ახლადდაფუძნებული „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი“ ხვალ, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს წარადგენს, რის შესახებაც „ობიექტივს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „საერთაშორისო რესპუბლიკური კვლევის ინსტიტუტის“, იგივე IRI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ და სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა მიმდინარე წლის ოქტომბერში დააფუძნეს.
დღეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა და გაავრცელა „საერთაშორისო რესპუბლიკური კვლევის ინსტიტუტის“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების ნაწილი, რომლის ოფიციალური წარდგინება უახლოეს ხანში მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის მოეწყობა.
ჯერჯერობით „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული შედეგების, არც დადასტურება მომხდარა და არც უარყოფა. ამასთან, ტელეკომპანია „იმედი“ თავის მხრივ ავრცელებს მონაცემებს, რომლის მიხედვით პოლიტიკოსებს შორის მიხეილ სააკაშვილი 74%-ით ლიდერობს. ჟურნალისტებთან საუბრისას ანალოგიურ კომენტარებს აკეთებენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.
კითხვები, რომლებიც პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს დავუსვით, ეყრდნობა „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ცნობებს.
გჯერათ თუ არა იმის, რომ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავს „ნაცმოძრაობა“, ივანიშვილის პოლიტიკური ბლოკი და „ქრისტიან-დემოკრატები“?
- საკმაოდ ლოგიკურია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი შედეგი დადგეს. თუმცა, შეიძლება „ლეიბორისტებმაც“ შეძლონ ბარიერის გადალახვა. ჩვენ გარკვეული კვლევები ჩატარებული გვაქვს, რომელსაც ოფიციალურად ხვალ, 8 დეკემბერს გამოვაქვეყნებთ.
ჩვენო, რომ ამბობთ, ვის გულისხმობთ?
- „საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს“. ჩვენი ინსტიტუტის დაკვეთით კვლევა ჩაატარა „სოციოლოგიური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, რომელსაც პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ხელმძღვანელობს. 3 000 ადამიანი გამოკითხეს და IRI-ისგან განსხვავებით ჩვენ ხვალ მთლიანად ვაქვეყნებთ კვლევის შედეგებს.
რამდენად ემთხვევა ერთმანეთს ამ ორი კვლევის შედეგები?
- IRI-ის კვლევებს არ ვიცნობ. ჯერჯერობით სხვადასხვა წყაროდან დაუდასტურებელი, ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა გავრცელებული - „ინტერპრესნიუსი“ და ტელეკომპანია „იმედი“ რადიკალურად განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ და როგორ დაგიდასტუროთ, ან ვუარყო?!
ძნელია სათქმელია არჩევნებამდე, რა მოხდება. თუმცა, არის იმის ალბათობა, რომ იმ სამმა პარტიამ გადალახოს საარჩევნო ბარიერი, რომელიც თქვენ დაასახელეთ.
საინტერესოა თქვენი აზრი „ქრისტიან-დემოკრატებზე“ - როგორ შეძლებენ ისინი ბარიერის გადალახვას?
- რა არის იცით?! ეს დინამიური პროცესია. ნაადრევია რაიმეზე საუბარი. დღეის მდგომარეობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი საკმაოდ ახლოს არიან ამ მიზანთან, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა. დღევანდელი რეიტინგები, ეს რა არის საარჩევნო რეიტინგები.
თქვენთვის რამდენად სანდოა საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული შედეგები?
- საპრეზიდენტო არჩევნებთან დასმული კითხვა ვერ გავიგე, რადგან ჯერ ერთი, კონსტიტუციური მოდელი იცვლება და მეორე - თუ საპრეზიდენტო არჩევნების მიხეილ სააკაშვილთან ასოცირება ხდება, ის კენჭს ვერ იყრის. აქედან გამომდინარე ამ კითხვის არსი ვერ გავიგე, მაგრამ არ მინდა IRI გავაკრიტიკო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია. კომენტარის გაკეთება მხოლოდ დადასტურების შემდეგ შემეძლება.
მაშინ იქნება მიპასუხოთ კითხვაზე - რამდენად დამაჯერებელია მონაცემები იმის შესახებ, რომ 32%-სს მიიღებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, 27%-ს ივანიშვილი და 10%-ს თარგამაძე?
- როგორ გიპასუხოთ იმაზე, რასაც თვითონ IRI არ ადასტურებს?!
ყოველ შემთხვევაში, ამ ორგანიზაციას, არც უარუყვია გავრცელებული მონაცემები.
- ვიმეორებ - ჩემი მხრიდან დაუდასტურებელი ინფორმაციის უარყოფა ან დადასტურება მართებული არ იქნება. ეს უპირველესად მათ უნდა ჰკითხოთ - ან დაადასტურონ, ან უარყოფნ და თუ არც ერთს არ გააკეთებენ, მე რა კომენტარი გავაკეთო?! ჩვენ პასუხს ვაგებთ იმ მონაცემებზე, რომელსაც ხვალ წარვადგენთ.
თქვენი კვლევის შედეგებითაც გიორგი თარგამაძეა ყველაზე სანდო პოლიტიკოსი?
- კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს ხვალ მიიღებთ.