ხელისუფლება „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის პროექტის საპარლამენტო განხილვას იწყებს. ამის მიზეზად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილი ვენეციის კომისიის მიერ დასკვნის სამუშაო ვარიანტის გამოქვეყნებას ასახელებს.
ვენეციის კომისიის სხდომა 16-17 დეკემბერს უნდა გაიმართოს და ამ სხდომაზე იქნება მიღებული დასკვნა საქართველოს „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით და არსებობდა ხელისუფლების პირობა, რომ პროექტის განხილვა ამ დასკვნის გარეშე არ დაიწყებოდა, რათა მაქსიმალურად მოხდეს აქ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინება. ამასთან, ეს შეთანხმება არსებობს იმ პარტიებთანაც, რომლებმაც ზაფხულში ხელი მოაწერეს საარჩევნო შეთანხმებას. ასე რომ, ვენეციის კომისიის დასკვნის მიღება, და არა სამუშაო ვარიანტის გამოქვეყნება, იყო ერთ-ერთი პირობა, რაც ხელისუფლებას უნდა დაეცვა.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ ამ შეთანხმების არც ერთი პირობა არ დაიცვა, დაწყებული იმით, რომ შეთანხმებულ პროექტში კიდევ ბევრი ისეთი საკითხი ჩაიწერა, რაც ოპოზიციას არც კი სმენოდა და დამთავრებული ცოტა ხნის წინ, ასევე საიდუმლოდ, პარტიების დაფინანსების წესის შეცვლის გადაწყვეტილების მიღება, გასაკვირი არც ის იქნება, რომ ხელისუფლებამ არც ვენეციის კომისიისთვის მიცემული ეს პირობა შეასრულოს. მით უმეტეს, რომ ანალოგიური პირობა შარშან, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისასაც არსებობდა და ხელისუფლებამ ეს პირობაც უპრობლემოდ დაარღვია.
ამ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანი უკვე ის არის, ხელისუფლება რატომ ჩქარობს და რას წყვეტს ორი კვირა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ოფიციალურად მიღებამდე ვერ იცდის?
კუბლაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, ძირითადად, დადებითად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ „ზოგადად ასეთი სახის კანონმდებლობა იძლევა არჩევნების გამჭვირვალედ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობას“.
კუბლაშვილის განმარტებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის მიხედვით, დადებითად არის შეფასებული ისეთი საკითხები როგორიცაა საარჩევნო ადმინსიტრაციის დაკომპლექტების, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, მედიასთან ხელმისაწვდომობა, დამკვირვებლის უფლებები, წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება, ამომრჩეველთა სიების გადამოწმების კუთხით მიღებული გადაწყვეტილება და ა.შ.
გარდა ამისა, კუბლაშვილის თქმით, ორშაბათისთვის ასევე გამოქვეყნდება დასკვნის სამუშაო ვარიანტი იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ვენეციის კომისიას მოგვიანებით გაეგზავნა და ასახულია პარტიების დაფინანსების წესის შეცვლა.
თუმცა, მისივე თქმით, „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის ნაწილშიც არის საუბარი პარტიების დაფინანსებაზე საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კუთხით და, მისივე თქმით, პარტიების იურიდიული პირების მიერ დაფინანსების აკრძალვაზე, ვენეციის კომისიის პროექტში ეს ნორმა დადებითად არის შეფასებული და მოწონებულია.
„ვენეციის კომისიას მიაჩნია, იმის გამო, რომ საქართველოში იურიდიული პირების დაფუძნება არის ძალიან მარტივი, მათთვის პარტიების დაფინანსების უფლების მინიჭება შეიძლება იყოს გარკვეულწილად მანიპულაციების საშუალება“, - ამბობს კუბლაშვილი.
ვენეციის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დასკვნის სამუშაო ვარიანტში კი, რომელიც 31 გვერდიანია, დეტალურად არის განხილული საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები. განსაკუთრებული აქცენტი იმ ნორმებზეა გაკეთებული, რომლებიც შესწორებას საჭიროებენ.
ეს ნორმებია: ქვეყანაში ცხოვრების ზედმეტად ხანგრძლივი ვადის მოთხოვნის გამო არჩევნებში მონაწილეობისა და კენჭისყრის შეზღუდვა, საარჩევნო ოლქების იმ სახით ფორმირება, რომლითაც თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპი ირღვევა; ისეთი პირობების არარსებობა, რომლებიც დამოუკიდებელ კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევენ, კენჭი იყარონ; მექანიზმების უკმარისობა, რომლებიც ქალებს არჩევნებში მონაწილეობას გაუადვილებს; პოლიტიკური პარტიების და კამპანიების დაფინანსების არასაკმარისი რეგულირება; საარჩევნო საჩივრების გადაჭრის არასაკმარისობა.
დასკვნის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დამკვირვებელთა შეფასებით, ზოგი დებულება, მათ შორის სახელისუფლებო კანდიდატების მიერ ადმინისტრაციული რესურსის რეგულაციის შესახებ, არასაკმარისად არის განხორციელებული.
კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის სხვაობასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისგან განსხვავებული პოზიცია დღემდე შენარჩუნებულია. მისი თქმით, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველა ოლქს უნდა ჰქონდეს თავისი მაჟორიტარის არჩევის საშუალება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ყოფნისას ვენეციის კომისიის დელეგაციამ მიუღებლად მიიჩნია გუბერნატორებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მინიჭება. მაშინ ისიც კი ითქვა, რომ
იმედს გამოვთქვამთ, საქართველოს ხელისუფლება გუბერნატორებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობას არ მისცემსო, მაგრამ, როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ხელისუფლება ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს.
კუბლაშვილმა განცხადა, რომ გუბერნატორები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ.
რაც შეეხება ყველაზე სადაო საკითხს - იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვას, მაშინ ვენეციის კომისიის დელეგაციამ აღნიშნა, რომ ამ იდეის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, ახლა მათ ეს კანონპროექტი უკვე გაგზავნილი აქვთ და კუბლაშვილი აცხადებს, რომ „საერთო ჯამში ისინი იუსტიციის სამინისტროს ფორმულირებას იზიარებენ“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საკითხი ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ ორი პროექტის მიხედვით სხვადასხვაგვარად რეგულირდება. „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის მიხედვით, რომელიც ვენეციის კომისიას ჯერ კიდევ აგვისტოში გადაეგზავნა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის პარტიისთვის შესაწირი თანხის ლიმიტი ორმაგდება და ფიზიკური პირებისთვის ხდება 60 000 ლარი, იურიდიული პირებისთვის კი – 200 000 ლარი. „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონში ცვლილების პროქტის მიხედვით კი, რომელიც ვენეციის კომისიას ნოემბრის ბოლოს გაეგზავნა, იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსების საშუალება საერთოდ ეკრძალებათ.
კუბლაშვილი კი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის პოზიციით, არ შეიძლება სხვადასხვა ლიმიტი არსებობდეს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში იურიდიული პირის შექმნა ძალიან მარტივად ხდება, ამით, შესაძლოაა, ეს პროცესი მაინც უკონტროლო აღმოჩნდესო. „საბოლოოდ კი მიდიან იქამდე, რომ იზიარებენ იუსტიციის სამინისტროს ფორმულირებას“, - ამბობს კუბლაშვილი.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური სპექტრი იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვას კატეგორიულად არ ეთანხმება.
თუკი იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების მთავარ მიზანს ივანიშვილისთვის პოლიტიკაში ყოფნისთვის მაქსიმალური ხელისშეშლაა, შესაძლოა, მათი ასეთი სიჩქარე ამ საკითხსაც უკავშირდებოდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანი უკვე თავად კანონპროექტის განხილვის ეტაპი იქნება, რადგან არც ის არის გამორიცხული, რომ მოსმენებს შორის ბევრი ისეთი საკითხის გაპარება მოხდეს, რაც აქამდე არც კი უხსენებიათ. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას ამის გამოცდილებაც გააჩნია.