CFR-ის ანალიტიკოსებმა 2012 წელს კონფლიქტის განახლებას არ გამორიცხავენ

CFR-ის ანალიტიკოსებმა 2012 წელს კონფლიქტის განახლებას არ გამორიცხავენ

ამერიკული ორგანიზაციის „საგარეო ურთიერთობების საბჭო“ (CFR) ანალიტიკოსები საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის განახლების საფრთხეს ხედავენ. ორგანიზაციამ „პრევენციული პრიორიტეტების კვლევა - 2012“ გამოაქვეყნა და ის შესაძლო კონფლიქტები ჩამოთვალა, რომლებიც, ექსპერტთა აზრით, აშშ-სთვის საფრთხის შემცველია და, შესაბამისად, ამერიკელ პოლიტიკოსთა მხრიდან პრევენციული ზომების გატარებას მოითხოვს.

ანალიტიკოსებმა საფრთხეები სამ ნაწილად, აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის მათი შედარებითი მნიშვნელობის მიხედვით დააჯგუფეს.

პირველ ჯგუფში შეიყვანეს კონფლიქტები, რომლებშიც შესაძლოა, აშშ აღმოჩნდეს ჩართული, რადგან სხვადასხვა ხელშეკრულებებით ვალდებულებები აქვს აღებული (ირანის ბირთვული კრიზისი, ჩრდილოეთ კორეის კრიზისი, დაძაბულობა პაკისტანში და ა.შ.).

მეორე ჯგუფში ანალიტიკოსებმა შეიყვანეს შესაძლო კონფლიქტები იმ ქვეყნებში, რომლებიც აშშ-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, თუმცა მათში ჩართვის ვალდებულება აშშ-ს არ აქვს (დაძაბულობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის, კრიზისი ავღანეთში, ერაყსა და სირიაში და ა.შ.).

მესამე ჯგუფში კი შეყვანილია კონფლიქტები იმ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-სთვის შეზღუდული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, თუმცა მათ შესაძლოა, მძიმე ჰუმანიტარული შედეგები ჰქონდეს.

CFR-ის ანალიტიკოსებმა საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტი სწორედ ამ ჯგუფში შეიყვანეს. ისინი ფიქრობენ, რომ 2012 წელს ამ კონფლიქტის განახლების საფრთხე არსებობს.

საქართველო-რუსეთის კონფლიქტის გარდა, ამ ჯგუფში შეყვანილია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი, ლიბიის კრიზისი და ა.შ.

თვის მხრივ, მოსკოვიც „შიშობს“, რომ „საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორებისკენ უბიძგოს“. ეს განცხადება საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ლავროვის განცხადებით, ნატო-რუსეთის საბჭოს ბოლო სხდომაზე საქართველოს თემა განიხილებოდა: ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული იყო კომუნიკე, სადაც ნახსენებია საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც სამხედრო ბლოკში შესვლას ესწრაფვის.

„მე მაშინ გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, რომ ნებსით ან უნებლიეთ საქართველოს ახლანდელ რეჟიმს რაღაც 2008 წლის აგვისტოს მსგავსისკენ არ უბიძგონ. იმიტომ, რომ ომი მოჰყვა მალევე ნატოს ბუქარესტის სამიტს, სადაც ასე უაპელაციოდ იქნა გაცხადებული, რომ საქართველო ნატოს წევრი იქნება, – განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა:

„გამოვთქვი იმედი იმისა, რომ ნატოელები მაინც მეტი პაუხისმგებლობით მიუდგებიან ასეთი სახის მოვლენებს, როგორიც 2008 წლის აგვისტო იყო რეგიონში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ რუსეთის ფედერაციისთვისაც. იქ ჩვენი მეზობლები და უახლოესი მოკავშირეები ცხოვრობენ. იმედი მაქვს, ჩემი გაიგეს“.

ამ ფონზე, კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული დაძაბული ვითარება რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის განახლების რისკებს ზრდის: „კონფლიქტის განახლების რისკი ნამდვილადაა და ეს რისკი კიდევ უფრო გაზრდილია დღეს, როცა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიიდან ხიფათის გადმოსვლის საფრთხე არსებობს.

ვფიქრობ, რომ ედუარდ კოკოითი ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ არის გამორიცხული საკუთარი უსაფრთხოებისა და ქონების შენარჩუნებისთვის პროვოკაციები მოაწყოს“.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, არსებობს რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის განახლების კიდევ ორი სავარაუდო მიზეზიც:

“ერთი არის – კონფლიქტის განახლების საქმეში რუსეთის ინტერესები, რუსეთის ხელისუფლებას ეს შეიძლება, თუნდაც საკუთარი რთული შიდაპოლიტიკური ვითარების გადაფარვისთვის აწყობდეს და მეორე - გეოპოლიტიკური მიზეზი, რომელსაც შეიძლება მივაბათ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და დასავლეთის სავარაუდო კონფლიქტი ირანთან, რაც, გარკვეულწილად, საქართველოსაც უკავშირდება, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განთავსებაზეა საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ის პირდაპირ შემტევითი პოტენციალის მქონე არ იქნება“. 

გარდა ამისა, არეშიძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 73 % რუსეთთან დიალოგის აღდგენას მხარს უჭერს და აღნიშნა, რომ საზოგადოების განწყობა იმ ხიფათისგან გამომდინარეობს, რასაც ჩიხური სიტუაციის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობა რუსეთისგან ელოდება:

“IRI-ის კვლევებს ვერ დავიჯერებ, მის ზოგიერთ პუნქტში აშკარად ჩანს გარკვეული პოლიტიკური ძალის მიმართ გაზრდილი პროცენტები, მაგრამ ის, რომ გამოკითხულთა უმეტესობა ასე ფიქრობს, განპირობებულია ხიფათით, რასაც საზოგადოება რუსეთის მხრიდან ელოდება.მოსახლეობა ფიქრობს, რომ დიალოგი აუცილებელია, რათა ისინი უფრო მეტად დაცულები იყვნენ და ეს ფორმატი უნდა შეიქმნას, მიუხედავად იმისა, რომ ამან გადამწყვეტი შედეგი შეიძლება ვერ მოიტანოს“.

პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე რუსეთთან დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით დადებით განწყობას მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ მხარეებს სალაპარაკო თემა არ ექნებათ: 

„კარგია, ასეთი განწყობა რომ არსებობს, მაგრამ პრობლემა ისაა, რანაირად უნდა აღდგეს დიალოგი? რუსეთი ამბობს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას არ შეცლის. რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვაპირებთ უარის თქმას ამ რეგიონებზე. საქმე ისაა, რა საკითზე უნდა ვილაპარაკოთ დიალოგის დროს. ამ მიმართულებით პროცესი ჩიხშია შესული“.

აბაშიძის განმარტებით, არსებულ ჩიხურ სიტუაციაში კონფლიქტის განახლების რისკიც დიდია:

„როცა დედაქალაქიდან 30 კილომეტრში დგას საკმაოდ ძლიერი სამხედრო დაჯგუფება და მისი პროფილია შემტევითი სასიათი, როცა ერთ პატარა ტერიტორიაზე ამდენი იარაღის თავმოყრა ხდება, იქ ერთ პატარა ნაპერწკალსაც შეიძლება მოჰყვეს მოვლენების სერიოზული განვითარება. კონფლიქტის განახლების ალბათობა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ რისკის მაჩვენებელი დღეს მაღალი არ არის“.