ბოლო დროს სახელისუფლებო კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილმა პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა გადაიფიქრა. ამ გადაწყვეტილებას კი ძალიან მარტივი ახსნა აქვს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობას უკავშირდება.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა, დიდი შანსია, რომ მომავალ პარლამენტში ოპოზიციამ დიდი უმრავლესობა მოიპოვოს. ამ დროს კი ხელისუფლებას გარკვეული ბერკეტი რჩება მაჟორიტარების სახით, რადგან, როგორც წესი, ხელისუფლებისთვის მაჟორიტარების გაყვანა უფრო ადვილია. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებამ სწორედ იმის შიშით შეცვალა გადაწყვეტილება, რომ, შესაძლოა, პროპორციულ არჩევნებში სრული უპირატესობის მოპოვება გასჭირვებოდა და მაჟორიტარების რაოდენობა შეთანხმებული 50-დან ერთპიროვნულად 75-მდე გაზარდა.
ამიტომაც, თუკი ხელისუფლება აქცენტს მაჟორიტარების გაყვანაზე გააკეთებს და ამ დროს პარლამენტართა რაოდენობა მაჟორიტარების სასარგებლოდ იქნება გაყოფილი, ცხადია, საერთო ჯამში უპირატესობა ხელისუფლების მხარეზე იქნება. რადგან, მაჟორიტარების რაოდენობა თუ უცვლელი დარჩება და კიდევ უფრო შემცირდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა და ხელისუფლება მაქსიმალური რაოდენობის მაჟორიტარების გაყვანას შეძლებს, ოპოზიცია უფრო ცოტა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2012 წელს პარლამენტი ისევე დაფინანსდება 33, 900.7 ათასი ლარით, როგორც წელს. ასევე, პარლამენტის ასიგნებებში შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელსაც და მიმდინარე წელსაც, 16, 648. 5 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ეს მონაცემი არ არის შეცვლილი არც ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში, რომელიც საბოლოოდ 9 დეკემბრის სხდომაზე უნდა დამტკიცდეს. ამიტომაც, ეს ეჭვები, რომ ხელისუფლება, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, პარლამენტართა 150 კაციანი რაოდენობის შენარჩუნებას ფიქრობს, ოღონდ მაჟორიტარების გაზრდის ხარჯზე, საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს. ამის შესახებ presage.tv ცოტა ხნის წერდა კიდეც.
ახლა კი ხელისუფლებამ უკვე ღიად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა არც კი ღირს. ამის შესახებ განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც პარლამენტში ერთმანეთს ოპოზიციის სხვადასხვა ფრთა დაუპირისპირდა.
ჩხუბის პირველი ნიშნები ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელის, დიმიტრი ლორთქიფანიძისა და თორთლაძის ფრაქციის წევრის, ნუგზარ ერგემლიძის შეკამათებისას გაჩნდა.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ უმცირესობას და უმრავლესობას მოუწოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა არ დაეწყოთ და გონს მოგებულიყვნენ.
როგორც ლოთქიფანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სამწუხაროა, რომ დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებულ ინიციატორებს შორის მთელი საპარლამენტო უმცირესობაა. მან მიმართა „ქრისტიან-დემოკრატებს“, იზიარებენ თუ არა „იმ მორალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ ტვირთს, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირ აჰკიდა მათ“.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ ერთგული რჩება რეფერენდუმის შედეგების და 2005 წელს სწორედ რეფრენდუმზე დაყრდნობით მოახდინა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და, რომ არა ოპოზიციის ერთი ნაწილის დაჟინებული მოთხოვნა, მხარს არ დაუჭერდა დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისი შეფასებით, საზოგადოების უდიდესი და უმძლავრესი ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა მხარს არ უჭერს ამ ინიციატივას და ეს „აქტი არის უკანონო“.
ლორთქიფანიძემ ისიც აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან შეხვდრებში უმრავლესობა არ აქტიურობს და მათგან არ ისმის დაჟინებული მოთხოვნა დეპუტატების გაზრდისა.
„სანამ დროა, გონს მოეგეთ, რადგან ძალიან დიდია ის ტვირთი პასუმისმგებლობისა, რომელსაც საზოგადოება თქვენ უკვე გაკისრებთ“, - მიმართა ლორთქიფანიძემ საპარლამენტო უმცირესობას და დასძინა, რომ ამას ნიშნის მოგებით არ საუბრობს.
დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ გუშინ საპარლამენტო უმცირესობას რადიო „უცნობის“ ეთერით დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, სადაც „მათ საშუალება ჰქონდათ, აკადემიური წრეებისა და ოთხი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების წინაშე დაეცვათ მათი პოზიცია, თუმცა - უშედეგოდ.
ამის შემდეგ მასთან ნუგზარ ერგემლიძე მივიდა და იმის გარკვევა სცადა, თუ რაში ადანაშაულებდა იმ დეპუტატებს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. ვითარება, პირველად, მათი კამათისას დაიძაბა, მაგრამ მანდატურებმა მათი დამშვიდება დროულად მოახერხეს.
ამის შემდეგ კი ერთმანეთს უკვე ლევან ვეფხვაძე და თამაზ დიასამიძე დაუპირისპირდნენ. მართალია, მათი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფამდე არ მისულა, მაგრამ ვეფხვაძემ დიასამიძე რუსულად გაგზავნა „იდი ნა...-ო“.
დიასამიძემ კი მხოლოდ ის მოახერხა, რომ მშობლიურ ენაზე „ნაძირალა“ უწოდა. მათ კამათში მანდატურები რომ არ ჩარეულიყვნენ, შესაძლოა, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მისულიყვნენ, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ მათ ამის საშუალება არ მისცა და ისიც უნდა ითქვას, რომ მათ ჩხუბში უმრავლესობაც ჩაერთო, ოღონოდ, მხოლოდ, სიტყვიერად. კახა სუხიშვილი ვეფხვაძე-დიასამიძის ჩხუბს გაოცებული უყურებდა და მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებდა, „რა მოგივიდათ, არ გრცხვენიათ, რა დღეში ხართო...“
ხელისუფლების პოზიცია კი უკვე ამ ჩხუბის შემდეგ გამოიკვეთა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის საკითხი მას შემდეგ მუდმივი დაპირისპირების და კამათის საგანია, რაც ეს იდეა გაჟღერდა. პარლამენტართა რაოდენობის გაზრდაზე ხელისუფლება და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც საარჩევნო შეთანხმებას მოაწერა ხელი, ჯერ კიდევ ზაფხულში შეთანხმდა. ეს იდეა მაშინვე გაჟღერდა,მაგრამ კანონპროექტის სახით ინიცირება ნოემბრის ბოლოს მოხდა.
კანონპროექტის თანახმად, პარლამენტართა რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაიზარდოს, სადაც 83 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული წესით, 107 დეპუტატი კი - პროპორციული წესით. დღეს ეს თანაფარდობა 75-75-ზეა.
ამ საკითხს ოპოზიციის და ექსპერტების დიდი ნაწილიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან პარლამენტართა რაოდენობა 2005 წელს შემცირდა 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე. კანონმდებლობით კი, რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ რეფერენდუმით არის შესაძლებელი.
ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამართლებას იმით ცდილობს, რომ, თითქოს, პარლამენტის რაოდენობის შეცვლა რეფერენდუმის საფუძველზე არ მომხდარა, რასაც ოპოზიციის და ექსპერტების დიდი ნაწილი არ იზიარებს.
შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიცია იმითაც აპელირებს, რომ რაოდენობის გაზრდა ოპოზიციის ინტერესებშივეა, რადგან ოპოზიციისთვის პარლამენტში მოხვედრისთვის მეტი საშუალება ჩნდება.
ამ კამათის შემდეგ კი ლევან ვეფხვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება უნამუსოდ იქცევა. ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს დააკისროს პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდის პასუხისმგებლობა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს პოპულარული თემა არ არის და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია.
ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივაზე ხელმომწერი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კონსენსუსი უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ახლა საზოგადოების ინტერესი, რადგან ხვალ და ზეგ ისევ საზოგადოების ინტერესები იყოს უფრო დაცული.
ლევან ვეფხვაძემ მულტიპარტიული დემოკრატიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების და დეპუტთა რაოდენობის 190-მდე გაზრდის შემთხვევაში, „პატარა პარტიებს, როგორიცაა, ჯონდის და ცაგარეიშვილის პარტია, შესაძლებლობა ექნებოდათ, სხვა დიდ პარტიებთან ერთად პარლამენტში აღმოჩენილიყვნენ“.
„როგორც ჩანს, მათ ეს არ უნდათ. კი ბატონო, დავტოვოთ ისე, როგორც არის - 150 კაციანი პარლამენტი“, - განაცხადა ვეფხვაძემ, რომელიც პირობას იძლევა, რომ ბევრი ის ადამიანი, რომელიც თავის დროზე „რვიანის“ ფორმატში ითხოვდნენ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას და ამის საჯაროდ თქმის „თავი არ ჰქონდათ“ და ახლა მის პოლიტიკურ ძალას აკრიტიკებენ, „მოვლენ და შემეხვეწებიან“.
„ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა კი განაცხადა, რომ, თუ ოპოზიციის ნაწილი ვერ ხვდება, რომ 150 დეპუტატისთვის 40 დეპუტატის მიმატება, პარლამენტში მრავალპარტიული სისტემის და პარლამენტის გამრავალფეროვნებას შეუწყობდა ხელს, ეს მათი პრობლემაა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „მის ზოგიერთ კოლეგას, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვა საკითხებთან მიმართებაში ადექვატური იყო, თურმე საწყალობლად მოეჩვენა მისი არგუმენტი, რომ რეალურად დეპუტატების რაოდენობის გაზრდა სწორედ ოპოზიცური პოლიტიკური სპექტრის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო“.
„დიახ, ხელისუფლებას ის რეალობა არ ეხატებოდა გულზე, რომელიც 190 კაციან პარლამენტს უკავშირდებოდა“, - მიმართა ახვლედიანმა მის ოპოზიცონერ კოლეგებს და დასძინა, რომ 150 კაციანი პარლამენტი სწორედ ხელისუფლებას აძლევს ხელს.
მისი განცხადებითვე, დეპუტატების 75-75-ზე განაწილების პრინციპი ნიშნავს იმას, რომ მომავალი ხელისუფლებაც ყოველთვის გამოიყენებს ამ ბერკეტს და 75 მაჟორტარი ყოველთვის გადაწყვეტს პარლამენტის ნახევარის ბედს.
„ყოველთვის პრაქტიკულ უმრავლესობში იქნებიან არჩევნების დაწყებამდე“, - განმარტა ახვლედიანმა.
მისი შეფასებით, მის კოლეგა ოპოიზიცონერებს თუ ეს უნდათ, ეს იმას ნიშნავს რეალურად ვერ აფასებენ იმას, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ხვალ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. ოპოზიციის ამ ნაწილის მიერ დღეს დეპუტატების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების ინიციატორებად მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატების“ დასახელებას იმის დადასტურებად აფასებს, რომ „მათ ერთი ადგილი არ აქვთ“.
„დღეს შნო არ გაქვთ ისაუბროთ იმაზე, რომ ყოველთვის თანახმა იყავით საჭიროების შემთხვევაში ამ კომპრომისზე წასულიყავით, დღეს კი ერთი ადგილიც არ გაქვთ ამისთვის“, - განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ 2012 წლის პარლამენტი თუ ისევ 150 კაციანი იქნება, ოპოზიციურ სპექტრში ისევ მათ ექნებათ პრობლემა და მაშინ იქნება საინტერესო პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი.
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით კი „თუკი ვინმე ვინმეს არა თუ ფსიქოლოგიურ, არამედ ფსიქიატრიულ ანალიზს უკეთებდა, ეს პირველ რიგში „ქრისტიან-დემოკრატები“ იყვნენ“.
როგორც ცაგარეიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, მისი შექმნის პირველივე დღიდან, ხელისუფლების მხრიდან სტაციონალურ მდგომარეობაში ფსიქიატრიული ანალიზის ობიექტს წარმოადგენდა“.
„გეთანხმებით, რომ აუცილებელია მულტიპარტიული დემოკრატია და პარლამენტში მოსახვედრად შესაბამისი ხმების მოპოვება, მაგრამ ეს ყველაფერი სამართლიანობაზე და კანონის უზენაესობაზე უნდა გადიოდეს. ის, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150 დეპუტატამდე 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად შემცირდა, ეჭვი არავის ეპარება და ამ მიმართულებით საკითხი რეფერენდუმითვე უნდა გადაწყდეს, მაგრამ თქვენ რეფენდუმს ვერ ჩაატარებთ, რადგან დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე სარეფედენდუმო კითხვა ჩასავარდნად არის განწირული“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მისამართით.
ცაგარეიშვილმა კონკრეტულად ლევან ვეფხვაძეს და გიორგი ახვლედიანსაც მიმართა, რომლებიც იმ მომენტისთვის სხდომათა დარბაზიდან გასული იყვნენ, თუმცა მათი მისამართით განაცხადა, რომ „ის, თუ ვის რისი ერთი ადგილი აქვს, ყველაზე კარგად პატიოსნად ჩატარებულ არჩევნებში გამოჩნდება, როგირშიც მონაწილეობის შნო და ლაზათი „ქრისტიან-დემოკრატებს არ გააჩნიათ“.
ამ გამოსვლების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებით კონსენსუსით მიღწეული შეთანხმების გადახედვა ისევ კონსენსუსის გზით უნდა მოხდეს.
ბაქრაძის თქმით, ყველას ახსოვს, რომ დეპუტატების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება ძალიან ხანგრძლივი კონსენსუსის შედეგია. მისივე თქმით, თუ პარტიებს აღარ სურთ ეს შეთანხმება, მათ ძალას ვერავინ ვერ დაატანს. თუმცა, თუ ეს შეთანხმება გადაიხედება, ბაქრაძის თქმით, ასევე შეთანხემბის საფუძველზე უნდა მოხდეს.
„შეთანხმების გადახედვის საფუძველი პოლიტიკური დებატების დროს ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება არ უნდა გახდეს“, -აღნიშნა ბაქრაძემ და უმრავლესობასაც და უმცირესობასაც მოუწოდა, შეთანხმების რევიზირება დებატების დროს ცალმხრივი, ცხელ გულზე გაკეთებული განცახდებების შედაგად არ მოახდინონ.
რაც შეეხება შეთანხმების გადახედვის ფორმატს, ბაქრაძის თქმით, ეს მთლიანად პარტიებზეა დამოკიდიებული.
საპარლამენტო უმრავლესობა კი, როგორც მისმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, მზად არის, დეპუტატების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილებას გადახედოს.
მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ დღეს ხელისუფლებას უსინდისო უწოდა, თუმცა უსინდისობა არის ის, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ ხელს იშვერენ ხელისუფლებისკენ მაშინ, როცა ხელისუფლება მათ ინიციატივას დეპუტატების რაოდენობის გაზრდის შესახებ მხოლოდ კომპრომისის სახით დაეთანხმა.
კომპრომისის არგუმენტად კი, ცისკარიშვილმა პარლამენტში მრავალპარტიული პოლიტიკური პლურალიზმის და ოპოზიციის კარგად წარმოდგენის ხელშეწყობა დაასახელა.
„ეს არის ჩვენი მხრიდან, ბატონო ლევან პირობის არშესრულება? ამაზე იძახით თქვენ, რომ ეს არის უსინდისობა? სინამდვილეში, უსინდისობა არის ის, რასაც თქვენ არ ამბობთ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ახლა რცხვენია იმის აღიარება, რომ დეპუტატების რაოდენობის გაზრდა სწორედ მათი სურვილი იყო.
ცისკარიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, დეპუტატების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება გადაიხედოს.
„ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - დასძინა ცისკარიშვილმა.