ადრე
ბოლო წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა, სახელისუფლებო პარტია საქართველოში, არჩევნებსაც იგებდა და არჩევნებს შორის გამოკითხვებშიც ლიდერობდა. მისი წარმატების საიდუმლო როგორც წესი ერთ რომელიმე ცვლადზე ეკიდა, სხვა სიტყვებით, ერთი კონკრეტული ცვლადი განაპირობებდა მის ლიდერობას გამოკითხვებში. ჯერ იყო და ეს მაგიური ცვლადი ეფექტურობა იყო, და ამ პარამეტრმა განსაკუთრებული წონა მოქალაქეთა კავშირის ბოლო წლების საქმინობის ფონზე შეიძინა. „ეფექტურობა“ საკმარისად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და 5 წელი ისე იმუშავა, რომ მმართველ პარტიას სასურველი რეიტინგის პრობლემა არ დასდგომია.
თუმცა დრო იცვლება და მასთან ერთად ეფექტურობის პარამეტრმა, რომელიც მთელს რევოლუციის შემდგომი პერიოდის პოლიტიკურ საამომარჩევლო განწყობათა 60–70%–ს განაპირობებდა, პოზიციები დათმო. გარდა სხვა ფაქტორებისა, რუსეთთან საომარმა დაპირისპირებებმა, აგრეთვე შიდა თუ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობეს ამ პარამეტრის წონის სწრაფი ვარდნა. ყველას ეჩვენებოდა, რომ ნაციონალური მოძრაობის სარეიტინგო ვარდნა გარდაუვალია და რომ ოპოზიციური „ადამიანის უფლებების“ იდეა იმნდენად წონიანი გახდებოდა, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოიყვანდა.
მოწმენდილი ცა
თუმცა აქ მოხდა ის, რაც ახლანდელი გადმოსახედიდან საკმარისად ლოგიკურად ჩანს – ოპოზიციურმა მარცხმა თავისთავად წარმოშვა ახალი წონიანი ცვლადი – უალტერნატივობა პოლიტიკაში. ახლა ამ ცვლადმა დაიწყო მუშაობა და ნაციონალური მოძრაობა ისევ უცვლელი ლიდერის პოზიციაში დატოვა. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, საშუალოდ 80% –მა დაიწყო ფიქრი, რომ ვითარებას ბევრი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლიდა, თუმცა მოწმენდილ ცაზე გამოჩნდა რეპუტაციული სარეიტინგო სისტემის ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი. უახლოესი თვეების პოლიტიკურ კომპოზიციებს ახლა ის განაპირობებს, თუ რამდენად შესძლებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი „უალტერნატივობის“ პარამეტრთან გამკლავებას, და თუ შესძლო, ეს პარამეტრი წონაში დაიკლებს და ვეღარ უზრუნვეყოფს ნაციონალური მოძრაობის უპირობო ლიდერობას. მაშინ სხვა ცვლადები გაიზრდება წონაში და პოლიტიკური არჩევანი არა ერთ, არამედ რამდენიმე ფაქტორზე გახდება დამოკიდებული.
მოლოდინები
ნოემბრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ქვეყნის მაშსტაბით 2500 რესპოდენტზე ჩატარდა, ირკვევა, რომ გამოკითხულთა 41% ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს პოზიტიურად აფასებს, 26% ნეიტრალურად, 16% ნეგატიურად, დანარჩენი ვერ ხვდება მოვლენა პოზიტიურია თუ არა. 43% თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მიზნებს მიაღწევს, 20%–ის აზრით ის ვერ შესძლებს დეკლარირებული მიზნის მიღწევას, დანარჩენი მომავლის შეფასებებისგან თავს იკავებს, თვლის რომ წინასწრამეტყველების უნარი არ აქვს. გამოკითხულთა 30% თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ძირეულად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, 23%–ის აზრით კი ვითარება მეტნაკლებად შეიცვლება. გამოკითხულთა 17% არანაირ ცვლილებებს არ ელოდება მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ცვლილებების სურვილი გაუჩნდა. დაახლოებით 30% ისევ თავს იკავებს დაკავდეს წინასწარმეტყველებით. შესაბამისად, გამოკითხულთა ნახევრაზე მეტის აზრით ვითარება ქვეყანაში შეიცვლება, მეტნაკლენად მაინც (53%), უმცირესობაში კი სკეპტიკოსები აღმოჩნდნენ.
რესურსების ბრძოლა
გასაგებია, რომ პირდაპირი (ფიზიკური) რესურსი ბიძინა ივანიშვილისათვის სწორედ ის ამომრჩეველია, რომელსაც ცვლილებების იმედი აქვს. სხვა, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის პოზიციის მოწინააღმდეგე ამომრჩეველები არც ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები არიან, რადგან მხარდაჭერა ამ კონტექსტში არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას ნიშნავს, და არა ზოგად პოლიტიკური ორიენტაციის არსებობას. გამოდის, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (53%) ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი რესურსია.
რესურსი არ არის სტატიკური მნიშვნელობა. ის დინამიურია და სწრაფად იცვლება დროში. შესაბამისად, რესურსი დღეს არ ნიშნავს რესურსს ხვალ. ემპირიული დაკვირვების პრაქტიკა უჩვენებს, რომ ერთ თვეში ოპოზიციამ, ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, დაკარდა 30%–იანი რესურსი, და 72%–იდან 42%–ზე ჩამოვიდა.
მთავარი კითხვა, რომელიც ამ დროს შეიძლება გაჩნდეს არის სწორედ ის, თუ როგორი იქნება რესურსი ხვალ და არა იმდენად ის, თუ რესურსის რა წილს აითვისებენ პოლიტიკური დაპირისპირების სუბიექტები. სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიტიური რესურსის ფორმირებაში 50%–იანი წონით მონაწილეობას იღებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების, ურთიერთობების აღდგენის სურვილის ცვლადი. განათლება, როგორც ცვლადი მხოლოდ 3%–ით იღებს მონაწილეობას რესურსის ფორმირებაში, მაშინ, როცა იგივე რესურსის ფორმირებაში ნეგატიურ როლს თამაშობს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობით კმაყოფილება (20%), ქვეყნის განვითარების კურსით კმაყოფილება (10%), გუბერნატორების საქმიანობით კმაყოფილება (7%) და სხვა.
მარტივად რომ ვთქვა, თუ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ჯერ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების (იგლუსიხმება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის ბაზრის გახსნა და ა.შ.) უპირობო მომხრე უნდა იყოს, მერე მიხეილ სააკაშვილის საქმიანობით უკმაყოფილო (თუმცა ორჯერ დაბალი წონით), და თუ ამას ისიც ემატება, რომ ქვეყნის განვითარების მიმართულებითაც არ არის კმაყოფილი, ამომრჩეველი პირდაპირი წესით ბიძინა ივანიშვილის რესურსში ხვდება.
იძებნება მხარდამჭერი
სრულიად გასაგებია – ბიძინა ივანიშვილის ინიციატივები ახალია. მისდამი, როგორც პოლიტიკური პირისადმი განწყობები ჯერ ბოლომდე არაფორმირებულია, ვითარება სუმბურულია და პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ იწყება. სავარუდოა, რომ მისი მომავალი რეიტინგის წყარო ჯერ ოპოზიციური დაბალ ლოიალური ამომრჩევლი იქნება, შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ასევე დაბალლოიალური ამომრჩეველი, შემდეგ კი ყველაზე რთული სეგმენტის დრო დადგება – პოლიტიკისგან დისტანცირებული ამომრჩეველი, რომლის იდენტიფიკატორი ორია (ყველა მაღალ წონიანი განმაპირობებელი ფაქტორები): ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ პოლიტიკური კომპოზიციის ცვლილებების კავშირს საკუთარ წარმატებებთან, ყოფასთან და პრობლემების მოგვარების პერსპექტივებთან (1) და ისინი, ვინც თავის დროზე ასეთი კავშირები დაინახა და ოპოზიციის მხარდამჭერი გახდა. თუმცა მერე ასეთი კავშირები საკუთარ კეთილდღეობასა და პოლიტიკას შორის ვეღარ დაინახა და ზოგადად პოლიტიკისგან დისტანცირდა (2). ეს უკანასკნელი მოცულობით 26%–ია და პრაქტიკულად წყვეტს არჩევნების ბედს, თუ, რა თქმა უნდა, არჩევნებზე საერთოდ მივიდა.
მანამდე არჩევნების როლს წყვეტს ნაციონალური მოძრაობის მაღალ ლოიალური ამომრჩევლის სეგმენტი, ეს სეგმენტი მოსახლეობის 16%–ს წარმოადგენს, რაც აქტიური ამომრჩევლის საკმაოდ დიდი წილია იმისთვის, რომ არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. ეს ამომრჩეველი ზოგად სტრუქტურაში უმცირესობაა და წყვეტს უმრავლესობის ბედს, მაგრამ ეს იმ პირობით, როცა უმრავლესობა აქტიურად ეთანხმება იმას, ვინც არ არის პასიური არჩევნების დროს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი იგებს არჩევნებს მხოლოდ ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: თუ ის მაქსიმალურად აითვისებს ოპოზიციურ რესურსებს (შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან) და შესძლებს ერთად, ნაციონალური მოძრაობისგან და პოლიტიკისგან დისტანცირებული ამომრჩევლის სეგმენტებიდან სულ ცოტა 20%–ის მობილიზებას.
რევოლუციურია წონაში იკლებს
ამ ყველაფერს მივყავართ სასურველ თუ რაციონალურ დასკვნამდე: ახალი პოლიტიკური ძალის გამარჯვება არ არის შესაძლებელი მარტივი, ერთ სეგმენტზე ორიენტირებული სტრატეგიით (რევოლუციური სტრატეგიით), რადგან ასეთი ერთი სეგმენტი, სადაც საკმარისი ხმებია ლოკალიზებული, არ არსებობს (თუმცა წმინდა თეორიულად დასაშვებია რომ გაჩნდეს). შესაბამისად, მომგებიანი სტრატეგია სხვადასხვა სეგმენტზე, სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობებს უნდა გულისხმობდეს. ამ ვითარებაში ნაციონალურ მოძრაობას საქმე უკეთ აქვს, რადგან მისი რეიტინგების განმაპირობებელი ფაქტორი უალტერნატივობაა, რაც ფარდობითი ცნებაა, რა თქმა უნდა, და თანაც, საკმარისად მარტივი აღქმისათვის. მის რეიტინგებს განაპირობებს მიმდინარე წარმატებების დინამიკა (1) და ქვეყნის უკეთესი მომავლის ხედვის პრაქტიკა (2). შესაბამისად, სიღნაღიზაცია ის ფაქტორია, რაც მუშაობს, და სავარუდოდ მომავალშიც იმუშავებს.
ბოლოს, ისევ ფიარი
ბიძინა ივანიშვილის გუნდს კი იმავდროულად წინ აქვს ლიდერის „ქველმოქმედის“ რეპუტაციის კონვერტაციის პროცესი „ეფექტური პოლიტიკოსის“ რეპუტაციაში. დამოკიდებულებებს პოლიტიკური ლიდერისადმი არსებითად, რა თქმა უნდა, განაპირობებს ისეთ ცვლადთა ჯგუფი, როგორიცაა მამულიშვილობა, ქველმოქედების უნარი, ნაციონალური იდენტურობა და ა.შ. თუმცა, ეს საქმის ნახევარია და მეორე ნახევარს დამატებით ცვლადთა ორი ჯგუფი ადგენს: დინამიკა (ანუ ჩვენებურად ფიარი)(1) და კომპეტენცია (2). აქ ბიძინა ივანიშვილს არა იმდენად პრობლემები აქვს, რამდენადაც ცარიელი ადგილი. კომპეტენციის ცვლადთან ჯგუფის პრობლემის გადაწყვეტით ძალიან სავარუდოა, რომ რესურსები არ გაიზარდოს მნიშვნელოვნად, თუმცა მხარდამჭერთა ლოიალობის ხარისხს ძალზედ გაზრდის. და ბოლოს, როგორც ყოველთის, ფიარი საქართველოში იგებს არჩევნებს.