ცხინვალი სამოქალაქო სისხლისღვრის რეალური საფრთხის წინაშე დგას. თითმარქვია კოკოითმა რუსეთთან „სახელმწიფი საზღვრის“ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ანალიტიკოსები ოპონენტების მოსალოდნელ დარბევაზე საუბრობენ. ალა ჯიოევამ ჯაბეევიჩისთვის სამდღიანი ულტიმატუმის წაყენების შემდეგ უკან დაიხია და რუსეთს „პოლიტიკური თავშესაფარი“ სთხოვა.
ამ თემაზე კავკასიის საკითხებში ექსპერტ, მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით.
მამუკა არეშიძე: ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვა, დე–ფაქტი გენპროკურორის სახლზე მიტანილი შეტევა მაფიქრებინებს, რომ კოკოითი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიებს ამზადებს.
კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიხატოს ეს რეპრესია?
– საზღვრის დაკეტვის ფაქტი რომ არ ყოფილიყო, ხუგაევის სახლზე ნაღმმტყორცნიდან განხორციელებულ სროლაზე ვიფიქრებდი, რომ ეს რომელიღაც გამწარებული პროტესტანტის ნამოქმედარია. მოგეხსენებათ, რომ მათ შორის ბევრი ყოფილი მეომარია.
ნაბიჯების კომპლექსი მაფიქრებინებს, რომ კოკოითს დახურული სივრცე სჭირდება რეპრესიების ჩასატარებლად, მომიტინგეების დასაპატიმრებლად ან დასარბევად. თან ამ სიტუაციაში, ზედმეტი მოდარაჯე თვალიც არ სჭირდება.
რას გულისხმობთ?
– ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვა, რეგიონის ტერიტორიაზე ჟურნალისტების არშემოშვებას გულისხმობს. ამას გარდა, იმ ოპოზიციონერების ბლოკირებას, რომლებიც ამ დროისთვის ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფებიან. სხვათა შორის, ალა ჯიოევას ნათქვამიც, რომ თავშესაფრის მიღება სურს, მაფიქრებინებს, რომ მან კოკოითის გეგმების შესახებ გაიგო. ამიტომ თქვა ის, რაც თქვა. საგულისხმოა ისიც, რომ მთელი ეს დღეები ედუარდ კოკოითი ქართულ კვალზე საუბრობს.
აქვს თუ არა ამ ბრალდებას რაიმე საფუძველი?
– ეს შავი პიარია იმ მიზნით, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინოს. სხვა არანაირი მონაცემები არ მაქვს, გარდა იმისა, რომ გარკვეული კონსოლიდირებული აქტიურობა შეინიშნებოდა ქართველებით დასახლებულ ახალგორის რაიონში.
ფაქტია, კოკოითი ამაზე საუბრობს. ცხინვალში და მოსკოვში რუსები მას უსმენენ. გამოდის, რომ საზღვარი დაუცველი ყოფილა და ქართული სპეცსამსახურები ცხინვალში შედიან და გამოდიან.
არადა, კოკოითს რომ ჰკითხო – საზღვარი ისე დაცულია, იქ ჩიტი ვერ შეფრინდებაო. როცა უნდათ, სულ სხვა ენაზე ჭიკჭიკებენ. დარწმუნებული ვარ, რომც იყოს გარკვეული აქტიურობა ქართული მხრიდან, ეს კოკოითის მხრიდან ზედმეტად გაბერილი ამბავია. პრინციპში, მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა - შექმნა მისთვის აბსოლუტურად მომგებიანი სიტუაცია.
მაინც რა რეალობაზეა საუბარი
– 2004 წლის სოხუმისგან განსხვავებით, როდესაც ორი ძირითადი ძალა - აფხაზური საზოგადოება და კრემლის ხელი - იყო ჩარეული, ცხინვალში წინა პლანზე სამი დაპირისპირებული მხარე გამოვიდა – ოსური საზოგადოება, კრემლი და კიდევ კოკოითი, რომელსაც პირველი ორი ძალისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები ჰქონდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში საკუთარ თამაშს თამაშობდა.
კოკოითმა მოსკოვიდან ვერ მიიღო გარანტიები, რომ მისი ქონება შენარჩუნდებოდა, რაღაც ფორმით არსებული სიტუაციაც დარჩებოდა და რაც მთავარია, მისი სიცოცხლე დაცული იქნებოდა. ამის გამო მან თავისი თამაში წამოიწყო.
ჯერ კიდევ პირველი ტურის წინ ვთქვი, რომ კოკოითი არჩევნების ჩასაშლელად ყველაფერს გააკეთებდა. პრაქტიკულად, მიზანს მიაღწია კიდეც. მართალია იმ ფორმით არა, როგორც მეგონა, მაგრამ მთავარი გაკეთდა – კენჭისყრა გადადებულია.
საბოლოო ჯამში, კოკოითმა მოსკოვს აჩვენა თუ ვინ არის მდგომარეობის ბატონ–პატრონი. აჩვენა ისიც, რომ ყველა წამოყენებული კანდიდატი მისი ნების გარეშე ვერაფერს გახდება, იქნება ეს ანატოლი ბიბილოვი თუ სხვა ვინმე. რაც ყველაზე მთავარია, 25 მარტამდე ძალაუფლება გაიხანგრძლივა. ძალიან კარგი ბაზა შექმნა რუსეთთან სარფიანად სავაჭროდ.
25 მარტის მერეც მას შეუძლია ისეთი რამ მოიფიქროს, რომ კიდევ გაიხანგრძლივოს ყოფნა; ევაჭროს რუსეთს თუ მანამდე ვერ დაიყოლია. მოსკოვში ყველაფერს ხვდებიან, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. მთელი კომიზმი ამ სიტუაციაში სწორედ ეს არის.
როგორ განვითარდება სიტუაცია, თქვენი პროგნოზი როგორია?
– იმ შემთხვევაში თუ კოკოითი პირდაპირ რეპრესიებზე წავიდა, არ გამოვრიცხავ, რომ კონფრონტაცია და ღია დაპირისპირება მოხდეს. ამ შემთხვევაში, კოკოითი ყველაფერზე წავა და უკან არაფერზე დაიხევს.
მას ერთგვარი გეგმა „ნომერი ორი“ ექნება და აუცილებლად მოინდომებს ოფიციალური თბილისის და მოსკოვის დაჯახებას. იმით გააკეთებს, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე პროვოკაციას მოაწყობს, მით უმეტეს – გაუთავებლად საუბრობს იმაზე, რომ ამ საქმეში ქართული სპეცსამსახურები ჩართულნი არიან. ორი ვარიანტია – ან ოპოზიციას ისე დაარბევს, რომ მაინცდამაინც დიდი ხმაური არ ატყდება; თუ ხმაური და სროლა მაინც ატყდა, მაშინ ამ მეორე ტიპის ღონისძიების გატარებას მოინდომებს.
შესაძლო გართულების შემთხვევაში, ამ დროისთვის თამაშგარედ დარჩენილმა ქართულმა მხარემ, რა პოზიციები უნდა დაიკავოს?
– ჯერ ერთი, ქართულ მხარეს აქამდეც სხვა ტიპის აქტივობა მართებდა. არა ის, რომ არ ვცნობთ ამ კენჭისყრას და ა.შ. ეს ისედაც გასაგები ამბავია. ამას გარდა, როდესაც ცხინვალში მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა და ოპოზიციამ თავისუფალ სამყაროს რეაგირებისთვის მიმართა, ქართულ მხარესაც ამ ტიპის განცხადებები უნდა გაეკეთებინა და მსოფლიოს ყურადღება მიმდინარე პროცესებისადმი მიექცია.
რასაკვირველია, ქმედითი ღონისძიებები არ ჩატარდებოდა; მაგრამ შეფასებითი ნაწილი უფრო მეტი და რუსეთზე ზეწოლაც უფრო გამოხატული იქნებოდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რუსეთი ახლა ისედაც ურთულეს მდგომარეობაშია. სოფელში ვერ ჩაატარა კენჭისყრა ნორმალურად. თავის ქვეყანაში ხომ არჩევნები საერთოდ ჩააგდო. რეალურად ასე გამოვიდა.
რუსეთის ხელისუფლება ახლა ძალიან გაღიზიანებულ მდგომარეობაშია, ამიტომ მასზე ზემოქმედების საშუალება ნამდვილად არსებობდა და არსებობს კიდეც.
ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა იზრუნოს ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ტაქტიკური თვალსაზრისით როგორ უნდა მოიქცეს საზღვრის გასწვრივ, ამას ხელისუფლებას ვერ ვასწავლი. განსაკუთრებული მობილიზება კი საჭირო და მნიშვნელოვანია.
ისიც გაჟღერდა, რომ ზოგიერთი თბილისური სტრუქტურა ახალგორში ჯიოევას მხარეს მუშაობდა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში მოტივაცია?
– აქ ყველაფერი ზედაპირზე დევს. ადამიანი, რომელმაც ქართველების საშინელ ეთნოწმენდაში მონაწილეობა მიიღო, სათავეში არ უნდა იყოს. მის მხარდამჭერად არ უნდა გამოდიოდე.
ქართულ მხარეს შეიძლება ორი მიზანი ჰქონოდა – ერთი, რომ ჯიოევა და მის უკან მდგომი თედეევი შეიძლება უფრო მისაღები ყოფილიყვნენ როგორც პარტნიორები მომავალი დიალოგისთვის. მეორეს მხრივ – მავანისთვის ჩვენება, რომ ჩვენც მიგვიწვდება ხელი, თუნდაც ახალგორის რაიონში მიმდინარე პროცესებზე.