პოლიტიკური კრიზისი სამხრეთ ოსეთში რუსეთის პოლიტიკისთვის რეგიონში სახიფათოა

პოლიტიკური კრიზისი სამხრეთ ოსეთში რუსეთის პოლიტიკისთვის რეგიონში სახიფათოა


სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების შედეგად წარმოიქმნა და რომელშიც რუსეთის ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატი დამარცხდა, მოსკოვი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა საკუთარი საპარლამენტო არჩევნების წინ. დაძაბულობა და ძალადობრივი ქმედებების ალბათობა იმას ადასტურებს, თუ რამდენად მყიფეა მშვიდობა იმ კავკასიურ რესპუბლიკებში, რომლებიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველოს გამოეყვნენ.

ოთხშაბათს, რუსეთმა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით, ცხინვალში თავისი წარმომადგენელი გააგზავნა: სერგეი ვინოკუროვი, რეგიონთაშორისი და უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობების საკითხებზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელი. კონფლიქტი გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი შეიძლება იმ ალბათობის წინაშე აღმოჩნდეს, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს და იმას მიაღწიოს, რაც ვერ მოახერხა სამხედრო ძალით 2008 წელს, იუწყებიან კარგად ინფორმირებული ოსური წყაროები.

განათლების ყოფილი მინისტრი ალა ჯიოევა, რომელმაც სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციათა მინისტრ ანატოლი ბიბილოვზე გაიმარჯვა, უარი განახადა სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებაზე, რომელმაც სამშაბათს გამართული არჩევნების შედეგები გააუქმა და აუკრძალა მას ახალ არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც მარტისთვის დაინიშნა.

სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში გამართულ მიტინგზე, ჯიოევამ მხარდამჭერებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოუწოდა, საკუთარი სახელმწიფო საბჭო ჩამოაყალიბა და რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის ერთი დღე მისცა არჩევნების შედეგების აღიარებისთვის, რომლის თანახმად მან მოწინააღმდეგეზე 16%-ით მეტი ხმა მოიპოვა.

შედეგად, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის რჩევით, ჯიოევამ კენჭისყრის შედეგების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ იჩივლა, რამაც ყველაზე ცოტა, შეიძლება ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე წარმოქმნილი კონფლიქტის სამართლებრივ კალაპოტში გადასვლას შეუწყოს ხელი.

ჯიოევა და სხვა პოლიტიკოსები ასევე შეხვდნენ კოკოითის და სიტუაცია ჰაერში გამოეკიდა კრემლის წარმომადგენლის ვიზიტის მოლოდინში. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში მხარეებს სიმტკიცისა და სიმშვიდისკენ და ისეთი გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს, რომელიც მოქმედ კანონმდებლობას შეესაბამება. მოსკოვმა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობა აღიარა, მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსა, მაგრამ სამხედრო წარმომადგენლობა და ეკონომიკური დახმარება ვერ ქმნის ეკონომიკური სტაბილურობის და რეგიონის ეფექტური მმართვის გარანტიებს, რეგიონის, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული მოსკოვზე, რომელიც სამხრეთ ოსეთში მილიარდობით რუბლს დებს ისე, რომ არანაირი ხელშესახები შედეგი არ ჩანს.

ქართული ლობის როლი

ჯიოევასაც და ბიბილოვსაც პრორუსული პოზიცია აქვთ, თუმცა სწორედ ეს უკანასკნელი სარგებლობს მმართველი ტანდემის მედვედევ-პუტინის მხარდაჭერით, რომლებსაც უნდათ, რომ მან შეცვალოს კოკოითი და ამით აკონტროლონ ფინანსური ნაკადები. მაშინ როდესაც, ბიბილოვი ოფიციალურად აღიარებული კანდიდატი იყო, ჯიოევა ელექტორატის საპროტესტო ნაწილს წარმოადგენს. განათლების ყოფილ მინისტრს მჭიდრო კავშირი აქვს ჯამბოლატ თედეევთან, თავისუფალ ჭიდაობაში სსრკ-ს და ევროპის ყოფილ ჩემპიონთან და დღეს სპორტის ამ სახეობაში რუსეთის ნაკების მთავარ მწვრთნელთან, აცხადებენ წყაროები სამხრეთ ოსეთიდან. მათი აზრით, სწორედ ეს სპორტსმენი და კავკასიური კლანის გავლენიანი ხელმძღვანელია ჯიოევას საარჩევნო კამპანიის მოქმედი გმირი და მისი დაფინანსების მთავარი წყარო.

თედეევს თავადაც სურდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მისი კანდიდატურის რეგისტრირებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მას ამ რესპუბლიკაში საკმარისი დრო არ უცხოვრია.

2001 წელს, თედეევი ედუარდ კოკოითის (რომელმაც საბოლოო ჯამში ის დაივიწყა და რესპუბლიკის დატოვება აიძულა) გაპრეზიდენტებაში დაეხმარა. თუკი ჯიოევა პრეზიდენტი გახდება, თედეევი დასახლდება სამხრეთ ოსეთში და რუსეთიდან ფინანსური ნაკადების კონტროლს და მოსკოვს და თბილისს შორის შუამავლის როლის თამაშს შეძლებს. საქართველოს დედაქალაქში დღეს რამდენიმე პოლიტიკოსი ცხოვრობს, რომელიც წარმოშობით სამხრეთ ოსეთიდან არის და ერთ დროს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ემხრობოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, სხვადასხვა მიზეზების, მათ შორის ფინანსურის გამოც, ისინი თბილისის მხარეს გადავიდნენ, მიაჩნიათ ოსურ წყაროებს.

მოსკოვისთვის ეს იმის არასასურველ პერსპექტივას ქმნის, რომ ქართული ლობი სამხრეთ ოსეთში, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ნეიტრალიზებულია, კვლავ დაიწყებს ამ რესპუბლიკის ცხოვრებაში გარკვეული პოლიტიკური როლის თამაშს, რადგან კავკასიის საქმიან და სპორტულ წრეებს შორის გაცილებით მტკიცე და მიმზიდველი კავშირებია, ვიდრე სამხრეთ ოსეთის განვითარების და განმტკიცების პროექტი. რუსეთისთვის, მით უფრო საკუთარი საპარლამენტო არჩევნების წინ, ეს მოვლენათა განვითარების არასასურველი სცენარია: რადგან კრემლმა ბიბილოვის არჩევა ვერ უზრუნველყო, ეს მტკიცედ განწყობილი ამომრჩევლის თვალში რუსეთის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს. ხოლო თუკი ისინი მის გამარჯვებას მიაღწევდნენ, ეს გაამწვავებდა მოსკოვის ურთიერთობას სამხრეთ ოსეთის რიგით მცხოვრებლებთან, რომლებსაც უფრო მეტი ეფექტურობა და ნაკლები კორუფცია სურთ, თუკი, რა თქმა უნდა, მოსკოვის მაღალი რანგის წარმომადგენელი ვერ შეძლებს სიტუაციის განმუხტვას ყველასთვის სასარგებლოდ.
foreignpress.ge