ზურაბ ბიგვავა: ეს იქნება ყველაზე დიდი გაერთიანება, რაც კი აქამდე საქართველოში გვინახავს

ზურაბ ბიგვავა: ეს იქნება ყველაზე დიდი გაერთიანება, რაც კი აქამდე საქართველოში გვინახავს

ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ _  საზოგადოების ყველაზე დიდი გაერთიანება იქნება, რაც კი აქამდე საქართველოში გვინახავს.

ბიძინა ივანიშვილს თბილისში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში ნაციონალებთან შედარებით უპირატესობა აქვს, მაგრამ რატომ არ არის ასეთივე წარმატებული თუნდაც სამეგრელოში? როგორ გგონიათ, რა იზიდავთ მეგრელებს მიშა სააკაშვილის პერსონაში?

- სამეგრელოს სიტუაცია ცოტა სპეციფიკურია, იმის გამო, რომ იქ არის ძალიან ცენტრალიზებული ხელისუფლება, იქ არის ახალაიას ძალა, კლანი, რაც გინდათ, ის დაარქვით, რომელსაც აქვს ცენტრალიზირებული კონტროლი დამყარებული მოსახლეობაზე. ამ ბოლო ხანებში ისიც გაცხადდა, რომ სწორედ სამეგრელოში ტარდება ყველა პიარ-აქციები... მაგალითად, დაიწყო კიდევ ლაზიკის წარმოუდგენელი პროექტი.

ლაზიკის პროექტი რატომაა წარმოუდგენელი?

- წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ ნახევარი მილიონი ადამიანისთვის აშენებ ქალაქს, ამ დროს კი შენს მოსახლეობას, მილიონობით ადამიანს გასჭირვებია არსებობა, წამლის საყიდელი ფული არ აქვს. აქედან გამომდინარე, რაღაც ფარდობა ხომ უნდა არსებობდეს?

მაშინ რატომ მიდის ხელისუფალი ამ უტოპიამდე? ამით ვინმეს გულს მოიგებს?   

- ეს როგორი სიტუაციაა, იცით? დაახლოებით ნარკომანების მდგომარეობას მაგონებს, როცა პატარა დოზა უკვე აღარ ჰყოფნით. ტყუილს, რომელსაც ის ამბობს, მაგალითად, - „პლეხანოვის“ რეაბილიტაცია, აღმოჩნდა, რომ ამ ქუჩის პირველი წინა ფასადის უკან საშინელი მდგომარეობაა და სერიოზულადაა მისახედი. ხალხი მაინც უკმაყოფილოა, არა მარტო ისინი, ვინც ფასადის უკან ცხოვრობს, არამედ ფასადში მცხოვრებნიც უკმაყოფილონი არიან. ვიღაცის დასანახად რომ გაივლიან, ტაშს დაუკრავენ და იტყვიან, ოოო, მიშა შენ რა მაგარი ხარ... ეს მისთვის საკმარისი არ არის, ყოველთვის მეტი და მეტი დოზაა საჭირო. ახლახანს იყო ამ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია, გვახსოვს ბათუმის განახლება და ახლა რაღაც ახალი კიდევ ხომ უნდა მოიგონოს? სწორედ ესაა ლაზიკა. ამის შემდეგ, ალბათ, კოსმოსში ააშენებს რაღაცას.

რა უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა იმისთვის, რომ მიიზიდოს ის ამომრჩევლებიც, რომლებიც მის მიმართ თავშეკავებულნი არიან? მარტო მეგრელებზე არაა საუბარი.

- იცით, რა, მართალი უნდა ილაპარაკოს და ეცადოს, ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ადამიანებს დაანახოს, რომ მათ აღარ უნდა შეეშინდეთ. იქ, სადაც ცენტრალიზებული კონტროლი არსებობს, ამ შემთხვევაში, სამეგრელოში, ეს კონტროლი სხვა არაფერია, თუ არა შიში, რომელმაც მოსახლეობა მოიცვა. შიში უნდა მოიხსნას. არა მარტო იქ, არამედ - მთელ საქართველოში.

„მაესტროს“ ფაქტორმა რამდენადმე ხომ არ დასწია ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი, რადგან თავიდან საუბრობდნენ, თითქოს ბიზნესმენი ამ ტელევიზიის შესყიდვას აპირებდა, შემდეგ ივანიშვილმა უარყო ეს წინადადება. ამდენად, რაც „მაესტროში“ მოხდა, ესეც მის წინააღმდეგ ხომ არ იყო გათვლილი?

- ჩემი აზრით, „მაესტროს“ სიტუაცია და ამ კომპანიის ირგვლივ ამტყდარი აყალმაყალი, გახლდათ კერძო პირებს შორის გასარჩევი საქმე და ამას არ უნდა დაეზარალებინა თავად „მაესტრო“. დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ „მაესტროს“ წილების 100 % დაყადაღებულია. ამან  შეიძლება გარკვეული შეფერხება გამოიწვიოს მის მუშაობაში. გარდა ამისა, თავად ეს სიტუაცია და მისი „გარჩევა“ რაღაცნაირად იმ მთავარი პროცესებისგან ყურადღების გადატანა იყო, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. საქართველოში მთავარი პროცესი კი ის არის, რაც ბოლოდროინდელმა სოციოლოგიურმა კვლევამაც აჩვენა, თუ რა აწუხებთ ადამიანებს, რამდენ ადამიანს აწუხებს ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, და რა არის საქართველოს მოსახლეობის მთავარი საწუხარი. ამისგან გადახვევა დაუშვებელია, ამაზეა ახლა სალაპარაკო, თანაც რაც შეიძლება ხშირად და ბევრჯერ. 

ასეთი აზრიცაა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის რეზიდენციაში უსაფრთხოდ იყო და ხელისუფლება თავის პოლიტიკურ ველზე მის გაყვანას ვერ ახერხებდა. „მაესტროში“ ამტყდარი სკანდალით კი ხელისუფლებამ იგი ირიბად თავის პოლიტიკურ სივრცეში გაიყვანა.

- ბიძინა ივანიშვილს „მაესტროსთან“ დაკავშირებით არცერთი განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი განცხადება რაც გააკეთა, ის იყო, რომ „მაესტროს“ ჟურნალისტების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.

მაგრამ, თუკი ბიძინა ივანიშვილს ტელევიზია არ ექნება, პოლიტიკურ ასპარეზზე რამდენად წარმატებული იქნება?

- დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ტელევიზიაც, რადიოც... და იმის საშუალებაც მოიძებნება, რითაც ადამიანებამდე მივა მისი სათქმელი.

რა შეფასებას მისცემთ IRI- კვლევას, სადაც პოლიტიკურად დაწინაურებული არიან „ნაციონალური მოძრაობა“, ივანიშვილის პარტია და „ქრისტიან-დემოკრატები“?

– შეფასება ძალიან მარტივია. ორი კვლევა, რომელიც ჩატარდა უფრო ადრე და ბოლოს, ერთმანეთს სარკისებურად ასახავს, შუა კვლევა კი ჩავარდნილია. ამდენად, ჩნდება ამ „შუა კვლევის“ მიმართ კითხვები, რატომ მოხდა ამ კვლევის ჩავარდნა? თუ ფაქტორი ერთი და იგივეა და სხვადასხვა შედეგს ვიღებთ, ძალიან ლოგიკურია, გაჩნდეს შეკითხვა იმ შედეგის მიმართ, რომელიც გამოხტება ამ ზოგადი რიგიდან. ამიტომ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (იაგო კაჭკაჭიშვილის) მიერ ჩატარებული კვლევის მიმართ არანაირი ეჭვი არ არსებობს და გოჩა ცქიტიშვილის კვალიფიკაციაც არ იწვევს არანაირ ეჭვს. ეს ორი კვლევა ერთმანეთს გარკვეულწილად ემთხვევა.

ითქვა ისიც, რომ თავის პარტნიორს „თავისუფალ დემოკრატებსაც“ წაართვა ხმები ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში, ისინი „ერთნი არიან“.

– ერთნი არ არიან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, პატარა ხმები თუ წაართვა „თავისუფალ დემოკრატებს“, არც მაგაშია დიდი პრობლემა, რადგან დღეს ეს სამი ძალა (ივანიშვილის პარტია, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“) პარტნიორები არიან და მათი ხმები ერთ ყულაბაში ჩაიყრება. ეს პრობლემა არ არის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იკითხოს, თუ მას წაართმევს ბიძინა ხმებს და, როგორც ჩანს, რაღაც გარკვეულ პროცენტს უკვე ართმევს.

რას შეცვლის საქართველოსთვის „ქართული ოცნება“? როგორი იქნება მისი მთავარი გზავნილი და ადამიანური რესურსი?

– „ქართული ოცნების“ ადამიანურ რესურსზე ვერაფერს მოგახსენებთ. ერთს კი ვიტყვი, რომ მასში ძალიან ბევრი ადამიანი იქნება. ძირითადი პრინციპია, რომ ისინი იყვნენ პროფესიონალი და კვალიფიცირებული ადამიანები. იქნება ბევრი ახალი სახე, ნაკლებად გვეყოლებიან ძველი სახეები, რაც ჩვენ გვინახავს ამ პოლიტიკურ არენაზე. ეს იქნება საზოგადოების დიდი გაერთიანება, ყველაზე დიდი გაერთიანება, რაც კი აქამდე საქართველოში გვინახავს. თანაც, ეს ადამიანები იმისთვის იქნებიან მობილიზებულნი, რომ კარგად დაინახონ საქართველოს მომავალი, ზუსტად განსაზღვრონ, საით უნდა წავიდეს ქვეყანა, რათა არჩევნები ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.