დიტო გელოვანი. ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში
- რა დაგემართა, ბიჭუნა, შუბლზე? - ჰკითხა შვილს და მოეხვია.
- კრისტერმა ქვა მესროლა - უპასუხა ცხვირჩამოშვებულმა ბიჭმა.
- ქვა გესროლა? რა საძაგელია! - წამოიძახა დედამ - რატომ მაშინვე არ მითხარი?
ბიჭმა მხრები აიჩეჩა:
- რა აზრი ჰქონდა? ქვის სროლა შენ სულ არ იცი, მე მგონი, ჩვენი ფარდულის კედელსაც ვერ მოახვედრებ.
- რა სულელი ხარ, შვილო! გეგონა, კრისტერს ქვის სროლას დავუწყებდი?
- აბა, რა უნდა ესროლო? სხვას რას ნახავ, ყველაზე კარგი სასროლი ქვაა
(ასტრიდ ლინდგრენი, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“)
ორი ფილმი მიყვარს გამორჩეულად - „ფორესტ გამპი“ და „კარგი, ცუდი, ბოროტი“. ეს უკანასკნელი ერთი ხუთასჯერ მაინც მექნება ნანახი და მასში განსაკუთრებით ის პასაჟი მომწონს, რამდენჯერმე სხვადასხვანაირად რომ მეორდება - კარგი და ბოროტი კაცობრიობას ორ კატეგორიად რომ ყოფენ: ვისაც იარაღი აქვს და ვინც თხრის; ვინც ისვრის და ვისაც კისერზე ყულფი აქვს წამოცმული; ვინც კარიდან შედის და ვინც შედის ფანჯრიდან და ა.შ. ერთხელ მეც მომივიდა თავში რაღაც ეგეთი აზრი და ადამიანები ორ ნაწილად დავყავი: ზოგი ადამ და ევასგან წარმოიშვა და ზოგიც, თავისი ცხოვრების სტილით და ქცევის მანერით, დარვინის თეორიას ამართლებს.
სხვათა შორის, ვიღაცეები ამბობენ, ავტომობილები ორ ნაწილად იყოფიანო - „მერსედესი“ და ყველა დანარჩენი.
„მე ერთი თვის წინ მოგიწოდეთ, შეგეძლოთ თუ არა გაგემეორებინათ სიტყვები, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ახლაც განსაკუთრებით მაინტერესებს ომთან დაკავშირებით თქვენი, „რესპუბლიკელების“, ალასანიასა და აღზევებული მდაბიო ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. შეგიძლიათ დღესაც გაიმეოროთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო?“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტში და...
და მე ორ ნაწილად წიკლაურები დავყავი - წაკლაური და წიკლაურები.
ჰა, რავარია? ხომ არის გოჭივით?!
აღზევებული მდაბიოო - ბოცო-ნუგზარამ, მრგვალი მაგიდის რაინდმა, ჩვენი დროის ლანსელოტმა. თქვა და, თვითონვე მოეწონა. არ დამავიწყდესო და, კალამს დაუწყო ძებნა. არ იფიქროთ, რომ თითზე ჯვარი დაიხატა - ასე მდაბიოები იქცევიან. ბოცო-ნუგზარამ აღნიშნული ფრთიანი გამონათქვამი ქათქათა მანჟეტებზე დაწერა, როგორც ჭეშმარიტ ჯენტლმენს შეფერის.
ჰოოო... ელტონ ჯონი ინგლისელი რაინდია, ხოლო ნუგზარ წიკლაური - ქართველი ჯენტლმენი, და მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობა სავსეა უმცირესობით.
საერთოდ, ის ადამიანები, რომლებსაც ცნობილი აფრიკელი არქიეპისკოპოსი, დესმონდ ტუტუ კაციჭამია დიქტატორი ჰგონიათ, არიან უმცირესობაში. ნათელაშვილი, გუგავა, ჯიბლაძე, ძაგანია, შატბერაშვილი - სულ ეს არის. გასულ კვირაში გოკა გაბაშვილმა ისეთი ლეიბორისტული სისულელე შემოაგდო, რომ ნაჯახივთ ჯიბლაძე ლამის შურით გასკდა: „ემბარგოსთან დაკავშირებით ცვლილებები იქნება მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ ცალმხრივად შემოღებული ემბარგო, ცალმხრივად გაუქმდება და ონიშჩენკოები და პუტინები აღიარებენ, რომ ღვინო საწამლავი არ არის და „ბორჯომში“ ქინაქინა არ არის გარეული“.
ზუსტად მახსოვს, რომ ქინაქინა ციების წამალია. ჰერბერტი რომ კვდებოდა, კაპიტანმა ნემომ ქინაქინა მიაშველა და გადაარჩინა. კაპიტან ნემოს ადგილას გოკა გაბაშვილი რომ ყოფილიყო, ჰერბერტს კალიუმის ციანიდს დაალევინებდა და, ვფიქრობ, გოკა გაბაშვილს ქინაქინა კალიუმის ციანიდში აერია. არის გოკაში რაღაც ლეიბორისტული, ხოლო შალვა ნათელაშვილში საერთოდ არაფერია ანგლოსაქსური.
„დაუნ ვიზ დიკტეიტე!!! დაუნ ვიზ დიკტეიტე!!!“ - თეთრი სახლის წინ მოწყობილი „აქცია“ უკვე სასაცილო იყო, მაგრამ ნათელაშვილის ამ შეძახილებმა ყველას მუცელი აატკივა. „შალვა ნათელაშვილს თავის დროზე რომ ევლო ინგლისურის კურსებზე, შეიძლება არ დასჭირვებოდა ქართული ასოებით დაწერილი ტექსტის წამოძახება, რომ უფრო ღირსეულად წარმოედგინა საქართველო, თუნდაც ქართველების ან გამვლელების თვალში... მაგრამ მარტო წვრთნა რას უშველის, თუ ბუნებამაც არ უშველა, თუმცა ჩვენი ხალხი ზოგადად ძალიან ნიჭიერია“ - მიშას სამასხარაოდ როგორ უნდა გაიხადო თავი?! ჯერ მიშა რა არის და მერე...
პირველკლასელობა მინდაო - ეს მერე იყო, გასულ კვირაში. მანამდე სტუდენტობა უნდოდა, არქიტექტორობაზე ოცნებობდა... „როგორც არასდროს ვნანობ, რომ ახლა არ დავიბადე, თუნდაც ცოტათი გვიან, რათა წავსულიყავი ახალ სკოლებში, სადაც პირველი კლასიდან აძლევენ კომპიუტერებს და ასწავლიან ინგლისურს. ვნანობ, რომ ახლა არ დავიბადე“ - ასეთი თვალებგაბრწყინებული მიშა ბოლოს მაშინ ნახეს, როდესაც სკოლაში რაზმეულის თავმჯდომარედ ირჩევდნენ. მიშა ოცნებობს. მალე, ალბათ, ინატრებს, ნეტავი 4 წლის ვიყო, საბავშვო ბაღში დავდიოდე და ფართუკზე ბორშის სუნი ამდიოდესო... ისა და... სპერმატოზოიდი რომ იყო და კვერცხუჯრედში რომ იჯდე, არ გინდა? შენ ეგ იოცნებე და მერე ნახე ოქროს თევზის დასაჭერად გამოსული ხალხი! დავიჭერთ ოქროს თევზს. პირველი სურვილი იქნება სააკაშვილის ბოლო ოცნების ასრულება. თავი დავიზღვიოთ და, მეორე სურვილადაც ეგ ჩავუთქვათ და საკონტროლო გასროლის ამბავში, საკონტროლო სურვილიც ეგ იყოს.
„რომ არ ყოფილიყო ომი საქართველოსთან, რუსეთის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, ნატო-ში რამდენიმე ქვეყანას ერთად მიიღებდნენ“ - განაცხადა გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა. ეგრეა - შენ არარსებულ ოქროს თევზზე ფიქრობ, სურვილებს აყალიბებ და ვიღაც-ვიღაცეებს თავისი ოქროს თევზი პირდაპირ კრემლში ეგულებათ. როგორ დაემთხვევა ხოლმე... ეს აღიარებითი ჩვენება მედვედევმა სწორედ ახლა მისცა, როდესაც სააკაშვილს ყველაზე მეტად ჭირდებოდა და ასე მგონია, რომ ის ომიც სააკაშვილის საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა.
საჭიროება... მიშა, საჭიროებიდან გამომდინარე, ხან თბილისელია, ხან ქუთაისელი, ხან სოხუმელი, ხან ბათუმელი... ვერელი, ვაკელი და საბურთალოელი რომ არის, ესეც საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ, საჭიროებამ მოიტანა და გასულ კვირაში პლეხანოველობაც დაიბრალა. პლეხანოველი ვარო - თქვა და იქვე დასძინა, ჩემ დროს პლეხანოვი არაპრესტიჟული უბანი იყოო... რავი... მე და მიშა ადნაგოდკები ვართ, პლეხანოვზე გავიზარდე და ეგ იქ არ დამინახავს და ვისაც დაუნახავს, გვითხრას, ნუ მოერიდება.
მოკლედ, ძველი პლეხანოველები და ოქროსუბნელები მდაბიო ხალხი ვყოფილვართ, ბოლომდე ვერ ჩავწვდით ვარდების რევოლუციის ამაღლებულ არსს, დემოკრატიის საფუძვლებს და თავისუფლების იდეალებს.
”დღეს, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს, ძირითადად, პოლიტიკურ პარტიებს, გაუჩნდათ კითხვა, რატომ რეიგანი, რატომ თბილისში და რატომ რიყის პარკში“ - ავლაბრისა და პლეხანოვის საზღვარზე რეიგანის სკულპტურა გაიხსნა.
„საქართველოსთვის რეიგანი აქტუალურია როგორც არასდროს“ - მიშას სიტყვებია და, როგორც ვხვდები, რეიგანი მხოლოდ მტკვრის მარცხენა სანაპიროზეა აქტუალური. რაც შეეხება მარჯვენა სანაპიროს, იქ ჰეიდარ ალიევი უფრო მოწონთ და ველოსიპედს აფასებენ. როგორც მიშა იტყვის - ისე იქნება. დღეს რეიგანი გადაწყვიტა და ხვალ თუ ოცნება ისე გაიტაცებს, როგორც ზემოთ ვივარაუდე, არ არის გამორიცხული, რომ სადმე, რომელიმე პრესტიჟულ რაიონში, კვერცხუჯრედისკენ ველოსიპედით მიმავალი შლოპანცებიანი სპერმატოზოიდის ქანდაკებაც წამოჭიმონ.
ქართველი დიპლომატებისთვის ქანდაკებები ჯერ არ დაუდგამთ, თუმცა, დასტურად იმისა, რომ ქვეყანა აფასებს თავის გმირებს, გელა ჩარკვიანს, სერგი კაპანაძეს, თამარ კოვზირიძეს, თორნიკე გორდაძეს და სალომე სამადაშვილს ორდენები გადასცა.
„სააკაშვილის განცხადებით, ქართველების ბრძოლა წმინდა გიორგისა და ბოროტი იმპერატორის ბრძოლას გავს, იმპერატორი ბევრად უფრო გამოცდილი და ძლიერი, მაგრამ წმინდა გიორგი მორალურად და სულიერად აღმატებულია. პრეზიდენტის თქმით, ეს შედარება კარგად ერგება ახალგაზრდა ქართველი დიპლომატების მიერ გაწეულ შრომასაც რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ ისტორიული მნიშვნელობის შედეგს მიაღწიეს“ - მაცნობა მეგობარმა სააგენტომ და იქვე მორიდებით ჩაილაპარაკა, რომ „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბაკურ კვეზერელს, ნინო ქათამაძეს და რაფაელ გლუქსმანსაც გადაეცათ“.
ორდენებიანი დედალ-მამალ ძროხები გვყავსო, ჩვენ უნდა ვთქვათ, ქართველებმა. და, აუცილებლად უნდა ვთქვა: ნინო ქათამაძე ჯენის ჯოპლინი მეგონა და ლუდმილა ზიკინა კი აღმოჩნდა
იმან, ვისაც თავი ტეტჩერი ჰგონია და სინამდვილეში ვიქტორია სირაძეს გავს, გასულ კვირაში დაიწუწუნა, „ვარდების რევოლუციის“ შედეგის ყველაზე დიდი მოულოდნელობა ნეობოლშევიკური ქვეყნის ჩამოყალიბება იყოო. მიხვდით, ალბათ - ნინო ბურჯანაძემ თქვა და არ მახსოვს, უკვე ჰქონდა თუ არა ნათქვამი, რევოლუციურ გზაზე ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი, მე რომ არჩევნები მიყვარს, ბარე ორს არ უყვარს ისეო. არ გინდა, რა, ნინიჩკები... შენ რომ ანზორის გოგო ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეძიკა–ძიას შვილიშვილები ვართ.
თემურ ალასანიას დისშვილმა მეტროთ იმგზავრა და თითქმის ყველაფერი მოეწონა. „მეტრო უკვე თითქმის მცხეთას უახლოვდება“ – კმაყოფილებით აღნიშნა მან და, ალბათ წარმოიგინა, როგორ აცხადებს მეტროს „ადგილობრივი ინფორმატორი: „სალობიე. შემდეგი სადგური გარაჟები“. ეს, რაც შეეხება კმაყოფილებას. უკმაყოფილება კი ასე გამოხატა: „ეს არის ერთ-ერთი სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვაგონები ასეთი სავსე არ უნდა იყოს“.
ეეე, კოტე კუბლაშვილი და კალმახ–ხათუნი რომ არა, მეტროში ხალხის სიმრავლე მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ვაგონების განტვირთვა ახალი ვაგონების დამატებითაც შეიძლება, მაგრამ მიშა კონსერვატორია, ველოსიპედს არ იგონებს და უკვე გამოგონილს ანიჭებს უპირატესობას – ათი ვაგონის დამატებას ურჩევნია ერთი ციხე დაამატოს.
სულაც არ მინდა, რომ ველოსიპედზე ბევრი ვისაუბრო. ახლა ერთ პატარა ნაწყვეტს მოვიყვან ნიუსიდან და გული მიგრძნობს, მალე, ველოსიპედის გამომგონებლის თუ არა, მისი პოპულარიზატორის მკვდარის, ცოცხალის და გვარში გასათხოვარის ხსენებაში ვიქნებით.
„საქართველოს პარლამენტში ველოსპორტის სფეროში შექმნილ ვითარებას შემაშფოთებლად აფასებენ. ველოსპორტზე დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც აღნიშნული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტიც ესწრებოდა. კომიტეტის სხდომაზე ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ნადირაძემ განაცხადა, რომ ამ სფეროში არსებული ვითარება არც თუ სახარბიელოა. მისი თქმით, პრაქტიკულად არ აქვთ დაფინანსება, არ გააჩნიათ შესაბამისი სპორტული ინვენტარი, მათ შორის ველოსიპედები და ასეთ პირობებში მწვრთნელები მართლაც ენთუზიაზმის დონეზე მუშაობენ...“
ერთი, ქუთაისში ვიცი, რომ ცურვას წყლის გარეშე ასწავლიან და მეორე ველოსპორტის ფედერაცია ყოფილა რაღაც მაგდაგვარი. კაცო... რას ჰქვია, ველოსიპედები არ აქვთ?! დამჭკნარი ვარდების ოთხკუთხედ მოედანზე რომ დადგეს, მა რა ჯანდაბაა? ზედ მთელი პარლამენტი, ველოსპორტის ფედერაცია და შს სამინისტროს პრესსამსახური დაეტევა... მაიცა, მაიცა... მაიცა!!! ეს დედაკოკორგაფურჩქნულები არჩევნებზე კარუსელის გაკეთებას მგონი ველოსიპედებით აპირებენ.
თუ დავსერიოზულდებით, აუცილებლად უნდა ითქვას რომ რომ ამ სიბერეში ერთი მავანის ველოსიპედებით აგრერიგად გატაცების მიზეზი მის ბავშვობაშივე უნდა ვეძებოთ – „დედიიი, არლიონოკი მინდა, დედიიი“; „დაეგდე, ინგლისური იმეცადინე“... ჰოდა, დავეყაროთ ახლა და ქიიფ აფ აუარ ინგლიშ – ზის იზ ჯორჯიან ფრიზონ. ვი არ ჯორჯიან ფრიზონარ. აუარ დრიმ იზ ე ნატო.
ემანდ რამე არ შემეშალოს.
ვანოს არც გასულ კვირაში შეშლია რამე – „დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობს და ტრაბახობს საკუთარი ქვეყნის პოლიციით“. „წელს პირველად შემცირდა ქვეყანაში უმუშევრობა“ – დაიტრაბახა გილაურმა და მოდით, საკუთარი ქვეყნის მთავრობითაც ვიამაყოთ. „2012 წელს საქართველო ფინანსურად წელში გამართული ხვდება“ – წაიტრაბახა ფინანსთა მინისტრმა გვინდაძემ და, გვინდა–არ გვინდა, ამითაც უნდა ვიამაყოთ. ასეთი კარგი ამბებისთვის ღმერთი გაგახარებს, დიმიტრი გვინდაძევ! არადა, იმ ფილმის ნახვის შემდეგ 2012–ის ისე მეშინოდაა...
გასულ კვირაში ჩვენი შიშები არ გამართლდა და აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონულ ფორუმში საქართველომ მაინც მიიღო მონაწილეობა. ისე, როგორ გგონიათ, ჩვენ აზია უფრო ვართ თუ წყნარი ოკეანე? ისე, ამ ბოლო დროს, ნელ–ნელა რატომ გვაჩვევენ ველოსიპედებს?
„ვაი იმას, ვისაც ვარდების რევოლუცია დამთავრებული ჰგონია – მუქარანარევი ტონით აღნიშნა უმცირესობით სავსე უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა ჯან–ზურაბ მელიქისბიჭმა – ვარდების რევოლუცია დასრულდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში გაჭირვებული ადამიანი აღარ იქნება“.
მე კი მგონია, რომ თუ ეს მარაზმი დროზე არ დავასრულეთ, ქვეყანაში მალე ადამიანი აღარ დარჩება და ადგეს მერე გორის მუნიციპალიტეტი და გასულ კვირაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებზე დეკორატიული განათებები რომ დაამონტაჟა, იმ განათებებს საკუთარ ვიწროებში მოუნახოს ფართო გაქანება.
გასულ კვირაში გაექანა მიშა და 1750 მეტრის სიგრძის გვირაბი ფეხით გაიარა – რიკოთის განახლებული გვირაბი გახსნა და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ეს გვირაბი მიგვიყვანს ნატომდე. აბა, რა საჭიროა გვირაბი, რომელიც ნატომდე არ მიდის?! „ჩვენ ვაშენებთ გვირაბებს, რომლებიც საქართველოს აერთიანებს, რუსეთმა კი ისეთი გვირაბი ააშენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყოფს“ – შანსი არ გაუშვა სააკაშვილმა. „ვხედავ სინათლეს გვირაბის ბოლოს“ – ამასაც იტყოდა და არც რამაზ ნიკოლეიშვილი გაუშვებდა შანსს: „ჩვენი სინათლე შენ ხარ, ჩვენო პრეზიდენტო“.
ზოგი რა ბნელია! სად ერეკლე და სად კვერცხთა ბელადი!
ახლა, ისეც არ არის, რომ რაღაც... ბოლო–ბოლო, გვირაბში იყო და სინათლესაც დაინახავდა. გულწრფელი სინანულით უნდა განვაცხადო, რომ დავით გამყრელიძის ფირმაში საბოლოოდ დაისადგურა ბნელმა და უკუნმა. „ჩვენი სინათლე შენ ხარ, ჩვენო პრეზიდენტო“ – ჯობდა ეს ეთქვა გამყრელიძეს, ვიდრე ის, რაც გასულ კვირაში თქვა: „სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე რვა წლის წინ. ძლიერია სახელმწიფო-აღმასრულებელი ინსტიტუტები, თუმცა, მთავარი პრობლემაა ის, რომ დღეს ბევრად უფრო სუსტი, ღარიბი და დაუცველია საქართველოს მოქალაქე“.
აი, ეგეთი „ძლიერი სახელმწიფო“ და „ძლიერი სახელმწიფო-აღმასრულებელი ინსტიტუტები“ აიღე და შიგ ჯანში გაუკეთე ნუგზარ წიკლაურს და რევოლუციის დასრულების შიშმა გული რომ არ გაუხეთქოს, ცოტა მელიქისბიჭისთვისაც შემოინახე!
ეჰ, დავით, დავით... მაინც ვერ გიმეტებ ბოლომდე. აღარც მახსოვს სხვას ბოლოს როდის მივეცი ხმა არჩევნებში. ფულის გაფლანგვაზე რომ იჭერენ ხალხს, ხმების გაფლანგვისთვის ვარ დასაჭერი.
არა უშავს, მაგას ერთბაშად გამოვასწორებ, მაგრამ... „საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ვიცე-მერ დავით ნინიძესთან ერთად, დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა“.
დავით ნინიძე... დავით ნინ... რაო?!
თბილისში იყავი, დავით, და მე ვერ გნახე?!
ახლა კი, ნამდვილად დასაჭერი ვარ და, დათო, ძმაო, მირჩევნია, ისევ შენ დამიჭირო.
ს.დ. (სანამ დამიჭერენ) „მე მოვფრინდები შენთან დაახლოებით სამ საათზე, ან ოთხზე, ან ხუთზე, მაგრამ არა უადრეს ექვსისა“, - დაუძახა კარლსონმა.
ბიჭი ვერ მიხვდა, რომელ საათზე მოფრინდებოდა კარლსონი და ჩაეკითხა.
„შვიდზე გვიან ნამდვილად არ მოვალ, მაგრამ რვაზე ადრე ნამდვილად ვერ მოვახერხებ... მელოდე ცხრაზე, საათის დარეკვისთანავე“...
(ასტრიდ ლინდგრენი, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“)