კენ სილვერშტეინი, "Salon"
ლობისტები „აქეიფებენ“ მონდომებულ ვაშინგტონელ ჟურნალისტებს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვის” ობამასეული პოლიტიკა ჩაიშალოს.
ზაფხულის განამავლობაში, Washington Times-ის რეპორტიორმა, ელი ლეიკმა რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობებისა და ე. წ. ”გადატვირთვის” პოლიტიკის სრულ ფიასკოზე პროვოკაციული სტატიების სერია დაწერა. ამ პოლიტიკის მეშვეობით ობამას ადმინისტრაციას მოსკოვთან ურთიერთობის გამოსწორება უნდოდა. ყველაზე სენსაციური მასალა ”Times”-ის” პირველ გვერდზე 22 ივლისს მოხვდა, რასაც მერე სხვა პუბლიკაციებიც მოჰყვა. წერილში ნათქვამი იყო, რომ წარსულ სექტემბერს, საქართველოში, თბილისში, ამერიკის საელჩოსთან აფეთქებული ბომბის კვალი ”რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის მიერ დაგეგმილ პროვოკაციამდე მიდის. ასეთი დასკვნა გამოიტანა ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ”. ეს ოფიცერი კი ევეგენი ბორისოვი აღმოჩნდა.
“თუ ეს სიმართლეა, შეერთებული შტატების საელჩოზე რუსეთის მიერ ინიცირებული ეს თავდასხმა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ისეთ სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს, რომელიც ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა და ამ ორაზროვანი ურთიერთობების ”გადატვირთვის” პროცესს საბოლოოდ დაუსვამს წერტილს,” მოჰყავდა ლეიკს რესპუბლიკელი სენატორის, მარკ კერკის სიტყვები, რომელიც მან ამ ისტორიასთან დაკავშირებით წარმოთქვა. რამდენიმე დღის შემდეგ ლეიკმა დაწერა, რომ კერკმა და კიდევ ოთხმა სენატორმა – ჯონ კაილმა, ლინსი გრემმა, ჯო ლიბერმენმა და ჯონ მაკკეინმა სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ამ ინციდენტთან დაკავშირებით დაზვერვის სამსახურებიდან ინფორმაციას ითხოვდნენ.
ამ აფეთქებისადმი მიძღვნილ პირველ რეპორტაჟში ლეიკი მთლიანად საქართველოს მთავრობის ინფორმაციას ეყრდნობოდა. საქართველო და რუსეთი კი მოსისხლე მტრები არიან და 2008 წელს ომიც კი ჰქონდათ. ბალანსის დასაცავად სტატიაში მან ასევე ჩართო რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის ციტატა, რომლშიც იგი უარყოფდა რუსეთის ოფიციალური პირების მონაწილეობას ზემოხსენებულ ინციდენტში. ეს სტატია, ისევე როგორც სხვები, რომლებსაც ლეიკი ბოლო წლების განამავლობაში საქართველოზე წერდა, საქართველოს მთავრობის წისქვილზე ასხამდა წყალს. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ნეოკონსერვატორების ლობისტური ფირმა ვაშინგტონიდან – ”ორიონ სთრათეჯიზ” (Orion Strategies) ლეიკთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. ფირმამ საქართველოს მთავრობისგან, 2004 წლის შემდეგ, ერთ მილიონ დოლარზე მეტი მიიღო ჰონორარის სახით.
”ორიონს” რენდი შუნემანი ხელმძღვანელობს. ის ყოფილი მრჩეველია დონალდ რამსფელდისა, რომელმაც „ერაყის გათავისუფლების კომიტეტის“ ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და 2003 წელს შტატების მიერ წამოწყებული ომის მთავარი მხარდამჭერი იყო. ეს კომიტეტი თავის მხრივ “პროექტმა ახალი ამერიკული საუკუნისთვის“ (PNAC) დააარსა. პროექტის სხვა ლიდერები იყვნენ, რობერტ კაგანი და ბილ კრისტოლი Weekly Standard-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გარდა ამისა, შუნემანი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯონ მაკკეინის მრჩეველიც იყო და მოგვიანებით სარა პეილინთანაც თანამშრომლობდა.
2010-ში ”ორიონმა” მაიკლ გოლდფარბი დაიქირავა. ის მაკკეინის საპრეზიდენტო სპიკერი გახლდათ, ადრე PNAC-თან თანამშრომლობდა და Weekly Standard-ის რედაქტორადაც მუშაობდა. ლობისტის სტატუსშიც კი, ის პერიოდულად მაინც წერდა სტატიებს ჟურნალისათვის. ლეიკიც მგზნებარე კონსერვატორია და თავის რეპორტაჟებში ერაყის ომს უჭერდა მხარს.
”ორიონს” საქართველოსა და რუსეთთან დაკავშირებით ექო-კამერის შექმნა სურს. ჩვეულებრივ ის ამ სისტემით მუშაობს: თბილისის ლობისტები კონტაქტებს და ინფორმაციას აგროვებენ და თანამოაზრე ჟურნალისტებს უზიარებენ. ”ორიონი” ხშირად მართავს ინტერვიუებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და არც თუ ისე იშვიათად, ის რაზეც ინტერვიუებში საუბრობენ, მაგიური ძალით მალევე ახდება ხოლმე. ”ორიონი” რესტორნებში პატიჟებდა ზოგიერთ პარტნიორ რეპორტიორს და მგზავრობის ხარჯებსაც კი უნაზღაურებდა. ამაში ნამდვილად არაფერი არაკანონიერი არ არის, მაგრამ, ფაქტია, რომ ლობისტებს კონგრესის წევრებთან მსგავსი ურთიერთობები ეკრძალებათ, რადგან ეს, როგორც ამას ვაშინგტონში ვუწოდებთ, აშკარად „უადგილო საქციელია“.
”ორიონი” კარგადაა განწყობილი და ხშირად თანამშრომლობს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც მათი რეპორტიორები რეგულარულად ციტირებენ (განსაკუთრებით ეხება ეს მაკკეინს). ”ორიონი” ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან, რომლებზეც ეს რეპორტიორები წერენ. მაგალითად ავიღოთ „ინიციატივა საგარეო პოლიტიკისათვის“, რომლის დირექტორთა საბჭოშიც უილიამ კრისტოლი, რობერტ კაგანი და PNAC-ის და ”ერაყის გათავისუფლების კომიტეტის” სხვა წევრი ნეოკონებიც შედიან.
ჟურნალისტები ერთმანეთის ნაშრომებს ეხმაურებიან და ავრცელებენ, გოლდფარბი კი, ბუნებრივია, მათ სტატიებს “თვითერის” თავის გვერდზე აქვეყნებს. წინა კვირას, მან ლეიკის ახალ სტატიას ”სავალდებულო საკითხავი” უწოდა. Newsweek/Daily Beast-ში გამოქვეყნებული ეს სტატია საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს წარმოადგენდა. სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ამერიკის საელჩოსთან მომხდარი აფეთქება, ”რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბრძანებით განხორციელდა.” სტატიაში მოყვანილი იყო მისი ციტატა, სადაც ნათქვამია, რომ პუტინი ”გიჟდება სპეცოპერაციების ცალკეული დეტალების დაგეგმვაზე. არ მჯერა, რომ ვინმე გაბედავდა და პუტინის ნებართვისა და ხელმძღვანელობის გარეშე, შეეხებოდა ისეთ სენსიტიურ საკითხს რუსეთისათვის და განსაკუთრებით კი პუტინისათვის, როგორიც საქართველოა”. ”
”ორიონი” ისეთი კოლექტიური მედიარელობის შექმნას უწყობს ხელს, რომელზეც პოლიტიკოსებს რეაგირება მოუწევთ. უცხო ქვეყნის სხვა მთავრობებიც თამაშობენ ამ თამაშს, ისევე როგორც ლიბერალთა და კონსერვატორთა ინტერესთა ჯგუფები, მაგრამ ეს იშვიათადაა ასე კარგად ორგანიზებული ან სააშკარაოზე ასე თავხედურად გამოტანილი.
”ორიონის” იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებიც ხელმისაწვდომია, 2009-2011 წლებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორგანიზაციამ ლეიკისთვის შვიდი ინტერვიუ დაგეგმა. ლეიკიც ხმამაღლა ციტირებდა მათ სიტყვებს იმ სტატიებში, რომლებიც რესპონდენტების სხვადასხვა განცხადებებზე იყო კონცენტრირებული. ამავე დროს, ლეიკი ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების წევრებთან და თეთრი სახლის თანამშრომლებთან 10 ღონისძიებას დაესწრო და სამჯერ ჰქონდა კონტაქტი ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით გოლდფარბთან საქართველოსთან დაკავშირებით. (”ორიონი” სხვა ლობისტურ კომპანიებთან შედარებით, ბევრად უფრო ზედმიწევნით აღნუსხავს თავის მედიაკავშირებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რაოდენ ეხმარებოდა ორგანიზაცია ლეიკს, მოცემული რიცხვები შეუდარებლად დაბალია) გოლდფარბმა თავისი ფირმის ანგარიშიდან შვიდჯერ გადაიხადა ლეიკთან ერთად სადილისა და სასმელების საზღაური, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ შეხვედრებზე სხვა ჟურნალისტებსაც იწვევდნენ. შვიდიდან ოთხჯერ, მათ სადილებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
2011 წლის მაისში, გოლდფარბმა 977.24 დოლარი გადაიხადა „მარტონ სტეიკჰაუსში“ გამართული ვახშმისთვის, რომელსაც საქართველოს მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ეკა ტყეშელაშვილი, ლეიკი და სხვა რამდენიმე ჟურნალისტი ესწრებოდნენ. მათ შორის იყო Weekly Standard-ის დენ ჰალპერიც. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ ყოფილა უკანასკნელი კონტაქტი ლეიკსა და ”ორიონს” შორის, მანამდე, სანამ ლეიკი საელჩოსთან მომხდარი აფეთქების შესახებ დაწერდა, მაგრამ ლობისტები კონტაქტებს წელიწადში ორჯერ აღნუსხავენ და “ორიონის” ბოლო ჩანაწერები, მხოლოდ ოცდაათ ივნისამდე მომხდარ მოვლენებს აღწერს.
ამასობაში, 2010 წლის სექტემბერში გოლდფარბმა ”ორიონს” 300 დოლარი გადაახდევინა Buck’s Fishing and Camping-ში გამართულ სადილზე, რომელსაც ლეიკი და სხვა ჟურნალისტები ესწრებოდნენ. 172.62 დოლარი დაჯდა ვაშინგტონის საუკეთესო ინდურ რესტორანში (Heritage of India) გამართული სადილი, რომელსაც ლეიკი, საქართველოს მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების დარგში და „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის და აბრეშუმის გზის კვლევის პროგრამის“ წევრი სვანტე კორნელი ესწრებოდნენ. იმავე საღამოს, ამ ჯგუფს 460 დოლარის ღირებულების სასმელით გაუმასპინძლდნენ რესტორან „მორტონსში“. (ერთი თვით ადრე ლეიკი კორნელის ციტირებდა იმისთვის, რომ ანტი-რუსული სტატიისთვის სიმძაფრე მიეცა).
ლეიკის სტატიებს გავლენაც ჰქონდა, განსაკუთრებით კი იმათ, სადაც რუსეთის მიერ განხორციელებულ იმ ეგრედწოდებულ ტერაქტზე წერდა, რომელიც შტატების საელჩოსთან, თბილისში განხორციელდა. ეს ამბავი მედიის მეინსთრიმში ხშირად ცირკულირებდა და კიდევ უფრო ხშირად – კონსერვატიულ მედიაში. Weekly Standard-ის რეპორტიორმა დენიელ ჰალპერმა სტატიას „დიდი სენსაცია“ უწოდა. Washington Post-ის კოლუმნისტმა ჯენიფერ რუბინმა მოგვიანებით ისიც განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ ”ადამიანის უფლებების დარღვევამ და დაშინებისა და ძალადობის კამპანიამ ადმინისტრაციას მაინც არ გადააფიქრებინა დაზავების იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც ”გადატვირთვას” უწოდებენ”
ჯოშუა ფოსტი „ამერიკული უსაფრთხოების პროექტის“ თანამშრომელი წერდა, რომ ინციდენტში რუსეთის მონაწილეობის მტკიცებულებების უტყუარობის მიუხედავად ”ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ან პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი” ამ პატარა, საძაგელი და კონტპროდუქტიული ოპერაციების დაგეგმვით, ასეთ სისულელეს ჩაიდენდნენ, რადგან შემთხვევებმა საქართველოს მცირე ზარალი, ხოლო რუსეთს ვაშინგტონში დიდი პოლიტიკური ზიანი მიაყენა.”
ლეიკი კი, რომელსაც თავისი ისტორიის გამყარება სურდა, რამდენიმე დღის შემდეგ წერდა – ”შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებმა გასული წლის ბოლოს, საიდუმლო მოხსენებაში დაასკვნეს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა დამანაშავე იყო აშშ-ს საელჩოსთან მომხდარ აფეთქებაში”. ლეიკი ციტირებდა ანონიმური ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვებს: ”ანაგარიშში ყველაფერი წერია და ის საქართველოს ვერსიას ადასტურებს. ”
თუმცა ლეიკი მალევე აქვეყნებს ახალ სტატიას, რომელშიც ადმინისტრაციის თანამშრომლის სიტყვებს ციტირებს. ჩინოვნიკის თქმით, იმის თაობაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში მომხდარი აფეთქების გამო „კონსენსუსი მიღწეულ არ იქნა“. მოგვიანებით კი, 4 აგვისტოს ლეიკმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი წერილი, რომლის თანახმადაც, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დასკვნით, ბორისოვი, ის რუსი ოფიცერი, რომელსაც სავარაუდოდ თავდასხმის კოორდინირებაში ედებოდა ბრალი, „რუსეთის სამხედრო დაზვერვის შტაბის მითითებებს ასრულებდა“, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიუროს „შეფასებით ბორისოვი მოქმედებდა, როგორც ორმაგი აგენტი“.
მოკლედ, ლეიკმა თავისი დიდი ამბავი შეარბილა. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამებოდა, პირველ სტატიაში მხოლოდ საქართველოს მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობა, არამართებული იყო. New York Times-ის სტატიაში, რომელიც ლეიკის რეპორტაჟს მოჰყვა, ეწერა: „სადაზვერვო სამსახურებმა ვერ მიაღწიეს ცხად კონსესუსს იმის თაობაზე, თუ ვინაა იმ აფეთქებაში დამნაშავე, რომელმაც ვაშინგტონში, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ძველი უთანხმოება გამოაღვიძა“.
ელექტრონულ გზავნილში ლეიკმა განაცხადა, რომ მისი რეპორტაჟები „თავად იძლევიან პასუხს“. მან აღიარა, რომ გოლდფარბთან ერთად შვიდჯერ იყო რესტორანში, მაგრამ ისიც დასძინა, რომ საკუთარი ხარჯები თავადვე დაფარა.
ლეიკი ახლა Daily Beast/Newsweek-ის კორესპონდენტია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. გოლდფარბმა კომენატრის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
“ორიონის” სარტყელი
საქართველოს გარდა ”ორიონ სთრათეჯიზ” მაკედონიის, ტაივანის და რამდენიმე ”შიდა” კლიენტის წარმომადგენელიცაა. შუნემანი ნამდვილად ქმედუნარიანი ლობისტია „მას ვაშინგტონის კარგად ესმის“, მითხრა მისმა ერთ-ერთმა კონკურენტმა. „ხალხის დარწმუნება კარგად გამოსდის და (მისი ფირმა) განსაკუთრებულად კარგად მუშაობს მედიასთან“. მედიასთან კავშირებში კი მთლიანად გოლდფარბს უნდა უმადლოდნენ, რომელიც უამრავ ჟურნალისტთან და თანამოაზრე კოსნერვატორ პოლიტიკოსთან მეგობრობს და რეგულალურად ხვდება მათ არაოფიციალურ წვეულებებზე ”მორტონის” სთეიქჰაუსში.
საქართველოსა და რუსეთს 2008 წელს ჰქონდათ ომი, რომელსაც ამერიკის მედია ისე აღწერდა როგორც დავითის და გოლიათის არაკს. მამაცი, პატარა საქართველო დავითის როლში იყო გამოყვანილი, ხოლო ძველ ბუას, რუსეთს, გოლიათის როლი მიაკუთვნეს. ალბათ, იმის თქმაც საკმარისია, რომ რეალობა ბევრად უფრო რთული იყო. საქართველო ძალიან პრო-ამერიკული ქვეყანაა და ერაყსა და ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი ჰყავს, ეს კი ძალიან დაეხმარა თბილისს იმაში, რომ ეს ზღაპარი ამერიკულ მედიაში გაესაღებინა.
საქართველო და მისი ლობისტები, ”ორიონის” ხელმძღვანელობით იმაზეც წერდნენ, რომ თბილისს ამერიკისგან იარაღის შესყიდვა სჭირდება და რომ „გადატვირთვის“ პოლიტიკამ აბსოლუტური მარცხი განიცადა. მაგრამ ამჯერადაც სიმართლე უფრო მძიმეა. ვლადიმერ პუტინის რუსეთი ნამდვილად კორუმპირებული, რეპრესიული და ანტიდემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოშიც იგივე პრობლემებია, თუმცა შესაძლოა ოდნავ ნაკლები სიმძაფრით. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადამიანთა უფლებების შესახებ ნათქვამია: „ხშირად ვრცელდება ცნობები დაშინებასა და ზეწოლაზე, არჩევნების მიმდინარეობისას ხმების არასწორ დათვლაზე და ხარვეზებზე შედეგების შეჯამების პროცესში“, აქვეა ნათქვამი, რომ საქართველოში „ერთი პარტია დომინირებს.“ აღნიშნულია ისიც, რომ „არსებობს სავალდებულო პროცედურების დეფიციტი, მთავრობა ზეწოლას ახორციელებს სასამართლოზე და პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულნი ისევ რჩებიან ციხეში.“ Washington Post-იც, რომელიც ნეოკონსერვატორებისკენ იხრება, სარედაქციო სტატიაში წერდა, რომ „რუსეთის რეპრესიული და კორუმპირებული მმართველობა, არ გამორიცხავს კოოპერაციას და ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკას უკვე მოჰყვა სასარგებლო შედეგები”.
ჯენიფერ რუბინი, რომელიც 2010 წლამდე Commentary-ისთვის წერდა, ”ორიონის” კიდევ ერთი ახლო მეგობარია. ის იმ მემარჯვენე ვერსიფიკატორების რიცხვს განეკუთვნება, რომელთა დაუსაბუთებელმა სტატიებმა, (ხოლო კონკრეტულად რუბინის შემთხვევაში, დიდი, ძველი პარტიის მოსაზრებების მონდომებულმა განმეორებამ და შემაშინებელმა პორნომ), ისინი Washington Post-ში სამუშაო ადგილებით უზრუნველყო. „ორიონის“ ლობისტები რუბინისთვის ბრიფინგებს მართავდნენ და ინტერვიუებსაც უგეგმავდნენ. ისიც ესწრებოდა ვაშინგტონში ვახშმებს, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო მოხლეებს იწვევდნენ. 2010 წლის თებერვალში, როდესაც რუბინი ჯერ კიდევ Commentary-იში მუშაობდა, გოლდფარბმა „ორიონის“ ანგარიშიდან 321.88 დოლარი გადაიხადა სასმელებისთვის რესტორან „ტენ პენში“, რომელსაც რუბინი და რამდენიმე სხვა ჟურნალისტი ესწრებოდნენ.
რუბინი სანდო რუპორია, როდესაც საქმე საქართველოს და ანტი-რუსულ თემებს ეხება. 2010 წლის დეკემბერში, მთელი კვირის განმავლობაში გოლდფარბი საქართველოზე სალაპარაკოდ რუბინს უკავშირდებოდა. რვა დღის შემდეგ რუბინმა დაწერა სტატია, სადაც რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვასთან დაკავშირებით აცხადებდა, „უნდა დავფიქრდეთ იმზე, თუ რას ვთმობთ და სანაცვლოდ რას ვიღებთ“. ამ წერილში რუბინი აშშ-ს მთავრობას „საქართველოსთვის დახმარების განმტკიცებას“ სთავაზობდა. 4 ივნისს მან კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა რუსეთის თემაზე. იქ ის ლეიკის ნაწერებს ეხმაურებოდა და ჯეიმი ფლაის, „უცხოური პოლიტიკის ინიციატივის“ (ხედავთ კავშირს?) წევრის სიტყვებს ციტირებდა – „მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, რათა სანაცვლოდ, ირანის საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერა მიიღოს, რუსეთმა, თეირანის ბირთვული აქტივობების აღკვეთისათვის, იმაზე მეტი არაფერი გააკეთა, ვიდრე ბუშის ადმინისტრაციისას აკეთებდა.“
წელს მაისის ბოლო კვირას, გოლდფარბმა აღნიშნა, რომ რუბინთან ”საქართველოს უსაფრთხოებაზე” ჰქონდა საუბარი. 3 ივნისს რუბინმა Washingtonpost.com-ზე სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ასეთი ვარაუდი იყო გამოთქმული – ”იქნებ მშვენიერი დროა იმის მისახვედრად, რომ ”გადატვირთვის პროექტი” შეერთებული შტატებისა და დასავლეთისთვის მხოლოდ გაცემას ნიშნავს და არანაირ უკუგებას არ იძლევა”, - რუბინის სტატია სენატორების მოსაზრებებს ექოსავით იმეორებდა (მაკკეინის და ლიბერმანის). ისინი კი იმაზე გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ ”გადატვირთვის პოლიტიკა” ძირითადად ”რუსეთის მოთხოვნების შესრულებას ემსახურება და სრულიად არ ცვლის უფლებადაცვით გარემოს რუსეთში და არც მეზობლებთან მოსკოვის ქმედებებზე ზემოქმედებს.”
საპასუხო წერილში რუბინმა მოგვწერა: ”ჩემი შეხედულებები რუსეთზე, ადამიანთა უფლებებზე, აღმოსავლეთ ევროპაზე, საქართველოზე და ასე შემდეგ, უკვე დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია. მე ყოველთვის ვემხრობი დემოკრატიას და ვარ ტირანიის წინააღმდეგი.”
(სხვათა შორის, რუბინი ერთ-ერთია მუქთად მოგზაურობის მოყვარულ იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ისრაელის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის მუშაობდნენ. ისტორიების შემოტრიალება-გადატრიალებაში ასეთი ჟურნალისტები დახელოვნებულები არიან. ამ წლის დასაწყისში ის და მისი მედიაკოლეგები ჰერცლიას კონფერენციას დაესწრნენ. ”იმის გამო, რომ რეგიონში საოცარი ცვლილებებია, ისრაელი კი შიდა და საერთაშორისო პრობლემების წინაშე დგას, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ისრაელის მოქალაქეებს მოვუსმინოთ და მისი მთავრობის წარმომადგენლების აზრიც გავიგოთ.” წერდა მაშინ რუბინი. თვითმფრინავის და მგზავრობის ხარჯები, როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, „ისრაელის სწრაფი რეაგირების კომიტეტმა“ გადაიხადა. ამ კომიტეტის ბორდში კი კრისტოლი შედის და მთავარ მრჩეველთა შორისაა გოლდფარბი)
გოლდფარბმა ასევე აღნუსხა მრავალჯერადი კონტაქტები მეთიუ კონტინეტისთან, რომელიც Weekly Standard-ის რედაქტორია. „ორიონის“ ბიუჯეტიდან მან ხუთჯერ გადაიხადა კონტინენტისთან ვახშმის ხარჯი. 2010 წლის მარტში, „ორიონის“ ლობისტმა კონტინეტისთან და Weekly Standard-ის კიდევ ორ სხვა წარმომადგენელთან, Blue Duck Tavern-ში, ლანჩზე საქართველოს საკითხზე იმსჯელა. იმავე თვეში მან და კონტინეტიმ გოლდფარბის ხარჯზე Sheley’s Backroom-ში ივახშმეს და გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ეს ყველაფერი 209.68 დოლარი დაჯდა.
ორი თვის შემდეგ „ორიონმა“ კონტინეტის, რამდენიმე სხვა ჟურნალისტს და ჯონ ნუნანს FPI-დან თბილისში მოგზაურობისა და იქ ცხოვრების ხარჯები აუნაზღაურა. მათ გოლდფარბი და შუნემანიც თან ახლდნენ და ანგარიშების თანახმად კონტინეტისა და მისი ახლო მეგობრების გამასპინძლებაში 1.125,06 დოლარი დაიხარჯა. მომდევნო თვეში კონტინეტიმ შემაცბუნებელი სტატია დაწერა (თვით Weekly Standard-ის უწესო სტანდარტებითაც კი), რომლის სათაურიც იყო – ”რუსეთის ჩრდილში: საქართველოს დემოკრატიის გასაოცარი გამძლეობა”. სტატია ქებას ასხამდა სააკაშვილის მთავრობის პოლიტიკას, ყველაფერს, დაწყებულს ელექტროფიკაციიდან, დამთავრებულს ეკონომიკით.
„სულ ახლახანს გამოითქვა დიდი ინიციატივა – ეკონომიკური თავისუფლებების კანონის შესახებ. თუ ეს კანონი გავა, მაშინ თითოეული გადასახადის გაზრდისთვის რეფერენდუმის ჩატარება გახდება საჭირო და საქართველოს დავალიანება მშპ-სთან მიმართებაში 60%-ით განისაზღვრება. უხსენეთ ეს რეფორმები ამერიკელ ლიბერტარიანელებს და მათ პირზე ნერწყვი მოადგებათ.“
კონტინეტიმ სტატიის ბოლოს, საავტორო რეპლიკაში აღიარა, რომ ”საქართველოში მოგზაურობა ქვეყნის მთავრობამ დაუფინანსა“, რაც სულაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ეს სტატია უფრო PR აქციას მიეკუთვნება, ვიდრე ჟურნალისტიკას. საბოლოო ჯამში მისი სტატია უბრალო პროპაგანდა იყო, რომელის საფასურიც საქართველოს მთავრობის ლობისტებმა გადაიხადეს.
კონტინეტიმ საქართველოზე ბევრი სტატია დაწერა, რომლებშიც მისი და „ორიონის“ კავშირები მოხსენიებული არ არის. 2010 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ლეიკის რეპორტაჟებს პასუხობდა, ასევე ამ სტატიების რიგს მიეკუთვნება. სტატიის სათაური ასე ჟღერდა: ”დროა ”გადატვირთვის პოლიტიკის” გადატვირთვა განხორციელდეს; რუსეთი ყველა ფრონტზე უკომპრომისოა”
კონტინეტის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, მაგრამ მან პასუხი არ მოგვწერა.
საქართველოს სიყვარულით
2009 წლის თებერვალში, ჯეიმს კირჩიკმა New Republic-ის ასოცირებულმა რედაქტორმა დაწერა სტატია სათაურით ”პრავდა პოტომაკზე; რუსეთის პროპაგანდა ვაშინგტონში მოედინება.” სტატიაში გაკრიტიკებული იყო ის ფაქტი, რომ მოსკოვი ამერიკული მედიის მანიპულირებისთვის PR სააგენტოებს იყენებს. იმისთვის რომ ”გაათეთროს მზარდი ავტორიტარიზმი ქვეყანაში”, წერდა კირჩიკი, რუსეთის PR მსახურები ”უამრავ დროს ხარჯავენ პრესის შერბილებისთვის” და ცდილობენ, ”აჭამონ, დაალევინონ და ეპირფერონ” ჟურნალისტებს და მნიშვნელოვან პერსონებს ”იმისთვის, რომ მათ რუსეთის პოზიციას დაუჭირონ მხარი.” მოსკოვის მიერ დაქირავებულმა მანიპულატორებმა, კერძოდ კი “კეტჩუმ ინკორპორეიშენმა” (Ketchum Inc) საოცარი ილეთები ჩაატარა – რუსეთის ხელისუფლების წევრებთან ინტერვიუები დაგეგმა და პირადი კავშირებიც კი გამოიყენა ნაცნობ პოლიტიკოსებთან დასაკავშირებლად.
„ორიონიც“ ზუსტად იმავეს აკეთებს – ჟურნალისტებთან მუშაობს ისე, როგორც კეტჩუმი. მაგრამ კირჩიკი სწორედ ამ ორგანიზაციის ლობისტებთან თანამშრომლობდა მჭიდროდ საქართველოს სასარგებლოდ. ის ესწრებოდა გოლდფარბის მიერ დაფინანსებულ თავყრილობებს Ten Penh-ში, Buck’s Fishing-ში და ზემოთ ნახსენებ კემპინგშიც. „ორიონი“ უკეთებდა ორგანიზებას მის ინტერვიუებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ე.ი. თუ შენი მომხრე ლობისტები მოქმედებენ მაშინ, ეს პრესის განვითარებას ნიშნავს, მაგრამ თუ მოქმედებას საპირისპირო მხარე იწყებს, ეს მედიის პოზიციის დასუსტებას მოასწავებს.
კირჩიკიც იყო გოლდფარბთან და კონტინეტისთან ერთად საქართველოში გამართულ ქეიფზე. ეს ამბავი იმ სტატიის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა, რომელსაც ”პრავდა პოტომაკზე” ეწოდებოდა. მისი ”წერილი თბილისიდან: რუსეთი მათ ფიქრებში” ქებას ასხამდა ”ახალგაზრდა და უზომოდ პრო-დასავლელ სააკაშვილს. საქართველოს ის ისე აღწერდა, როგორც ”პატარა, ნაომარ დემოკრატიას სასტიკ სამეზობლოში”. სტატიაში ნათქვამი იყო – ”თბილისის მთავრობის მინისტრები McKinsey & Company-ის ოფისს მოგაგონებენ” (ეს ეტყობა კარგ რამეს ნიშნავდა)
კირჩიკმა ისიც დაწერა, რომ ეს მგზავრობა საქართველოს მთავრობამ დააფინანსა, ხოლო თავისი სახლიდან, პრაღიდან მან სატელეფონო საუბარში გვითხრა:
„ყველა მთავრობას ჰყავს ლობისტები ვაშინგტონში, საკითხავი მხოლოდ ისაა შენ როგორ ხარ განწყობილი ამ მთავრობის მიმართ. მე სულაც არ მეჩვენება ფარისევლობად ის, რომ რუსეთის ლობირების სისტემაზე ვწერდი, რაც იმ დროისთვის ახალი ამბავი იყო, და მერე საქართველოში გავემგზავრე. მე არც ვმალავდი, რომ დაფინანსება ქვეყნის მთავრობისგან მოდიოდა. მე ანალიტიკოსი ჟურნალისტი ვარ და ნამდვილად ვარ საქართველოსადმი უფრო მიკერძოებული, ვიდრე რუსეთისადმი. ის აზრი, თითქოს საქართველოზე კარგს იმიტომ ვწერ, რომ იქ სამოგზაუროდ წამიყვანეს, ან იმიტომ რომ გოლდფარბმა სასმელზე დამპატიჟა, სასვებით უადგილოა“.
ჯოშ როგინს Foreign Policy-იდან ასევე ხშირი კონტაქტი ჰქონდა „ორიონთან“ საქართველოსთან დაკავშირებით. გოლდფარბმა ჩანაწერებში სატალეფონო და ელექტრონული საშუალებებით გამართული 12 დისკუსია აღნუსხა. როგინს სამჯერ ჰქონდა ინტერვიუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრეზიდენტისა და პრემიერ- მინისტრის ჩათვლით. 2010 წლის მარტში, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გოლდფარბმა 884.95 დოლარი დახარჯა ჰოკეის ბილეთებზე Verizon Center-ში. თამაშს როგინიც ესწრებოდა.
სხვა, ზემოთ ნახსენებ, რეპორტორებთან შედარებით, როგინი ბევრად უფრო სამართლიანია, როდესაც საქმე საქართველოს ეხება და ყველა მხარის პოზიციას აღწერს. ბალანსის მიუხედავად, მისი სტატიები მაინც თბილისისადმი სიმპატიითა განმსჭვალული. ამ სტატიების სიაშია შემდეგიც – ”რუსეთი გადატვირთვის განადგურებით იმუქრება”. მეორე სტატია კი, მარტში სააკაშვილთან „ორიონის“ მიერ ორგანიზებული ”ექსკლუზიური ინტერვიუ” იყო.
”როდესაც რეპორტაჟებს ვაკეთებ, სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ოფიციალურ პირებსა და კოსნულტანტებს ვხვდები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სტატიები ადასტურებენ ჩემს ერთგულებას ობიექტურობისადმი და აზრთა, რაც შეიძლება, ფართო სპექტრს ასახავენ”, მოგვწერა როგინმა ელექტრონული ფოსტით. მან ასევე დასძინა, რომ ჰოკეის მატჩს შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი უნდა დასწრებოდა, მაგრამ არ მოვიდა“.
დამკვეთები და რეპორტიორები
საბოლოო ჯამში, ჩემთვის ამ სტატიაზე მუშაობა არასასიამოვნო იყო. როდესაც პირველად გავეცანი უამრავ დეტალს, (ჩემი წყარო პრო-რუსული იყო, მაგრამ არც ლობისტია და მასთან არც ძველი ნაცნობობა მაკავშირებს) ეს ყველაფერი ბურთის თამაშივით იოლად მეჩვენა. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. როდესაც „ორიონის“ ჩანაწერები გადავამოწმე, აღმოვაჩინე, რომ ვიცნობდი და მომწონდა ზოგიერთი ის ჟურნალისტი, რომლებთანაც გოლდფარბი თანამშრომლობდა; განსაკუთრებით ეხება ეს ელი ლეიკს, რომლის პოლიტიკას და ჟურნალისტურ დასკვნებს, როგორც წესი არ ვეთანხმები, მაგრამ ის დაუღალავი რეპორტიორია და მნიშვნელოვან თემებს აშუქებს. ერთ-ერთ, ზემოთ ნახსენებ ჟურნალს ჩემი ნამუშევარი აქვს დაფინანსებული. როდესაც ჰოვარდ კურცმა ვაშინგტონის უსინდისო ლობისტებზე დაწერილი სტატიის გამო შემომიტია, კირჩიკმა დამიცვა. „ორიონი“ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდის“ შვილობილი კომპანიაა და რომელიც ჩემს ზოგიერთ მიმდინარე კვლევს აფინანსებს (თუმცა ეს კვლები სტატიასთან კავშირში არ არის).
ნაწილობრივ სწორედ ამიტომ არის ვაშინგტონში მუშაობა ასეთი რთული. ეს პატარა ქალაქია, სადაც პოლიტიკოსები, ლობისტები, PR-სპეციალისტები, და ჟურნალისტები ერთმანეთს იცნობენ, ხშირად დროსაც ერთად ატარებენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ერთნაირი პოლიტიკური ხედვა აქვთ. ამას ხშირად მივყავართ კონფორმიზმისკენ და შეიძლება ეთიკურ გამოწვევადაც იქცეს.
ამ სტატიაში იმას არ ვამტკიცებ, თითქოს „ორიონის“ პარტნიორი ჟურნალისტები წერენ იმას, რისიც არ სწამთ, ან რომ გოლდფარბმა ისინი ერთი სადილით (ზოგ შემთხვევაში რამდენიმეთი) მოისყიდა. მაგრამ ვერ დავეთანხმები ვერც კირჩიკს, რომლის აზრით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ აკეთებს ლობირებას და როგორ ეთანხმება მათი აზრი შენს პირად იდეოლოგიას. შეიძლება რუბინის ყაიდის ადამიანებისთვის ეს მართლაც ასეა, მაგრამ ისინი, ვინც ფართო აუდიტორიისთვის რთულ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს აშუქებენ და აანალიზებენ, ბევრად უფრო კრიტიკულები უნდა იყვნენ მაშინაც, როდესაც ისეთ პოზციებზე წერენ, რომელთაც თავად თანაუგრძნობენ.
არსებობს ასეთი არგუმენტი – ლობისტებთან თანამშრომლობა, რადგან ამას ყველა აკეთებს, ნორმალურია. ეს სიმართლეც რომ იყოს, ადეკვატური პოზიციის შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს. მომისმენია სხვაგვარი განმარტებებიც (ბევრ შემთხვევაში ისეთებისგან, რომელთა დასახელებაც არ შემიძლია, და ისეთებისგანაც, რომელთა საქმიანობას ამ სტატიაში არ შევხებივარ), რომლებიც ასევე არადამაჯერებლად მიმაჩნია: ისინი ამბობენ, რომ გოლდფარბთან მანამდე მეგობრობდნენ, სანამ საქართველოზე წერას დაიწყებდნენ, ამიტომ ხანდახან თვითონაც იხდიდნენ საფასურს, ან მიაჩნდათ, რომ ნორმალურია, როდესაც გოლდფარბი მათთვისაც იხდის.
საქმე ის კი არ არის, რომ რუსეთი კარგია და საქართველო ცუდი. საქმე ისაა, რომ ვითარება უფრო რთულია, ვიდრე ამას ამერიკული მედია ხშირად წარმოაჩენს, რაც ნაწილობრივ „ორიონის“ გავლენის გამოც ხდება. საქართველოს მთავრობას მსგავსი ურთიერთობები დიდ სამსახურს უწევს, ხოლო ამერიკულ საზოგადოებას არც თუ იმდენად დიდს.
foreignpress.ge
949
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85