კვირას, 4 დეკემბერს რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება მმართველმა პარტიამ - „ერთიანი რუსეთი“ მოიპოვა, თუმცა 2007 წლისგან განსხვავებით, პუტინის პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, ამიტომ სავარაუდოდ იგი კოალიციაში შევა სხვა პარტიასთან. არჩევნებმა საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. პეტერბურგსა და მოსკოვში უკმაყოფილო ამომრჩევლები ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოდიოდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციამ დააკავა.
რუსეთის საკანომდებლო ორგანო 2008 წლამდე ოთხი წლის ვადით ირჩეოდა, 2008 წლიდან კი კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიხედვით, ეს ვადა 5 წლამდე გაიზარდა.
450 ადგილი რუსეთის დუმაში პარტიული სიების მიხედვით, პროპორციული წამომადგენლობის სისტემით ნაწილდება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. 2007 წელს ეს ოთხმა პარტიამ, ერთიანმა რუსეთმა, კომუნისტურმა პარტიამ, სამართლიანმა რუსეთმა და ლიბერალ-დემოკრატებმა შეძლეს. მაშინ მთლიანობაში ამ ოთხმა პარტიამ ხმათა დაახლოებით 90% მიიღო. 2009 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ მედვედევის ინიციატივით საარჩევნო სისტემაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ერთ ადგილს პარლამენტში იღებენ ის პარტიები, რომლებმაც ხმათა 5-6% მიიღეს, ხოლო ორი ადგილს ის პარტიები, რომელთაც ამომრჩეველთა 6-7%-მა დაუჭირა მხარი.
ადგილები დუმაში ნაწილდება გამარჯვებული პარტიების საარჩევნო სიების მიხედვით. ნებისმიერი წევრი, რომელიც შეიცვლის პარტიას, ავტომატურად კარგავს მანდატს საკანონმდებლო ორგანოში.
უკანასკნელ ორ საპარლამენტო არჩევნებში 225 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი გაუქმებულია. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს დუმაში 100 მანდატი სწორედ დამოუკიდებელ ან არასაპარლამენტო პარტიების წევრებს ეკავათ.
არჩევნებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ რეგისტრირებულ პარტიებს შეუძლიათ, ამასთან, მათ არ აქვთ უფლება ჩამოაყალიბონ ბლოკები იმისთვის, რომ გაზარდონ 7%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. 2007 წელს არჩევნებში 11 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, 2011-ში კი მათი რაოდენობა შვიდია - სამართლიანი რუსეთი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, რუსეთის პატრიოტები, პარტია „იაბლოკო“, ერთიანი რუსეთი, "ПРАВОЕ ДЕЛО".
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მმართველმა პარტიმ ხმათა 49.5% მიიღო, თუმცა კონსტიტუციური უმრავლესობის შენარჩუნება დუმაში ვერ შეძლო. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიაა 19.1%-ით, „სამართლიანმა რუსეთმა“ 13.2% მიიღო. ლიბერალ-დემოკრატებმა კი - 11.7%. სამი პარტია სახელმწიფო დუმაში ვერ მოხვდა. ესენია "Яблоко" ხმათა 3%-ით, „რუსეთის პატრიოტები“ 0.97% და "Правое дело" - 0,59%.
ამომრჩეველთა აქტივობამ 60.2% შეადგინა, რაც 3%-ით ნაკლებია 2007 წლის არჩევნებთან შედარებით. ცენტრალური კომისიის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობის კლებაში დამნაშავე ცუდი ამინდია.
ვლადიმერ პუტინის შტაბში არჩევნების შედეგებით კმაყოფილება გამოთქვეს: „შედეგები ჩვენი ქვეყნის რეალურ პოლიტიკურ სურათს ასახავს. „ერთიანი რუსეთი“ კვლავ მმართველ პარტიად დარჩება“- განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრეს მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
თუმცა, მიუხედავად იმ დარღვევებისა და ფალსიფიკაციისა, რომლებიც დამკვირვებელთა განცხადებით არჩევნების დღეს გამოვლინდა, მმართველი პარტიის გამარჯვება მაინც არც თუ ისე შთამბეჭდავია მან 2007 წელთან შედარებით 77 ადგილით ნაკლები მოიპოვა. დანარჩენი საპარლამენტო პარტიების მიმართ მხარდაჭერა კი აშკარად გაიზარდა.
ამომრჩეველთა უფლებების დაცვის არაკომერციული ორგანიზაციების ასოციაცია „Голос“-ის ექსპერტებმა არჩევნების შედეგები შეაჯამეს. დასკვნები საკმაოდ შემაშფოთებელია. არჩევნები შეფასდა როგორც „ყველაზე ბინძური“ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლილია შიბანოვამ განაცხადა, 48 რეგიონიდან 5-ში „Голос“-ის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე პრობლემები შეექმნათ. ჩელიაბინსკის, სამარის, ნიჟეგოროდის მხარეებში და სანკტ-პეტერბურგში უბნებიდან ასოციაციის დამკვირვებელთა 20-50% მოხსნეს, ივანოვსკის მხარეში კი იმ შენობაში, სადაც ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობდა, 38 დამკვირვებლიდან 36 არ შეუშვეს. ზოგიერთ უბანში დამკვირვებლებს ხმის მიცემის პროცესის განმავლობაში პრობლემა არ შექმნიათ, მაგრამ ხმების დათვლისას მათ წასვლა აიძულეს.
„მიუხედავად უპრეცენდენტო ზეწოლისა, მონაცემები, რომლებიც მივიღეთ ჩვენი დანარჩენი დამკვირვებლებისგან, უფლებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა ხმათა დათვლის კორექტულობის შესახებ“ - განაცხადა შიბანოვამ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე. „დარღვევები დღისით, ფალსიფიკაცია ღამით“- ამ სახით შეაჯამა ასოციაციამ არჩევნები. ასოციაციამ არჩევნების დღის განმავლობაში 1300 შეტყობინება მიიღო დარღვევების შესახებ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთოს დამკვირვებლებმა თავისი რუსი კოლეგების შემდეგ ასევე გააკეთეს განცხადება მრავლობითი დარღვევების შესახებ, მათ შორის ყალბი ბიულეტენების საარჩევნო ურნაში ჩაყრისა და მთავრობის ჩარევის შესახებ ხმის მიცემის პროცესში.
„არჩევნები სამთავრობო ორგანოების ჩარევით გამოირჩეოდა“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე პეტროს ეფტიმიუმ, რომელიც ევროპელი დამკვირვებლების ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
მისი სიტყვებით, „იყო მთელი რიგი დარღვევები ხმათა დათვლის პროცესში, გარდა ამისა გამოვლინდა საარჩევნო ურნებში დიდი რაოდენობით ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები. საარჩევნო უბნების 1/3-ზე მეტში ჩვენ ვერ მივიღეთ საარჩევნო ბლანკების ასლები. ჩვენს დამკვირვებლებს მუშაობის პროცესში წინააღმდეგობები ხვდებოდათ“.
პეტროს ეფტიმიუმ გაამახვილა ყურადღება, რომ ამ არჩევნებზე ზოგიერთ პარტიას რეგისტრაციის გავლის საშუალებაც არ ჰქონდა, რამაც არჩევნებში კონკურენცია შეამცირა.
ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, ტინი კოკსმა ასევე გააკეთა განცხადება დარღვევების შესახებ: „როდესაც დაკვირვების პროცესში ხედავ, რომ პროტოკოლები სადღაც მიაქვთ, იხსნება ურნები და ისინი რაღაც ფურცლებითაა სავსე... ეს სერიოზული დარღვევა და მათი შეურაცხყოფაა, ვინც არჩევნებში მონაწილეობდა“.
თუმცა, დსთ-ს დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. „არჩევნები იყო გამჭვირვალე და ამომრჩევლის ნების გამოხატვის უფლება - დაცული“ - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ გარკუნმა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციაში არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ 2000-ზე მეტი განაცხადი შევიდა. თუმცა, როგორც მათ განაცხადეს, ეს სერიოზულ გავლენას არ მოახდენს არჩევნების შედეგებზე.
არჩევნების დღეს ჰაკერული თავდასხმების მხვერპლნი გახდნენ მთელი რიგი ოპოზიციურად განწყობილი ორგანიზაციების საიტები, მათ შორისაა რადიოსადგური "Эхо Москвы", „კომერსანტი“, ასოციაცია "Голос", გამომცემლობები New Times, slon.ru და „დიდი ქალაქი“.
არჩევნების შედეგების გაპროტესტებას აპირებენ პარტიები ”Правое Дело”, კომუნისტური პარტია, ”Справедливая Россия” და "Яблоко“.
პარტია "Правое дело" დარწმუნებულია, რომ პეტერბურგისა და მოსკოვის მხარეში მიღებული შედეგები ფალსიფიცირებულია და მათი 150000-ზე მეტი მხარდამჭერის ხმა მოპარულია.
კომუნისტებმა განაცხადეს, რომ აპირებენ უზენაეს სასამართლოს მიმართონ მაშინვე, როგორც კი ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურად გამოაცხადებს შედეგებს. როგორც პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ივან მელნიკოვმა განაცხადა, პარტია აპირებს სულ მცირე 1600 საარჩევნო უბნიდან მიღებული შედეგების გაპროტესტებას რაიონულ სასამართლოებში. მისი განცხადებით, საარჩევნო პროტოკოლები, რომლებიც ამ უბნებიდან გადაიგზავნა, ფალსიფიცირებული იყო. კომუნისტების ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა არჩევნები შეაფასა, როგორც „აბსოლუტურად არალეგიტიმური როგორც სამართლებრივი, ისე - მორალური თვალსაზრისით“.
პარტია "Яблоко"-მ, რომელმაც ვერ გადალახა 7%-იანი ბარიერი ასევე აპირებს არჩევნების შედეგების გაპროტესტებას. „ჩვენ ამისთვის უკვე ვემზადებით“ - განაცხადა ბრიფინგზე პარტიის დამაარსებელმა, გრეგორი იავლინსკიმ. მან ასევე არ გამორიცხა პარტიის აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციების ორგანიზებაც.
არჩევნები შეაფასა ჰილარი კლინტონმაც, რომელმაც განაცხადა რომ რუსები იმსახურებენ დარღვევების შესახებ ყველა შეტყობინების ძირეულ გამოკვლევას. მან ასევე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ასოციაცია „Голос“-ს პრობლემები შეექმნა როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე ინტერნეტ-თავდასხმებისგან.
ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ, ირენა დიაგუტენემ განაცხადა, რომ მისთვის რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები თავიდანვე ნათელი იყო.
„საკითხი ასე დგას: როგორც განაწილდება ხმები მმართველ „ერთიან რუსეთსა“ და კრემლის ლოიალურ ოპოზიციას შორის- ნათქვამია დიაგუტენეს კომენტარში - მინდა ვიფიქრო, რომ მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის დაკარგვის ფაქტი პოლიტიკური პლურალიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ნათელია, რომ პოლიტიკურ სისტემაში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. ის, რომ დემოკრატიული ოპოზიციის მონაწილეობა არჩევნებში შეიზღუდა, ამას ამტკიცებს“.
ამერიკულმა კვლევითმა და საგანმანათლებლო ინსტიტუციამ, Heritage Foundation-მა არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ რუსეთი „უკან, მომავალში“, საბჭოთა სტილის პოლიტიკური სტაგნაციისკენ მიემართება, 4 დეკემბრის არჩევნები კი არასწორი მიმართულებით გადადგმული მთავარი ნაბიჯია.