„არ მაქვს არგუმენტი, რატომ არ უნდა წავიდე ივანიშვილთან“

„არ მაქვს არგუმენტი, რატომ არ უნდა წავიდე ივანიშვილთან“

თბილისის საკრებულოს წევრი დავით საგანელიძე Presage.tv-სთან საუბარში „ვარდების რევოლუციის“ რვა წლისთავის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორისა და „პახმელიაზე“ გადაწყვეტილი სკულპტურების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენისთვის ფული ხელისშემშლელი ტვირთია.  

ვარდების რევოლუციამბევრს იმედი გაუცრუა. ამდენად, ალბათ ასეთნაირადაც შეიძლება კითხვის დასმა, ღირდა კი ეს რევოლუცია?

– ამ დღეებში ძალიან ბევრს საუბრობენ, „ვარდების რევოლუციის“ რვა წელიწადმა რა მოუტანა ქვეყანას და რამდენად გამართლებული იყო. ზოგიერთი ამართლებს, ზოგსაც გაუჩნდა ეჭვები. თუმცაღა, მე დავრჩი ჩემს აზრზე, რა აზრისაც გახლდით რვა წლის წინ, რომ არცერთ რევოლუციას, არცერთი ქვეყნისთვის არასოდეს სიკეთე არ მოუტანია. საუბარი იმაზე, რომ რვა წელიწადში რაღაც შეიცვალა, აშენდა შენობები, სადღაც დაიგო გზა, არაფერს ნიშნავს. ეს თავისთავად ცხადია, რადგან ყოველი რვა წელიწადი ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში რაღაც გარკვეულ ცვლილებებს აჩენს. მით უმეტეს, იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, სწრაფად ხდება მეცნიერების, თუნდაც სამშენებლო ტექნიკის განვითარება და, ბუნებრივია, ადრე ერთი შენობის აშენებას რომ სჭირდებოდა ათი წელი და პირამიდები საუკუნეების მანძილზე შენდებოდა, ახლა შეიძლება სწრაფად აშენდეს. ამიტომ, მარტო ამაზე აპელირება სწორი არ არის.

ყველაზე მნიშვნელოვანია, წავიდა თუ არა ქვეყანა დემოკრატიის გზით. ესაა ჩემთვის არსებითი, რამდენად შეიცვალა ქვეყანაში ხელისუფალის მენტალიტეტი?! არის თუ არა დღეს ხელისუფლების სათავეში ის მთავრობა, ის პრეზიდენტი, რომელიც თვლის, რომ მან შეასრულა თავისი ფუნქცია და ის ვადა, რა ვადებშიც აირჩიეს, უნდა დაასრულოს და წავიდეს. დაუტოვოს საზოგადოებას და ქვეყანას იმის უფლება, წესიერად და ობიექტურად აირჩიონ ახალი ხელისუფლება. ესაა სწორედ მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებენ. შესაბამისად, ყველაფერი ის, რაზეცაა საუბარი –არაობიექტური სასამართლო, ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, მონოპოლიზირებული და სახელმწიფოს დაქვემდებარებული ნაციონალური არხები და მასმედია, დატერორებული ბიზნესი, სიცრუის მანქანა, რომელიც იმ სტატისტიკას გვიჩვენებს, რაც ხანდახან ჩვენ თვითონ გვაკვირვებს, რომ თურმე აღმოვჩნდით პირველ ათეულში ან მოწინავე ადგილებში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, რომ ჩვენთან თურმე არის უკეთესი ეკონომიკა, ყველაზე მაღალი ინდექსები...

მაგრამ ეს პიარი ვისზე მუშაობს? დარჩა კი ისეთი გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, რომელიც ენდობა ამ მონაცემებს?

– ამის უკან არის მხოლოდ ერთი რამ, ხელისუფალის სურვილი, მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში. როცა თანამდებობის პირს ხელისუფლებაში დარჩენის ინტერესი არ აქვს და იცის, რომ მოსულია მხოლოდ ოთხი თუ რვა წლით და შემდგომ ქვეყნას თავისუფალი არჩევნების უფლება უნდა მისცეს, მაშინ ეს ბერკეტები ქვეყანაში აღარ ჩანს. აღარ არის აუცილებელი, მაინც და მაინც მასმედიის მონოპოლიზაცია მოახდინო, საარჩევნო სისტემა გააყალბო, გქონდეს მანკიერი საარჩევნო სიები. აღარ გახდება საჭირო, ისეთი ბიუჯეტის დამტკიცება, სადაც უამრავი ისეთი ფულია ჩადებული, რაც მხოლოდ საარჩევნო სისტემასა და პროპაგანდას სჭირდება. ამ ყველაფრის სათავეში არის მხოლოდ ერთი სურვილი, რომ ხელისუფალმა ისევ გაიგრძელოს თავისი უფლება. უკვე აღარაა საჭირო კონსტიტუციის ცვლილება, რადგან ხან პრეზიდენტია ძალიან დიდი უფლებით, ხან პრემიერ-მინისტრი და მერე ისევ პრეზიდენტი, იმისდა მიხედვით, თუ როდის და სად დაინახავს თავის თავს.

ასე რომ, რევოლუციამ ჩვენ მოგვიტანა მხოლოდ ერთი რამ: პოლიტიკაში მოსული ადამიანები კიდევ უფრო მეტად დაახარბა ხელისუფლებას. ამ ადამიანებმა დაინახეს სათავეში ყოფნის გემო, როცა ნებისმიერი სურვილი შეგიძლია აისრულო, განუსაზღვრელი მატერიალური რესურსები შეიძინო. ამას ასე იოლად ვერავინ შეელევა. ამას კიდევ თუ დაუმატებთ, რომ პირადად მათ უკვე იმდენი მტერი გაიჩინეს ქვეყანაში, რომ შიშის ფაქტორიც გაუჩნდათ. თუ არ ეყოლებათ დაცვა და არ ექნებათ თავიანთი არსებობის გარანტიები, რაც დღეს მათ გააჩნიათ, თავისუფლად ვერც გადაადგილდებიან. ისე, როგორც ვაცლავ ჰაველი დადის თავისუფლად პრაღაში და შეიძლება, ერთ მშევენიერ დღეს შეხვიდეთ და რომელიმე ლუდხანაში დაინახოთ მეგობართან ერთად. ასე, ალბათ, ჩვენს ხელისუფალთ, 10-15 პირს, დღევანდელ საქართველოში თავისუფლად მოსიარულეს ვერ დაინახავთ.

თუ ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებენ, მაშინ რაღა აზრი აქვს არჩევნების მოლოდინს? მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილმაც ეს ხანგრძლივვადიანი გზა აირჩია.

– ხელისუფლება რახან არ აპირებს წასვლას, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ასე მოხდება, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ მთელი ეს პერიოდი არჩევნებამდე აბსოლუტურად გართულებული გვექნება და არჩევნები იმ წესითა და რიგით არ  ჩატარდება, როგორც უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, რომ არ იყოს მიხეილ სააკაშვილის მთელი ეს პრეტენზია, პარტია პარტიად დარჩეს და სააკაშვილმა ყველა სადავე მიუშვას იმისთვის, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად ობიექტური და წესიერი არჩევნები ჩატარდეს, რამდენად სხვა სიტუაციაში აღმოჩნდება იგივე ივანიშვილი, თავისი პოლიტიკური ძალით, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს არსებობენ, როგორ მოხდება მათი ბლოკებად დაჯგუფება?! ამ შემთხვევაში, ვინაიდან ხედავ, რომ არსებობს ერთი მონსტრი, ეს პოლიტიკურ პარტიებს თანაბარ სიტუაციაში ვეღარ აყენებს და ისინი იძულებულნი ხდებიან, ამას ანალოგიური, ძალიან დიდი მონსტრი დაუპირისპირონ. ყოველთვის პრობლემა იყო იმ საკომუნიკაციო წერტილის მოძებნა, რომლის გარშემოც გაერთიანდებოდნენ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი. ამ შემთხვევაში, ასეთი წერტილი აღმოჩნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამიტომ გაჩნდა მოსახლეობის იმედი, იქნებ, მის გარშემო შეიკრიბოს ეს ყველაფერი. ეს ჩვენ გვაძლევს მხოლოდ ერთ შანსს, რომ პოლიტიკური არჩევნები ჩატარდეს არა მრავალპარტიული და წესიერი, როგორიც მე მინდოდა დამენახა ქვეყანაში, არამედ – ორპოლუსიანი. ანუ, ერთ მხარეს იქნება ხელისუფლება და მეორე მხარეს – ბიძინა ივანიშვილი.

მესიანისტიური იდეა, რაც საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილში დაინახა, იმის საფრთხეს ხომ არ ქმნის, რომ უფრო უარესისკენ განვითარდეს მოვლენები, ისე, როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა? მართალია, სააკაშვილი და ივანიშვილი სხვადასხვა ინდივიდები არიან, მაგრამ ეს საშიშროება ალბათ მაინც არსებობს.

– აბსოლუტურად გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ამის საშიშროება ყოველთვის არის, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი, რადგან ხანდახან განუსაზღვრელი ძალაუფლება, ქება-დიდება და ისეთი გადამეტებული ხოტბა, ზოგჯერ რომ მოგერიდება კიდეც ადამიანს, ყველა ადამიანზე ცუდად იმოქმედებს. იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილი არ მოიქცევა ამ გავლენების ქვეშ და იმ პოზიციაში, რაც მას გააჩნია, ძალიან გულწრფელი და ობიექტური იქნება. თავის ნათქვამ სიტყვას, რომ მაქსიმალურად ეცდება, დასწიოს პოლიტიკური ტემპერატურა ქუჩაში და ეს ყველაფერი საარჩევნო რელსებზე გადაიტანოს, შეასრულებს. თავისთავად, ეს ძალიან კარგია. თუმცა ისევ ვამბობ, რომ სამწუხაროდ, ეს არჩევნები იქნება ორპოლუსიანი და არა ისეთი, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ საშუალება, თავიანთი რეიტინგების მიხედვით გამოჩნდნენ საარჩევნო დაფაზე.

ამას წინათახალი მემარჯვენეებისყრილობა  ჩატარდა, რომელზედაც ჟურნალისტებმა თქვენ ვერ გიხილეს.

– იქ ბევრი კითხვა დაისვა, თუ რატომ არ არის დავით საგანელიძე და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ჩემი მეგობრები. თუმცა ჩემი მეგობრების შემოთავაზების საპასუხოდ, მე მათ ვუთხარი, რომ ალბათ, არ იქნებოდა სწორი, მივსულიყავი ყრილობაზე, რადგან პარტიას განსაზღვრული რაოდენობის დელეგატი ჰყავს და, ვინც არიან დელეგატები, სწორედ ისინი უნდა დასწრებოდნენ ყრილობას. მე, როგორც რიგითი წევრი, არ ვთვლიდი საჭიროდ, დავსწრებოდი. ჩემი მოსაზრება ბევრჯერ დავაფიქსირე, ამაზე აღარ ვისაუბრებ. იყო მთელი საკითხების ნუსხა, რომლებშიც მე და მთავარ კომიტეტს განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა. ამიტომ აპელირება იმაზე, რომ მე ასეთნაირად ვფიქრობ, ხოლო ისინი – სხვანაირად, ჩემგან მართალი არ იქნება.

სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდებოდა, „ახალი მემარჯვენეების გენერალურ მდივნის პოსტს ინარჩუნებდით. მანამდე რატომ არ გადადგით ეს ნაბიჯი?

– როცა ჟურნალისტებმა ეს ამბავი გაიგეს, მე ეს განცხადება ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა დაწერილი. შესაბამისად, ნამდვილად არ ვაკადრე არც ჩემს თავს და არც ჩემს მეგობრებს, ჩამეტარებინა პრესკონფერენცია. არ ჩავთვალე საჭიროდ, მეთქვა, მე ახლა გადავდექი გენერალური მდივნის პოსტიდან და ეს მაინცდამაინც საზოგადოების განხილვის საგნად მექცია. უბრალოდ, გარკვეული პერიოდის მერე, როცა ეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა შეიტყვეს, ეს თემა ამის შემდეგ გააქტიურდა და დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას. პირდაპირ გეტყვით, ბიძინა ივანიშვილის საკითხებშიც განსხვავებული პოზიციები გვქონდა. შეიძლება ბევრი რამ მომწონდეს ან არ მომწონდეს იმ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რასაც ბატონი ბიძინა ამჟამად ეწევა, მაგრამ ნამდვილად ავარიდებ თავს ისეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას, რაც პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყო ნათქვამი. თუმცა, ჩემს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ეს მაინც არ იყო ძირითადი.

ბიძინა ივანიშვილის გვერდით გიხილავთ?

– ხშირად მეკითხებიან, წახვალთ თუ არა ბიძინა ივანიშვილთან. მოდით, ასე დავსვამ საკითხს: უნდა გქონდეს არგუმენტი, ან რატომ წახვალ ბიძინა ივანიშვილთან, ან რატომ არ წახვალ. დავიწყებ იმით, რატომ არ უნდა წავიდე: ნამდვილად არ მაქვს არგუმენტი, რატომ არ უნდა წავიდე ივანიშვილთან. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც მისი ინტერვიუდან გამომდინარე, ისევე ფიქრობს ქვეყანაზე, ისევე ხედავს ქვეყანას, როგორც მე ვხედავ. ბევრ რამეში გამეცინა კიდეც, რადგან ჩემი ძველი ინტერვიუები ვისაც წაუკითხავს, ბევრი რამ დაემთხვა. ამ კაცსაც უყვარს სიმღერა, მეც ძალიან მიყვარს, უყვარს „ქართული ხმები“ და მათთან ერთად ქეიფი, მეც მიყვარს, უყვარს თამადობა და არა სიმთვრალე... არც მე ვნადირობ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მაქვს თოფი ჩიტისთვის ნასროლი და, რომ წავიკითხე, გამიკვირდა. ჭადრაკი მიყვარს ძალიან, მასაც თურმე ჭადრაკი უყვარს. ადამიანურად უყვარს ცხოველთა სამყარო. მეც – ასევე.

დეპუტატი რომ ვიყავი, პირველი რაც მინდოდა, ვენახების გაშენება და მეცხოველეობის ცენტრის გაკეთება იყო.

მაგრამ ეს პიროვნული ფაქტორებია და პოლიტიკური ფაქტორები?

– ადამიანურად ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. ახლა ამა თუ იმ ადამიანს რატომ ეხმარება, ამაზე არ ვსაუბრობ. არავის გასაკიცხი ეს თემა არ არის. რუსულ ფულთან წარმომავლობის თაობაზე გეტყვით. ერთი ძველი ისტორია გამახსენდა. მოგეხსენებათ, ქირურგი ვარ და მოსკოვში ონკოლოგიის ცენტრში ვმუშაობდი. მაშინ ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი ერთ-ერთი ცნობილი, საკავშირო მნიშვნელობის ცენტრი გახლდათ და ერთი ასაკოვანი ქართველი კაცი იცავდა დისერტაციას. ძალიან ცუდად იცოდა რუსული და დისერტაციის დროსაც ქართული აქცენტითა და დამტვრეული რუსულით საუბრობდა. მერე, როცა კითხვების დასმაზე გადავიდნენ, ბევრ კითხვაზე თავი რომ აერიდებინა, აპელირება გააკეთა იმაზე, ცუდად ვიცი რუსული და შეიძლება, ზუსტად ვერ გიპასუხოთო. ამით „გაძრომას“ შეეცადა. ერთმა ჰკითხა, ბატონო, თქვენ ამბობთ, რომ ცუდად იცით რუსული და ამიტომ ბევრ რამეზე არ გინდათ საუბარი, მაშინ რატომ არ იცავთ დისერტაციას თბილისში და რატომ იცავთ მოსკოვში? მან კი ასე უპასუხა, როცა მე 1942 წელს სანგარში ვიჯექი და სტალინგრადს ვიცავდი, არავინ მკითხა, რატომ იცი შენ ცუდად რუსული, მაგრამ, ახლა, როცა 1982 წელს მოსკოვში ვარ და დისერტაციას ვიცავ, ახლა მეკითხებით, რატომ იცი ცუდი რუსულიო?! ახლა გაგახსენდათ, რომ ცუდი რუსული ვიციო?! სხვათაშორის, ამ ამბავს კარგი გაგრძელება ჰქონდა, როცა ბანკეტზე შევაქეთ ეს კაცი, რა კარგი პასუხი გაეცი-თქო, გაეცინა, ეს კითხვა ჩაწყობილი მქონდა, კითხვის დამსმელი ჩემი მეგობარი იყო და ვთხოვე, ეს ეკითხა ჩემთვისო.

ანუ, ივანიშვილთან მიმართებითაც ასეა, როცა მისი რუსული წარმომავლობის ფული  სალაპარაკო გახდა?

– დიახ, როცა ივანიშვილს ახსენებენ, რომ შენ რუსული ფული გაქვს, ახლა გაჩნდა ეს რუსული ფული? სულ არ მაინტერესებს ამ ფულის წარმომავლობა, რადგან რუსეთი იყო ის ქვეყანა, სადაც, ვისაც ჰქონდა საშუალება, უნარი და ჭკუა, იმ წლებში ფული იშოვა. მერე, ეს ფული საქართველოს თუ მოახმარა, ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. არგუმენტი, სად არის ნაშოვნი ფული, ამაზრზენია, როცა დღეს საუბრობენ ამაზე. რა თქმა უნდა, როცა პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა, მან ასეთი ტიპის დახმარებებზე, ჩემი აზრით, უარი უნდა თქვას. რადგან ამას უკვე სხვა ელფერი მიეცემა, მაგრამ მას შეუძლია საქველმოქმედო ღონისძიებები გააგრძელოს ეკლესიებთან მიმართებით, განათლების სფეროში, მაგრამ პირადი, პერსონალური დახმარებების გაწევა არასწორი იქნება და არ შეიძლება.

მერე რომ გადაიმტერებს იმ ადამიანების ნაწილს, ვისაც მასში მხოლოდ ფული აინტერესებს?

– რატომ გადაიმტერებს? ამდენი წელი ადამიანებს ეხმარებოდა და ახლა მთელი ცხოვრება ვალდებულია, დაეხმაროს?

მაგრამ ზოგი ისეა მოწყობილი, სამუდამო დახმარებაზეც არ იტყვის უარს.

– თუ ასეთი ადამიანები მას მტრად გადაეკიდებიან, მათ სინდისზე იყოს. ასეთი ხმა არც სჭირდება მას. თუმცაღა, როგორც პოლიტიკოსთან, მასთან შეიძლება ძალიან ბევრი კითხვა მქონდეს.

რომ დაგიძახოთ, მიხვალთ მის რეზიდენციაში?

– შეიძლება მივიდე იმისთვის, რომ გავესაუბრო და ჩემი პოზიცია ვუთხრა, ნამდვილად არ ვაპირებ გუნდრუკის კმევას. 

არც „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდებით?

– სწორედ მაგას მოგახსენებთ, ნამდვილად არ მაქვს დღეს იმის არგუმენტი, რატომ უნდა ვიყო მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ პარტიაში, როცა არ ვიცი ის, როგორც პოლიტიკოსი. როგორც მოქალაქეს და ადამიანს, ბატონ ბიძინას ძალიან კარგად ვახასიათებ, მაგრამ ჩემს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვერ მივიღებ მარტო იმის გამო, რომ იგი კარგი ადამიანია.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ახალია პოლიტიკაში და იქნებ, კარგი პოლიტიკოსიც დადგეს?

– კი ბატონო, ამიტომ მაინტერესებს, რა მიმართულებით და როგორ წავა. არასდროს  წამომცდება ცუდი, რადგან ჯერჯერობით ვხედავ, რომ ეს კაცი სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს. მაგრამ ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი, რომ მასთან გავიქცე. არ მინდა, ეს ყველაფერი დაემსგავსოს იმას, რომ რახან მომავალში შეიძლება ბატონი ბიძინა თავისი პოლიტიკური ძალით ხელისუფლების სათავეში მოვიდეს, ეს ჩემთვის ერთადერთი არგუმენტია. რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველთვის ოპოზიციაში ვიყავი. ყოველთვის მქონდა შანსი, ერთი ნაბიჯი გადამედგა ხელისუფლებისკენ და ნებისმიერ თანამდებობას ალბათ სიამოვნებით მომცემდნენ.

ვინც ივანიშვილის რეზიდენციის გზას დაადგა, თქვენი აზრით, მათი არგუმენტი რა არის?

– ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, არავის ვაკრიტიკებ, ძალიან სჭირდება ამ ადამიანს გვერდზე დგომა, მაგრამ აქ პოლიტიკურ ჯგუფებზეა უფრო საუბარი, პიროვნებებზე, ადამიანებზე. მე რომ ვიყო მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ჩვეულებრივი ექიმი, რაც ვარ კიდეც ჩემი პროფესიით, შემიძლია, გამოვიდე და მოქალაქე დათო საგანელიძის სახელით ვთქვა, რომ მე, ექიმი, დათო საგანელიძე, ვდგავარ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, რადგან ჩემი ქვეყნის მომავალს მასთან ვხედავ. ამის უფლება ნამდვილად მექნება, მაგრამ, ვინაიდან მე პოლიტიკოსი გახლავართ, ჩემს უკან დგას საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს და მე რომ იქით წავიდე, ისინიც გამომყვებიან. ამიტომ ამ შემთხვევაში, მეტი პასუხისმგებლობა მმართებს და ჩემს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ასე მარტივად ვერ მივიღებ, სანამ არ დავინახავ, პოლიტიკურად საით წავა ეს პოლიტიკური ძალა. მათ ჯანსაღი გზით სიარულს ვუსურვებ. თუმცაღა, შეიძლება ბევრი რამ არ მომწონდეს.

სააკაშვილმა მონები უწოდა იმ ხალხს, რომლებიც თურმე ვასალურ მდგომარეობას მისტირიან.  ნუგზარ წიკლაური უფრო შორს წავიდა და „აღზევებული მდაბიო“ უწოდა ივანიშვილს. რა რეაქცია გქონდათ ასეთ შეფასებებზე?

ძალიან ცუდი, შემრცხვა. წიკლაურს ახლოს არ ვიცნობ, რამდენჯერმე შევხვედრივარ. შეიძლება, პოლიტიკაში აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს, მაგრამ მე მას ნამდვილად არ ვიცნობდი ისეთ ადამიანად, რომელიც ასეთ რამეს იტყოდა. ძალიან მეამაყება, რომ ქართველი და ჩემი ქვეყნის შვილი ვარ, მაგრამ ხანდახან მრცხვენია, რომ ამ საქართველოს სახეები არიან თუნდაც ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, ისეთი ფორმებით ესაუბრონ საზოგადოებას, როგორც ზოგიერთი ესაუბრება. თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ და რაჭაში ამირჩიეს დეპუტატად. ისეთ სოფლებში ვარ ნამყოფი, რომლის მაცხოვრებლებსაც თბილისი და ქუთაისი არც უნახავთ და შეიძლება, მხოლოდ ონში იყვნენ ნამყოფნი. მათთან მისვლისას ერთ რამეს მივხვდი, ხშირ შემთხვევაში, იმდენად მაღალია მათი ინტელექტი და იმდენად მდიდრები არიან სულიერად და შინაგანად, რომ მათთან მე ვიყავი მდაბიო, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარის მანდატი მედო, სამი ინსტიტუტი მქონდა დამთავრებული და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვიყავი. მე ასე ვხედავდი ჩემს თავს.

რატომღაც ყველა ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი ფინანსური რესურსი აქვს და ესაა მისი წარმატების გარანტი. არავითარ შემთხვევაში. მე მგონი, პირიქით, დღეს ბიძინა ივანიშვილს ხელს უშლის დიდი ფული, რადგან ამ ფულის გამო შეიძლება ბევრი ისეთი ადამიანი მიეწებოს და მიეკედლოს, ანდა აპელირება მოხდეს და დააბრალონ ადამიანს, მასთან ფულის გულისთვის მიდიხარო. ბევრს აღარ უნდა იქ მისვლა, რომ არ დააბრალონ, ფულის გამო გაიქცა ბიძინა ივანიშვილთანო. ეს დღეს ბატონი ბიძინასთვის ხელის შემშლელი ფაქტორიცაა, რადგან მას იმხელა პლიუსი აქვს იმ ბეგრაუნდით, რაც მან ბოლო 10-20 წლის განმავლობაში გააკეთა საქართველოსთვის, რომ მას ეს აღარ სჭირდება. ამის გადასარევი მაგალითი იყო, რომ მოსახლეობა „ქართუ ბანკში“ მიდიოდა და ხუთლარიან ანაბრებს ხსნიდა.

მისი ყველაზე დიდი აქტივი უბრალო ხალხია. ისეთი დიდი ქართველები რომ გაცოცხლდნენ, ილია ჭავჭავაძე ან ექვთიმე თაყაიშვილი, იმ სახელით, იმ წარსულით, რაც მათ ჰქონდათ, განა ფული სჭირდებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყვნენ? მარტო ექვთიმე თაყაიშვილის სახელი და გვარი სრულიად საკმარისი იქნებოდა, ის წმინდანია ჩვენთვის. განა ექვთიმეს ფული დასჭირდებოდა საქართველოში, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო? არა, ქართველი ხალხი ძალიან ჭკვიანი და ბრძენია და უფულოდ აირჩევდა მას. სწორად გამიგეთ ეს შედარება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს იმდენი რამ აქვს გაკეთებული, რომ არ სჭირდება დღეს ეგ ფული. ფული მას ხელს უშლის.

ხელოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ .. „შლოპანცებმადა ველოსიპედმა მართლაც სადაოდ გაუხადა ხალხს საქმე.

– ხელოვნება ცოტა საკამათო თემაა. ზოგს თანამედროვე ხელოვნება იზიდავს, ზოგს კლასიკა, ზოგი იმპრესიონისტია, ზოგი კუბისტია, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი რამ მაწუხებს. კი ბატონო, შესაძლებელია იყოს „შლოპანცები კვერცხებზე“, ან გაჭეჭყილი ბოთლი სადმე, მაგრამ ამის პარალელურად უნდა ვხედავდე, რომ ეს საზოგადოების მოთხოვნაა, ან რაღაც ჯგუფის აზრია, რომ ამის უკან დგას არქიტექტორთა, მხატვართა საბჭო და იცავს ამ ნიმუშს. ჯერჯერობით, არავინ გამოსულა „შლოპანცის“ დამცველად და არავის უთქვამს, რომ კარგია. ერთი კაცის ჭკუაზე ან ორი კაცის ჭკუაზე შეიძლება ძეგლები იდგმებოდეს? ბათუმის, თბილისის მერიამ გადაწყვიტა? გამოვიდნენ და თქვან, მომწონს ეს, მე გადავწყვიტე და დავეკითხე შესაბამის საბჭოს, რომ აეღოთ, სიტყვაზე, ბერძენიშვილის ძეგლი და მოეტანათ ველოსიპედი თუ კომბაინი. აბა, მიაშენეთ სახლს ლოჯია, 900 ინსტანცია მაინც უნდა გაიაროთ, ფანჯარა რომ შეცვალოთ, სურათები უნდა გადაუღოთ და როგორ, ამ ძეგლის ბედის გადაწყვეტაზე არავინ აწერს ხელს?! ვერ გავიგე.

კი ბატონო, გვესმის, რომ ავტორი ვიღაც უცხოელია, მაგრამ აქ, საქართველოში, ვინ დათანხმდა, ვინ მოაწერა ხელი, რომ მაინცდამაინც ეს ძეგლი აქ უნდა დაიდგას. ერთი კაცი „პახმელიაზე“ რასაც გადაწყვეტს, ის უნდა შესრულდეს?!