მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში, „ყველანი არჩევნებზე” - ამ წარწერით პლაკატი დუმის არჩევნებზე ძალიან აქტუალური იყო, საბოლოოდ, არჩევნებზე მისულმა რუსმა ამომრჩეველმა ოფიციალური მონაცემებით, 49,7%-ით „გაიყვანა“ პუტინის პარტია საკანონმდებლო ორგანოში და დანარჩენი ადგილები კი, ე.წ. სახელისუფლებო ოპოზიციას „ჩააბარა“. მალე ეს ლოზუნგი საქართველშიც აქტუალური გახდება და საინტერესოა, რა შედეგამდე მივალთ მაშინ, როცა ქართულ საარჩევნო გარემოს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი „პლიუსი“ აქვს - გამოჩნდა სააკაშვილის სერიოზული კონკურენტი.
საით „უკაკუნებს“ პუტინი?
რამდენიც არ უნდა იძახოს ამერიკელმა კონგრესმენმა მაკ კეინმა, „ძვირფასო ვლად, არაბული გაზაფხული გიახლოვდებათ“, ან რამდენიც უნდა აპროტესტოს ეუთომ, უხეში დარღვევებით ჩატარდა რუსული არჩევნებიო, ფაქტია - ვლადიმერ პუტინი დასავლეთისთვის დასანახი „დემოკრატიული“ იმიჯის მორგების პროცესშია და ისე ემზადება გაპრეზიდენტებისთვის, ანუ ის გარეშე თვალის დასანახად, ხისტ, იმპერიულ ქმედებებზე უარს ამბობს. ბოლოს და ბოლოს, „ედინაია რასიამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა „დათმო“, რაც ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმის არ იყოს, იმის საშუალებას იძლევა, თუნდაც, მართულმა ოპოზიციამ ქვეყნისთვის სასიკეთო თემებით თამაში შეძლოს. შეიძლება, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ვისთვის რა არის ქვეყნისთვის სასიკეთო თემა, მაგრამ ერთპიროვნული მმართველობის პირობებში ლავირების საშუალება აშკარად გაჩნდა. ეს კი, დღევანდელი რუსეთის მხრიდან უკვე საინტერესო დათმობაა, თუმცა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსული პოლიტიკა ყველა მიმრთულებით „დათბება“.
რაში სჭირდებათ პუტინსა და მედვედევს საკუთარი პარტიის ასეთი მცირე პროცენტული მაჩვენებლით დუმაში გასვლა? ყველამ კარგად ვიცით, შეეძლოთ, თუნდაც 99% აეღოთ. რა დაანახვეს ამით მსოფლიოს?
რამაზ საყვარელიძე: „შეიძლება, რუსეთის ხელისუფლებამ მსოფლიოს დაანახა, რომ დემოკრატიულია, მაგრამ რუსეთის შიგნითაც და გარეთაც, ექსპერტები ხშირად საუბრობდნენ არჩევნებამდე, რომ ისეთივე შედეგს პუტინი ვერ მიიღებდა ამ არჩევნებზე, როგორიც ადრე მიუღია. ხალხის განწყობილებები მკვეთრად არის შეცვლილი იქ....
ასეთი დაბალი პროცენტი რომ დაჯდა, მე როგორც ვიცი, რუსი კომენტატორები ამას სწორედ საზოგადოებრივ განწყობილებას აბრალებენ, ანუ მთლად იმის მცდელობაც არ არის, მსოფლიოს დაანახონ, რომ ჩვენ დემოკრატიულად ვანვითარებთ რუსეთსო.
არ ვიცი, შეიძლება, არც სჭირდებათ მანდატების დიდი რაოდენობა და დიდად არც შეიწუხეს თავი.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეყვანილი პარტიები თავიანთი გადაწყვეტილებებით იშვიათად უპირისპირდებიან მართველ ძალას. ვფიქრობ, პუტინს ობიექტური პოლიტიკური რეალობა არ აიძულებს, გინდა თუ არა, თავისი ხალხი ჰყავდეს პარლამენტში, დიდი ოდენობით. ისედაც მოახერხებს მისთვის სასურველი რაოდენობის ხმების მიღებას“.
რუსეთის დუმაში პარტიიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება აქვს ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს, რომელიც საყვარელიძეს ეთანხმება, რომ რუსეთს სჭირდებოდა ფასადური ცვლილებები, რასაც რეალურად რუსულ საზოგადოებაში არსებული განწყობები განაპირობებდა. მეორე მხრივ კი, ექსპერტი აცხადებს, რომ ჩრდილოელ მეზობელს, უნდოდა თუ არა, მოუწია ამერიკისა და დასავლეთის მოთხოვნების გათვალისწინება.
როგორ ფიქრობთ, მედვედევმა და პუტინმა არ აამოქმედეს, ვერ აამოქმედეს, თუ არ დასჭირდათ აემოქმედებინათ გაყალბების მთელი მექანიზმი?
ხათუნა ლაგაზიძე: „რუსეთის საზოგადოებაში უკმაყოფილება იმდენად მაღალია, რომ არჩევნებში მეტ-ნაკლებად დააფიქსირა ის რეალობა, რაც დღეს იქ არის. რუსულ ფორუმებს ვადევნებდი თვალყურს, სხვადასხვა ოლქებიდან ძალიან საინტერესო მონაცემები დაიდო. „ედინნაია რასიამ“, რეალურად აიღო 23%-დან 35 % -მდე, ანუ ის შედეგიც კი, რაც ოფიციალურად გამოცხადდა, შეიძლება, ვივარაუდოთ, გაორმაგებულია. როგორც ჩანს, გადამწყვეტი აღმოჩნდა ის განწყობა, რაც შიგნით რუსეთშია. ხელისუფლება იძულებული გახდა, ასეთი შედეგების გამოცხადებაზე წასულიყო. ეს კი რეალობასა და ხელისუფლების სამომავლო ქმედებებს გარკვეულწილად მაინც შეცვლის.
აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი, როდესაც სახელისუფლებო პარტია 50%-ით შევიდა დუმაში და მეორე 50% მაქსიმალურად მართვად ოპოზიციურ ძალებზე გადანაწილდა. თუმცა, მინდა, გითხრათ, ეს ოპოზიციური 50% ძალიან დიდი ხიბლია იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურმა ძალებმა თავისი თამაში დაიწყონ. ყოველ შემთხვევაში, ისეთი ერთმმართველი რუსეთი, როგორიც აქამდე იყო, ვეღარ იქნება. ანუ 50% - თუნდაც მართვადი ოპოზიციის ხელში იყოს მოქცეული, ძალიან დიდი საცდურია იმისა, რომ მათ დამოუკიდებელი თამაში დაიწყონ. აქედან გამომდინარე, რეალურად, მაინც სახეცვლილ რუსეთთან მოგვიწევს ურთიერთობა.
კი, ბატონო, რაც მიიღო მმართველმა პარტიამ - 50%- ისიც კი გაყალბების შედეგად არის მიღებული, თუმცა, ვფირობ, თქვენ რაც დაასახელეთ, სამივე მიზეზის სინთეზთან უნდა გვქონდეს მაინც საქმე, რადგან დასავლეთისთვისაც მიუღებელი იქნებოდა „ედინნაია რასიას“ უფრო მაღალი შედეგი. როგორც ჩანს, პუტინმა გაითვალისწინა, ერთის მხრივ - საზოგადოების განწყობა შიგნით და მეორეს მხრივ - დასავლეთის განწყობა, მისი პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დასვა ის შედეგი, რაც დღეს მივიღეთ. ყველამ ძალიან კარგად იცის, დასავლეთს არ სურდა ისეთი პუტინის დაბრუბება ხელისუფლებაში, როგორიც ის იყო მანამდე. ეს ყველაფერი აისახა დუმის არჩევნების შედეგებზე და აუცილებლად აისახება პუტინის სამომავლო მოქმედებებზეც, ხელისუფლებაში პრეზიდენტის რანგში დაბრუნების შემდგომ. თუმცა, ვიმეორებ, გადამწყვეტი მაინც რუსულ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტია“.
და გარკვეულწილად, პუტინის გაპრეზიდენტების აღიარებაში გაიცვალა ეს დემოკრატიული არჩევნები?
- დასავლეთი პუტინის არჩევნების შედეგებზე რეალურ გავლენას მაინც ვერ მოახდენდა, მაგრამ თავად პუტინს სჭირდებოდა „ახალი სახე“. თუნდაც იგივე გადატვირთვის პოლიტიკის ფორმატში, პუტინის ისევ პრეზიდენტის რანგში მოსვლა ნაკლებად ჯდებოდა, მაგრამ აქ კიდევ ერთი თემაა საყურადღებო. ეს „დემოკრატიული“ შედეგი მივიღეთ იმ ფონზე, როდესაც რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობების დაძაბვის ახალი ეტაპი დაიწყო.
შეგახსენებთ „შპიგელში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს როგოზინთან, სადაც მან აგრესიული განცხადებები გააკეთა ნატოს მისამართით, დამცავი ფარის განლაგებასთან დაკავშირებით. როგოზინმა პირდაპირ თქვა, რომ ამ დამცავი ფარის გასანადგურებლად, შეიძლება, რუსული ისკანდერები იქნას გამოყენებული. ასე რომ, ეს ორი რუსეთი ისევ იარსებებს და ჩვენც ამ ორ რუსეთთან მუდმივად გვექნება საქმე, ზოგადად რუსული ხასიათია ასეთი, როგორც ჩანს, მაგრამ გარკვეულწილად, ის რეალობა, რომელმაც დღევანდელი საარჩევნო შედეგები დადო, რა თქმა უნდა, პუტინსაც აიძულებს, რაღაცეებს გადახედოს. იგივე იმ რუსულ ფორუმებზე ძალიან ხშირად კეთდება მინიშნება არაბულ რევოლუციებზე...
რა შედეგებიც დაიდო, არის თუ არა ჭკვიანური პოლიტიკური გათვლა რუსეთის ისტებლიშმენტის მხრიდან?
- კი, აბსოლუტურად. შორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგია. პუტინმა ამით, გარკვეულწილად, განმუხტა საზოგადოებაში დაგროვებული უარყოფითი ენერგია.
ქართული ოპოზიციის შანსები...
ერთი სიტყვით, რუსეთმა საკანონმდებლო ორგანო „დემოკრატიული“ მაჩვენებლებით აირჩია. მომავალ წელს უკვე საქართველო დადგება გადამწყვეტი არჩევნების წინაშე. განმეორდება თუ არა რუსული სცენარი საქართველოში მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ არენაზე სააკაშვილს მილიარდერი ოპონენტი გამოუჩნდა? რუსული სცენარი საქართველოში განმეორდება?
რამაზ საყვარელიძე: „თუ შეიძლება ითქვას, სანახევროდ განმეორებას ვფიქრობ - მათი ძალები 50% -ის საზღვარზე რომ დაეჭიდონ ერთმანეთს, ანუ სახელისუფლებო ძალამაც სადღაც 50% -ის ფარგლებში აიღოს და ოპოზიციურმა პარტიებმაც. თუმცა, განსხვავებით რუსულისაგან, ვვარაუდობ, რომ ჩვენთან ოპოზიციური ხმები უფრო კონსოლიდირებული იქნება ერთ პოლიტიკურ ჯგუფში. შესაბამისად, საქართველოში პოლიტიკური სურათი ისეთივე არ იქნება, როგორიც რუსეთშია... იმიტომ, რომ მაგალითად, ჟირინოვსკის პარტია ისეთ პარტიად არის ცნობილი, როგორსაც საქართველოში სახელისუფლებო ოპოზიციას უწოდებენ..
გასაგებია, ოპოზიციურ ძალაში ივანიშვილის კოალიციას გულისხმობთ, მაგრამ სახელისუფლებო ოპოზიციამ სულ დაკარგა შანსი?
- კი. ივანიშვილსა და მის გარშემო არსებულ პარტიებს ვგულისხმობ, სახელისუფლებო ოპოზიციისთვის რაღაც არ ჩანს დიდი ოპტიმიზმისთვის საფუძველი. ნუ, მეტნაკლებად, სხვებთან შედარებით, პარლამენტში მანდატების მოპოვების შანსი აქვთ ქრისტიან-დემოკრატებს. დანარჩენები, მე მგონი, ვერ მოახერხებენ.
ახალი მემარჯვენეები?
- არ ვიცი ზუსტად ციფრები, მაგრამ ზოგადად, ქრისტიან-დემოკრატები ყოველთვის მაღალი რეიტინგით მოდიოდნენ და სავარაუდოდ, ახლაც უფრო წინ იქნებიან, ვიდრე სხვა ოპოზიციური პარტიები.
ანუ მენარჯვენეებზე პროგნოზს არ აკეთებთ?
- არ ვიცი მონაცემები. მას მერე, რაც მათ ბოლო ნაბიჯები გადადგეს... ყველა ასეთი ნაბიჯი გავლენას ახდენს რეიტინგზე - ან იქით, ან აქეთ. ქრისტიან-დემოკრატებთან რაიმე ტიპის სიახლეები ბოლო პერიოდში არ ყოფილა და ამიტომ არის, რომ მათზე უფრო თავდაჯერებულად ვლაპარაკობ.
ნათელაშვილის პარტიამაც გადადგა რაღაც „ნაბიჯები“ ამ ბოლო დროს და ბიძინა ივანიშვილის „რისხვა“ ამ პარტიის მიმართაც წამოვიდა...
- მე მგონი, ნათელაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში ივანიშვილის ეს ფრაგმენტი მის რეიტინგზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. თუკი ივანიშვილის რეიტინგი მაღალი იქნება, მაშინ ისინი, რომლებიც ივანიშვილს უჭერენ მხარს, გამოაკლდებიან ნათელაშვილის მომხრეების რიგებს და კრიტიკულები იქნებიან მისადმი, თუკი დაეცემა ივანიშვილის რეიტინგი, მაშინ -პირიქით მოხდება. დაპირისპირებულ მხარეთა რეიტინგები ყოველთვის აიწონა-დაიწონას პრინციპით მოქმედებენ...
თქვენს სქემაში შეიძლება ჩაჯდეს თუ არა ივანიშვილის მომხრე კოალიციის მომავალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლა?
-არ ვიცი. სოციოლოგიური მონაცემების ნახვაა საჭირო. სურვილი რომ ჰქონდეთ, სრულიად გასაგებია, მაგრამ დღეისთვის არის თუ არა შესაბამისი რეალობა, ეს ძალიან მეეჭვება. როგორც ვიცი, რეიტინგები დღეს თანაბარია.
გასაგებია, მაგრამ მომავლისთვის რატომ არ უშვებთ ამის ალბათობას, საზოგადოება ვერ გახდება კონსოლიდირებული არჩევნებზე, თუ გაყალბების მექანიზმი იმუშავებს ისე, როგორც ხელისუფლებისთვისაა საჭირო?
- სოციოლოგიაში გაყალბების მექანიზმი არ მუშაობს ხოლმე და გაყალბების მექანიზმების გარეშე რეიტინგები დღეისთვის თანაბარია, როგორც მე ვიცი. წინ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და თითოეულ მხარეს აქვს ახალი ნაბიჯის გადადგმის შანსი, ანუ ახალ სიმაღლეზე თავისი რეიტინგის ატანის შესაძლებლობა.
საყვარელიძისგან განსხვავებით, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს.
ფაქტობრივად, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თითქმის ზუსტად ვიმეორებთ იგივეს, რაც ხდება რუსეთში, ან - პირიქით, ისინი იმეორებენ. საქართველოში რამდენად არის 4 დეკემბრის რუსული არჩევნების შედეგების განმეორების შანსი, რომ პარლამენტში 49%-ით შევიდეს მმართველი პარტია, ხოლო დანარჩენები კი - პატარა პროცენტებით, მაშინ, როცა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე გაჩნდა სერიოზული სახელი და გვარი - ბიძინა ივანიშვილი?
ხათუნა ლაგაზიძე: „დღეს ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ თუ ივანიშვილმა შესძლო და შეინარჩუნა საზოგადოების იმ ტიპის მხარდაჭერა, რაც მის პოლიტიკაში გამოჩენას მოჰყვა, საქართველოში მივიღებთ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას.
როგორს? საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით ივანიშვილის „ხელდასმული“ პარტიების ერთობა შევა?
- თუ შეინარჩუნა ეს განწყობა, კი. ძალიან დიდია ის დისტანცია, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურ განაცხადს არჩევნებამდე აშორებს. შესაბამისად, დღეს პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ თუ შეინარჩუნებს ივანიშვილი საზოგადოების იმ მხარდაჭერას, რაც მას ჰქონდა ოქტომბერში, რა თქმა უნდა, შედეგები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული რუსეთისაგან.
თუ არა და თქვენი აზრით, რომელი პარტია შეიძლება მოხვდეს პარლამენტში ივანიშვილის გუნდთან ერთად?
- რაღაცა რომ შეიცვლება ქართულ რეალობაში, ეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, იმიტომ, რომ როგორც არ უნდა დაშორდეს ივანიშვილი იმ რეალობას, რომელიც მან შექმნა ოქტომბერში, იმ უარყოფითი მუხტის განეიტრალება, რაც დღეს საზოგადოებაშია, წარმოუდგენელია. ამიტომ ვამბობ, უახლოესი თვეები ბევრ რამეს გამოაჩენს. ბოლო ორი თვე ივანიშვილის გარშემო რა სტაგნაციაც ტრიალებდა, ეს უნდა დაიძლიოს და ამ შემთხვევაში შეძლებს ის იმ შედეგის მიღწევას, რა განაცხადითაც გამოვიდა სტარტზე.
მეორე მხარეა ის აქტივები, რასაც ხელისუფლება აკეთებს, თუმცა აქ კიდე ერთი თემაა, შეიძლება, ვადამდელი არჩევნები მივიღოთ საქართველოში, იმიტომ, რომ ის ტემპი, რა ტემპიც ახლა ხელისუფლებამ აკრიფა, ამით მასაც, ისევე როგორც ივანიშვილს, გაუჭირდება გრძელ დისტანციაზე ბრძოლა. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ ვადამდელი არჩევნების ალბათობას საქართველოში.
დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შანსები თანაბრად არის დამოკიდებული ივანიშვილის შანსებზე. რამდენადაც გაიზრდება ივანიშვილის შანსები, იმდენად შემცირდება ხელისუფლების და მისი სატელიტი ოპოზიციური პარტიების შანსები და - პირიქით.