ეროსი კიწმარიშვილის ორი მსხვერპლი - „რეზონანსი“ და მაესტრო“, ანუ როგორ მეორდება ისტორია

ეროსი კიწმარიშვილის ორი მსხვერპლი - „რეზონანსი“ და მაესტრო“, ანუ როგორ მეორდება ისტორია

როდესაც ეროსი კიწმარშვილთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედი, საუბარი ასე დავიწყე: „მაესტროს“ დღევანდელი სიტუაცია ძალიან მაგონებს „რეზონანსის“ ისტორიას“... „რას?“, - ჩაფიქრდა კიწმარიშვილი და უცებ გაეცინა: „ხო, ეგ სულ დამავიწყდა, დღეს ბევრს რომ ლაპარაკობენ ეგენი...“.

„მაესტროს“ დამფუძნებლებს შორის ატეხილი დავა ძალიან ჰგავს თავის დროზე გაზეთ „რეზონანსის“ დამფუძნებლებს შორის გამართულ ორთაბრძოლას. მაშინ კიწმარიშვილისა და მისი კულუარული მხარდამჭერების არც ისე ფარული მცდელობა პოპულარული გაზეთის დასაკუთრებისთვის, ამ მედიასაშუალების ჟურნალისტების ჯერ გახლეჩვის, შემდეგ კი - გაზეთის ფურცლებიდან მათი სახელებისა და გვარების საერთოდ გაქრობის წინაპირობა გახდა.

„რეზონანსის“ ამბავი თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის გამო დაიწყო და ბიძინა ივანიშვილამდე მივიდა... ამ „რეზონანსული“ ისტორიის შემოქმედად რადიო 105-ის დირექტორი თეა ნადირაძე ეროსი კიწმარშვილს, შალვა რამიშვილს, დავით ბერძენიშვილს, რევაზ შავიშვილსა და ჟვანია-სააკაშვილს (თავისი გუნედებითურთ) ასახელებს... შეგახსენებთ, რომ რადიო 105 მაშინ „რეზონანსის“ მედიაჰოლდინგში შედიოდა.

რადიო 105 დირექტორი, თეა ნადირაძე ე.წ. ვარდების რევოლუციის „მამების“ 2000-2001წელს ჩადენილი მედიათავდასხმას იხსენებს. დარწმუნებული ვარ, „მაესტროს“ სკანდალთან პარალელების გავლება არ გაგიჭირდებათ.

როგორ დაიწყო კონფლიქტი გამომცემლებს შორის „რეზონანსში“, ათი წლის წინათ?

თეა ნადირაძე: „ეს იყო ის პერიოდი, როცა პატარკაციშვილი ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ რუსეთში ძებნაში იყო და თავი სამშობლოს შეაფარა. ოლიგარქი ქართული მედიასაშუალებების შეძენით იყო დაინტერესებული, ალბათ, იმიტომაც, რომ საქართველოში ცხოვრებისას გარკვეული გარანტიები ჰქონოდა... მასსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც პატარკაციშვილს ეროსი სთავაზობდა გაერთიანებულ მედიაჰოლდინგს, რომელშიც შედიოდა - ერთი ტელევიზია (მოგეხსენებათ, რომ ბატონი ეროსი მაშინ „რუსთავი 2“-ის მფლობელი იყო), ორი რადიოსიხშირე, ერთი, იმ დროისათვის ყველაზე რეიტინგული ყოველდღიური გაზეთი და ახალი სტამბა. რა თქმა უნდა, დიდი თანხების სანაცვლოდ. საინტერესო ისაა, რომ პატარკაციშვილს ეროსი მის მფლობელობაში არარსებულ  მედიასაშუალებების შეძენას სთავაზობდა.

დააკონკრეტეთ, ანუ  რადიო 105-ს  და გაზეთ „რეზონანსს“ თავისი სტამბით...

-101.4 სიხშირე, ასევე -105.0  ყოველდღიური გაზეთი „რეზონანსი“ და „რეზონანსთან“ არსებული სტამბა. მთავარი აქ ისაა, რომ ვიდრე „რეზონანსისა“ და ამ მედიასაშუალებების მეპატრონეებსსაქმის კურსში  ჩააყენებდა, კიწმარიშვილმა მანამდე შესთავაზა ისინი ბატონ ბადრის. უფრო მეტიც - უკვე თანხებზეც კი შეთანხმდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ  დაიწყეს ამ მედიასაშუალებებთან მოლაპარაკებები, რაზეც, ბუნებრივია, პარტნიორებს შორის დაძაბულობა დაიწყო და გადაიზარდა ძალიან დიდ დაპირისპირებაში.

უნდა ჩაგეკითხოთ: საუბარია ზურაბ მაჭარაძეზე, რომელიც ამაჟამადაც „რეზონანსის“ მეპატრონეა და ასევე „რეზონანსის“ უკვე ყოფილ დამფუძნებელზე,  მალხაზ რამიშვილზე? ძირითადი დავა მაშინ სწორედ მათ შორის მიდიოდა...

- დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. საუბარია, ამ მედიასაშუალებების (რადიოსა და გაზეთის) რამდენიმე დამფუძნებელზე. იქ მარტო ზურა და მალხაზი არ იყვნენ მეპატრონეები. მალხაზი და ზურა კი იყვნენ გაზეთში, მაგრამ რადიოში სხვებიც იყვნენ. ასე რომ, დაკონკრეტება არ ღირს, მაშინ ყველა უნდა ჩამოთვალო.

ყველა დამფუძნებელთან შეთანხმების გარეშე „რეზონანსის“ გასხვისების პროცესში, რა თქმა უნდა, ეროსის მხრიდან დომინანტი იყო ფულის ინტერესი, თუმცა, ამავე დროს მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური ინტერესიც...

ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე „რესპუბლიკელებიც“. პირდაპირ ხელს ვადებ ლევან ბერძენიშვილსა და რევაზ შავიშვილს, რომლებიც იმ პროცესების უშუალო მონაწილეები არიან. რა თქმა უნდა, „რეზონანსის“ დასაკუთრების პროცესი პირდაპირ შედიოდა იმდროინდელი ოპოზიციის ლიდერების, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში. ეს იმ პერიოდში ხდება, როცა ე.წ. „ვარდების რევოლუციისთვის“ იწყება მზადება“.

რადიო 105-ის დირექტორი თავს იკავებს გამომცემლებს შორის მომხდარი უთანხმოების ზუსტი მიზეზების დაკონკრეტებისგან და აცხადებს: „ეს ყველაფერი შემდეგ გადაიზარდა სასამართლო პროცესებში,  ძალიან ბევრ ტყუილში... იქ ბევრი ნიუანსი იყო და ყველაფერს ვერ ჩამოვყვები. დაპირისპირება, დაახლოებით, თუ არ ვცდები, წელიწადნახევარი გაგრძელდა.

თუმცა, ვინც მაშინ „რეზონანსში“ მუშაობდა, ყველას კარგად ახსოვს, მაგიდებისა და სანაგვე ყუთების ფრიალი დერეფნებსა და კაბინეტებში, როცა რამიშვილისა და მაჭარაძის მომხრეების ჩხუბი ატყდებოდა ხოლმე. ისიც ძალიან კარგად ახსოვს ყველას, ერთი მეპატრონე რამიშვილი როგორ ცდილობდა სხვა მეპატრონეების „მშრალზე დატოვებას“ და პატარკაციშვილისთვის მთელი ჰოლდინგის მიყიდვას, თითქოს, ამ ჰოლდინგს სხვა თანადამფუძნებლები არც ჰყოლია.

მე პირადად, ძალიან კარგად მახსოვს ისიც, თუ როგორ გამოჰქონდა შევარდნაძის სასამართლოს ხან ერთი მხარის, ხან მეორეს გამამართლებელი განაჩენი. თუმცა, ეს დავა დღეს რომ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, მაჭარაძის მხარე სამართალს უბრალოდ ვერ იპოვნიდა და რამიშვილის მომხრეები მას თავის კუთვნილს წილს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დაათმობინებდნენ. ამის მცდელობა იყო ზუსტად მაშინ და უფრო მეტიც - კიწმარიშვილ-რამიშვილს მესაკუთრისთვის მხოლოდ ხელფასის დანიშვნა ჰქონდათ განზრახული. როგორც „მაესტროს“ შემთხვევაში, მოტივი მაშინაც ასეთი იყო - მაჭარაძემ ვალები დააგროვაო, თითქოს სხვა მესაკუთრეები მანამდე ხარჯებსა და მოგებას არ აკონტროლებდნენ.  განსხვავება ამ ორ ისტორიას შორის ისაა, რომ ზურაბ მაჭარაძე მესაკუთრე იყო, კიწმარიშვილი კი მხოლოდ „მაესტროს“ მართვის კომპანიის დამფუძნებელია, თუმცა, თავისი უფლებები მას ხელშეკრულებით აქვს გარანტირებული.

„რეზონანსის“ დამფუძნებლებს შორის განხეთქილებამ იმოქმედა ჟურნალისტებზეც, დიჯეებზეც (შონზო, დრუპი, გოგა ხაჩიძე და ბევრი სხვა დღეს უკვე „განაციონალებული“ სახე), ტექნიკურ პერსონალზეც, პრესის გამავრცელებლებსა და დარაჯებზეც კი. სერიოზულად შეფერხდა სამუშაო პროცესი. „რევოლუციის მომხრეები“ „რევოლუციური დითირამბების“ წერას (სტატიების სახით - რ.მ) თავგამოდებით „ითხოვდნენ“. ვინც წერდა - წერდა, ვინც - არა, ის დაპირისპირების ორმოტრიალში ხვდებოდა.

მალე „რეზონანსიდან“ კადრების გადინება დაიწყო... ცნობილი სახელები და გვარები გაქრა გაზეთის ფურცლებიდან. მოკლედ, იყო სერიოზული ქაოსი და ამ ქაოსის შემხედვარისთვის ნათელი იყო, რომ არც სააკაშვილი და არც ჟვანია, თავიანთი მხარდამჭერებითურთ, დემოკრატიულ სიკეთეებს მოწინააღმდეგებისთვის არ გაიმეტებდნენ. მოკლედ, სახეზე იყო „ნაციონალური“ სულისკვეთება - თუ ხარ ჩემთან, კარგი ხარ და „კარგადაც“ იქნები, თუ არადა... ერთი სიტყვით, „რეზონანსის“ ხელში ჩაგდებისთვის ატეხილ ომში მმართველობისთვის გამზადებული „რევოლუციონერების“ ქონების „დაწერის“ სტილი, თავისი უხეში ფორმებითურთ, სააშკაროზე ასე ღიად მაშინ გამოვიდა...

დღეს ეროსი კიწმარშვილი სწორედ თავად აღმოჩნდა დაახლოებით ისეთ სიტუაციაში, როგორშიც მაშინ „რეზონანსის“ მეპატრონე ზურაბ მაჭარაძე იყო... მის წინააღმდეგ კი კომენტარებს დღეს მაშინდელი თანამებრძოლი შალვა რამიშვილი და ბევრი კიდევ სხვა, გულზე ხელის ბრაგუნით აკეთებს - „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში, თითქოს მაშინ თავისუფალი მედიის ხელყოფას არ ახდენდა კიწმარიშვილი, ახლა კი...

საინტერესო განცხადება გააკეთა გუშინ „რეზონანსული“ ისტორიის ერთ-ერთმა შემოქმედმა, რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა : „ეროსი კიწმარიშვილი საერთოდ გაკოტრებულია“... მაშინ ეროსი კიწმარშვილი გაკოტრებული არ იყო, უბრალოდ, დღეს ავანსცენაზე სხვა ზემაღალი წონის მოთამაშე შემოვიდა და კიწმარიშვილის „გადაგდების“ შანსი გაჩნდა. არადა, ფაქტია, ცოტა ძნელი ამბავია, კიწმარიშვილს მისივე მეთოდებით ებრძოლო, თანაც მაშინ, თუ „ნაციონალური“ „დაბროს“ ნიშნები აშკარად იკვეთება...

დღეს უკვე ღიად საუბრობენ, რომ თუ „მაესტროში“ კიდევ დიდხანს გარძელდება არეულობა, მაშინ სააკაშვილი ძალიან მალე აიხდენს ამ არხის დახურვის ოცნებას... ეს ვარაუდი სულაც არ არის მოკლებული რეალობას, რადგან შეიძლება ტელეკომპანია საერთოდ არ გაქრეს ეთერიდან, მაგრამ ის აუცილებლად დაზარალდება „ნაციონალების“ სასარგებლოდ. აი, რა შედეგი მოჰყვა „რეზონანსის“ დამფუძნებლებს შორის ატეხილ დავას.

რადიო 105-ის დირექტორი თეა ნადირაძე: „ამ დაპირისპირების შედეგად, ფაქტობრივად, დაიკარგა რადიო „რეზონანსი“, ანუ 101. 4. დამფუძნებლებს შორის ქონების გაყოფის შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე დაიხურა რადიო 105. „რეზონანსს“ დარჩა უამრავი ვალი. გარკვეული ქონება, შენობებისა და აქტივების სახით რამიშვილის მხარემ წაიღო. ფუნქციონირება შეწყვიტა ჰოლდინგში შემავალმა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელსაც ლიცენზია ჰქონდა ტელესიხშირეზე და ახალი ტელევიზია უნდა გასულიყო ეთერში. ეს სიხშირეც დაიკარგა...

ქონება ძირითადად ორ დამფუძნებელს შორის გაანწილდა. გაზეთი „რეზონანსი“ დარჩა ერთი დამფუძნებლის ხელში,  ყველა სხვა აქტივი კი - მალხაზ რამიშვილის მხარეს. თუმცა, მინდა, ვთქვა, რომ მარტო რამიშვილი არ ფიგურირებდა ამ საქმეში, კიდევ ძალიან ბევრი მონაწილეობდა პროცესში, მათ შორის იყო შალვა რამიშვილიც. ის მაშინ ეროსი კიწმარიშვილის გვერდით იდგა და დღეს რაც ხდება „მაესტროში“, შალვას ეს ნამდვილად არ უნდა უკვირდეს...

მახსოვს, ლაშა ტუღუშიც მალხაზ რამიშვილის მხარეს იბრძოდა იმ პერიოდში...

- იცით რა... ჩემი მხრიდან არაკორექტულია ამაზე საუბარი და თავს შევიკავებ, თუმცა, ბევრი ისეთი ჟურნალისტის ჩამოთვლა შემიძლია, ვინც  მაშინ ყველანაირად უწყობდა ხელს ამ დაპირისპირებას და ასე ვთქვათ, ეროსისა და მალხაზის პოზიციების გამაგრებას ცდილობდა. თუმცა, აქვე მინდა, ავღნიშნო - დაპირისპირება რომ დაიწყო, კიწმარიშვილი ამ დაძაბულ პროცესს ძალიან მალე გამოეთიშა. მერე სულ სხვა ძალებმა გააგრძელეს იგივე, რაც მან დაიწყო... ვინ და „რესპუბლიკელებმა“ და იმ ადამიანებმა, რომლებიც იმდროინდელი მთავრობის ოპოზიციაში იყვნენ. ამ ადამიანების გვერდით კი, იდგა თავისუფალი და ობიექტური ჟურნალისტის სახელით დღეს მოქმედი ბევრი თქვენი კოლეგა. უბრალოდ, ჩემგან არ იქნება კორექტული, რომ გვარ-სახელები ჩამოვთვალო.

როგორც ჩემთვის ცნობილია, „რეზონანსის“ დავა მაშინ ბიძინა ივანიშვილამდეც მივიდა, თუმცა, მაშინ, როგორც მახსოვს, „რეზონანსის“ გაძლიერებისათვის ივანიშვილს  არაფერი გაუკეთებია...

- დიახ, ნამდვილად იყო შეთავაზება ბატონ ბიძინასთან. მოხდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაც და შედგა საქმიანი საუბარი. ეს გახლდათ, „ქართუ ჯგუფის“, თუ არ ვცდები, დირექტორი ელდარ გოგოლაძე. პირადად მე შევხვდი და ვესაუბრე, დაახლოებით ორჯერ თუ სამჯერ, თუმცა, შეხვედრა არ იყო ნაყოფიერი და ასე ვთქვათ, მათი მხრიდან არაკორექტული შემოთავაზებები გაკეთდა „რეზონანსის“ წილის შესყიდვის თაობაზე.

მე ვერ გეტყვით, რადგან ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ამის შესახებ ბატონი ბიძინა საქმის კურსში არც იყო და ეს საკითხი მხოლოდ „ ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელების დონეზე გადაწყდა...

ისევ ივანიშვილის გარემოცვის პრობლემასთან მივდივართ...

- მე არ ვიცი, სადამდე მივიდა ეს პროცესი. შეიძლება, მარტო ბატონი ელდარის დონეზე გადაწყდა ყველაფერი და ამის იქით ინფორმაცია არ გასულა...

თუმცა, წლები გადის და ვიგებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა რევოლუციურ ფრთას საქართველოში, არ გიჩნდებათ ეჭვი იმის თაობაზე, რომ თავის დროზე ამ რევოლუციურმა ფრთამ შეუშალა ხელი „რეზონანის“ გაძლიერებას და მოლაპარაკების ჩაგდებაშიც მათი ხელი ურევია?

- იცით რა... რთული კითხვაა, რადგან მე არ ვიცი, ზუსტად რა ხდებოდა მოლაპარაკების მიღმა. ჩემი აზრით, მთავარი ისაა, რომ „რეზონანსმა“ თავისუფლება დაიბრუნა, რომელიც დღემდე შეინარჩუნა.

თუმცა, საბოლოო ჯამში, გამომცემლებს შორის ატეხილმა ომმა, რომელიც დიდ პოლიტიკას უკავშირდებოდა,  „შეიწირა“ ჟურნალისტური კორპუსი... არადა ისინი თავად „რეზონანსმა“ გაზარდა...

- ამ დამფუძნებლების დაპირისპირების დროს, ძალიან დიდი ძალისხმევის, მატერიალური რესურსისა და ადამიანური ენერგიის მობილიზების შედეგად, ასევე მხოლოდ მეგობრების დახმარებით, ჩემმა ოჯახმა შეძლო, შეენარჩუნებინა თავისუფალი დამოუკიდებელი გაზეთი. არდა, რაც მოხდა, იმის გამო მძიმე პირობებში აღმოვჩნდით: არ გვქონდა სახსრები, რომ განვითარებაზე გვეზრუნა, გადაგვეხადა ხელფასები და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა შეგვხვდა. თუმცა, ყველაფერი ეს გადავლახეთ და დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გაზეთი „რეზონანსი“ თავისუფალი მედიასაშუალებაა. ყოველ შემთხვევაში, დამფუძნებლის მხრიდან ჟურნალისტები ცენზურას არ განიცდიან და თავისუფალები არიან“.

ასეთია „რეზონანსის“ „ნაციონალური“ ისტორია და რას ვერჩით პარალმენტის პირველ ვიცე-სპიკერს, მიხეილ მაჭავარიანს, როცა აცხადებს, რომ ქართულ მედიაში „მაესტროს“ მსგავსი ინციდენტი არც პირველია და არც უკანასკნელი... აი, სიტყვა „უკანასკნელი“ კი ნამდვილად არის შესაშფოთებელი, რადგან ამ ქვეყანაში მედიის მიმართ მიდგომა „ზემოდანაც“ და „ქვემოდანაც“ თუ არ შეიცვალა, ცოტა ხანში, ალბათ, ჟურნალისტები კი არა, ჟურნალისტის პროფესია ამოწურავს თავს ამ ქვეყანაში, რადგან მოვალეობის განხორციელების საშუალება ამ პროფესიის წარმომადგენლებს უბრალოდ აღარ გვექნება...

ზედაპირზე დარჩებიან ისევ ე.წ. მედია-ექსპერტები, რომლებიც ყველა „საჭირო“ შეხვედრაში ჩაყოფენ ცხვირს, ყველა „საჭირო“ პირს პირველები „მიუახლოვდებიან“ და საკუთარი „რევოლუციური წარსული“ არც კი გაახსენდებათ, (დიტო გელოვანის თქმისა არ იყოს) „დაყენებული სახეებით“ ისე დაარიგებენ ჭკუას საზოგადოებას... მათ ქმედებებს კი აუცილებლად გააშუქებენ მედიასაშუალებები, რომლებიც დროისა და საჭიროების მიხედვით ხან ერთი ძალის გავლენის ქვეშ მოექცევიან, ხანაც - მეორის...

არ ვიცი, რა იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში შესძლებს მოსვლას, მაგრამ რაც არ უნდა ინანოს მან საკუთარი შეცდომა „მეცხრე არხის“ დახურვისა და „რევოლუციონერების“ ნდობის გამო, ფაქტია - მილიარდერი პოლიტიკოსის წარსულში, მხოლოდ „მეცხრე არხის“ ინციდენტი არ არის „შავი ლაქა“ და მისი გარემოცვაც ყოველთვის არ დგას მოწოდების სიმაღლეზე...