ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სოციოლოგიური კვლევების ჩატარების დროს საკმარისი არაა მხოლოდ სოციოლოგის დასკვნა, არამედ ამ საქმეში აუცილებელია ფსიქოლოგების ჩართვაც. Presage. Tv ესაუბრა სოსო ცისკარიშვილს.
რა განსხვავებაა IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) დაკვეთითა და იაგო კაჭკაჭიშვილის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს შორის?
- ჩემი აზრით, კვლევას მაშინ აქვს ფასი, როდესაც მისი ავტორები საჯაროდ წარმოადგენენ ინფორმაციას და მზად არიან საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. როცა სოციოლოგიური კვლევა ჭორის სახით ვრცელდება და ატყდება ხოლმე აჟიოტაჟი (საუბარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც გოჩა ცქიტიშვილმა (IPM-მა) და „გელაპმა“ განახორციელეს), უნდა ვიფიქროთ, რომ ეს თავად კვლევის ავტორების სისუსტის ნიშანია. იმედი მაქვს, IRI-ი თავად გაიაზრებს სიტუაციას, გაეცნობა მისი მისამართით გამოთქმულ მიმართვას, რომლითაც მას სთხოვენ, განმარტებები გააკეთოს 7 დეკემბერს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით. ასევე, ვიმედოვნებ, ეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი უახლოეს პერიოდში მოაწყობს სოციოლოგიური კვლევის პრეზენტაციასა და განხილვას. ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა პროფესიული დისკუსიის მოწყობა სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების წრეში, რადგან საქართველოში მხოლოდ სოციოლოგი არ არის საკმარისი ასეთი კვლევების ჩატარებისთვის, ის უნდა იყოს უთუოდ პროფესიული ცოდნით აღჭურვილი ფსიქოლოგიც.
ფსიქოლოგი რატომ? რადგან საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობა შიშის ფაქტორის ქვეშაა?
- დიახ, მათი განწყობის გასაგებად. როცა განწყობას აფასებ, აქ ფსიქოლოგის ჩართულობა აუცილებელია. ამდენად, მე უფრო ფსიქოლოგის შეფასება მაინტერესებს ამ კვლევასთან მიმართებით, იმ ფსიქოლოგის, რომელიც მონაწილეობს კვლევაში, ვიდრე - სოციოლოგის, რადგან ბოლოს და ბოლოს, სოციოლოგია მაინც პრიმიტიულ არითმეტიკამდე დადის, ხოლო ამ ციფრების გამომწვევი მიზეზები უნდა იყოს ახსნადი და დამაჯერებელი.
კონკრეტულად რა არ მოგეწონათ IRI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში? იქ ნათქვამი იყო, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატები“ 5 %-იან ბარიერს გადალახავენ, ხოლო გიორგი თარგამაძე საქართველოს მასშტაბით ყველაზე სანდო ოპოზიციონერ ლიდერად სახელდება.
- „ქრისტიან-დემოკრატები“ რომ გადალახავენ 5 %-იან ბარიერს, ჩემთვის არ წარმოადგენს კითხვის ნიშანს. რასაკვირველია, ისინი გადალახავენ, თუ მანამდე ქვეყანა საერთოდ არ გადატრიალდა. როდესაც საუბარია, რომ თბილისში თურმე უფრო პოპულარულია თარგამაძე (22 %-ით), როგორც ოპოზიციური ლიდერი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი (21%), აქ ცოტა კორექტულად უნდა დასმულიყო შეკითხვა. ჯერ ერთი, მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად დაასახელოს ადამიანი, რომელსაც არც პოლიტიკური პარტია გააჩნია და არც მოქალაქეობა, მე მგონი, იჩქარა ჩვენმა სოციოლოგიურმა სპექტრმა ივანიშვილის წარმოჩენა ოპოზიციის ლიდერად, ან პოლიტიკური პარტიის ლიდერად და ა. შ. ამიტომ ეს კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, მიიღოს ფორმალური სახე, რომ რესპოდენტები არ იბნეოდნენ. რა ქნას ახლა რესპოდენტმა, რომელიც მხარს უჭერს, ვთქვათ, „რესპუბლიკურ პარტიას“ ან „თავისუფალ დემოკრატებს“, როცა ეკითხებიან - ვინ გინდა პოლიტიკურ ლიდერად? რასაკვირველია, დაასახელებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ეს მისთვის სინონიმებია.
ამ შემთხვევაში, ხმების წართმევას გულისხმობთ?
- ვინ ვის წაართვა ხმები, ძნელი გასაგებია. უბრალოდ, დაბნეულობაა. თუ ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენ პოლიტიკოსად, რომელიც დღეს ჯერ ლეგიტიმური არ არის, მაშინ აქვე უნდა თქვა, რომ აი, ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი, მისი ხელმძღვანელობით. მაშინ საერთოდ აღარ იქნებოდა მასთან ახლოს მყოფი პარტიების რეიტინგის კვლევის აუცილებლობა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბებამდეც ივანიშვილის რეიტინგი მაღალი აღმოჩნდა. ალბათ, ეს მოძრაობაც გარკვეულ დივიდენდებს შესძენს ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს.
– რასაკვირველია. ამიტიმ ივანიშვილის ფაქტორი ძალიან ძლიერია და ამ ვითარებაშიც კი, როცა ის არ არის ლეგიტიმირებული პოლიტიკური ჩარჩოებით, მაინც არსებული ხელისუფლებისა და მისი ლიდერის სერიოზულ კონკურენტად აღიქმება. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ეს არის იდეა, რომელიც ადვილად მხარდასაჭერია ქართული საზოგადოების მხრიდან. ამას არ სჭირდება პოლიტიკოსობა, პოლიტიკური პარტიები. თუმცა პოლიტიკური პარტიის წევრები შეიძლება იყვნენ მისი მხარდამჭები (და ეს ასეც მოხდება), რადგან ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან.
IRI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ნაციონალური მოძრაობა“ 42 %-ს აიღებდა. ასახავს ეს მონაცემები საზოგადოების რეალურ განწყობას?
– თბილისელთა უკიდეგანო იუმორი ყველა სიტუაციაში მჟღავნდება, როდესაც თავდაცვის მექანიზმებია ჩასართავი. მთელი საბჭოთა ეპოქის მანძილზე იუმორმა გადაარჩინა საქართველო, რომელსაც ახლაც, დაახლოებით ასეთივე რეჟიმის პირობებში, იუმორის გრძნობა გადაარჩენს.
ამ კვლევის შედეგები თქვენთვის იუმორულია, მაგრამ მას შესანიშნავად იყენებენ „ნაციონალები“.
– არის ასეთი გამოთქმა ოკუპანტთა „ამოსაგლეჯ“ ენაზე, „ბლაჟენ, კტო ვერიტ“. კი ბატონო, დაიჯერონ, მაგრამ დადონ ფიცი, რომ პატიოსან არჩევნებამდე მივლენ და შეწყვეტენ იმ ველურ კამპანიას ივანიშვილის წინააღმდეგ, რასაც ასე დაუფარავად აწარმოებს უმრავლესობა. ხოლო წიწილებს შემოდგომაზე დაითვლიან. ჩემი აზრით, ამ კვლევის დიდი შემადგენელი ნაწილი თბილისელთა იუმორია.