კვირას, 27 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მასში კრემლის ფავორიტი, „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ ანატოლი ბიბილოვი და ოპოზიციონერი, „განათლების ყოფილი მინისტრი“ ალა ჯიოევა მიიღებენ მონაწილეობს. დასავლეთი ცხინვალის „არჩევნებს“ და მოსალოდნელ შედეგებს კანონიერად არ აღიარებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხინვალის უშიშროების დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტმა საქართველოსთან „საზღვარი“ დროებით ჩაკეტა. უწყების პირადი შემადგენლობა და სასაზღვრო სამსახური 24 ნოემბრიდან მუშაობის გაძლიერებულ გრაფიკზე გადავიდნენ.
28 ნოემბრის 20:00 საათამდე მოსაბრუნში, არცევში, სინაგურსა და ქარძმანში „საზღვრის“ გადაკვეთა შეზღუდული იქნება. აღნიშნული ღონისძიება სწორედ „არჩევნების“ მეორე ტურს უკავშირდება.
უკანონო კენჭისყრის წინ, მოქმედი „პრეზიდენტი“ ედუარდ კოკოითი დემოკრატობანას თამაშს ცდილობს. მისი თქმით, „არჩევნების მეორე ტურში „პრეზიდენტობის“ არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს:
„მინდა, განვაცხადო, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს არ დავუჭერ მხარს, თუმცა, როგორც მოქმედი პრეზიდენტი, სამართლიან, დემოკრატიულ, გამჭირვალე არჩევნებს უზრუნველვყოფ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა დარღვევები არ იყოს“.
ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით კი, „კოკოითის ინტერესები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო არჩევნების მეორე ტურის ჩაშლაში მდგომარეობს“.
როგორც „პირWელს“ არეშიძემ განუცხადა, „იქაური კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის ჩაშლის შემდეგ ძველ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ და თუ კოკოითს მეორე ტურის ჩაშლა გამოუვა, მისთვის მისაღებ კანდოდატურას წამოაყენებს დე ფაქტო გენპროკურორის თეიმურაზ ხუგაევის სახით.
„ამით კოკოითი კრემლს დაუმტკიცებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს. ბიბილოვის კრემლში ვიზიტი შემთხვევითი არ იყო. ეს მაშინ მოხდა, როცა რუსეთის ხლიესუფლებისთვის კოკოითის ჩანაფიქრი გახდა ცნობილი. კრემლი ეცდება, კოკოითი გააჩეროს და ბიბილოვი გაიყვანოს“, - აღნიშნა ექსპერტმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ „მთლიანობაში რთულია იმის განსაზღვრა, რა მოხდება და გამორიცხული არ არის, დემარში განხორციელდეს“.
მისივე თქმით, ვინც დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ალან კოტაევს მისცა ხმა, ახლა ალა ჯიოევაზეა ორიენტირებული:
„ეს ორი კანდიდატი კოკოითის მიმართ განსაკუთრებით ოპოზიციურადაა განწყობილი. როგორც ვიცი, კოტაევი საკმაოდ კომუნიკაბელურია და ქართველების მიმართაც სხვაგვარადაა განწყობილი. რაც შეეხება ბიბილოვს, ის დაუფარავად მოსკოვის კანდიდატია და კოკოითის ოპოზიციაში სულ ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა, ისიც - იმიტომ, რომ პირადი დაპირისპირება აქვთ.
ჯიოევა კი თედეევის კრეატურაა, რომელიც, თავის მხრივ, ნამდვილად ოპოზიციაა. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, რომელი კანდიდატი გავა, რადგან არ მეგულება იმ 11 კანდიდატს შორის ვინმე, ვინც კრემლის პოლიტიკას არ გაატარებს.
ცხინვალი აფხაზეთი არ არის და იქ სულ სხვა სიტუაციია. თუმცა განსაკუთრებით საინტერესო იქნება კრემლის კანდიდატის დამარცხება. ის არგუმენტი კი, რომ ქალი პრეზიდენტი ომს არ დაიწყებს და შეიძლება, ამ თვალსაზრისით უფრო მისაღები იყოს, ჩემთვის მიუღებელია. ქალი იყო ეკატერინე მეორეც, მაგრამ მისი საქმეები ყველამ ვიცით“.
შეგახსენებთ, რომ „რეზონანსის“ ინფორმაციით, ქართული მხარე ახალგორის მოსახლეობას მოუწოდებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.
აღნიშნულზე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი საუბრობენ და აქვე უარყოფენ ბრალდებას, თითქოს მათი წარმომადგენლები ადგილობრივ ქართველებს დე-ფაქტო არჩევნებში ალა ჯიოევას კანდიდატურის მარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„რა თქმა უნდა, ვინც თავს ქართველად თვლის, ამ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს - აქ ორი აზრი არ არსებობს! არ მიმაჩნია სწორად, ახალგორელებმა მონაწილეობა მიიღონ არალეგიტიმური ხელისუფლების არჩევნებში. რომელი ქართველიც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მე ასეთებს ქართველების მომხრედ, ან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებად არ ვთვლი“, - აცხადებს ჩოჩელი.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ამ მოსაზრებას იზიარებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ „საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ჯიოევა უფრო მისაღები კანდიდატია“:
„ჯიოევა გაიმარჯვებს თუ ბიბილოვი, ჩვენთვის - საქართველოსთვის, არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე მხარს რუსეთს უჭერს. თუმცა შეიძლება, ქალი რომ გახდეს პრეზიდენტი, ეს სჯობდეს, რადგან ქალი ომზე მაინც არ წავა. ამ თვალსაზრისით, უფრო მისაღები კანდიდატი ჯიოევაა, თუმცა ჩემი მხრიდან ჯიოევას მხარდასაჭერად არანაირი მოწოდება არ გაკეთებულა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ“.
ზემოთხსენებულ მოსაზრებებს კატეგორიულად არ ეთანხმება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, „ვინც ამბობს, რომ ახალგორში დარჩენილმა მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ადგილობრივთა ბედი საერთოდ არ აწუხებს“.
„მაშინ, როცა ქსნის ხეობაში სწორედ კრემლის ბიუჯეტით გარემონტდა ადმინისტრაციისა და ბანკის შენობები, რეკონსტრუქციას გადის რაიონის საავადმყოფო, მიმდინარეობს გზების შეკეთება, შენდება რუსი სამხედროებისთვის კორპუსები, ხოლო რამდენიმე სოფელში - ბაზები, მაშინ, როცა ახალგორის აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი თუ რიგითი თანამშრომელი კრემლის ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, მოსკოვის მხრიდან ბიბილოვის მიმართ ამგვარი პოზიციის დაფიქსირება ამომრჩევლისთვის, შეიძლება, ითქვას, ერთგვარი დილემა გახდა.
ახალგორელებმა, ისევე, როგორც გალელებმა, არჩევნებში მონაწილეობა საკუთარი უსაფრთხოებისთვის უნდა მიიღონ. ეს ვაი-პოლიტიკოსები, როცა მსგავსი მოწოდებებით გამოდიან, უნდა ხვდებოდნენ, რა დღეში აგდებენ ხალხს. ეს არის უკანონო არჩევნები, ეს არაფერია, იგივეა, რაც სახლში სანაგვე ყუთში ქაღალდი ჩააგდო.
ეს არჩევნები არც საქართველოს კანონმდებლობას და არც საერთაშორისო სამართალს შეესაბამება, თუმცა თუკი ახალგორელები ამ ე.წ. არჩევნებში მონაწილოებას მიიღებენ, ისინი დაცულები იქნებიან და გარანტირებული ექნებათ უსაფრთხოება - ეს უნდა ესმოდეთ ჩვენს ვაი-პოლიტიკოსებს, თუ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ და არა საკუთარი უდღეური აზრების ფრქვევაზე“, - აცხადებს ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ „მცხეთა-მთანეთის გუბერნატრის ცეზარ ჩოჩელის ხალხი ახალგორელ ქართველებს მოუწოდებს, ხმა ერთ-ერთ კანდიდატს - ალა ჯიოევას დაუჭირონ, რასაც ახალგორის ლეგიტიმური ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს“.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 13 ნოემბერს გაიმართა.