გიგა ბოკერია: ივანიშვილს სურს, რომ საქართველო უკან, რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს

გიგა ბოკერია: ივანიშვილს სურს, რომ საქართველო უკან, რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს


საქართველოში ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანმა პრეზიდენტი სააკაშვილი გამოიწვია. მთავრობა ახალი ძალის უკან მოსკოვის ხელს ხედავს, ოპოზიციას კი ახალი იმედი გაუჩნდა.

7 დეკემბრამდე ბიძინა ივანიშვილი ფანტომი იყო. მთელმა საქართველომ იცოდა მისი სახელი, თუმცა არავინ იცოდა როგორ გამოიყურებოდა ის და როგორ ჟღერდა მისი ხმა. საქართველოში მასზე მწირი მონაცემები არსებობდა: ასაკი – 55 წელი, დაბადების ადგილი – ჭორვილა, პატარა სოფელი საჩხერის რაიონში, დასავლეთ საქართველო; ქონება – დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარი, რომელიც მან ველურ ოთხმოცდაათიან წლებში რუსეთში საბანკო საქმიანობით, წილებით ინდუსტრიაში და უძრავი ქონებით იშოვა; მიდრეკილება – ფილანტროპია.

7 ოქტომბერი ის დღეა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს წერილობით, ისე რომ თავად არ გამოჩენილა, გამოწვევა გაუგზავნა. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ “ძალაუფლების ტოტალური მონოპოლიზების”, რაც აიძულებს ქართულ მედიას იცრუოს და ბიზნესის მიმართ განუკითხაობის გამო, იძულებულია პოლიტიკაში ჩაერთოს. იგი დაარსებს პარტიას, შეეკვრება “ჯანმრთელ პოლიტიკურ ძალებს”, მოიგებს მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებს და შემდეგ ორი, სამი წლით იკისრებს პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობას, რათა ქვეყანა კვლავ დემოკრატიად აქციოს. საქართველოს უმდიდრეს ადამიანს, რომლის ქონებაც ერთნახევარჯერ აღემატება ქვეყნის მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტს, პოლიტიკური ძალაუფლება სურს.

ფანტომი სახეს იძენს

ამ დღის შემდეგ ფანტომი თანდათან სახეს იძენს. ბიძინა ივანიშვილი გამხდარი კაცია. ის, დაბალი, მტკიცე ხმით საუბრობს. ოქტომბერში, ცხოვრებაში პირველ ტელეინტერვიუში ის კრიტიკულ შეკითხვებზე ჯერ კიდევ გაბრაზებული პასუხობდა, თუმცა ყველაფერს სწრაფად სწავლობს. ახლა მსგავს სიტუაციაში თავაზიანად იღიმება, თითქოს თანამოსაუბრის გამხნევებას ცდილობს, ამბობს, რომ ეს კარგი შეკითხვაა და პროფესიულად ზოგად, ძნელად ხელმოსაჭიდ ფორმულირებებს იშველიებს.

ივანიშვილის თბილისის რეზიდენცია ფუტურისტული ნაგებობაა. ის ქალაქის ძველი ნაწილის ერთ-ერთ ფერდობზე კოსმოსური ხომალდივით არის წამოჭიმული. მისასვლელი – ციხე-სიმაგრესთან მისასვლელს ჰგავს. ადრე ასეთ ადგილებში სასახლეებს აშენებდნენ. თავისი კაბინეტიდან ის თითქმის მთელ ქალაქს გადაჰყურებს: როცა ბნელდება, განათება ქვემოთ პრეზიდენტის სასახლეს გამოარჩევს, ბერლინის რაიხსტაგის მსგავსი მინის გუმბათით და არც თუ ისე შორს მდგარ ახლდა აშენებეულ უზარმაზარ ეკლესიას, რომლისთვისაც ივანიშვილმა დიდი ფული გაიღო. შენობა გრილია, მშრალი, ძვირი, კედლებზე კიდია ლუსიენ ფრეიდის ორიგინალები. მინის ბრტყელ მაგიდაზე ვერცხლში მოვარაყებული მდიდრული ხატი დევს.

როდესაც ეკითხებიან, რატომ მიისწრაფის ის ყურადღების ეპიცენტრისკენ, მაშინ როდესაც აცხადებს, რომ ეს არ უყვარს, ივანიშვილი პასუხობს, რომ ამას თავისი სამშობლოს გადარჩენისთვის აკეთებს, რომელსაც სააკაშვილი უფსკრულისკენ მიაქანებს. 2007 წლის ნოემბერში, თბილისში დემონსტრაციის ძალისმიერი გზით დაშლის და 2008 წლის მანიპულირებული არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა ოპოზიციის დაფინანსება დაიწყო. “მაგრამ ამან საჭირო შედეგი არ მოიტანა”.

“მე არასოდეს ვყოფილვარ ჩვეულებრივი ბიზნესმენი”, ამბობს ბიძინა ივანიშვილი. ”ჩემნაირი მეორე არ არსებობს”. ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ინკოგნიტოდ ცხოვრობდა, საქართველოში იმაზე საუბრობდნენ, რომ ის სააკაშვილის მთავრობას სერიოზულად აფინანსებდა, რომ იგი სკოლებს და საცურაო აუზებს აშენებდა, ხელოვანებსა და სპორტსმენებს ეხმარებოდა, მაგრამ ამაზე მეტის შესახებ მხოლოდ ცოტამ თუ იცოდა რაიმე. ახლა იგი თვითონ საუბრობს ამაზე. “მე არასდროს ვეხმარებოდი სააკაშვილს”, ამბობს იგი, “მე ფინანსურად ვეხმარებოდი მთავრობას, როდესაც ქართულ სახელმწიფოს ფული არ ჰქონდა და ადამიანებს, რომლებსაც უნდა მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ისინი ისე ცოტას გამოიმუშავებდნენ, რომ საცხოვრებლად არ კმაროდა”. ამიტომ ენდობა მას ახლა ბევრი ადამიანი. “ჩემი კაპიტალი არა ფული, არამედ ნდობა”.

“მე ვარ ქართველი, რომელიც შენ შეიძლება მოგწონდეს”

გიგა ბოკერიას არ აქვს ნდობა, სამაგიეროდ ფული მისთვის თემაა, უპირველეს ყოვლისა კი მისი წარმომავლობა. ბოკერიას აქვს მტკიცე შეხედულებები, ყოველ შემთხვევაში იგი ასე ამბობს და დემოკრატიისთვის მებრძოლის დიდი ისტორია: ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში იგი სტუდენტთა მოძრაობას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით, რთულ წლებში ადამიანის უფლებათა აქტივისტი იყო და საბოლოოდ, 2003 წელს “ვარდების რევოლუციის“ მთავარ ორგანიზატორთა სიაში შედიოდა. ამ რევოლუციამ მოიყვანა პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში და თავად ბოკერიაც. დღეს ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია და მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კაცად ითვლება.

ალბათ რამდენიმე შეკითხვა უნდა დასვა ადამიანმა, ამბობს ბოკერია, როდესაც რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი საქართველოში პოლიტიკაში მოდის. იგი უფრო თავშეკავებულია, ვიდრე სააკაშვილის პარტიის ზოგიერთი პარლამენტარი, რომლებიც ივანიშვილს “პუტინის პროექტად” მოიხსენიებენ. თუმცა ისიც ამბობს: “ივანიშვილს სურს საქართველო უკან, რუსეთის ორბიტაზე დააბრუნება”. ეს ჩანს ივანიშვილის გამონათქვამებიდან, რომელიც მუდმივად თავისი ფორმულირებებით პუტინს უგზავნის სიგნალს: ”მე ვარ ქართველი, რომელიც შენ შეიძლება მოგწონდეს”.

ივანიშვილის თვალში რუსული არგუმენტი მხოლოდ მთავრობის სასოწარკვეთის მაჩვენებელია: “მეტი არაფერი აქვთ სათქმელი”. თავის პირველივე წერილში მან განაცხადა, რომ ყველა ფირმასა და წილს რუსეთში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაყიდის, “რათა მოსახლეობაში არ დარჩეს შეკითხვები”. რამდენად სჯერა იმის, რომ პუტინი მას დაბრკოლებებს არ შეუქმნის? ”ეს თავადაც მაინტერესებს”, ამბობს ივანიშვილი. გარდა ამისა : “მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ვაცნობიერებ იმას, ასეთ პირობებში ჩემს აქტივს კარგ ფასად ვერ გავყიდი”. ნამდვილი ღირებულების ნახევარი უკვე კარგი იქნებოდა, დასძენს იგი.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ისევ რაციონალურობა უნდა დამკვიდრდეს, ამბობს ივანიშვილი.”მაშინ ჩვენ შედეგსაც მივიღებთ”. იგი ეთანხმება ქართულ ერთობას: “მე გამიხარდებოდა, თუკი ნატო ხვალ მიგვიღებდა თავის რიგებში”, ამბობს იგი „ჩვენი უსაფრთხოებისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს”. მაგრამ გაწევრიანებისათვის ყველაზე დიდი დაბრკოლება ის არის, რომ სააკაშვილმა დემოკრატიას ზურგი აქცია. 2008 წლის რუსულ-ქართულ ომს იგი ასე აღწერს: “ეს იყო რუსეთის დიდი აგრესია, მაგრამ სხვა რეაქციით ჩვენ შეგვეძლო მისთვის თავის არიდება“.

მიმართულება ამოუცნობია

ისეც არ არის, რომ ბოკერიას ივანიშვილზე მეტი არაფერი ჰქონდეს სათქმელი: “საკითხავია, როგორია მისი პოლიტიკური კრედო: რა აზრისაა იგი მაგალითად სახელმწიფოს ბიზნესში ჩარევის ხარისხზე?, სვამს ის კითხვას. “ეს რთული ამოსაცნობი არ არის”. ის თუ, საით შეიძლება ივანიშვილმა საქართველო წაიყვანოს, ჭორვილაში ჩანს: “იქ არავინ არაფრის მიმართ პასუხისმგებლობას აღარ გრძნობს – ისე როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო”.

ჭორვილა ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელია. ის განსხვავდება სხვა სოფლებისგან, რომლებსაც თბილისიდან მგზავრობისას თითქმის ორსაათნახევრის განმავლობაში გაივლი. ჭორვილაში ვერ ნახავ სიძველისგან განაცრისფერებულ სახლებს, დაჟანგული რკინის სახურავებით, ვერ ნახავთ სახლების გვერდით ქარისგან მორყეულ ხის ბეღელს, ჯოხებით, ჯართით და მავთულით იმპროვიზირებულ ღობეებს. ჭორვილაში ახალი სახლებია, უფრო დიდი, ვიდრე სადმე სხვაგან. ისინი წესისამებრ გალესილია და მწვანე და წითელი სახურავები ამშვენებენ. ამასთანავე, კაცმა რომ თქვას, ჭორვილა მდიდარი სოფელი არ არის. აქაურების თქმით, დასამუშავებელი მიწა ბევრი არ არის, ამით ფონს ვერ გახვალ. მას შემდეგ, რაც 2004 წელს სოფელში დაბრუნდა, რომელიც სამოცდაათიან წლებში დატოვა და თბილისში სასწავლებლად გაემგზავრა, ივანიშვილმა 260 ოჯახს ახალი სახლები აუშენა. მან ხალხს არა მხოლოდ სრულად გაწყობილი სახლები აჩუქა, არამედ ყოველთვიურად თანხასაც ურიცხავს, რომელიც მათ საცხოვრებლად ყოფნით. ამისათვის მათ მხოლოდ ნაჩუქარი საკუთრების მოვლა ევალებათ. სამუშაო აქ ისევე ცოტაა, როგორც სხვა სოფლებში.

“მე ვიცი ხალხის მოლოდინი”

ჭორვილაში ადამიანები ივანიშვილზე მხოლოდ კარგს ამბობენ – მათი ხმების იმედი ნამდვილად შეუძლია ჰქონდეს. თუმცა ახლა პრობლემა აქვს: “მე ვიცი ხალხის მოლოდინი”, მისი თქმით “ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ ღამეში გამდიდრდება.” იმედგაცრუება გარდაუვალია, ამბობს ივანიშვილი. ”ამიტომ ჩემი მთავრობაში ყოფნის პირველი წელი ძალიან რთული იქნება” და იქვე დასძენს : “შეიძლება ადამიანები ერთ ღამეში არ გამდიდრდნენ, მაგრამ მათ კვლავ გაუჩნდებათ პერსპექტივა”.

ნიქოზის მოსახლეობისთვის უკვე დიდი შეღავათი იქნებოდა, ამ წლის ზამთრისთვის შეშის იმედი რომ ჰქონდეთ. ნიქოზი ჭორვილას საპირისპირო შემთხვევაა. ის ღარიბ საქართველოში ძალიან ღარიბი სოფელია. ნიქოზი სამხრეთ ოსეთის საზღვართან მდებარეობს. ზაფხულში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს აქ რუსული და ოსური მილიცია ბოგინობდა. იქვე, სოფლის უკან ერთმანეთის პირისპირ დგანან რუსული და ქართული დანაყოფები. სოფლის საძოვრებისა და ბაღების ერთი ნაწილი მეორე მხარეს დარჩა, რუსული სიმაგრეების უკან. მოსახლეობა სუსხიან ქარში ქუჩაში შეიკრიბა, რათა ირაკლი ალასანიას თავისი წუხილი გაუზიაროს. იგი იმ ორი ოპოზიციური პარტიიდან ერთ-ერთის ლიდერია, რომლებსაც ივანიშვილმა “ჯანსაღი ძალა” უწოდა და წლების განმავლობაში პირველი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს აქ არის.

დემოკრატია გულწრფელად იგულისხმა

ალასანიას ავტორიტეტს მთავრობის კაცი, გიგა ბოკერიაც აღიარებს. მან შარშან ისეთი რამ გააკეთა, რაც აქამდე ვერც ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედა: ალასანიამ გასულ წელს, თბილისის მერის არჩევნების შემდეგ, თავისი დამარცხება აღიარა და სამთავრობო პარტიის კანდიდატს გამარჯვება მიულოცა. ჯერ არცთუ ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. იმ დროს ალასანია ჯერ კიდევ სხვა მხარეს ეკუთვნოდა: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იგი საქართველოს ელჩი იყო გაეროში.

დღესაც, პრეზიდენტზე და მის გუნდზე საუბრისას იგი მხოლოდ ცუდს არ ამბობს: სააკაშვილი დემოკრატიას გულწრფელად გულისხმობდა და თავისი ენერგიით ბევრ კარგს მიაღწია. თითქმის სასწაულია რა სწრაფად დაამარცხა საქართველომ ყოველდღიური კორუფცია ქვედა და შუა საფეხურებზე, ამბობს იგი. ”და ეს დიდწილად სააკაშვილის დამსახურებაა”. მაგრამ პრეზიდენტმა მისი ყველა მონაპოვარი შებღალა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობის ტაქტიკით. “მისი შეცდომა იყო, რომ მას ავტორიტარული ძალაუფლება დემოკრატიული რეფორმების გამყარებისათვის სურდა”.

“ჩვენ არ გვინდა რევოლუცია”

ალასანიას სააკაშვილის ბატონობის დასრულება უნდა, მაგრამ არა მისი დამხობა: “ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პრეზიდენტი და მთავრობა არჩევნების გზით შევცვალოთ, მხოლოდ მაშინ გავხდებით ჩვენ დემოკრატია. ჩვენ არ გვსურს რევოლუცია”, ამბობს ის. მისი ვიზიტი ნიქოზში შემთხვევითი არ არის – უკვე ორი წელია იგი საქართველოს სოფლებში დადის, რათა მათი მხარდაჭერა მოიპოვოს. ალასანიას პარტია ივანიშვილთან ალიანსში გაერთიანდა, მომავალი წლის არჩევნებში ისინი ერთად მიიღებენ მონაწილეობას. შეკითხვაზე, ენდობა თუ არა ივანიშვილს რომ ის პოლიტიკაში მხოლოდ ორი, სამი წლით დარჩენას აპირებს, ალასანია პასუხობს: “მე მგონია, ის ამას გულწრფელად ამბობს, იგი ნამდვილი ქართველი პატრიოტია”. რა თქმა უნდა, არსებობს იმის საშიშროება, რომ ივანიშვილს ხელისფლებაში ყოფნა მოეწონება – ამის თავიდან აცილებისათვის კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს.

გიგა ბოკერიას თქმით, ყველაზე დიდ საფრთხეს ივანიშვილი “სერიოზული ოპოზიციისთვის” წარმოადგენს, ისეთებისთვის როგორიცაა ირაკლი ალასანია, რომლებიც მასთან მეკავშირეობით თავისი ავტორიტეტით რისკავენ. იგი ივანიშვილის მნიშვნელობის შემცირებას ცდილობს – მთავრობისათვის აღელვების საფუძველი არ არსებობს: “გამოკითხვებისას ჩვენი მონაცემები სტაბილურია”, ამბობს გიგა ბოკერია “არჩევნებში ჩვენ არაფერი გვემუქრება”. სიტყვა “არჩევნებს” იგი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს. დანარჩენი უფერო მინიშნებაა – მაშინაც კი, როდესაც იქვე დასძენს, მას არ სურს ვინმეს დაკნინება.

თუმცა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე მთავრობის პირველმა რეაქციამ მათი ნერვიულობა გამოააშკარავა. თავიდან, ოქტომბრის შუა რიცხვებში ივანიშვილს საქართველოს პასპორტი ჩამოართვეს, ისე რომ მას აღარ აქვს სახელმწიფო თანამდებობისთვის ბრძოლის უფლება, შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ივანიშვილის, საქართველოში მისი ერთადერთი ბიზნესის, ქართუ-ბანკის საქმიანობის შემოწმება დაიწყო და ბოლოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმმა, ფულის გათეთრების ეჭვით, ორი მილიონი დოლარითა და ერთი მილიონი ევროთი დატვირთული საინკასაციო მანქანა და ბანკის ექვსი თანამშრომელი დააკავა. როგორც გიგა ბოკერია ამბობს, ივანიშვილმა ეს პრობლემები თავის თავს უნდა დააბრალოს – მან კანონი დაარღვია. ამას პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო.
foreignpress.ge