პასპორტიზაცია ქუთაისურად

პასპორტიზაცია ქუთაისურად

ქუთაისის ფინანსურმა პოლიციამ მეწარმეებს ჩამოურა, უფრო სწორედ, დიდი უმრავლესობა თავისთან იხმო და სპეციალური კითხვარის შევსება აიძულა. კითხვარს ქვევით შემოგთავაზებთ, მანამდე კი ერთ-ერთი ქუთაისელი მეწარმის ნაამბობს შემოგთვაზებთ, რომელმაც აღნიშნული კითხვარი მოგვაწოდა. ალბათ, მკითხველის დიდ გაკვირვებას არ გამოიწვევს ის ფაქტი, რომ მეწარმის უსაფრთხოების მიზნით, მის სახელს და გვარს ვერ დავასახელებთ.

მოკლედ, როგორც ჩვენი რესპოდენტი ამბობს, ფინანსურმა პოლიციამ მაღაზიის გამგეები, სავაჭრო ცენტრების მესაკუთრეები და ყველა ის პირი დაიბარა, ვინც ბიზნესითაა დაკავებული.

„თანაც ყველა მათგანი რამდენიმეჯერ დაიბარეს და თათარიახლად შეთხზული  ორ გვერდიანი კითხვარი დაურიგეს, რომელშიც დეტალურად უნდა აღწეროს თუ რისი მფლობელი არის, ფლობს თუ არა მიწას, რამდენ პროცენტიან წილს ფლობს ბიზნესში, რომელ პარტიაშია, ვის უჭერს მხარს, ვის უჭერდა მხარს და ა.შ. ერთი თვალის გადავლებით მიხვდებით, რომ ეს კითხვარი სასწრაფოდ არის შედგენილი ვიღაც უწიგნურის მიერ და ამის გამო, ბევრი კითხვა მეორდება. თანაც, კითხვები ეხება არა მხოლოდ კონკრეტულად იმ ადამიანს, ვინაც კითხვარი უნდა შეავსოს, არამედ ამ ადამიანის ოჯახის წევრებს: დედას, მამას, და-ძმას, ბიძაშვილს და ა.შ.

ამ პროცესს კი პასპორტიზაცია დაარქვეს. ეს რა პასპორტიზაციაა? - ეს არის გამოძიება და პირველ რიგში, ადამიანების დაშინების მცდელობა, რომ ვინმემ არ გაბედოს და ხელისუფლების გარდა, სხვას არ დაუჭიროს მხარი. მეორე, აპირებენ გამოიკვლიონ ვის სად, რა აქვს, რომ ყველაფერი ზუსტად აღრიცხონ და შემდეგ, აკონტროლონ.

ეს არის სულ ახალი, რაღაც ორი-სამი დღის ამბავი. ჩემს შვილს მაღაზია აქვს და მასაც დაავალეს ამ კითხვარის შევსება. როდესაც გავიკითხე, აღმოჩნდა, რომ მსგავსი კითხვარი სხვებისთვისაც მიუტანიათ. 

საინტერესო იცით რა არის, თავად ურთიერთობის ფორმა. მეწარმეებს ჯერ იბარებენ ფინანსურ პოლიციაში, მთელი დღე აცდევინებენ და დღის ბოლოს მეორე დღეს იბარებენ. მაშინ აძლევენ ამ კითხვარს, რომელზეც ისიც კი არ ჩანს, ვინაა ამ კითხვარის ავტორი. შესაბამისად, ვერ იტყვი რომელი ორგანიზაცია გავალდებულებს ამის გაკეთებას.  აშკარაა, ეს არის დაშინების პოლიტიკა,  რათა მართონ მეწარმეები და მათი მთელი ოჯახი და ნათესაობა“, - ყვება ქუთაისელი მეწარმე.

დაპირებისამებრ გთავაზობთ აღნიშნულ კითხვარს და კითხვებიდან გამომდინარე, თავად განსაჯეთ რას ემსახურება იგი.

პასპორტიზაცია

1.ორგანიზაციის დასახელება, საინდიფიკაციო ნომერი

2.საწარმოს დორექტორის და დამფუძნებლების მონაცემები (ყველა მონაცემი)

სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი მისამართი, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლის მისამართი, იმ უძრავი ქონების მონაცემები რომელიც გაფორმებული არ არის პირზე, მაგრამ ფაქტიურად ფლობს მას, ასევე  მათი კვადრატულობა. მის საკუთრებაში არსებული  ავტომანქანების მარკა, სახელმწიფო ნომრები, რამდენ %- იან წილს ფლობს საწარმოში დამფუძნებელი, მისი მობილური ტელეფონი და საცხოვრებელი ბინის ტელეფონი, რომელი პარტიის წევრია, ან რომელ პარტიას უჭერს მხარს, ნასამართლეობა, მონაწილეობა საწარმოს საქმიანობაში, აქ იგულისხმება რამდენ პროცენტიან წილს ფლობს, ასრულებს თუ არა სხვა რაიმე ფუნქციებს საწარმოში. აქვე უნდა მიეთითოს ფლობს თუ არა წილს საწარმოში თავად ან მისი ოჯახის წევრები, რეგისტრირებული ხომ არა  აქვთ სხვა საწარმო თავად ან მისი ოჯახის წევრს

3. საწარმოს იურიდიული მისამართი, ასევე ყველა ის მისამართები, სადაც საწარმოს შეიძლება იყოს განთავსებული ქონების ოფისი, დამხმარე შენობა-ნაგებობა, ტექნიკა და მანქანა -დანადგარები, ან უბრალოდ მიწის ნაკვეთი, ქონება, რომელიც ირიცხება საწარმო ბალანსზე. ეს მისამართები უნდა მიეთითოს იმ შემთხვევაშიც, თუ საწარმოს ფართი იჯარით არის აღებული ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, ასევე მიეთითოს იჯარის თანხა და დაქირავებული ფართის კვადრატულობა

4. საწარმოს საქმიანობის სფერო

5. საწარმოს ბალანსზე რიცხული (კუთვნილი) მატერიალური ქონება, აქ იგულისხმება: მიწის ნაკვეთი (ფართობი, მდებარეობა) შენობა-ნაგებობები (მათი ჩამონათვალი მდებარეობის მითითებით) და სატრანსპორტო საშუალებები (ავტომანქანა, ტრაქტორი, ამწე და სხვა)

6. საწარმოს კუთვნილი არამატერიალური ქონება. აქ იგულისხმება:

ლიცენზია, ნებართვა (უნდა მიეთითოს თარიღი და ლიცენზიის ნომერი, ასევე საქმიანობისთვის არის მიღებული)

სესხი, ანაბარი (უნდა მიეთითოს როდის და რომელი ბანკიდან არის მიღებული სესხი ანაბარი და ასევე მიღებული ანაბრის ოდენობა)

7.საწარმოში არსებული ტელეფონის ნომერი. აქვე უნდა მოეთითოს ხდება თუ არა საწარმოში საბუღალტრო აღრიცხვა კომპიუტერით და რამდენი კომპიუტერი არის გამოყენებული

8. საწარმოს საშტატო განრიგი. აქ უნდა  მიეთითოს დაქირავებულ პირთა სახელი, გვარი პირადი ნომერი, თანამდებობა და საცხოვრებელი მისამართი. ასევე მათი მობილურის ნომერი

9. საწარმოს მიმართ დაწყებულია თუ არა გამოძიება, გაფორმდა თუ არა საპროცესო გარიგება, თუ გაფორმდა, როდის და რა თანხა

10. საწარმოს დირექტორისა და ყველა დამფუძნებლის ახლო ნათესავები. აქ ნათესავებში იგულისხმება: მეუღლე, დედა, მამა, შვილები, დები, ძმები. მათ შესახებ საჭიროა შემდეგი მონაცემები, საკუთრებაში არსებული ავტომანქანები (ყველა ოჯახის წევრები)

სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი

პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი

მათი სამუშაო ადგილი, თანამდებობის მითითებით

მობილური ტელეფონის ნომერი

მათ საკუთრებაში არსებული ავტომანქანა (მარკა, სახელმწიფო ნომერი)

რომელი პარტიის წევრია და ან რომელ პარტიას უჭერს მხარს

მათი უძრავი ქონება