უკვე მეორე დღეა, რაც ტელეკომპანია „მაესტროს“ მუშაობა შეფერხებულია. მამუკა ღლონტი კვლავ ტელეკომპანიის მეორე სართულზეა ჩაკეტილი რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, ეროსი კიწმარიშვილი კი პირველ სართულზეა გამაგრებული, თავის დაცვის წევრებითურთ. მეორე სართულზე გამაგრებულ კოლეგებსა და დამფუძნებელს საჭმელს ქვემოდან აწვდიან „მაესტროელები“.
გუშინ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მამუკა ღლონტმა სკანდალური განაცხადი გააკეთა, ეროსი კიწმარიშვილი „მაესტროსთვის“ მოძიებული თანხებით, „ქართულ პარტიას“ აფინანსებდაო. კიწმარიშვილმა ღლონტს presage.tv-ს საშუალებით გასცა პასუხი. „მაესტროს“ მმართველი კომპანიის ხელმძღვანელთან ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
როდის დაიწყო დავა დამფუძნებლებსა და მმართველებს შორის?
მამუკა ღლონტი: „ეროსი კიწმარიშვილმა გუშინწინ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ უნდა შეწყვიტოს სატელიტური მაუწყებლობა, უნდა გაუშვას ნახევარი შტატი, უნდა შეუმციროს დარჩენილებს ხელფასი. ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ ფულს ვეღარ შოულობს. შემდეგ დირექციასთან შეუთანხმებლად დანიშნა კრება, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ეს არის სარედაქციო საქმიანობაში პირდაპირი ჩარევა, რაზეც ჩვენ გავაკეთეთ განცხადება.
მეორე დღეს, დილის რვა საათზე, ეროსი კიწმარიშვილი ზონდერებთან ერთად, გადმოხტა ღობეზე და „მაესტროს“ ტერიტორია დაიკავა. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია. მოვიდა პატრული და დაიცვა ეროსი კიწმარიშვილის ინტერესები. მეორე მხარეს, ვინც ეს პატრული გამოვიძახეთ, არც კი მოგვისმინა. ახლაც ჩაკეტილები ვართ „მაესტროს“ შენობაში და საკმარისია გავაღოთ კარები, რომ აქაც შემოგვივარდებიან ეროსი კიწმარიშვილის ზონდერები, რომლებიც პოლიციას პერიმეტრის გარეთ არ გაყავს.
რას გეუბნებათ პოლიცია?
- პოლიცია საერთოდ არ გველაპარაკება. მე შეგახსენებთ ფაქტს, როდესაც რამდენიმე წლის წინათ, „მაესტროს“ ოფისი ააფეთქეს, მაშინ, პოლიცია ორი საათის დაგვიანებით მოვიდა და ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება, ხელისუფლების ზრახვებში ჯდება. პატრულს, რომელსაც ვეუბნებით, ჩვენ გამოგიძახეთ, ჩვენ დაგირეკეთ, ჩვენ ვართ მომჩივანი, მოგვისმინეთ, არც კი მოგვისმინეს და იცავენ ეროსი კიწმარიშვილის ინტერესებს. გეუბნებით, ყველა შესასვლელთან ეროსი კიწმარიშვილის ზონდერები დგანან.
საინტერესოა, რამდენ ხანს აპირებენ მანდ დგომას, თავად რას ამბობენ?
-არ ვიცი, რამდენ ხანს აპირებენ დგომას. ფაქტია, მიუხედავად იმისა, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ „მაესტროს“ ყველა დამფუძნებელმა შევწყვიტა ურთიერთობა ეროსი კიწმარიშვილთან, მას მაინც არ აძევებენ ტერიტორიიდან.
კიწმარიშვილი აცხადებს, რომ 4,5 მილიონი ინვესტიცია შემოიტანა არ იცის, სად წავიდა ეს თანხა.
- კიწმარიშვილი არის ცრუპენტელა. მთელი ინვესტიცია, რაც მან შემოიტანა, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის სახსრები. ეროსი კიწმარიშვილი არის ქურდბაცაცა. ჩვენ იმისაც დავამტკიცებთ, რომ მასზე გადაცემული თანხები მას არ მოჰქონდა „მაესტროში“ და აფინანსებდა საკუთარ პარტიას. ის უკვე მოხსნილია თანამდებობიდან. ხელშეკრულება გავასაჯაროვეთ, სადაც წერია, რომ „მაესტროს“ დამფუძნებლებთან შეუთანხმებლად, ეროსი კიწმარიშვილს საერთოდ არ შეუძლია რაიმეს გაკეთება ტელეკომპანიაში. მაშინ, როდესაც მასთან ვდებდი ხელსეკრულებას და ვიცოდი, რა პიროვნებასთან მქონდა საქმე, სწორედ ამიტომ დავუდე ასეთი მძიმე ხელშეკრულება. ეროსი კიწმარიშვილს არაფრის უფლება არ აქვს „მაესტროს“ დამფუძნებლებთან შეუთანხმებლად და მასთან კონტრაქტი უკვე შეწყვეტილია.
რატომ დაუდეთ კონტრაქტი ადამიანს, რომელიც ორ დღეში გახდა პარტიის ლიდერი და თანაც თავად აცხადებთ, რომ იცოდით, რა პიროვნებასთან გქონდათ საქმე?
- იმიტომ, რომ მე მაშინ არჩევანის წინაშე ვიყავი, ან ტელეკომპანია უნდა დამეხურა, ან „მაესტრო“ გადასულიყო რომელიმე პარტიის ხელში. მოკლედ, ან უნდა შემეჩერებინა ტელეკომპანიის მუშაობა, ან უნდა დამედო ასეთი ხელშეკრულება ეროსი კიწმარიშვილთან, მომავალში კი მებრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის. „მაესტრო“ დღემდე იყო და მომავალშიც იქნება თავისუფალი არხი.
მე სულაც არ მიმაჩნია პრობლემად ის, რაც გააკეთა ეროსი კიწმარიშვილმა. პრობლემა ისაა, რომ კიწმარიშვილმა მოინდომა იმაზე მეტის გაკეთება, იმაზე მეტის მიღება, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ასე რომ, ჩვენ ამ პრობლემასაც დავძლევთ და როგორც ვიბრძოდით - არამარტო „მაესტროს“ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის (პირადად მე და დამფუძნებლები). ასევე გავაგრძელებთ ბრძოლას ბეჭდური მედია იქნება ეს, თუ კონკრეტული ჟურნალისტების საქმე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ მედიის თავისუფლებას საქართველოში.
კიდევ ერთს დავამატებ იმ ოპოზიციური პარტიების გასაგონად, რომლებიც ახლა ქილიკობენ, რატომ დავდე ხელშეკრულება და რატომ არ უნდა იყოს პარტიის დამფუძნებელი მმართველი კომპანიის შეფი, მათ გასაგონად ვიტყვი, გაიხსენონ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გაიხსენონ რა პირობებში დადო „მაესტრომ“ ეს ხელშეკრულება. გაიხსენონ, რომ როგორ არის „მაესტროში“ რეკლამა აკრძალული და ისიც, რომ მირჩევენ სასამართლოში წასვლას, რომელ სასამართლოზე მელაპარაკებიან?
იყავით თუ არა საჯარო რეესტრში ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებთან ერთად, „მაესტროს“ წილის გადასაფორმებლად?
- არა. სიცრუეა. ვიმეორებ - „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის ხელისუფლებაში, არ გაიყიდება. მე ამ სიტყვებს ვასრულებ დღემდე და ამას ნახავს მთელი საზოგადოება. ეს ხელისუფლების აგორებული ჭორებია - ერთი მხრივ, ჩირქი მოსცხოს ბიძინა ივანიშვილს და მეორე მხრივ - „მაესტროს“.
მომავალში თანამშრომლობა შედგება თქვენსა და მილიარდერ პოლიტიკოსს შორის, თუ მართლაც იმ პრინციპით იმოქმედებთ, რაც განაცხადეთ, ყველასგან აიღებთ დაფინანსებას, თუ არ ჩაერევიან სარედაქციო საქმიანობაში?
- მე ვაცხადებ იმას, რასაც ვაცხადებ. გააკეთოს შემონატანი სააკაშვილმა, არ მოგვთხოვოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა. აბა, რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს, გამოვრთო ტელევიზია? როდესაც ჩემთან რეკლამა იკრძალება, რა გავაკეთო, როგორ მივაწოდო საზოგადოებას სრულფასოვანი ინფორმაცია, მასწავლოს ვინმემ?
კიწმარიშვილს რა დავალიანება აქვს „მაესტროს“ მიმართ?
-„მაესტროს“ ამ ეტაპზე დიდი დავალიანება აქვს. უკვე გითხარით, როგორ უნდოდა, კიწმარიშვილს „მაესტროს“ გამორთვა სატელიტიდან. ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელიც რამდენიმე ინსტანციაში წავაგეთ. არ ჩამოვთვლი კონკრეტულად, მაგრამ აქვს დიდი დავალიანება. მას გეგმაზომიერად მიჰყავდა „მაესტრო“ გაკოტრებისაკენ.