საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანდრო ალავიძე აცხადებს, რომ მოსახლეობა პარლამენტის დაკომპლექტებას, მთლიანად, მაჟორიტარებით ითხოვს და მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ეს სურვილი, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც უნდა იქნას დაკმაყოფილებული, რაც იმას გულისხმობს, რომ პარლამენტში დეპუტატთა თანაფარდობა მაჟორიტარების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
Presage.tv უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ პარლამენტართა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდა გადაიფიქრა და ახლა სურს, რომ 150-ში თანაფარდობა მაჟორიტარების სასარგებლოდ შეცვალოს, რადგან მათთვის უფრო ხელსაყრელი სწორედ მაჟორიტარული არჩევნები იქნება.
როგორ აპირებს ხელისუფლება ამ იდეის განხორციელებას და რა არგუმენტები დასახელდება ამისთვის, ამ საკითხებთან დაკავშირებით Presage.tv საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ანდრო ალავიძეს ესაუბრა.
ანდრო ალავიძე: ბოლო პერიოდში რეფერენდუმის ლეგიტიმურობის საკითხი დაისვა, პარლამენტართა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი თუ არა და დღეს ამაზე ბევრი ლაპარაკია. მაგრამ მე შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ამ შეხვედრების შემდეგ მოსახლეობა დარწმუნდა, რომ რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს.
რაც შეეხება რაოდენობის გაზრდას, ნაწილი ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს და მათი არგუმენტი არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს მეტი შანსი მიეცემათ და ეს ზოგადად კარგი იქნება. მაგრამ ნაწილი იმასაც ამბობს, რომ არ უნდა გაიზარდოს. არიან ისეთებიც, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი და რასაც ხელისუფლება გადაწყვეტს, არ ღებულობს და საწინააღმდეგოს ამბობს. ასეა ამ შემთხვევაშიც და ამბობს, რომ სჯობს, არ გაიზარდოს.
მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი ძალიან საინტერესო ტენდენცია შევამჩნიე. როდესაც ვლაპარაკობდით იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს პროპორციული ნაწილი, რათა პარტიებს შესაძლებლობა მიეცეთ, ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში, ამაზე ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ და ამბობდნენ, რომ პროპორციული სიის გაზრდით ბევრი ისეთი ვინმე შევა, ვისაც საერთოდ არ ვიცნობთ და ეს რაში გვაწყობსო.
მათი წინადადებაა, რომ სულ მაჟორიტარები იყვნენო. ასეთია ზოგადად ხალხის დამოკიდებულება, რომ, რაც შეიძლება, მეტი მაჟორიტარი იყოს და ამის არგუმენტი ის არის, რომ ადამიანებს პირადად იცნობენ, შეხება აქვთ. პროპორციული სიით კი ვინც გადის, მათთან ნაკლები შეხება აქვთ და არ უნდათ ასეთი ხალხის პარლამენტში გასვლა, რადგან ჰგონიათ, რომ უცხო ხალხი მათ საქმეს არ გააკეთებს.
თქვენ ამ მოსაზრებას ეთანხმებით?
- თუ საკითხი დადგა ასე, რომ უნდა დარჩეს პარლამენტართა რაოდენობა 150-ის ფარგლებში და არ გავზარდეთ, მაშინ მეც ვფიქრობ, რომ ამ ადგილების გადანაწილება მაჟორიტარების სასარგებლოდ უნდა მოხდეს.
იმ ადგილებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს, ასეთი ოლქები ყველა შემთხვევაში უნდა გაიყოს. წარმოიდგინეთ, როგორია მაჟორიტარისთვის, იყო ისეთი ოლქის წარმომადგენელი, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია და მათ ინტენსიურად უნდა ხვდებოდე, მათ პრობლემებს ისმენდე და აგვარებდე. ცხადია, აქ აშკარა დისპროპორციაა და უნდა იყოს მეტ-ნაკლები თანაბრობა.
ამ შეხვედრებზე ამაზეც ისაუბრეთ?
- ამ შეხვედრებზე ამ თემაზე არ გვქონია საუბარი, თუ სად როგორ უნდა იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ არ გაიზარდა მაჟორიტარების რაოდენობა, უსამართლო იქნება და ასე დატოვება არ შეიძლება.
ეს თქვენი პირადი აზრია თუ ხელისუფლების?
- ეს ჩემი აზრია, მაგრამ, თუ საკითხი დადგება ისე, რომ არ უნდა გაიზარდოს პარლამენტართა რაოდენობა, რა თქმა უნდა, ვეცდები, დავარწმუნო, რომ მაჟორიტარების სასარგებლოდ მოხდეს გადანაწილება. ანუ 150 კაციან პარლამენტში 83-67-ზე უნდა იყოს მაჟორიტარებისა და პროპორციული სიით არჩეული დეპუტატების თანაფარდობა. იმ ოლქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 ათასზე მეტია, არ შეიძლება, ერთი მაჟორიტარი იყოს და ასეთი ოლქები უნდა გაიყოს, რათა სათანადოდ შეძლოს ხალხის მომსახურება. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და, თუ გადაწყდა, რომ არ გაიზარდოს პარლამენტართა რაოდენობა, მე შევეცდები, ჩემი კოლეგები დავარწმუნო, რომ გაყოფა მოხდეს 83-67-ზე მაჟორიტარების სასარგებლოდ.
თქვენ ამბობთ, რომ ეს თქვენი იდეაა. მაგრამ ეს წინადადება ხელისუფლებას ჯერ კიდევ იქამდე ჰქონდა, ვიდრე საარჩევნო შეთანხმება გაფორმდებოდა.
- მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი პოზიცია ასეთი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტართა რაოდენობა არ გაიზრდება.
არის შანსი, რომ არ გაიზარდოს?
- არა მგონია, რადგან პარლამენტართა რაოდენობის 190-მდე გაზრდა უკვე შეთანხმებული და ინიცირებულია. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის შედეგად სხვა რამეც მოხდეს, რადგან ეს პოლიტიკური საკითხია. პოლიტიკური პარტიები თუ შევთანხმდით იმაზე, რომ არ გაიზარდოს, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, რომ არ გაიზარდოს. თუმცა, ჩვენი ინიციატივა რეგისტრირებულია როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის სახელით და ეს არ არის მარტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონ-პროექტი.
შეთანხმება ვის შორის უნდა მოხდეს? ხელისუფლება გადაწყვეტს ამას, თუ მოხდება ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გამართვა?
- ეს გადაწყდება. ჩვენ ჯერ გუნდის შიგნით უნდა ჩამოვყალიბდეთ იმიტომ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გუნდშიც ბევრი განსხვავებული აზრია. შესაბამისად, ამ საკითხზე ვმსჯელობთ და, თუ გადავწყვეტთ, რომ წავიდეთ კომპრომისზე სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, რომ ფართო კონსულტაციები დავიწყოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არანაირი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.
შეხვედრები სად გაიმართა? მარტო თელავის მოსახლეობის აზრი იცით ამ საკითხთან დაკავშირებით თუ სხვა რეგიონების მცხოვრებლებისაც?
- არა, შეხვედრები თითქმის ყველა რეგიონში გაიმართა, თელავში, ქუთაისში, ბათუმში და ასევე კიდევ ბვრ ადგილას და სადაც კი ასეთი შეხვედრა გაიმართა, საზოგადოება ითხოვს, რომ პარლამენტი მაქსიმალურად დაკომპლექტდეს მაჟორიტარებით იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ხალხს გვაქვს შესაძლებლობა, კონკრეტული ზეგავლენა მოვახდინოთ პარლამენტზე, რადგან კონკრეტული მაჟორიტარების არჩევით ვიცით, ვის ვირჩევთ და ვიცით, ვინ იქნება ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში.
ცხადია, მათ ბოლომდე ვერ დავეთანხმები, რადგან მხოლოდ მაჟორიტარული წესი არ არის გარანტია იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი და პარტიულ მშენებლობას შეუწყოს ხელი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა არ მოხდება, სჯობს, მაჟორიტარებს ჰქონდეთ პროპორციული გარემო.
ამ შეხვედრებზე მისასვლელად ხალხი რა პრინციპით შეირჩა?
- არასამთავრობო ორგანიზაციები ეძახდნენ ამ ხალხს და იყვნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. ასევე იყვნენ ისინიც, ვინც ამ საკითხით უბრალოდ დაინტერესდა. შესაძლოა, საჯარო მოსამსახურეებიც ყოფილიყვნენ. მაგრამ აქ ძირითადად ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება იყო მოსული და მათ პოზიციას ჩემთვის ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა.
ამ შეხვედრაში მონაწილე საზოგადოებამ „რვიანის“ იმ ინიციატივის შესახებ თუ იცოდა რამე, რომელიც არჩევნების ჩატარებას რეგიონალურ-პროპორციული სიებით გულისხმობს?
- კი, რა თქმა უნდა. ამ შეხვედრებში წარმოდგენილი იყვნენ იმ პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც შეთანხმებაში არ მონაწილეობენ და მათი აზრიც ის იყო, რომ პარლამენტში უფრო მეტი უნდა იყვნენ მაჟორიტარები. არ ვიცი, მათ ეს პოზიცია ჰქონდათ თუ არა პარტიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული, მაგრამ ფაქტია, რომ ისინიც მხარს მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდას უჭერენ.
ამას არ გეკითხებით. რეგიონალურ-პროპორციული სია სწორედ იმას გულისხმობს, რომ პარტია წარადგენს რეგიონალურ სიას და ამომრჩეველი პარტიას ამ კანდიდატების მეშვეობით ირჩევს რეგიონების მიხედით. ანუ ეს პრინციპი მათ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებდა და ამის შესახებ რამე თუ იციან?
- თქვენ პრეფერენციულ სიებს და ოლქებში მრავალმანდატიან არჩევნებს გულისხმობთ? ეს ინიციატივა ვის მიერ არის წარდგენილი?
„რვიანის“ ინიციატივა იყო.
- თავის დროზე, ძალიან ბევრი მოდელი იყო და იმასაც გეტყვით, რომ გერმანულ მოდელზეც იყო ლაპარაკი, როდესაც ირჩევ მაჟორიტარებს და საერთო ჯამში, თუ რაღაც პროცენტს იღებ, მხოლოდ იმ პროცენტის ფარგლებში მოხვდები პარლამენტში და მაჟორიტარების ხმას რეალურად კარგავ. ამიტომაც ეს ანტიკონსტიტუციურად ჩაითვალა და ეს ძალიან ბევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა და გერმანიაში ეს სარჩელები დღესაც იხილება.
ბევრი მოდელი არსებობს, მაგრამ ხალხმა, შესაძლოა, ასე დეტალურად არ იცოდეს, მაგრამ იცოდეს, რა უნდა. ეს მოდელები ზოგადად რთული არჩევნების მოდელებია, რომელიც დასათვლელად ძალიან რთულია და თავის დროზე ყველა ასეთ სისტემაზე უარი ითქვა და მე მგონია, რომ უკან დაბრუნება არ ღირს.