როდის დაიწყებს პუტინი საქართველოსთან ურთიერთობის „გადატვირთვას“

როდის დაიწყებს პუტინი საქართველოსთან ურთიერთობის „გადატვირთვას“

ვლადიმერ პუტინი მმართველმა პარტიამ 2012 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ის „ედინაია რასიასა“ და „რუსეთის სახალხო ფრონტის“ ერთიანი წარმომადგენელი იქნება. ყრილობის დაწყებამდე პარტიის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც პუტინის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

 

რუსეთის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 4 მარტს ჩატარდება.

 

პუტინი „მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა რუსეთი განვითარდეს, ადამიანების ცხოვრება კი გაუმჯობესდეს“:

 

„მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ დარბაზში იმყოფება. მინდა, მადლიერების სიტყვებით მივმართო რუსეთის ყველა მოქალაქეს და მათ, ვინც იმის მხარდამჭერია, რასაც ვაკეთებთ და რასაც თქვენი მონა-მორჩილი გააკეთებს და და მათაც, ვისაც რაღაცაში ეჭვი ეპარება“.

 

თავის მხრივ, პრეზიდენტ მედვედევის აზრით, პუტინი თანამედროვე რუსეთის ყველაზე პოპულარული, გამოცდილი და წარმატებული პოლიტიკოსია:

„რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა პუტინს ენდობა და მზად არის, მას ქვეყნის მომავალი დაუკავშიროს“.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად პუტინის გამოცხადებით, „ედინაია რასიამ“ საბოლოოდ და ოფიციალურად განსაზღვრა ქვეყნის პოლიტიკური სტრატეგია და შორეული პერსპექტივები:

 

„ჩვენ არავის ვატყუებთ. შეფასება ხალხმა უნდა გააკეთოს და მხოლოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ არის პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი“, – ასეთი სიტყვების რახარუხი ისმოდა „ედინაია რასიას“ ყრილობაზე.

 

რა შეიცვლება პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტებით ქართულ–რუსულ ურთიერთობებში, ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ გიორგი თვდგირიძეს ვესაუბრებით.

 

გიორგი თავდგირიძე: საქართველო–რუსეთის ურთიერთობები ხვლავ ხისტად განვითარდება. პუტინს პოლიტიკური პრინციპების შეცვლა, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. ობივატელისადმი მისი მთავარი თეზა და მესიჯი შემდეგში მდგომარეობს – კავკასიაში დისციპლინა რკინის ხელით უნდა დამყარდეს.

 

ის, რომ დღეს კავკასიის რეგიონში შედარებითი სიმშვიდეა, ბატონი პუტინი სწორედ ამ მოჩვენებით ტალღაზეა მოსული. შესაბამისად, პუტინი საქართველოს მიმართ კვლავ მკაცრ პოლიტიკას გააგრძელებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველო მნიშვნელოვან დათმობებს გააკეთებს, პუტინი ამას თავის პიარად გამოიყენებს; საქართველოს დამარცხებულად წარმოაჩენს, გამოიყვანს და ამის მერე შეიძლება თბილისთან გარკვეული მოლაპარაკება დაიწყოს.

 

მაინც რა ტიპის „დათმობებს“ გულისხმობთ ქართული მხრიდან?

– ჩვენი მხრიდან ეს ნატოზე უარის თქმა იქნება. ამის შესახებ მყარად უნდა იყოს გაცხადებული. მხოლოდ ამის შემდეგ, პუტინმა შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკა დაიწოს.

 

მისთვის მთავარი, რუს ობივატელში არსებული განწყობაა. ეს არის ხაზგასმით ანტიამერიკული დამოკიდებულება. ნატო რუსისთვის ითვლება ამერიკულ და არა ევროპულ ორგანიზაციად. შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე უარი მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს.

 

ამის შემდეგ, როგორც იტყვიან, ტექნიკური დეტალები რჩება. ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში გარკვეული შეფუთვების გაკეთება პუტინს არ გაუჭირდება. ვგულისხმობ გარკვეულ უკანდახევებს მათ სტატუსთან დაკავშირებით.

 

თუმცა, ყველაფერი ცალსახად არ იქნება გაკეთებული და სავაჭრო აქაც ბევრი გამოჩნდება. პუტინისთვის ასე მარტივი არ იქნება, რომ ნატოზე უარის სანაცვლოდ, საქართველოს რეალური დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინის რეალპოლიტიკაში განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება.

 

აქედან გამომდინარე, საქართველოშიც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ძნელი იქნება, რაიმე ფორმით ხმამაღლა უარი გაცხადდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ  სწრაფვაზე.

 

თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ნატოს პერსპექტივაზე უარის თქმა, მოუტანს თუ არა ქვეყანას რაიმე დივიდენდებს?

– ეს კარგს არაფერს მოიტანს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მომისმენია რაიმე მწყობრი, ლოგიკური, კონცეპტუალური ხედვა იმისა, თუ რას მივიღებთ ნატოზე უარის შემთხვევაში. უსაფრთხოების სხვა რეალურ სქემებზე განსაკუთრებული არაფერი თქმულა, რაც არსებულ საფრთხეებთან შესაბამისობაში იქნებოდა.  

 

საქართველოში არ არის ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო რეალურ სქემას შესთავაზებდნენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს როგორც ცალკე ქვეყანას, საკუთარი სიმშვიდის უზრუნველყოფა ძალიან გაუჭირდება.

 

ამისთის ქვეყანა უბრალოდ იძულებულია პარტნიორები ეძებოს. ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დაგვეხმრება უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, დღესდღეობით არის ნატო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში არსებული გამოწვევების წინაშე მარტონი ვრჩებით.

 

უშუალოდ ყბადაღებული რუსული აგრესიის გარდა, ორი მთავარი საფრთხის წინაშე ვდგავართ. პირველი ეს არის ალმოდებული ჩრდილოთ კავკასია და მეორე – მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რეალური შესაძლებლობა.

 

არცთუ ძნელად მისახვედრი მიზეზების გამო, ორივე შემთხვევაში საქართველოს ეულად მოქმედება გაუჭირდება.