მილიარდერი პოლიტიკოსის ოცნების სახლში

მილიარდერი პოლიტიკოსის ოცნების სახლში


ბიძინა ივანიშვილი ის ქართველი მილიარდერია, რომლის სახელიც არასდროს გსმენიათ და რომლის ჰაი-ტექ სასახლე სავსეა ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუშებით. მაგრამ მისი თქმით, ის მზადაა, საქართველოს გადარჩენას პრივატულობა შესწიროს.

მისი მინისა და ლითონის სასახლე საქართველოს დედაქალაქს, თბილისს ზევიდან ისე გადმოჰყურებს, თითქოს უფრო მეტს გამოხატავს, ვიდრე მუქარაზე მინიშნებას.

ეს კომპლექსი, რომელიც £30 მილიონი დაჯდა და იაპონელი ფუტურისტი არქიტექტორის შინ ტაკამაცუს პროექტითაა ნაგები, ათ წელზე დიდხანს შენდებოდა. შენობის ზედა ორი სართული მთლიანად მინისაა, ხოლო სახურავზე ასაფრენი მოედანია. 10,000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე დგას მინის კოშკიც, რომელშიც მრგვალი საცურაო აუზია. ლითონის გიგანტურ მბრუნავ სფეროში, რომელიც აუზის თავზე კიდია, პრივატული კაფეა, ხოლო გარემომცველ ბაღებში ზაჰა ჰადიდის, ანიშ კაპურის, დემიენ ჰერსტის და ჰენრი მურის სკულპტურებია მიმოფანტული. დადის ხმები, რომ აქ ზოოპარკიც კი აქვთ, ზებრებით და პინგვინებით, მაგრამ ჩემი ამასწინანდელი ვიზიტისას, ეს ვერ შევნიშნე. საშტატო შემადგენლობა, გორაკზე მდებარე ამ ცენტრში, გოლფის ელექტრომანქანებით დაქრის, ხოლო შავ ფორმაში ჩაცმული დაცვის წევრები ერთმანეთს რადიოგადამცემებში ეჩურჩულებიან.

შემთხვევითი არ არის, რომ ვიზიტორებს მფლობელის თანამშრომლები ისე ხვდებიან, თითქოს ეუბნებიან: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს ბონდის სახლში.“

სასახლის ინტერიერი არანაკლებ ექსტრაორდინარულია. მფლობელის 1 მილიარდიანი არტკოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი აქ არის გამოფენილი, თუმცა საინტერესო მოულოდნელობით. პაბლო პიკასოს „დორა მაარი კატასთან“ ერთ-ერთ კედელზე კიდია (2006 წელს ის $95.2 მილიონად შეიძინეს), მაშინ, როდესაც ეგონ შილეს ტილოები, რომელიც $40 მილიონი ღირდა, მთავარ ოფისს ამშვენებს. მოულოდნელობა? აქ მხოლოდ ასლებია – იმის შიშით, რომ ნაღდი ფულის მაძიებელი მთავრობა გამოსძალავს, ყველა ორიგინალი ლონდონშია გადამალული.

ადგილობრივები წლების მანძილზე კითხულობდნენ, ვინ შეიძლება იყოს მინის სასახლის მფლობელი და გარე სამყაროს ცნობისწადილიან მზერას მეპატრონემ მხოლოდ სულ ახლახანს გაუღო კარი.

გაიცანით ბიძინა ივანიშვილი, ქართველი ოლიგარქი ბანკირი, რომლის ქონება 3.5 მილიარდ ფუნტადაა შეფასებული და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში 185-ე ადგილზეა. 55 წლის მაგნატი, რომელსაც მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს, ბოლო დრომდე ცნობილი იყო, როგორც უჩინარი ადამიანი. წარსულში მან პრესას ინტერვიუ მხოლოდ ერთხელ მისცა და იოლად ვერც მის ფოტოს იშოვნიდით. ის ადამიანი-გამოცანა გახლდათ.

ივანიშვილი უკიდურეს გაჭირვებაში საბჭოთა საქართველოში 1956 წელს დაიბადა – ქვეყნის ყველაზე ცნობილი შვილის იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ. მშვიდად მოსაუბრე, მაღაროელის შვილმა მუშაობა ქარხნის დამლაგებლად დაიწყო და მეზობელ რუსეთში უზარმაზარი ბიზნეს იმპერია განავითარა. გასულ თვეში, ის როგორც იქნა ჩრდილიდან გამოვიდა, პოლიტიკაში შეაბიჯა და თავისი მზერა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში უმაღლეს თანამდებობას მიაპყრო.

გასულ კვირაში, ბ-ნმა ივანიშვილმა თავის კოშკში The Sunday Telegraph-ს და სხვა უცხოელ ჟურნალისტებს უმასპინძლა, რათა მსოფლიოსთვის თავი გაეცნო.

შეხვედრა მის კაბინეტში გაიმართა, სადაც მისი საყვარელი ნამუშევრებია, მათ შორის კლოდ მონეს ტილო. ძვირადღირებულ მაგრამ მოკრძალებულ ნაცრისფერ იტალიურ კოსტუმში გამოწყობილი და რადოს საათით ხელზე, უზადოდ დავარცხნილი ოლიგარქი (არაკეთილისმსურველები მას „გრაფ დრაკულას“ეძახიან) მშვიდად და დამაჯერებლად საუბრობს, ისე, როგორც ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ თავისას ყოველთვის აღწევს. ის ყოველმხრივ ცდილობს იმის ხაზგასმას, რომ პოლიტიკა საშინლად არ უყვარს, არ აქვს გრძელვადიანი პოლიტიკური ამბიციები, და რომ ამჯობინებდა წარსული ცხოვრების გაგრძელებას, ვიდრე ახალი კარიერის დაწყებას 55 წლის ასაკში.

„პრივატულობა დღემდე ჩემი ცხოვრების გზა იყო“, – ამბობს იგი. „არ მიყვარდა ფორმალური შეხვედრები, რადგან ის თავისუფლებას მართმევდა. მე მხოლოდ ჩემს მეგობრებთან მიყვარდა დროის გატარება, სადაც შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი როგორიც ვარ, და ნიღბის გაკეთება არ მჭირდებოდა“.

მაგრამ ის ამბობს, რომ თავი ვალდებულად ჩათვალა უარი ეთქვა პრივატულ ცხოვრებაზე, რათა გადაერჩინა მისი მშობლიური საქართველო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი დიქტატურისგან.

„გულწრფელად რომ გითხრათ, არჩევანიც არ მქონდა“, – დასძენს იგი და მისი ინტონაცია მძაფრდება. „საქმე ქვეყანას ეხებოდა“.

„მათ მოკლეს დემოკრატია, თავიდან მოიშორეს მედია, და განსხვავებულ აზრს გასაქანს არ აძლევენ. ეს კლასიკური ავტორიტარული მთავრობაა და არსებობს ნიშნები იმისა, რომ ის დიქტატურად გადიქცეს“.

მისი გენერალური გეგმის თანახმად, სჯერა, რომ მომავალ წელს ის და მისი მოკავშირეები საპარლამენტო არჩევნებში იოლად გაიმარჯვებენ, და რომ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება – თანამდებობა, რომელიც პრეზიდენტის პოზიციაზე მეტი უფლებმოსილებით იქნება აღჭურვილი. „მე მინდა გავხდე პრემიერ-მინისტრი, ვიმუშაო ორი წელი და შემდეგ წავიდე და თავი მივუძღვნა საზოგადოებრივ საქმიანობას“, – გვიხსნის იგი, საუბრობს რა ოდნავ რუსული აქცენტით. „პოლიტიკა არასდროს მიყვარდა. [მაგრამ] მე ვარ ერთადერთი ფიგურა, რომელსაც ახლა ხალხი ენდობა“.

მისმა გადაწყვეტილებამ პოლიტიკაში ჩართულიყო, რამაც მისი ჯეიმს ბონდისეული ცხოვრების წესი გაასაჯაროვა, მის ოპონენტებში გაოცება გამოიწვია. ისინი მას კრემლის მარიონეტს უწოდებენ, რომელსაც ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება უნდა.

„ივანიშვილის განცხადებები ჰარმონიაშია იმ ქვეყანასთან, რომლის ბრძანებებითაც ის მოქმედებს“, – ამტკიცებდა ახლახანს მმართველი პარტიის დეპუტატი ნუგზარ წიკლაური, გულისხმობდა რა რუსეთს. კიდევ ერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან და ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ასევე დაადანაშაულა ჩუმი ქველმოქმედი, რომ ის კრემლის გავლენის ქვეშაა. „მისი ქონება რუსეთშია, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთს მასზე სერიოზული გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ის შეიძლება ძალიან ახლოს იყოს [რუსეთის პრემიერ მინისტრ ვლადიმერ] პუტინთან და ეს შესაძლოა ბერკეტად იქნას გამოყენებული“.

ივანიშვილს რუსეთთან მართლაც სერიოზული კავშირები აქვს. მას აქვს რუსული პასპორტი (აქვს ასევე ფრანგული პასპორტი და ბოლო დრომდე ქართული პასპორტიც ჰქონდა), მან საკუთარი ქონება იქ ქაოტურ 1990-იან წლებში დააგროვა. ბიზნესი კომპიუტერების რეალიზაციით დაიწყო და შემდეგ საქმიანობა საბანკო ბიზნესსა და რკინის ინდუსტრიაში განაგრძო. ეს მოქმედებისთვის სასტიკი და დიდწილად არალეგალური გარემო იყო, და მისი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ წინსვლისთვის მას რუსეთის ხელისუფლებასთან მლიქვნელობა დასჭირდებოდა.

ბ-ნ ივანიშვილს რუსეთში დიდი აქტივები დღემდე აქვს, მათ შორის უძრავი ქონების იმპერია, ფარმაცევტული ქსელი, და წილი რუსეთის გაზის გიგანტ გაზპრომში.

ის ადასტურებს, რომ რუსეთის პირველ პოსტ-საბჭოთა პრეზიდენტ ბორის ელცინს იცნობდა, მაგრამ ამტკიცებს, რომ არასდროს შეხვედრია პუტინს, და რომ ის კრემლის მარიონეტი არ არის. მან პირობა დადო, რომ ასეთი ბრალდებების გასაქარწყლებლად ის მთელ მის რუსულ აქტივებს გაყიდის.

„მთავრობა ცდილობს რუსეთის კაცად წარმომაჩინოს, რადგან ჩემს წინააღმდეგ არაფერი აქვთ. მე ყოველთვის ჩემი სინდისის თანახმად ვცხოვრობდი და ჩემი წარსული სუფთაა. რუსეთში ცხრა წელია არ ვყოფილვარ და ადამიანებმა რომლებიც მიცნობენ იციან, რომ არ ვარ ის ადამიანი, რომელზეც შეიძლება ზეწოლა განახორციელო, რათა საკუთარ პაიკად აქციო“.

თუმცა წარსულში ის პუტინზე არაერთგვაროვნად საუბრობდა, განაცხადა რა რომ რუსეთი „არადემოკრატიული სახელმწიფოს ყველაზე უარესი მაგალითი არ არის“ და რომ რუს ხალხს მოსწონს პუტინი და ეს „მათი არჩევანია“. საქართველოში პოლიტიკოსისთვის პრო-რუსულობის ბრალდება, სერიოზული ტვირთია. ქვეყანა იბრძოდა და დამარცხდა რუსეთთან ომში 2008 წელს, რასაც მისი ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა მოჰყვა, და ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დღემდე შეწყვეტილია. თუმცა, ბ-ნ ივანიშვილს სჯერა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ ურთიერთობების აღდგენა და იმ ტერიტორიებისთვის ბრძოლა, რომელიც საქართველომ რუსეთის მხაარდაჭერილ რეჟიმებთან დაკარგა.

„მთავრობა აქეზებს რუსეთის აგრესიის შესახებ ისტერიას. მათ სურთ ხალხის დაშინება, და ამის [რუსეთის საკითხის] გამოყენება პოლიტიკური თამაშის ნაწილად. მაგრამ ჩვენ უნდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა, მოგვწონს ეს თუ არა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ“.

საქართველოს პრო-დასავლურმა მთავრობამ აშშ-ში განსწავლული იურისტით მიხეილ სააკაშვილით სათავეში, რომელსაც ივანიშვილთან ერთ დროს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მისი პოლიტიკურ ოპოზიციაში გამოჩენის შოკური გადაწყვეტილება, სასტიკად მიიღო.

მას შემდეგ, რაც ოქტომბერში, თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ საჯაროდ განაცხადა, ბ-ნ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, მას სასტიკად აკრიტიკებს მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედია, მისი ბანკის საინკასაციო მანქანა დააკავეს და მილიონობით ფუნტი ჩამოართვეს, ჩამოართვეს პოლიტიკური შტაბ-ბინაც.

„მათ ჩემი ეშინიათ. ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ დაცული ვიყავით და რომ ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა“, – დასძენს ის მსუბუქი ღიმილით.

ივანიშვილი, რომელიც თავის პოლიტიკურ მოძრაობას „ქართულ ოცნებას“ მომავალ თვეში აფუძნებს, ცდილობს კავშირი დაამყაროს საქართველოს თითქმის ყველა წამყვან ოპოზიციურ პარტიასთან – და თანახმაა დააფინანსოს ისინი.

ის ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის დარწმუნებულია, რომ მოქმედ მთავრობას მოიშორებს, არის იმიჯი, რომელიც მას რიგით ქართველებში აქვს – ჩუმი ქველმოქმედი. მან დააფინანასა თბილისის უდიდესი კათედრალის მშენებლობა, გულუხვად დაუფინანსა „ხელფასები“ ასობით, თუ ათასობით არა, კულტურის მოღვაწეს, დაწყებულს მსახიობებიდან ბალერინებით დასრულებული, და ამტკიცებს, რომ ქველმოქმედებაში ყოველთვიურად საშუალოდ 10 მილიონ დოლარს ხარჯავს.

მის მშობლიურ სოფელში, ადგილობრივები ყოველთვიურად საჩუქრად 80 ფუნტს იღებენ, ასევე საჩუქრად იღებენ 1,200 ფუნტს ქორწინების შემთხვევაში (ქორწილის ხარჯები ცალკე იფარება) და უსასყიდლოდ გარანტირებული აქვთ გარემონტებული სახლები, ან მათი აღდგენა ყველა აუცილებელი ტექნიკის და ავეჯის ჩათვლით.

მაგრამ ბატონი ივანიშვილი ამბობს, რომ მისი სიმდიდრის ყველაზე დიდი ხიბლი იმაშია, რომ ეს შესაძლებლობას აძლევს მას თავისუფალი იყოს მთავრობისგან, რომელიც ასე არ მოსწონს.

„რა არის მდიდრული ცხოვრების სტილი? მე მაქვს ვილა ჩემს სოფელში, ვილა სანაპიროზე და აქ. დაკავებული ვარ იოგათი ყოველდღიურად, ცოტა სპორტით, ვიკვებები დღეში ერთხელ, ვჭამ ხილს და ვსვამ დღეში ერთ ჭიქა ღვინოს. თვეში ერთხელ ვკრებ ახლო მეგობრებს. მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს თვალშისაცემი სიმდიდრე არ გვიყვარს“.

მისი თქმით, ეს სასახლე უკან მდებარე მდიდრული ბოტანიკური ბაღების გამო ააშენა, რომელიც სტუდენტობის დროს ძალიან მოსწონდა. მიუხედავად მისი მსოფლიო დონის არტ-კოლექციისა, ის „ხელოვნების განსაკუთრებული მოყვარული“ არ არის; არამედ აგროვებს კოლექციას გუგენჰაიმის ტიპის მუზეუმისთვის, რომლის გახსნაც მას აქ, საქართველოში უნდა.

„ჩემი ფული ნიშნავს იმას, რომ მე აქ მცხოვრები ერთადერთი თავისუფალი ადამიანი ვარ. ისინი მე ვერ მაკონტროლებენ. მე შეიძლება პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ იმისთვის რისიც მწამს, ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლებ“.
foreignpress.ge