გარემოცვაში ქაოსია

გარემოცვაში ქაოსია

"ქართული ოცნება“ აუხდენელ ოცნებას დაემსგავსა. თავდაპირველად, 25 ნოემბერს დაანონსებული ორგანიზაციის დაფუძნების ხელისშემშლელ ფაქტორად სათანადო ფართის არარსებობა დასახელდა - „მომსვლელი ბევრი იქნება და დარბაზი არა გვაქვს, ხალხი კი გულნატკენი დარჩება“, - იმდენად არასერიოზულად ჟღერს, ყველაზე ოპტიმისტებსაც კი გაუჩნდათ ეჭვი, რომ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაში რაღაც ისე არ არის, რომ უნდა იყოს. ამიტომ, ეს „6-მილიარდიანი მეტეორი“ რამეს თუ არ დაეცემა, ავტომატურად, თვითგანადგურების რეჟიმში გადავა.

ჯერჯერობით, ქართული პოლიტიკური სპექტრი ცაიტნოტშია. სააკაშვილს და მის გარემოცვას პირველმა ელდამ გადაუარა და უკვე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. პერიოდს, რომელიც არჩევნებამდე აშორებს ხელისუფლებას, სააკაშვილი ძალიან კარგად იყენებს. ნაციონალები უკვე წინასაარჩევნო ეტაპზე იმყოფებიან, წამსაც კი არ კარგავენ და ამ დროს, „ქართული ოცნების“ დაფუძნება გადადო მხოლოდ იმიტომ, რომ უსაშველოდ დიდი დარბაზი გჭირდება, უსაშველოდ ბევრმა ადამიანმა ტაში დაგიკრას, უბრალოდ, მართლა არასერიოზულია.

რას ელოდება ბიძინა ივანიშვილი? რა ხდება სინამდვილეში და რისი იმედი უნდა ჰქონდეს ნაციონალურ მარწუხებში მგმინავ ქართველობას? ეს არის კითხვები, რომელიც ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება და კულუარული ინფორმაციები უამრავ ეჭვს ბადებს.

„არ ვიცნობ ბევრს და ვისაც ვიცნობ, მათ ვიწვევ“, - ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა პოლიტიკაში მოსვლის წინ ბიძინა ივანიშვილმა და მის გვერდით ვიხილეთ ის ადამიანები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში წყლის ზედაპირზე ტივტივებდნენ. გავიდა რაღაც პერიოდი და უკვე ახალი მოძრაობის დაანონსებული დაფუძნების წინ, ივანიშვილის ოფისი აკეთებს განცხადებას – „პარტიაში არ იქნებიან მხოლოდ ცნობადი სახეები და საერთოდ, ნაკლებად იქნებიან ცნობადი სახეები“. რამ გამოიწვია რადიკალური ცვლილება? ივანიშვილმა ერთ თვეში რეზიდენციიდან გაუსვლელად შეძლო საზოგადოების გაცნობა თუ მრჩევლებმა ამოარჩიეს მასებში ნიჭიერი ადამიანები? არც ერთი და არც მეორე. აქ საკითხი სხვაგვარად დგას.

ბიძინა ივანიშვილი მართლა არ იცნობს ქართულ „ელიტას“, რომელსაც ერთმა ოპოზიციონერმა თავის დროზე „ბნელიტა“ უწოდა. ივანიშვილს შეიძლება უნდა უკეთესი საქართველო ააშენოს და ხალხს შვება მისცეს, მაგრამ ხალხი, რომელიც მის გვერდითაა, სხვაგვარად ფიქრობს. მათ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს. ივანიშვილის ოფისი კი ამის სრულ შესაძლებლობას იძლევა - სამჯერადი კვება, არც თუ ისე ბევრი საქმე, დაყენებული სახეებით განცხადებების კეთება და თვის ბოლოს  ხელფასები და პრემიები. რა უნდა ინარტოს ადამიანმა ამაზე უკეთესი?

ინტრიგები, რომელიც ჯერ დაურეგისტრირებელი ორგანიზაციის ზღრუბლზე გადაბიჯებისთანავე თვალშისაცემია ჩანასახშივე სპობს „ქართული ოცნების“ ოცნების დონეზე დარჩენასაც კი, არა თუ - ახდენას. ერთადერთი, ვისაც ივანიშვილი  თვალდახუჭული ენდობა - ირაკლი ტრიპოლსკია, შესაძლოა ის ერთგული ადამიანი კი არის, მაგრამ საქმის კეთება როგორ იცის, ეს პირველ პრესკონფერენციაზე გამოჩნდა. ტრიპოლსკის ან არ აქვს პოლიტიკური ამბიციები და ალბათ, ამიტომაც არ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ან ისედაც აქვს ადგილი გარანტირებული. სამაგიეროდ, ეკა ბესელიას აქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე.

რეზიდენციიდან გამოსული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბესელიას აუხსნეს, რომ „ის არის ადვოკატი და არა პოლიტიკოსი და ამიტომ, პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებისაგან თავი შეიკავოს და თავისი ადგილი იცოდეს“. ბესელიას გარდა, ადგილი მიუჩინეს ძალიან ბევრს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის კარზე სრული სიწყნარეა. როგორც ამბობენ, სწორედ ივანიშვილის გარემოცვაში არსებულ ქაოსს უკავშირდება „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის გადადება. ყველას პირველობა უნდა, საქმის კეთება კი - არავის, და ამ დროს რეგიონებში გასვლაზე რომ მიდგა საქმე, წამსვლელი არავინ აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ისეთ მენეჯერს როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ძალიან აღიზიანებს და, როგორც ამბობენ, ძალიან მალე გუნდს დაფერთხავს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ახალ პროვოკაციას გეგმავს. ამის შესახებ ივანიშვილის პიარ-ჯგუფს კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს - მხოლოდ ზოგადად იციან. თავად სააკაშვილი კი შესაძლებლობას არ უშვებს, პირდაპირ ან ირიბად ივანიშვილს დარტყმა რომ არ მიაყენოს. სააკაშვილი კარგად იცის ქართველთა ბუნება და, ივანიშვილისაგან განსხვავებით, კარგად იცნობს ერს - შიში, სანახაობა და ცოტაოდენი პური! სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია. იგი იბრძვის ღიად და ფარულად, ებრძვის ყველაფერს, რასაც ივანიშვილის სახელი ქვია.

ხელისუფლებას დაქვემდებარებულ ჟურნალისტებს საქმე მიეცათ. დღეში ორ-სამ პასკვილს აცხობენ, ზოგი პინგვინებს ითვლის და ზოგი ბეღურებს, მაგრამ რატომღაც არავინ ინტერესდება ერთი ძალიან „უმნიშვნელო“ დეტალით – რა ბედი ეწია ივანიშვილის ბიზნესს რუსეთში.

თავდაპირველად, როცა მილიარდერმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადი გააკეთა, მან თქვა რომ რუსეთში ყველაფერს გაყიდდა.

„ვიცი, რომ შექმნილი მდგომარეობის ფონზე შედარებით ნაკლებად გაიყიდება ჩემი აქტივები, მაგრამ მე ამაზე წამსვლელიც ვარ“ – ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა მაშინ ივანიშვილმა. გავიდა დრო და რუსეთში ივანიშვილის ბიზნესწილები ისევ ივანიშვილის საკუთრებაა. რა ხდება? არ იყიდება ბიზნესი, მეპატრონე ვერ თმობს თუ კიდევ არის რაღაც სხვა მიზეზი? ეს თემა, ალბათ, მომავალში წამოტივტივდება და მიზეზებიც გაირკვევა, მაგრამ ახლა სხვა დეტალია მნიშვნელოვანი.

Presage.tv-ს ინფორმაციით ივანიშვილის ბიზნესს რუსეთში განაგებს ალექსანდრე-კახა ლომაიას ძმა, გია ლომაია. გია ლომაია „ქართუ ჯგუფის“ პირველი პრეზიდენტია და  იმთავითვე ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. ახლა, როცა ივანიშვილი სააკაშვილის ოპოზიცია გახდა, ხოლო ალექსანდრე-კახა ლომაია გაეროში ელჩია, გია ლომაია ისევ ივანიშვილის დასაყრდენ ძალად რჩება რუსეთში.

„გია ძალიან კარგი ადამიანია და საერთოდ არ გავს თავის ძმას“, - განუცხადა წყარომ Presage.tv-ს. შესაძლოა ასეცაა და ისიც შეიძლება, რომ მას არჩევანის უფლება ჰქონდეს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილში აგენტს ხედავს, და როგორც თავად ამბობენ, „პუწინის“ პროექტს უწოდებს, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში უნდა გრძნობდეს თავს. წესით, ელჩის ძმა რუსეთში და ისიც ივანიშვილის ბიზნესის „მოურავად“? ამ რეალობიდან გამომდინარე, ვინ გამოდის რუსეთის პროექტი? ნაციონალური ლოგიკით, თუ კახა ლომაიას ძმას რუსეთში არავინ ავიწროებს, ყველა კარს უღებენ, ფეხზე დგომით ხვდებიან, მაშინ რა გამოდის, ისიც აგენტია?

ის, რომ თავად ნაციონალები ამ ამბავს არ ახმაურებენ, არაა გასაკვირი. აქ გასაკვირი ის უფროა, ივანიშვილის შტაბი რატომ არაფერს ამბობს. ბოლოს და ბოლოს, კითხვის დასმა მაინც ხომ შეიძლება – კი, ბატონო, მე აგენტი ვარ, მაგრამ კახა ლომაიას, თქვენი ყოფილი მინისტრის, ამჟამად ელჩის ძმა ვინ გამოდის და თავად ელჩი, შემთხვევით, აგენტი ხომ არ არის?