება იქამდე, სანამ არ მივაღწევთ წარმატებას. თუ ხელს შეგვიშლის ამაში ვინმე, და ეს ერთადერთი „ვინმე“ შეიძლება იყოს სააკაშვილი, ხალხი მას ძალიან მწვავე და მწარე პასუხს გასცემს, ეს ამ დარბაზშიც იგრძნობოდა.

ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ საშინაო დ საგარეო კუთხით სააკაშვილს რესურსი ამოწურული აქვს. სააკაშვილი არის ქვეყნის წარსული და არა მომავალი. სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ისინი პოლიტიკური გვამები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მაოხრებელი გვამები იყვნენ“.

ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დაგროვილია უმარავი პროლემა, რომლის გადაჭრის რესურსი და ნებაც დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია.

„ამიტომ საჭიროა, შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება და მოვიდეს ის ხელისუფალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანზე. ამ საზოგადოებრივი მოძრაობის დაუძნების პრეზენტაციაზე კონკრეტულ თემატურ გეგმებზე საუბარი ვერ იქნებოდა, მაგრამ იქმნება სამუშაო ჯგუფები. მაგალითად, არის სამართლის ჯგუფი, სადაც მე ვარ გაწევრიანებული, არის ეკონომიკის ჯგუფი და სხვა ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ პროგრამებს შეიმუშავებენ და დადებენ“.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს დღე ემოციურად ძალზე დატვირთული და ოპტიმისტური გახლდათ.

„დანარჩენი ერთად ვნახოთ. ძირითადი გზავნილი ალბათ იყო ის, რომ არ არის ვინმესთნ მტრობის, ნგრევის და ამ ნანგრევებზე სიარულის განზრახვა, არამედ არის იმის განზრახვა, რომ ყველაფერი შენარჩუნდეს, რაც შესანარჩუნებელია. მეთოდი და ტექნოლოგიები ალბათ მერე გამოჩნდება, მაგრამ პრინციპში, ეს კრედო, არავისთან დაპირისპირებაზე რომ არ არის აწყობილი მომავალი, მკაფიოდ ჩანდა, როგორც შიდა, ისე უფრო ფართო კონტექსტის თვალსაზრისით“.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ფილარმონიის დარბაზში სიკეთის საამური სურნელი იდგა და ადამიანთა განწყობაც ადექვატური გახლდათ იმ მიზნების, რასაც „ქართული ოცნების“ დაფუძნება ემსახურება.

„ფორმაც საკმაოდ ორიგინალური იყო. ქართული მრავალხმიანობა თუ ასე მოუხდებოდა სახელმწიფო ჰიმნს, დღემდე ვერ წარმომედგინა. გამომსვლელები, მათი გულწრფელობა, არაანგაჟირებულობა, მათი უფლება, რომ ელაპარაკონ მთლიანად ქართულ საზოგადოებას, - ეს სასიკეთოდ წარმოჩნდა მთელი ამ შეკრების განმავლობაში. ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ სერიოზული მოხსენება მოვისმინეთ. ეს იყო ის, რისი მოსაკლისების განცდაც ჰქონდა დღემდე ჩვენს საზოგადოებას. ალბათ უახლოეს დღეებში დაიწყება ხელისუფლების თავდასხმა მის თითოეულ წინადადებაზე. ჯერ მხოლოდ ვიწყებთ, ნუ დაველოდებით ერთ კვირაში რაიმე ისეთ გადამწყვეტ შედეგს, რომ დავიწყოთ შეფასება ამ იდეის ავ-კარგის“.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საზოგადოების ყველა წევრი, ყველა მოქალაქე უნდა გახდეს ამ დიდი საქმის თანამონაწილე და თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ შევქმნათ ახალი, ეფექტური და სამართლიანი საქართველო. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური მხარეების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რადგან ესაა საერთო მიზანი.

„სახალხო კრების“ თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ „სახალხო კრება“ დადგება „ქართული ოცნების“ გვერდით.

„ჩვენ ყველა დადებითი პროცესის გვერდით ვიდგებით, არ ვისაუბროთ პოლიტიკურ შეთავსებაზე. პოლიტიკური შეთავსება იდეის ირგვლივ თუ შედგა, ეს უნდა განხორციელდეს კიდეც“. 

როცა დავინტერესდი, ნინო ბურჯანაძე რატომ არ იყო პრეზენტაციაზე მოწვეული, ნონა გაფრინდაშვილმა მითხრა, რომ დღეს მოწვევები საზოგადოების წარმომადგენლებს ჰქონდათ, ბურჯანაძე კი პოლიტიკოსია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკოსი, ვინც ქართულ ოცნებას ნამდვილად უჭერს მხარს და ამ ხელისუფლების შეცვლა მართლა სწადია, ერთ მოედანზე აღმოჩნდება საბოოლოოდ. დარბაზში ფანტასტიკური სიტუაცია იყო, სადაც მე ვიჯექი. ბატონი ბიძინასგან ერთადერთი გზავნილი მოდიოდა, რომ საქართველოს გადარჩენა სჭირდება. ამით იყო გაჟღენთილი დღეს მთელი ეს პრეზენტაცია. ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზენტაციას დავსწრებივარ და აქ იყო სულ სხვა კუთხით წარმოჩენილი, ძალიან კულტურულ დონეზე და თანაც ყველაფერი ითქვა“.

კითხვაზე, გაწევრიანდება თუ არა „ქართულ ოცნებაში“, ნონა გაფრინდაშილმა მოგვიგო, „არა, მე ვარ „სახალხო კრების“ თავმჯდომარე გახლავართ. ბატონ ბიძინას რომ შევხვდი, ვუთხარი, რომ მე ვიქნები თქვენს გვერდში ყველანაირად, ასევე, მოიქცევა ყველა ის, ვინც ჩემს გვერდით არის, მაგრამ მე ვიქნები მათი მხარდამჭერი სხვანაირად, როგორც „სახალხო კრების“ თავმჯდომარე“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დილიძე აცხადებს, რომ დღემდე ხელისუფლებისგან ადექვატური ნაბიჯი არ გადმოდგმულა და ასეთ ნაბიჯს იგი არც ელოდება. თუმცა ოპონირება არ ნიშნავს მტრობას, რომ ხელისუფლებაში, დღევანდელ სტრუქტურებში მომუშავე ხალხი მტრად აღვიქვათ. პირიქით, მათ უნდა გავუწოდოთ ხელი და მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ყველასია. 

„მართალი გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი დღეს არაფერი ყოფილა, რადგან ის იდეოლოგიური მხარე, რის შესახებაც აღნიშნა არა მხოლოდ ბატონმა ბიძინამ, არამედ სხვა გამომსვლელებმაც და ის კონკრეტული პროგრამული მიმართულებები, რომელზეც მომავალში გამახვილდება ყურადღება, შეეხება სოფლის მეურნეობას, ეკონომიკას, საინვესტიციო პოლიტიკას, ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, კონფლიქტების მოგვარებას. ამ საკითხებზე სამუშაო ჯგუფები უკვე ვმუშაობთ ტრიპარტიულ სისტემაში („თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“და ბიძინა ივანიშვილის გუნდი).  საზოგადოებისთვის პროგრამული ვარიანტები ძალიან მალე გახდება ცნობილი. რაც შეეხება ბატონ ბიძინას, მან ყველაფრის შესახებ ლაკონური და კონკრეტული გზავნილი გააკეთა. დანარჩენი, გაშლილი პროგრამული ვარიანტები, ძალიან  მალე გვექნება. დღევანდელმა ღონისძიებამ აჩვენა, თუ რამდენი ხალხი მოვიდა და როგორ წარიმართა ეს პროცესი. რეგიონებში გავდივართ, ირაკლი ალასანიამ 200 -ზე მეტი სოფელი მოიარა და კიდევ უფრო მეტს მოვივლით არჩევნებამდეც, რათა კარდაკარ მივიტანოთ ჩვენი პოზიცია“.

პარტია ნეიტრალური საქართველოს ლიდერ, ჟურნალისტ ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქმე კონფლიქტამდე მოეყვანა და დე ფაქტოდ სამ ნაწილად დაშლილი საქართველო პრაქტიკულადაც - დე იურედ დაშალა სამ ნაწილად.

„ეს არის სააკაშვილის იმ რეჟიმის მოცილება თავიდან, რომელმაც საქართველო დაშალა, დააქუცმაცა. ამაში ვუჭერ მხარს ბატონ ბიძინას და ვეთანხმები იმ ფუნდამენტურ საკითხში, რომ ყველა მიმართულებით, საგარეო ორიენტაციის საკითხები თანაბრად უნდა იყოს დალაგებული, რუსეთთან საერთო ენის გამონახვა უნდა მოხერხდეს. ქართველი ხალხის ინტერესებში არასდროს შედიოდა ომი არავისთან, მით უმეტეს, ისეთ უზარმაზარ და მეზობელ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია“.

ამასთან, ვალერი კვარაცხელიამ ივანიშვილთან თანამშრომლობა არ გამორიცხა, თუ ეს ბიზნესმენის სურვილიც იქნება. „თანამშრომლობა ორმხრივი საკითხია, მე მზად ვარ სათანამშრომლოდ, მაგრამ ამას მომავალი გვიჩვენებს“.

რეჟისორი რეზო ჩხეიძე კმაყოფილებას გამოხატავს, რადგან „ქართული ოცნება“ საშუალებას იძლევა, რომ ვიოცნებოთ.

„ჩვენ ახლა, ყველას, ოცნებების ფრთები მოჭრილი გვაქვს. თქვენ იცით, რომ მთელი ერი ტრაგიკულად ვცხოვრობთ. ბიძინა ივანიშვილის მოქმედებების მთელი წრე რომ ავიღოთ, ის, რაც ჩვენთვის ცნობილია, მე მგონი, ჩვენ, ქართველები ფონს გავალთ.  სხვათაშორის, არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ სიამოვნებით გავწევრიანდები“.