სოციოლოგიური კვლევები და „გულახდილი“ რესპოდენტები

სოციოლოგიური კვლევები და „გულახდილი“ რესპოდენტები

ორი სოციოლოგიური კვლევა, ორივე მეტ-ნაკლებად განსხვავებული, საიდანაც პოლიტიკოსები ცდილობენ, მათთვის სასარგებლო რეიტინგი დაინახონ. IRI–ს მიერ ჩატარებულ კვლევაში გიორგი თარგამაძისა და მისი მოძრაობის მიმართ ნდობის მაღალი რეიტინგი დომინირებს, თანაც კვლევის თანახმად, თბილისში უფრო პოპულარულია თარგამაძე (22 %), როგორც ოპოზიციური ლიდერი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი (21%). იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ კი უფრო ივანიშვილის ძალისა და მისი პოლიტიური პარტნიორების სიძლიერე აჩვენა. ამასთან, დამაფიქრებელია ერთი გარემოებაც: თუ IRI–ს კვლევის დროს გამოკითხულთა 26 % აცხადებდა, რომ „უჭირდა პასუხის გაცემა“, კაჭკაჭიშვილის სოციოლოგიურ კვლევისას თავშეკავებულთა მხოლოდ 13 %-მდე დაფიქსირდა, რაც ადასტურებს, რომ კაჭკაჭიშვილის რესპოდენტები ორჯერ უფრო გახსნილები იყვნენ.

ორივე სოციოლოგიურ კვლევას აქვს საერთო დეტალებიც: ორივეს თანახმად, საქართველოში პოლიტიკური ორპოლუსიანობა იგრძნობა და „ნაციონალები“ და ქართულ პოლიტიკაში ახლადგამოჩენილი ბიძინა ივანიშვილის პარტია ლიდერობენ. ორივეს კვლევებით, ქვეყანაში გაჭირვება, სიღარიბე დომინირებს, რასაც ტერიტორიების დაკარგვაც ემატება. თუმცა, ამის მიუხედავად, დასკვნები განსხვავებულია: IRI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, თურმე ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ისევ „ნაციონალებს“ ანიჭებენ უპირატესობას, იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევის თანახმად კი, ივანიშვილის გამოჩენამ ამომრჩეველს იმედი ჩაუსახა და გულაცრუებულ ელექტორატთან ერთად სხვა ოპოზიციონრების ამომრჩევლებიც მიიმხრო.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევის თანახმად –„რომელ პოლიტიკურ პარტიას არ დაუჭერთ მხარს არცერთ შემთხვევაში?!“ – პირველ ადგილზეა (16.5 % ) ნინო ბურჯანაძის პარტია („დემოკრატიული  მოძრაობა – ერთიანი საქართველო“); მას მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (13.6), ლეიბორისტული პარტია (11.3) „ქართული პარტია“ (2.7) და სხვა. ასე რომ, ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ქუჩის აქციების გზამ საქართველოში კრახი განიცადა.

და მაინც, რატომ ტარდება საქართველოში განსხვავებული სოციოლოგიური კვლევები?! რა განსხვავებაა IRI-სა და იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევებს შორის? ამის შესახებ Presage.tv პოლიტიკოსებსა და სოციოლოგებს ესაუბრა.    

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სოციოლოგიური კვლევა უნდობლობას მაშინ იწვევს, როცა მისი შედეგები ფარულად, პარტიზანულად ვრცელდება და საჯაროობას ერიდებიან.  

IRI-ის კვლევების მიმართ ოპოზიცია უნდობლობით განიმსჭვალა და შეკითხვა გაუჩნდა, გაჭირვებულ ქვეყანაში ისევ „ნაციონალებს“ რატომ ამჯობინებენ?

– სასურველია, რომ IRI-ის სახელით გამოქვეყნებული კვლევის შედეგები სახელისუფლებო არხებზე პარტიზანულად კი არ იყოს წარმოდგენილი, არამედ კვლევის ჩამტარებელმა გოჩა ცქიტიშვილმა, იაგო კაჭკაჭიშვილის მსგავსად, ასევე სრულად წარმოადგინოს მისი კვლევის შედეგები. მით უმეტეს, რომ ორიოდე კვირის წინ გოჩა ცქიტიშვილი საუბრობდა და ვრცელი წერილიც გამოაქვეყნა იმ ტენდენციებზე, რაც სრულად დასტურდება იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევით.

რაც შეეხება იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევის ერთ დეტალს ტელეარხების რეიტინგს?

– თბილისის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ტელეარხების მიმართ მაღალი ნდობა. სრულიად ნათლად გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრი უყურებს „იმედს“, მაგრამ თურმე, ნდობის თვალსაზრისით, ეს ტელეკომპანია აგებს დამოუკიდებელ ტელეარხებთან. ამ გაგებით, პარალელური პროცესია, როცა პოლიტიკური ორიენტირი ივანიშვილსა და მასთან კოორდინირებულ ძალებს უკავშირდება, მედიაორიენტირი კი უკავშირდება „მაესტროს“, „კავკასიას“. თანაც სწორედ იმ დროს, როდესაც ტარდებოდა ეს სოციოლოგიური კვლევა, „მაესტროში“ ჯერ კიდევ არ იყო პრობლემები. ამიტომ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პარალელური პროცესები. სრულიად ნათელია, რომ ეროსი კიწმარიშვილი არის ხელისუფლების ინტერესების გამომხატველი კაცი, რომელსაც იმედი აქვს, რომ დაცული იქნება ხელისუფლებისგან და იქნებ, ფინანსურ გამორჩენასაც გამოკრას ხელი.

ანუ ეროსის უნდოდა, რომ „მაესტროსთვის“ მოზიდული 4,5 მილიონი დოლარიდან გარკვეული ნაწილი აეღო ?

– ეგ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ეროსის კარგი არაფერი უნდოდა.

რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ სოციოლოგიური კვლევის თანახმად,  ბიძინა ივანიშვილმა თურმე ხმები წაგართვათ „რესპუბლიკელებს“?

– ბიძინა ივანიშვილმა ხმები კი არ წაგვართვა „რესპუბლიკელებს“, არამედ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერები ამჟამად ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებად გვევლინებიან. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ წამყვანი ოპოზიციური ფიგურა და რეიტინგის ლომის წილი არის მისი. ხალხი მას და მასთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალებს – „რესპუბლიკურ პარტიას“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ იმედს უკავშირებს. სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი უპირატესობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ახალ-ახალ რაღაცებს იგონებს – ახლა ლაზიკას აშენებს.

მაინტერესებს, ეგრისს რას ერჩის? რატომ არქმევს ლაზიკას და არა ეგრისს არარსებულ და არ ასაშენებელ ქალაქს?! არავითარი ქალაქი იქ არ აშენდება, არავითარ ათ წელიწადში ნახევარმილიონიანი ქალაქის რესურსი ქვეყანაში არ არის, არც ფინანსური და არც ადმინისტრაციული. მე მგონი, სააკაშვილს ამით მარტო იმის თქმა უნდოდა, რომ პუტინი რომ 12 წლით აპირებს დარჩენას რუსეთში, მეც კიდევ ათი წლით მინდა ვიყო ხელისუფლებაშიო. მხოლოდ ამას ნიშნავს და ახლა არასერიოზულია იმის განხილვა, ჭაობში აშენდება თუ არა ნახევარმილიონიანი ქალაქი.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა IRI-ს კვლევისა და საკუთარი სოციოლოგიური კვლევის შედარებისგან თავი შეიკავა.

„ეს ორი კვლევა ერთმანეთს რომ შევადარო, ამის უფლება არ მაქვს, რადგან IRI-ს  არ დაუდასტურებია გამოქვეყნებულ შედეგთა რეალობა. ჩემი კვლევის შედეგებით კი  გამოვლინდა, რომ დღეს არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ორი დომინანტი ძალაა –„ნაციონალური მოძრაობა“ და ივანიშვილის პოლიტიკური პარტია. ნაციონალები ძირითადად სტაბილურად ინარჩუნებენ მხარდამჭერთა რაოდენობას, თუმცა გარკვეული რყევები ამ მიმართულებით არის. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა კი თავის პოლიტიკურ რეიტინგს სხვადასხვა დონორის საფუძველზე აგებს: პირველი, ეს გახლავთ ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე პოლიტიკურ სიმპათიას არ უკავშირებდა რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, რადგან იმედგაცრუებული იყო მის მიმართ, თუმცა ოპოზიციური განწყობა ჰქონდა. ივანიშვილმა დაიწყო ამ ტიპის ამომრჩევლის შემოტრიალება მათი ინსტიტუციური პოლიტიკისკენ. მეორე გახლავთ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომელთა ხმებზე ნადირობაც ივანიშვილის პარტიას ჯერჯერობით წარმატებით გამოუდის და ართმევს ხმებს ოპოზიციურ პარტიებს და მესამე – „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა მცირე ნაწილისთვისაც აღმოჩნდა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია მიმზიდველი. ეს გახლავთ დონორები, საიდანაც დგება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეიტინგი.

იმ შემთხვევაში, თუ IRI-მ არ დაადასტურა მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევის სინამდვილე, მაშინ ვისი მხრიდან მოხდა  თავისუფალ იტერპრეტაცია?

– თუ არ დაადასტურა, მაშინ ეს არის მედიის მიერ შედეგთა ინტერპრეტაცია, თვითონ შედეგების რეალურობაზე კი ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, სანამ ჩამტარებელი, შემკვეთი ორგანიზაცია არ დაადასტურებს ამ შედეგთა რეალურობას, მანამდე მათზე სერიოზული კომენტარი უხერხულია.

საინტერესოა, ერთსა და იმავე ქვეყანაში სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის ცენტრები განსხვავებული კვლევის შედეგებს როგორ დებენ?

– მე ჯერ არ ვიცი, IRI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევა განსხვავებულია თუ არა. ამიტომ დაადასტურონ, რომ ეს ზუსტად ის შედეგია, რაც მედიაში გავრცელდა.              

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც ამ კვლევებს აახლოებს, ისაა, რომ IRI-ს კვლევაში ნაციონალების პროცენტული მონაცემი ემთხვევა იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევაში მოტანილ პროცენტს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პრობლემატიკასთან მიმართება სხვადასხვა გამოკვლევას შორის ერთი და იგივეა, ანუ, ყველა ხედავს ერთ პრობლემას, დაახლოებით ერთნაირად აფასებს ხელისუფლების მუშაობას, მაგრამ კითხვის მიცემის ფორმულირებით, ამ მანიპულირებით ხდება რეზულტატის გამოყვანა. ოღონდ ერთი რამაა მთავარი, რაც ნორმალურ ადამიანს ყოველთვის დააეჭვებს: თუ ასე უარყოფითად აღიქვამს მოსახლეობა შექმნილ რეალობას, მაშინ რატომ უჭერს ხელისუფლებას მხარს? ამაზე პასუხს ვერ სცემენ ის გამოკვლევები, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ხელისუფლებას მაღალი რეიტინგი აქვს“.

„ხალხის პარტიის“ ლიდერის, კობა დავითაშვილის აზრით, ორივე კვლევას ბევრი რამ საერთო აქვს, თუმცა არის განსხვავებებიც. კერძოდ, არჩევნებზე მისვლასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა მაღალი აქტიობა შეინიშნება, რითაც მოგებული მხოლოდ ოპოზიცია დარჩება.

„მეეჭვება, თარგამაძის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად დასახელება. მეტიც, მე მგონია, იმხელა პოლარიზაცია მოხდება შემდეგ არჩევნებზე, რომ შეიძლება, ბატონ თარგამაძეს პარლამენტში მოხვედრა გაუჭირდეს. როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, როდესაც ძალიან მაღალია მომსვლელთა რაოდენობა, ოპოზიციის მიღებული შედეგები ბევრად უკეთესია. გარდა ამისა, აშკარაა, რომ ივანიშვილი ხელისუფლების ალტერნატივად გამოიკვეთა. ბუნებრივია, ის არის კრებითი სახე ოპოზიციის და ოპოზიციური ძალების ლიდერი“.