ვიქტორ დოლიძე: რვა წლის წინ უფრო ნაკლები ტერიტორია გვქონდა დაკარგული

ვიქტორ დოლიძე: რვა წლის წინ უფრო ნაკლები ტერიტორია გვქონდა დაკარგული


„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი ვიქტორ დოლიძე Presage.tv-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურად თავისუფალი პიროვნება არ უბიძგებს საზოგადოებას იმისკენ, რომ მასში მესია დაინახონ. 

მას შემდეგ, რაც თქვენ და ზურაბ აბაშიძე გაგათავისუფლეს საკრებულოში დაკავებული თანამდებობებიდან, ამით რა მოიგეს?

- მართალი გითხრათ, ძალიან კარგად ჰქონდათ გათვლილი, თუ რატომ გვათავისუფლებდნენ. ის, რომ ამით პოლიტიკურად დივიდენდი პირიქით, აქეთ მოგვცეს და სისულელე გააკეთეს, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ, არ გამკვირვებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას მართლაც სხვა მხარე ჰქონდა. მათ დისკომფორტი შეექმნათ, რადგან ნაგვის თემა იყო და არ გაჩერებულა ზურაბ აბაშიძე, ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე კი მე ვაკეთებდი განცხადებებს. ამიტომ, რაც აქამდე განახორციელეს, ახლა ათი იმდენი ძალისხმევა დამჭირდება, რადგან, ბუნებრივია, ის ბერკეტი აღარ მაქვს, მაგრამ ნამდვილად არაფერს დავაკლებ. საკრებულოში დღემდე მოდიან მოქალაქეები. შესაბამისად, ცალკეული სამსახურების ხელმძღვანელებთან მაქვს ურთიერთობა და ვაწუხებ კონკრეტულ პრობლემებზე.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ალბათ, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ პრიორტეტულია, რომ გდევნიან საკრებულოში?! ხომ არ გაუყენებენ თქვენს კვალს თინა ხიდაშელს და სხვებს?

– არა, თინა ხიდაშელს არ ეკავა აქ თანამდებობა, იგი დამოუკიდებელი დეპუტატი გახლდათ, რომლადაც ასევე დარჩა, თუმცა ამან, მე ვფიქრობ, რაღაცები უფრო ცხადიც გახადა საკრებულოში, ადამიანების „გაშიფვრის“ თვალსაზრისით. ეს უფრო ცხადი გახდა, ვიდრე აქამდე იყო.

„ვარდების რევოლუციის“ რვა წლისთავს როგორ შეაფასებთ? 

– ძალიან რთული რვა წელი იყო ინფრასტრუქტურულად, მოწყობის თვალსაზრისით, დენი, ენერგოუსაფრთხოება და კონკრეტული საკითხები. ვინ ვინ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყოველთვის ობიექტურად ვცდილობდით დაგვენახა მოვლენები და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც – რომ არ დაინახო, არ შეიძლება. ამიტომ რაც გაკეთდა, ბუნებრივია, კარგია, მაგრამ მე რვა წლის წინ უფრო ნაკლები ტერიტორია მქონდა დაკარგული, ვიდრე დღეს მაქვს, რვა წლის წინ უფრო მეტი ღირსება მქონდა, ვიდრე დღეს. აქ მარტო ჩემზე არაა საუბარი, არამედ – ქვეყანაზე. უამრავი რამ შეიძლება ითქვას, რვა წლის წინ უფრო მეტი სამართალი იყო ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავით განახლებული დემოკრატია, ვიდრე დღეს. ამიტომ, ძალიან რთულია დღეს ამ ყველაფრის შეფასება. მარტო პიარსა და პომპეზურობაზეა გადატანილი ის, რაც გააკეთა ხელისუფლებამ, ეს ამას არ უნდა ეფუძნებოდეს. რვა წლის წინ პენსიონერმა იცოდა, თუ რამდენი ექნებოდა პენსია ორი წლის მერე. იქ სისტემურად უფრო აწყობილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის სისტემაც გასამართი იყო, ინსტიტუციები უფრო მოქმედებდა, ვიდრე დღეს, რატომ? რადგან ამ კაცმა, სააკაშვილმა, მოახდინა ხელისუფლების ერთპიროვნული უზურპირება. მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალიზებული გახადა მთელი მმართველობა. აქედან გამომდინარე, სისტემები ირღვევა. დღეს განათლების ან ჯანდაცვის მინისტრი ვინ იქნება, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს. 

მაგრამ რეალურად რომ შევაფასოთ, ასეთი სისტემის აწყობაში, რაც სააკაშვილმა ჩამოაყალიბა, ხელი შეუწყო თუ არა ასევე საზოგადოებამ და უსუსურმა ოპოზიციამაც, რომელიც მაინცდამაინც წინააღმდეგობას ვერ უწევდა? გირგვლიანის დაღუპვაც გვახსოვს, როცა თუნდაც შვილმკვდარმა დედებმაც არ ისურვეს მასობრივად დაფიქსირებულიყვნენ და თანადგომა გამოეცხადებინათ გირგვლიანის ოჯახისთვის.

 – მოდით, პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. მიშა სააკაშვილი არის საზოგადოების ერთგვარი დაღი. სწორედ ამ რვა წლის წინ და უფრო ადრე რაც ხდებოდა, ის პრობლემები, რომელიც 20 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც კომბლებით ხელში დავიწყეთ პირველი პრეზიდენტის განდევნა. მაშინ სწორად რომ მოვქცეულიყავით და პოლიტიკურ ჭრილში გაგვეყვანა ის პროცესი (მიუხედავად მისი შეცდომებისა თუ არშეცდომებისა), ბევრად უფრო განვითარდებოდა ეს ქვეყანა. იმავე შევარდნაძის წასვლა, ცოტა სხვა მეთოდით რომ მომხდარიყო, უფრო დემოკრატიული იქნებოდა. ჩემთვის რევოლუცია სულ ერთია, ვარდის არის, თუ რისი არის. 

საზოგადოებაში უკვე გაჩნდა ეჭვები, იყო კი ეს რევოლუცია, თუ უბრალოდ – ხელისუფლების გადაბარება? იმთავითვე არსებობდა ეჭვები, მაგრამ ახლა რვა წლის თავზე უფრო გამძაფრდა. 

– იცით, ამაზე რაღაც კონკრეტული მოსაზრება რომ გითხრათ, მაშინ უშუალოდ ამ მოვლენების მონაწილე უნდა ვყოფილიყავი. თუმცა, იმ ღირებულებებით, რომლითაც მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, ჩემთვის იმ პერიოდში აბსოლუტურად გამართლებული იყო. იგი გვპირდებოდა პიროვნების თავისუფლებას, რეალური დემოკრატიის შექმნას, კანონის უზენაესობას, ინსტიტუციების განვითარებას, სისტემურად ქვეყნის აწყობას, მაგრამ ამ ღირებულებებს გადაუხვია. და ძალიან სწრაფად გადაუხვია, ამით დაიწყო ჩვენი ქვეყნის უკანსვლა. გახსოვთ ალბათ, 2004-2005 თუ 2006 წელი ურთულესი იყო, მაგრამ იმავე დიპლომატიურ ფრონტზე საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ მერე მოხდა 7 ნოემბერი, 8 აგვისტო, რასაც წინ უსწრებდა მისი უგუნური და გაუაზრებელი პოლიტიკა, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩავებით რუსეთის მიერ ინსპირებულ სამხედრო აგრესიაში. სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ვერ აგვარიდა ამას. არადა, როცა ხელისუფალი ხარ, ასეთი საფრთხე ქვეყანას უნდა აარიდო.

ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ როგორ უნდა აიცილოს საზოგადოებამ ამა თუ იმ პიროვნების გაიდეალიზება?

– მე ვფიქრობ, საზოგადოება მასში არ ხედავს მესიას, გამომდინარე თავად მისი პოზიციებიდან, გამომდინარე მისი აბსოლუტურად თავისუფალი პიროვნებიდან. საზოგადოება საკმაოდ ბრძენია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ხალხმა, ამდენი შეცდომა დავუშვით, ქართული საზოგადოება იმისთვის მომწიფდა, რომ მესია ქვეყანას არ სჭირდება. ქვეყანას სჭირდება რეალური დემოკრატია, რეალური ხელისუფლების გადანაწილება შტოებს შორის, რომელიც გულისხმობს ძლიერი პარლამენტის არსებობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა, მაგრამ ძლიერი პარლამენტით და აბსოლუტურად დამოუკიდებელი სასამართლოთი. ამას თუ მივაღწევთ, შეიძლება ერთ ან ორ დღეში ვერ გავაკეთოთ, მაგრამ აბსოლუტურად მიღწევადია, თუკი პოლიტიკური ნება იქნება. ამასთან, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე ქართულ-ამერიკული ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ნატოსთან ჩვენი კომისიის მუშაობის გრაფიკი და დღის წესრიგი, იმავე ევროგაერთიანებებთან და ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის გეგმა, – რამდენი ხელშემწყობი ფაქტორია. გამოიყენე, შენ თუ გაქვს ამის პოლიტიკური ნება. დღეს არაერთხელ გაგვივლია ბატონ ბიძინასთან ეს საკითხები, სწორედ ამიტომ იდეოლოგიურად ვეთანხმებით ერთმანეთს, და საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები რომ ემთხვევა ერთმანეთს, იმიტომაც ვართ ჩვენ პარტნიორები. 

ექსპერტებმა გამოთქვეს ასეთი აზრი, რომ შესაძლოა, ალასანიას ამზადებენ პრეზიდენტად, პრემიერად იქნება ივანიშვილი, თქვენ ასეთ კლასიფიკაციას როგორ შეაფასებთ?

– დღეს არანაირ კლასიფიკაციაზე საუბარი არ შემიძლია, ჩვენ ვართ ის პარტნიორული ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან უკვე მჭიდრო პარტნიორობაში გადავედით და კიდევ უფრო მჭიდრო გახდება ახლო მომავალში, ამაზე ძალიან ადრეა საუბარი. მთავარია, არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, ამას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება გადაწყვეტს და მერე ის ძალა, რომელიც მოვა.

ახლახანს ნინო ბურჯანაძე თითქოს, გაემიჯნა ქუჩის აქციებს – ჩვენი მიზანი არასდროს არ ყოფილა ქუჩის აქციებიო. ხომ არ ფიქრობთ, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა იგი არ დაასახელა თავის უშუალო პარტნიორად, ისე, როგორც „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“, ეს ხომ არ არის მცდელობა, ივანიშვილის ორბიტაზე ადგილი მოიპოვოს?

– დღეს ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვითანამშრომლებთ ყველა იმ ძალასთან და კარები ღიაა, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენს პრინციპებსა და მიზნებს. ქალბატონ ნინოსთან მიმართებაშიც, ალბათ, იმავე თანამშრომლობაზეა საუბარი, მაგრამ პარტნიორობაზე საუბარი, მინდა გითხრათ, ნინო ბურჯანაძესთან არ არის.

ეს იმიტომ ხომ არა, რომ ივანიშვილი მის გამო პრორუსულობის დაწამებას მოერიდა?

– არა, აქ სხვა ფაქტორებია. იგივე ის პრინციპი, 26 მაისთან დაკავშირებით ან უფრო წინა პერიოდში, ქუჩის აქციები. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდსა და რეალობას ხომ ვერ გავექცევით? მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ქალბატონი ნინოც ფიქრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლა. 
სამოქმედო ჯგუფი ჩამოყალიბდა ივანიშვილთან დაკავშირებით?

– ციფრებს ვერ დაგიზუსტებთ, რადგან პირველი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. ყველა საკითხთან მიმართებით შედგება მჭიდრო თანამშრომლობა. ყველაზე მთავარია, რომ სამივე პოლიტიკური ძალა ერთად დასხდება და ყველა თემატურ საკითხთან დაკავშირებით თავისი წარმომადგენელი ეყოლება. ესაა მჭიდრო თანამშრომლობა. თქვენ იცით, „თავისუფალ დემოკრატებს“ ძირითადი პროგრამული ვარიანტები უკვე შემუშავებული გვაქვს – პოლიციის რეფორმა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, განათლება, ამიტომ ბევრი რაღაცისთვის ვართ მზად, რომ მივიდეთ და გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები. დარწმუნებული ვარ, ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს, რადგან მადლობა ღმერთს, კომპეტენტური და პროფესიონალი ხალხი მუშაობს იქ.

„ქართულ ოცნებაში“ ვინ გაერთიანდება?

– მინდა დიდი იმედი მქონდეს და მაქვს კიდეც იმედი, რადგან იქ ისეთი საზოგადოება იკრიბება, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება. მათ შორის, ცნობილი ადამიანებიც იქნებიან, ბუნებრივია. ჯერჯერობით, ეს უცნობია. აქცენტი თავიდან ბოლომდე საზოგადოებაზე გაკეთდება და არა პოლიტიკოსებზე.

ძველი პოლიტიკოსებიც არ იქნებიან?

– დიახ, შეიძლება ჩვენი სლოგანიც იგივე იყოს, როდესაც პოლიტიკურ ბლოკში შევალთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ იქნება წმინდა საზოგადოებრივი მოძრაობა. გახსოვთ ალბათ, ირაკლი ალასანიამ კარგა ხნის წინ დააფიქსირა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ საზოგადოებასთან თანამონაწილეობით ვაპირებთ ამის გაკეთებას. რომ ჩემი ყველაზე დიდი პარტნიორი, – ქართველი ხალხი და საზოგადოება იქნება. მას მერე ალასანია სოფლიდან არ ჩამოსულა, 200-მდე სოფელი აქვს უკვე მოვლილი. ეს შემთხვევით არ ხდება. ამიტომაც პირველი პარტნიორი იქნება ჩვენი საზოგადოება და სწორედ ამიტომაც გადაწყდა „ქართული ოცნების“ დაარსება.