„შიშისტები“ ერთგულებას უცხადებენ ხელისუფლებას, განურჩევლად იმისა, რას ფიქრობენ სინამდვილეში

„შიშისტები“ ერთგულებას უცხადებენ ხელისუფლებას, განურჩევლად იმისა, რას ფიქრობენ სინამდვილეში

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით სამეგრელოში, ფიგურალურად რომ ვთქვათ, მუშაობს მუშნი ზარანდია, ბიძინა ივანიშვილმა კი ამ რეგიონში უნდა შეიყვანოს დათა თუთაშხია. ამიტომაც უნდა დასხდნენ ტექნოლოგები და შექმნან დათა თუთაშხია, არა აბრაგის, არამედ - პოზიტიური გაგებით. Presage.tv ესაუბრა გია ხუხაშვილს.    

რის ხარჯზე ინარჩუნებს „ნაციონალური მოძრაობა“ წარმატებას თუნდაც იაგო კაჭკაჭიშვილის, ან გოჩა ცქიტიშვილის კვლევაში? ეს დასაქმებული ადამიანების ხარჯზე ხდება, თუ ლაზიკას მსგავსი პროექტების აღმშენებლობის დაანონსებით?

- რაც შეეხება ლაზიკას გახსნას, რა არის, იცით? ხელისუფლება მუდმივად ეძებს ძალიან მოკლევადიან ინტერესს. ახლა ლაზიკა რომ არ აშენდება, ყველას ხომ კარგად გვესმის?! აქედან გამომდინარე, ხელისუფალი ცდილობს, ყოველი დღე გადააგოროს. ლაზიკას იდეაც ამას უკავშირდება. თუ ადრე სააკაშვილი ცდილობდა, რომ რაღაცნაირად დამდგარიყო დავით აღმაშენებლის გვერდზე, დღეს მასში კონკურენტს ხედავს. „და იყავნ ქალაქი“, - გვახსოვს დავით აღმაშენებლის სიტყვები, დაახლოებით ამავე ტექნოლოგიით ცდილობს, იმოქმედოს. საბოლოო ჯამში, შეიძლება, მოკლევადიანი დადებითი შედეგი მიიღოს, მაგრამ გრძელვადიანი,  უარყოფითი შედეგი, ყველა შემთხვევაში, გარანტირებული აქვს.

იქიდან გამომდინარე, რომ ლაზიკა არ აშენდება, ხალხი გაიხსენებს, - ამ კაცმა რომ თქვა, სად არის ეს ქალაქიო?! ლაზიკას თემა მოკლევადიანი პიარის თემაა. არა მგონია, ასე დამყოლი აღმოჩნდეს სამეგრელოს მოსახლეობა, რომ მათზე ლაზიკას თემამ იმუშაოს. სამეგრელოში ხელისუფლების უპირატესობა აქამდე იმით აიხსენებოდა, რომ რეალურ ალტერნატივას ვერ ხედავდნენ და შიშის ფაქტორიც იყო. სამეგრელოში ოპოზიციას ყოველთვის ჰქონდა პრობლემები. ამჯერად სამ-სამ რეგიონში გამოკვეთილად იგებს „ნაციონალური მოძრაობა“ (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი) და ბიძინა ივანიშვილის პარტია (თბილისი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი). მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სპეციფიკური მდგომარეობაა, რადგან ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონებია, სადაც სხვა ტიპის რისკები შეიძლება გაჩნდეს.

ძირითადად ვინ არიან „ნაციონალების“ მხარდამჭერები?

- ადმინისტრაციული რესურსი, ასე ვთქვათ, შეყვარებული ადამიანები, ჩვენ ამის დიდი გამოცდილება გვაქვს საქართველოში. ასევე, სოციოლოგიური კვლევის რეიტინგში გამოჩენილი „შიშისტები“, რომლებიც ყველა შემთხვევაში, ერთგულებას უცხადებენ ხელისუფლებას, განურჩევლად იმისა, რას ფიქრობენ სინამდვილეში.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, ამ კვლევებში რამდენიმე მიმართულებით იგი ლიდერობს. ივანიშვილის ასეთი მაღალი რეიტიგი ეიფორიით ხომ არ არის გამოწვეული და არჩევნებისთვის ხომ არ დაიწევს?

- სწრაფი მატებიდან სწრაფ კლებამდე რისკი, რა თქმა უნდა, მაღალია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში არ მოხდება, თუ ბიძინა ივანიშვილი ფატალურ შეცდომებს არ დაუშვებს. წინასწარ გეტყვით, ეს მძიმე პოლიტიკური ბრძოლა იქნება.

ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით თქვენმა სახელმა ეროსი კიწმარიშვილის მხრიდან გაიჟღერა, როცა იგი ფინანსების თემას შეეხო.

- ბიძინა ივანიშვილს შევხვდი ჯერ კიდევ მის მეორე განცხადებამდე, 8 ოქტომბერს. მანამდე მას არ ვიცნობდი. მისი სურვილი იყო, ჩემთვის თანამშრომლობა შემოეთავაზებინა, რაზეც ძალიან კორექტულად უარი ვუთხარი. თუმცა არ მითქვამს თანამშრომლობაზე უარი რჩევის თვალსაზრისით, ისევე, როგორც ამ სახით არავისთან თანამშრომლობაზე უარს არ ვამბობ. პრეზიდენტ სააკაშვილსაც შევხვდი ორი წლის წინ, რადგან ვთვლი, რომ ესაა ჩემი პროფესიული მოვალეობა, როგორც ექიმია ვალდებული, ნებისმიერ პაციენტს უმკურნალოს, ასევე ჩემი, როგორც ექსპერტის, ვალდებულებაა, ნებისმიერ პოლიტიკოსს ვეკონტაქტო. რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილის განცხადებებს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეროსი კიწმარიშვილი თვლის, რომ იგი „გადაგდებულია“, რომ ის „გადააგდეს“ დამფუძნებლებმა.

ბიძინა ივანიშვილი საერთოდ რა შუაშია ამ თემასთან, მე ვერ გავიგე. „გადავაგდე“ მე, „გადააგდეს“ ჟურნალისტებმა, დღეს მას მთელი საქართველო ეზიზღება, რადგან ის არის „გადაგდებული“. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვილოცოთ ეროსისთვის და მაშინ გადარჩება ეს ქვეყანა.

ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ „მაესტროს“ დამფუძნებლები 30 ვერცხლად გაიყიდნენ.

- რა შუაშია ივანიშვილი „მაესტროსთან“? ეროსი კიწმარიშვილი, აბსოლუტურად გაკოტრებული პიროვნება, ყველა საკითხთან დაკავშირებით ხშირ-ხშირად ახსენებს ბიძინა ივანიშვილის გვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მის იმიჯზე რაღაცნაირად აისახოს. ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ეროსი თვლის. ახლა, თუ ცუდი ამინდია, ვისი ბრალია? - ბიძინა ივანიშვილის, კიდევ რაღაცა ხდება? - თურმე ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე. ყველა საკითხს აბრალებს ბიძინა ივანიშვილს. დამერწმუნეთ, ეს ბიძინა ივანიშვილზე პოზიტიურად მუშაობს და არა ნეგატიურად, როგორც ეს ვიღაცას ჰგონია.

რით არის განპირობებული, რომ ერთსა და იმავე ქვეყანაში (ამ შემთხვევაში, საქართველოში), ერთსა და იმავე გაჭირვებულ საზოგადოებაში, სხვადასხვა დამკვეთის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა განსხვავებულ შედეგს იძლევა?! ეს საქართველოს ფაქტორით აიხსნება, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, თუ შიშის ფაქტორით?

- შიშის ფაქტორი არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს საქართველოში მიშისტები და „შიშისტები“, რომელთა პროცენტიც ძალიან დიდია.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (რომლის საბჭოს თავმჯდომარეც თქვენ ბრძანდებით) დაკვეთით, იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ ჩატარებული კვლევის დროს, მოსახლეობაში შიშის ფაქტორი არ შეგინიშნავთ?

- ამ კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ერთი ძალზე პოზიტიური შედეგი მოიტანა, რომ შიშის ხარისხმა დაიკლო, უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ღიად საკუთარ არჩევანზე, ვიდრე დღემდე საუბრობდა და ეს რა თქმა უნდა, პოზიტივია. 

IRI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიმართ თქვენ შეკითხვები გიჩნდებათ, ამიტომაც მიმართეთ ამ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, გააკეთონ განმარტებები პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებრივი ინტერესი არ დაზარალდეს და ჩრდილი არ მიადგეს სოციოლოგიური კვლევისა და ანალიზის მიმართულებას, ისევე, როგორც თავად - IRI-ის სახელს.  

- უდიდეს პატივისცემას გამოვთქვამ ამ ინსტიტუტის მიმართ. ამ დღეებში „იმედში“ გავრცელდა ინფორმაცია, რასაც თავად IRI (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) არ ადასტურებს. ეს არის გაჟონილი ინფორმაცია. დამეთანხმებით, რომ ხშირ შემთხვევაში, წინააღმდეგობრივი ინფორმაცია იყო, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები სხვადასხვა ციფრებს ასახელებდნენ. აქედან გამომდინარე, IRI-სთან   ჩვეულებრივი თანამშრომლობის რეჟიმს ვინარჩუნებთ, ხოლო უნდობლობას ვუცხადებთ იმას, როდესაც წყაროს დაუსახელებლად, ანუ პასუხისმგებელი პირის დაუსახელებლად, ვრცელდება ინფორმაცია და შემდგომ ეს ხდება პროპაგანდისტული მანიპულაციის საგანი. სწორედ ეს არის პრობლემა. თუ IRI დაადასტურებს ამ კვლევების მონაცემებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ მათთან დავსხდებით და ყველა მეცნიერულ თუ სხვა ტიპის საკითხებზე ვისაუბრებთ.