„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება კოდუების დახმარებით ბანკ „ქართუს“ აკოტრებს. მისივე თქმით, ამისთვის შემუშავებულია საგანგებო სქემა, სადაც ჩართულია როგორც ეროვნული ბანკი, ასევე მთავრობა და პარლამენტი, რადგან სწორედ პარლამენტის ხელშეწყობით მოხდა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა 7 დეკემბერს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ოპოზიცია კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმ ცვლილების განხორციელებისა, რომელიც იპოთეკა-გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის რიგითობას შეეხება.
აქამდე, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას, პირველ რიგში საბანკო ვალდებულებები იფარებოდა, შემდეგ კი - სახელმწიფოსი. საკანონმდებლო ცვლილებებით კი, იპოთეკით დატვირთული ქონების რელიზაციისას პირველ რიგში იმ ინსტიტუტის ვალდებულება იქნება გასტუმრებული, რომლის წარმოშობის საფუძველიც უფრო ადრე არსებობდა.
ეს ცვლილება პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და ბანკ „ქართუს“ წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები უკვე განხორციელებული იყო. სწორედ ამიტომ ოპოზიციამ მაშინვე გამოთქვა შეშფოთება, რომ ამ გადაწყვეტილებას „ქართუს“ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. რომელიმე იპოთეკარს „აღმოუჩენდნენ“ წინა რიცხვით არსებულ საგადასახადო დავალიანებას და ის ქონება, რომელიც ბანკის საკრედიტო გარანტიას წარმოადგენს, სახელმწიფოს დარჩება. ბანკი კი ვეღარც გაცემულ ფულს დაიბრუნებს და აღარც სანაცვლო ქონება დარჩება.
გიორგი ცაგარეიშვილი უკვე კონკრეტულ კომპანიებს ასახელებს, რომელთა მეშვეობითაც ეს სქემა განხორციელდება ბანკ „ქართუს“ წინააღმდეგ. ცაგარეიშვილის თქმით, „ქართუს“ კრედიტორი იყო „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“, რომლის დამფუძნებლები არიან შპს „ბულიტები“ და შპს „საჩოგბურთო კლუბი დინამო“.
თავის მხრივ, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით, საჩოგბურთო დინამოს 98%-ის მფლობელია ლაურა ღაჭავა, ხოლო „ბულიტების“ მფლობელია იგივე ღაჭავა 100%-ით.
მისივე თქმით, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ძალაში შესვლისთანავე „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფმა“ გააფორმა თაღლითური და თვალთმაქცური გარიგება სააქციო საზოგადოება „პირიმზესთან“, რომლის აქციების 49,99% ლაურა ღაჭავას ეკუთვნის, ხოლო 45,97% - მის მეუღლეს, ნოდარ კოდუას.
ცაგარეიშვილის თქმით, ეს გარიგება თავისთავად კანონსაწინააღმდეგოა, რადგან თავისი არსით არის თაღლითური. საქართველოს კანონმდებლობით კი თაღლითური გარიგება გულისხმობს ქონების გადამალვას მოჩვენებითი ან–და თვალთმაქცური გარიგებით, რომელიც ჩადენილია მოსალოდნელი ან–და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით. ასეთი ქმედებისთვის სასჯელი არის 6-დან 9 წლამდე. სწორედ ამიტომ მისი პარტია პროკურატურას აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის აღძვრას სთხოვს.
თუმცა, როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, ამ გარიგებას „ქართუს“ წინააღმდეგ იყენებენ იმ ახალი წესის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც, იპოთეკისა და გირავნობის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს სახელმწიფოს საგადასახადო ორგანოების სახით და პირველი რიგის იპოთეკარი, სწორედ საგადასახადო გახდა.
„ამით ბანკმა „ქართუმ“ დაკარგა ის ქონება, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო 70 მილიონ ლარზე მეტი კრედიტი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
რაც შეეხება კონკრეტულად ქონებას, რომელიც ღაჭავას კუთვნილი „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფმა“ ისევ ღაჭავას შპს „პირიმზეს“ გადასცა, ამ პროცესის დასრულებისთანავე ყადაღა დაედო და რეალიზება უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს. რეალიზაციისას კი, ახალი საკანონმდებლო რეგულაციით, პირველ რიგში სახელმწიფო დაკმაყოფილდება.
ეს ქონებაა: „პირიმზის“ შენობა; არაყიშვილის ქუჩაზე არსებული კომერციული ფართი; ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ყოფილი ექიმთა დახოლოვნების ინსტიტუტი; ჭავჭავაძის გამზირის N33-ში არსებული იგივე ინსტიტუტის კორპუსი; მელიქიშვილის N5-ში მდებარე ისტორიის ყოფილი ინსტიტუტი; მელიქიშვილი N10-ში მდებარე პედიატრიის ინსტიტუტის ყოფილი შენობა; სს „ეკრანი“, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის N60-ში; ქავთარაძის გამზირზე არსებული ე.წ ლეჩკომბინატის შენობა; „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა“, რომლებიც ასევე საჯარო აქუციონზე გავა და რომლების ბანკ „ქართუში“ იყო იპოთეკით დატვირთული.
გარდა ამისა, ცაგარეიშვილის განცხადებით, თაღლითური სქემა ამოქმედდა ბათუმში, შპს „ბათოილთან“ მიმართებაშიც, რომელმაც უძრავ - მოძრავი ქონება იგივე წესით გადასცა შპს „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსს“. მათ შორის, 11 მილიონი ლარის ღირებულების მხოლოდ მოძრავი ქონება იყო.
ცაგარეიშვილის განმარტებითვე, შპს „ბათოილის“ დამფუძნებელია შპს „ლემისე კომპანი“, ხოლო „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსიის დამფუძნებელი“ შპს „ქავქასუს სირიალ კომპანი“, რომლის დამფუძნებელი თავის მხრივ, შპს „ლემისე კომპანიაა“, რომლის კვალიც პანამის ობშორში იკარგება.
ასევე, ორივე კომპანიის დირექტორად ერთი და იგივე პირია დასახელებული - ვინმე სერგი კაკალაშვილი. სერგი კაკალაშვილი სავარაუდოდ, დეპუტატი უნდა იყოს.
გარდა ამისა, ცაგარეიშვილის თქმით, იგივე კომპანიები მონაწილეობენ კიდევ რამდენიმე თვალთმაქცური სქემის განხორციელებაში - ქონება გადააფორმეს ერთმანეთზე. ყველა აღნიშნულ ქონებას საგადასახადო ორგანომ და რიგ შემთხვევაში აღსრულების ბიურომ ყადაღა 24, 29, 30 ნოემბერს დაადო.
ეს ყველაფერი კი, მისივე თქმით, ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ ბანკ „ქართუს“ საკრედიტო ვალდებულებების საერთო მოცულობის 70 მილიონ ლარზე მეტი არაუზრუნველყოფილი დატოვა, რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20%-ს შეადგენს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკისვე დადგენილი ზღვარის თანახმად, თუ ეს მაჩვენებელი 25%-მდე გაიზრდება, მაშინ ბანკში დროებითი მმართველი უნდა შევიდეს.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტში ყოფნისას განაცხადა, „თუ ქართუ არ მოჭკვიანდება, მას ჩვენ მოვარჯულებთო და დაიწყო „ქართუს“ მორჯულება“. ეს ყველაფერი ერთი მოვლენის ფრაგმენტებია, რომლებიც ერთმანეთზე სისხლხორცეულად არის გადაბმული.
„საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის უშუალო თანამონაწილეობით დაიგეგმა რამდენიმე მაფიოზური სქემა, რომლის მეშვეობითაც ბანკი უნდა გაეკოტრებინათ. გაიტაცეს ბანკის საინკასაციო მანქანა და ამით ბანკმა 7 მილო ლარზე მეტი ზარალი ნახა. მაგრამ ბანკის ფინანსური სტაბილურობა ამით მაინც ვერ შეარყიეს. თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო შევიდა მონიტორინგის ჯგუფი სამი კაცის შემადგენლობით და მეორე თვეა, ბანკიდან არ გამოსულან და ყველა საფინანსო ოპერაციას ამოწმებენ. მაგრამ ბანკის საფინანსო სტაბილურობა ამანაც ვერ შეარყია. ხელისუფლების ქმედების გამო ბანკმა დაკარგა თავისი კლიენტების დიდი ნაწილი და დაახლოებით 45 მილიონი ლარის გადინება მოხდა და ამანაც ვერ შეარყია ბანკის საფინანსო სტაბილურობა.
„ამიტომაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაავალეს, რომ ეს ბანკი გააკოტროს. როგორც ამბობენ, ქადაგიძე სწორედ ადეიშვილის აღმოჩენილია, როგორც კარგი შემსრულებელი კადრი და შემდეგ მისი ლობირებით არის დანიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. იქამდე კი მან ბადრი პატარაკაციშვილის ბანკი მოსპო ზუსტად ამავე მეთოდებით. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში გამოიჩინა მან თავი და ამის გამო დააწინაურეს. მასში იპოვეს საბანკო ზონდერი და მას პირდაპირ დაავალეს, რომ როგორმე „ქართუ ბანკი“ მოსპოს, რათა ბიძინა ივანიშვილს ხელიდან ეს ინსტრუმენტი გამოაცალონ და მისგან სხვა არაფერი აინტერესებთ, არც ლარის სტაბილურობა, არც ზოგადად ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ა.შ. სწორედ მისი დაგეგმილია ბატონ ადეიშვილთან ერთად ეს სქემები და ახლა მის განხორციელებას ცდილობენ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
იგი მთავარ პროკურატურას მიმართავს და საქმის სსკ-ის 205-ე პრიმა მუხლით აღძვრას ითხოვს, რაც მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი ან უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით ქონების გადამალვას ეხება და 6-დან 9 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.
რაც შეეხება საკითხის სამოქალაქო სამარლებრივ მხარეს, ცაგარეიშვილის თქმით, „ქართუს“ რიგ კრედიტორთა მხრიდან განხორციელებული გარიგებები „სამოქალაქო კოდექსის“ 56-ე მუხლით მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებად მიიჩნევა და ამავე კანონით ისინი უცილოდ ბათილად ითვლება, მისი დადების მომენტიდან.